+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • სამართლიანობა თუ თანასწორობა საკლასო ოთახში

  • ნ. ასათიანი, მ. წერეთელი
  • თანასწორობა, სამართლიანობა, წარმატება, მოსწავლეთა მიღწევები, სასკოლო კულტურა და კლიმატი.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    ნატა ასათიანი, თბილისის სახელმწიფიო უნივერსიტეტი , დოქტორანტი; კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

    მზია წერეთელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტერი, პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

  • რეზიუმე:

     

    განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანების თუ მკვლევრების მთავარი საფიქრალი მოსწავლეებისა და სტუდენტების ყველა დონეზე მხარდაჭერაა, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას და კურიკულუმით გათვალისწინებულ სწავლების შედეგებზე გავიდნენ. ამ თვალსაზრისით განათლების სპეციალისტები ხშირად საუბრობენ საკლასო ოთახში თანასწორობის უზრუნველყოფაზე, თუმცა ბოლო პერიოდია მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს მოსწავლეებისადმი არა მხოლოდ თანასწორ, არამედ ინდივიდუალურ (სამართლიან) მიდგომაზე. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია აღნიშნული თანამედროვე ხედვის ანალიზი. განხილულია განათლების კვლევის წამყვანი სპეციალისტების  მოსაზრებები და შეხედულებები.

    The main objective of the research scientists and the specialists working on the development of the education system, is to provide support to students at each level in order to ensure that they succeed and achieve the teaching results envisaged by the curriculum. In this regard, the education specialists often touch the issue of providing equality in the classrooms, however, recently the researchers have started to make focus not only on equal, but also on individual (equity) approach to the students.  This article presents the analysis of this modern vision, also the review of opinion and views of the leading specialists of the education system, which creates an opportunity to enhance discourse and revise the issue in this context.

  • სამართლიანობა თუ თანასწორობა საკლასო ოთახში?

     

    ნ. ასათიანი, მ. წერეთელი

    მის: ი. ჭავჭავაძის  გამზ. N1, თსუ I კორპუსი,

    0179, ქ. თბილისი.

    E-mail: nata.asatiani@tsu.ge

    mzia.tsereteli@tsu.ge

     

    განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანების თუ მკვლევრების მთავარი საფიქრალი მოსწავლეებისა და სტუდენტების ყველა დონეზე მხარდაჭერაა, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას და კურიკულუმით გათვალისწინებულ სწავლების შედეგებზე გავიდნენ. ამ თვალსაზრისით განათლების სპეციალისტები ხშირად საუბრობენ საკლასო ოთახში თანასწორობის უზრუნველყოფაზე, თუმცა ბოლო პერიოდია მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს მოსწავლეებისადმი არა მხოლოდ თანასწორ, არამედ ინდივიდუალურ (სამართლიან) მიდგომაზე. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია აღნიშნული თანამედროვე ხედვის ანალიზი. განხილულია განათლების კვლევის წამყვანი სპეციალისტების  მოსაზრებები და შეხედულებები.

    საკვანძო სიტყვები: თანასწორობა, სამართლიანობა, წარმატება, მოსწავლეთა მიღწევები, სასკოლო კულტურა და კლიმატი.

    The main objective of the research scientists and the specialists working on the development of the education system, is to provide support to students at each level in order to ensure that they succeed and achieve the teaching results envisaged by the curriculum. In this regard, the education specialists often touch the issue of providing equality in the classrooms, however, recently the researchers have started to make focus not only on equal, but also on individual (equity) approach to the students.  This article presents the analysis of this modern vision, also the review of opinion and views of the leading specialists of the education system, which creates an opportunity to enhance discourse and revise the issue in this context.

     

    Key words: Equality, equity, success, students’ achievements, school culture, school climate. 

     

     

    შესავალი:

    ყოველდღიურად მასწავლებლებს მრავალი გადაწყვეტილების მიღება უწევთ. მათ გადაწყვეტილებებზე კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსწავლეების განწყობა და თვითშეფასება. ცნობილია, რომ ისეთ სკოლებში, სადაც მასწავლებლებს აქვთ აგრესიულ თუ სხვა ტიპის დევიაციურ ქცევაზე ადეკვატური რეაგირება, მოსწავლეები მეტად დაცულად გრძნობენ თავს, განსხვავებით ისეთი სკოლებისგან, სადაც მოსწავლეებს არ აქვთ მასწავლებლების მხრიდან სამართლიანი რეაგირების იმედი (Gendron B, 2011). ამასთან, როცა სკოლაში ამგვარი ნეგატიური კლიმატია, მოსწავლეები იშვიათად ატყობინებენ მასწავლებელს ან/და სკოლის ადმინისტრაციას ჩაგვრის ან სხვა ტიპის სირთულეების შესახებ (Unnever, 2004). სწორედ ამიტომ, მკვლევრები ყურადღებას  ამახვილებენ სამართლიანობის განცდის მნიშვნელობაზე და მის როლზე პოზიტიური სასკოლო კლიმატის ფორმირებაში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) განათლების კვლევის ლაბორატორიის მკვლევრების აზრით კი საკლასო ოთახში კლიმატის ფორმირებაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, მასწავლებელია და გვთავაზობენ პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირების სხვადასხვა გზას.

     

    რას ნიშნავს „სამართლიანი“ მიდგომა?

    ზოგიერთ სკოლაში კვლავ შევხვდებით „პრივილეგირებულ“ და პროცესიდან შედარებით გარიყულ მოსწავლეებს. მოსწავლეების წარუმატებლობას, სწავლის მიმართ დაბალ ინტერესს კი სკოლის ადმინისტრატორები და მასწავლებლები მოზარდების სიზარმაცეს მიაწერენ ხოლმე. ამ დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად  MIT-ის განათლების კვლევის ლაბორატორიის პროფესორი, ჯასტინ რაიხი გვთავაზობს მოსწავლეებისადმი არა თანასწორ, არამედ სამართლიან მიდგომას (Equity vs. Equality), რაც იმ შესაძლებლობების გააზრებას ნიშნავს, რასაც ინდივიდუალურად საჭიროებენ მოსწავლეები წარმატების მისაღწევად.  ეს კი იმაზე მეტია, რასაც ჩვენ თანასწორობას ვეძახით. სწორედ ამიტომ, პროფესორი რაიხი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სკოლებმა და მასწავლებლებმა კარგად გაიაზრონ, რას ნიშნავს სამართლიანი გარემო და როგორ უზრუნველოფს სამართლიანობა კეთილგანწყობილ გარემოს სკოლებში (Reich, 2020). 

    განათლების მკვლევარი ვარდერბილტის უნივერსიტეტიდან, რიჩარდ მილნერი  თავის სტატიაში „ტესტის მიღმა: საგანმანათლებლო პრაქტიკაში შესაძლებლობებს შორის განსხვავებების ახსნა“ (“Beyond a Test Score: Explaining Opportunity Gaps in Educational Practice)” გვთავაზობს პრობლემების გააზრების ახლებულ ხედვას, ე. წ. პედაგოგთა მსოფლმხედველობას (Educator Mindset), რომელიც ასწავლის მათ, შეხედონ მოსწავლეებს განსხვავებულად, გაიაზრონ თითოეული მოსწავლის უნიკალურობა და ის გარეშე ფაქტორები, რომლებსაც სკოლის გარეთ აწყდებიან/განიცდიან მოსწავლეები (Milner, 2012). რიჩ მილნერის აზრით, სწორედ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით არის შესაძლებელი საკლასო ოთახში სამართლიანი (ინდივიდუალური) და არა თანასწორი მიდგომის დამკვიდრება.

    იგივე მკვლევარი თავის წიგნში „კონტროლს მიღმა დარჩენილი ბავშვები: რატომ უნდა გადავხედოთ კლასში მენეჯმენტს სამართლიანობისთვის“ ("These Kids Are Out of Control : Why We Must Reimagine Classroom Management for Equity”) განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არასამართლიან და არათანასწორ გარემოში, მოსწავლეებს წარმატების მიღწევისთვის სხვადასხვა ტიპის და დონის მხარდაჭერა სჭირდებათ. აუცილებელია სკოლამ, კერძოდ კი, მასწავლებლებმა გაიაზრონ, რომ თითოეულ მოსწავლეს შესწევს უნარი ისწავლოს და ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (Milner, 2018). თუკი შევაჯამებთ მილნერის პოზიციას, დავრწმუნდებით, რომ მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომით არის შესაძლებელი თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს ყურადღების ის ხარისხი, რომელიც მას საკუთარი თავის რეალიზებისთვის სჭირდება.

    MIT-ის პროფესორის, ჯასტინ რეიხის აზრით, მასწავლებლებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ სწორედ ისინი არიან ახალგაზრდა თაობის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებლები. საკლასო ოთახში კლიმატის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს პედაგოგი: რას ამჩნევს ის კლასში, რას წყვეტს, რომ ნაკლები ყურადღება დაუთმოს, როგორ აკეთებს სხვადასხვა სიტუაციის ინტერპრეტაციას - ეს ყველაფერი დიდ როლს თამაშობს მოსწავლეების კეთილგანწყობასა და პროდუქტიულობაზე. იმის გასაგებად, რომ მასწავლებლების განწყობა და მიკერძოებულობა ხშირად ახდენს გავლენას საკლასო კლიმატზე, რეიხს მარტივი მაგალითი მოჰყავს: ვთქვათ, საკლასო ოთახში გაკვეთილის მსვლელობისას ორი მოსწავლე ერთმანეთთან საუბრობს და ხელს უშლის მასწავლებელს -  დიდი ალბათობით, მასწავლებელს ამ ფაქტზე იმის მიხედვით ექნება რეაქცია, თუ რა  ინფორმაციას  ფლობს ამ მოსწავლეებზე, კერძოდ,  როგორები არიან ისინი -  ბეჯითები, ზარმაცები, მათ შორის, ვინ არიან - გოგონები, ბიჭები და ა. შ... ამრიგად, რეიხის აზრით, მასწავლებლების მხრიდან რეაგირებაზე გავლენას ახდენს მათი პირადი დამოკიდებულებები და განწყობები და როგორც წესი, რეაქციაც შესაბამისი აქვთ (Reich, 2020).  სწორედ ეს წინასწარი და გაბატონებული სხვადასხვაგვარი განწყობა თამაშობს დიდ როლს (და ხშირად უარყოფითს) მასწავლებლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მასწავლებლებმა იცოდნენ, როგორ მართონ ეს წინასწარი „განწყობები“ და როგორ უზრუნველყონ ინდივიდუალური და უნიკალური მიდგომა თითოეული მოსწავლისადმი. იმავეს ამტკიცებს რიჩარდ მილნერი თავის წიგნში, რომელიც 2018 წელს გამოიცა. მისი აზრით, აუცილებელია, მასწავლებელმა იმოქმედოს მაქსიმალურად სამართლიანად და არასდროს იხელმძღვანელოს კლიშეებით თუ წინასწარი განწყობებით (Milner, 2018).

    მოსწავლეების მიღწევები და მათივე შესაძლებლობები

    მილნერი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორებზე, რომლებიც განაპირობებენ მოსწავლეების წარმატებას, კარგი შეფასებებით სკოლის დამთავრებასა და მათი ცხოვრებისთვის მომზადებას. ხშირად მსჯელობენ მოსწავლეების განსხვავებულ შეფასებებზე (Achievement gaps), თუმცა, უმეტესწილად, ავიწყდებათ, რომ მიღწევებს შორის სხვაობა, როგორც წესი, შესაძლებლობებს შორის სხვაობითაა გამოწვეული (Milner, 2020). მილნერის თქმით, მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილს აქვს საშუალება ჰქონდეს საკუთარი ოთახი, მაგიდა და სკამი, აგრეთვე, იღებდეს ბალანსირებულ საკვებს, მაშინ, როცა მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს ეს შესაძლებლობები თითქმის არ გააჩნია. ზემოაღნიშნული გარე ფაქტორები კი, ცხადია, განათლების მიღების შესაძლებლობებს ცვლის, რაც ყველაზე ცხადად მიღწევებზე აისახება. აუცილებელია, სკოლებმა გაითავისონ ის გარე ფაქტორები, რომლებშიც მოსწავლეებს ცხოვრება სკოლის მიღმა უწევთ. აგრეთვე გასათვალისწინებელია, როგორ ახდენს გავლენას გარე მახასიათებლები მოსწალეების სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხზე. როდესაც მასწავლებელი, გარკვეულწილად, ამ ფაქტორებს  მნიშვნელობას ანიჭებს და აანალიზებს, იგი ცდილობს, ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს და წინასწარ განსაზღვრულ, სტანდარტულ მიდგომებს გვერდი აუაროს. მკვლევრის განმარტებით, როდესაც მოსწავლე დიდ შრომას არ დებს სასწავლო პროცესში და საკმარისად არ მუშაობს  საკუთარ თავზე, მასწავლებლების უმეტესობა ფიქრობს, რომ ის ზარმაცია და უკეთეს შეფასებას არც იმსახურებს, თუმცა ასეთ დროს მთავარი, გარე ფაქტორების გავლენა, რჩებათ ხოლმე ყურადღების მიღმა, რაც მოსწავლის „ბრალი“ არასდროს არის (Milner, 2020).

    სწორედ ამიტომ ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ აუცილებელია, საკლასო ოთახში ყველა მოსწავლე არათუ თანაბრად იღებდეს ყურადღებას და მხარდაჭერას, არამედ თითოეული მათგანი იმ ხარისხისა და ოდენობის გულისხმიერებას უნდა გრძნობდეს მასწავლებლისგან, როგორიც მათ ინდივიდუალურად სჭირდებათ წარმატების მისაღწევად. როდესაც სკოლაში, საკლასო ოთახში მოსწავლეების მხარდაჭერის ფუნქციონალური მექანიზმები არსებობს, მოზარდები სწავლის თუ სოციალიზაციის თვალსაზრისით, გაცილებით დიდ წარმატებას აღწევენ. სწორედ ამიტომ მასწავლებლები უნდა ფიქრობდნენ პროცესის გაუმჯობესებაზე და ამასთან, ინდივიდუალურად მიდგომის  მეთოდების შემუშავებასა და დახვეწაზე.  ასევე, აუცილებელია სკოლებში დამკვიდრდეს მოსწავლეების უპირატესობის ხაზგასმაზე დაფუძნებული აზროვნება და კარგად გავიაზროთ, თუ როგორ შეუძლიათ პედაგოგებს მოსწავლეების დახმარება მათი ძლიერი მხარეების გამოკვეთის გზით.

    იმავე პოზიციას იზიარებს განათლების სპეციალისტი, ყოფილი პედაგოგი და აშშ-ში გატარებული არაერთი რეფორმის ავტორი, ზარეტა ჰამონდი. მისი თქმით, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა კლასში კომფორტულად იგრძნონ თავი, აუცილებელია, მათ უნიკალურ შესაძლებლობებზე, ტალანტზე, ნიჭზე სისტემატურად გამახვილდეს  ყურადღება. პედაგოგს, რომელიც  მოსწავლის ნაკლოვანებებს უსვამს ხაზს, მოსწავლის მიმართ დაბალი მოლოდინი უჩნდება, აღარ ასწავლის ისეთი მონდომებით, როგორც ნიჭიერ მოსწავლეს ასწავლიდა და შესაბამისად, მოსწავლის მიღწევებიც არასდროს იქნება მაღალი (Hammond, 2014).

    ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ სკოტ იეგერი თვლის, რომ მოსწავლეები მაშინ აღწევენ კურიკულუმით გათვალისწინებულ შედეგებს, როცა მასწავლებელი მათ უპირატესობებზეა ორიენტირებული და არასდროს უმახვილებს ყურადღებას ნაკლოვანებებზე (Yeager, 2014). მისივე თქმით, მოსწავლეები და სტუდენტები არასდროს უნდა შევაფასოთ სხვადასხვა ჯგუფში მიკუთვნების შესაბამისად, არამედ უფრო მასშტაბურად, მათი ინტერესებისა და ნიჭის გათვალისწინებით. ამასთან, იეგერი იმასაც წერს, რომ როცა ჩვენ მივუთითებთ მოსწავლეებს საკუთარი ნაკლოვანებებისკენ, სწორედ ეს არის საუკეთესო გზა, მივაჩვიოთ ისინი, რომ არ ისწავლონ  და არ სცადონ არაფერი ახალი (Yeager, 2014).

    დაბოლოს, უპირატესობებზე ორიენტირებისთვის მკვლევრები კიდევ ერთ მეთოდს გვთავაზობენ, ეს ე. წ. გონიერი უკუკავშირია (wise feedback), რაც იგივე განმავითარებელ შეფასებად შეგვიძლია მოვიაზროთ, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს არა მშრალ შეფასებას, არამედ სთავაზობს ღრმა ანალიზს მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, რა დროსაც, ხაზს უსვამს, რომ მას შეუძლია რთულ დავალებას წარმატებით გაართვას თავი და რომ ეს მისი ნიჭის და გონიერების დამსახურებაა (Wright, 2016).

     

    დასკვნა:

    ცალსახაა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ მოსწავლეებისთვის პოზიტიური სასკოლო გარემოს უზრუნველყოფაზე, როცა მათი განვითარება თუ მოთხოვნილებები მხარდაჭერილია. მხარდაჭერაზე საუბრისას კი მკვლევრები აქცენტს არა თანასწორ, არამედ სამართლიან მიდგომაზე აკეთებენ. ჩვენს მიერ სტატიაში განხილული ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ მხოლოდ მაშინ გრძნობენ მოსწავლეები სკოლაში დაცულად თავს, როცა იციან, რომ მასწავლებლების მხრიდან ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და სამართლიანი დამოკიდებულების იმედი. სწორედ ამიტომ, MIT-ის განათლების კვლევის ლაბორატორიის მკვლევრები გვთავაზობენ პედაგოგთა მხრიდან მოსწავლეებისადმი მიდგომის გადააზრებას - აუცილებელია, მასწავლებლებმა მათ  შეხედონ როგორც ინდივიდუალური განვითარების მქონე  სუბიექტებს, გაიაზრონ თითოეული მოსწავლის უნიკალურობა და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მოზარდები სკოლაში სხვადასხვა გარემოდან მოდიან და სწორედ ამ განსხვავებულ გარემოში უწევთ მათ სკოლის მიღმა ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მათ სჭირდებათ არა თანაბარი (Equality), არამედ, ინდივიდუალური და სამართლიანი (Equity) მიდგომა, რათა თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს ყურადღების ის ხარისხი, რომელიც მას საკუთარი თავის რეალიზებისთვის სჭირდება. შესაბამისად, აუცილებელია, კარგად გვქონდეს გააზრებული, რომ მოსწავლეების მიღწევებს შორის სხვაობა ხშირადაა შესაძლებლობებს შორის სხვაობით გამოწვეული. სამართლიანი მიდგომით თითოეული მოსწავლე მასწავლებლისგან იმ ხარისხის და ოდენობის ყურადღებასა და გულისხმიერებას იგრძნობს, რაც მას წარმატების მისაღწევად ინდივიდუალურად სჭირდება. სწორედ ამიტომ, მრავალი მკვლევარი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს ნაცვლად თანასწორობისა, სამართლიანი მიდგომის დამკვიდრებას სთავაზობს, რაც პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნის და შესაბამისად, მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების  მყარი საფუძველია.

    გამოყენებული ლიტერატურა:

     

    Gendron B, W. K. (2011). An analysis of bullying among students within schools. Journal of School Violance, 150-164.

    Hammond, Z. (2014). Culturally Responsive Teaching and The Brain: Promoting Authentic Engagement and Rigor Among Culturally and Linguistically Diverse Students. Corwin.

    Milner, R. (2011). Harvard Education Letter. Retrieved from https://www.hepg.org/hel-home/issues/27_1/helarticle/five-easy-ways-to-connect-with-students_492

    Milner, R. (2012). Beyond a Test Score: Explaining Opportunity Gaps in Educational Practice. Journal of Black Studies.

    Milner, R. (2018). These Kids Are Out of Control. Corwin.

    Milner, R. (2020). Start Where You Are, But Don’t Stay There.

    Reich, J. (2020). www.edx.org. Retrieved from https://courses.edx.org/courses/course-v1:MITx+0.503x+1T2020/course/#block-v1:MITx+0.503x+1T2020+type@chapter+block@7a4a341be4284a7889433053a8308418

    Unnever, J. D. (2004). Middle school victims of bullying: Who reports being bullied? . Aggressive Behavior, 373– 388.

    Wright, J. (2016). www.interventioncentral.org. Retrieved from https://www.interventioncentral.org/student_motivation_wise_feedback

    Yeager, D. S. (2014). Breaking the Cycle of Mistrust: Wise Interventions to Provide Critical Feedback the Racial Divide . Journal of Experimental Psychology.

     

     

     

     

     

     

  • 2021.01.20
ნომერი
მსგავსი სტატიები