+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • სოლო ტაქსონომიასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრაქტიკული რეკომენდაციები

  • შ. ტყემალაძე
  • განმავითარებელი შეფასება, სოლო ტაქსონომია, კვლევა, გამოწვევები, პრაქტიკული რეკომენდაციები;
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    განათლების მეცნიერებათა დოქტორი; სსიპ N 23-ე საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი;  პროექტი ,,ახალი სკოლის მოდელი“ სამოქალაქო განათლების ექსპერტი.

  • რეზიუმე:

     

    რეზიუმე

    საკვანძო სიტყვები: განმავითარებელი შეფასება, სოლო ტაქსონომია, კვლევა, გამოწვევები, პრაქტიკული რეკომენდაციები;

    წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია კვლევითი საქმიანობა მოსწავლეთა სწავლის შეფასების სისტემაზე კერძოდ,  განმავითარებელ  ინსტრუმენტზე -სოლო ტაქსონომიაზე.

     კვლევით ნაშრომს მიმართულებას აძლევს შემდეგი საკვლევი კითხვები: რა გამოწვევები ახლავს სოლო ტაქსონომიის პრაქტიკაში გამოყენებას? როგორ შევაფასოთ მოსწავლე  კომპლექსური დავალების წარდგენისას?

    ნაშრომში გამოყენებულია მკვლევარი ექსპერტის მიერ ორწლიანი დაკვირვების შედეგები, ასევე ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდი  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, რომლებიც პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელში“, კომპლექსური დავალების პარალელურად, სოლო ტაქსონომიის შეფასების ინსტრუმენტს იყენებდნენ.

    ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული, თუ როგორ უნდა იყოს სასწავლო პროცესი ისე  აგებული, რომ თითოეული მასწავლებელი  ეხმარებოდეს მოსწავლეს იმის გაცნობიერებაში, რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეს იგი სასწავლო პროცესში და აჩვენებდეს კონკრეტულ გზებს რეკომენდაციების სახით ამ სირთულეების დაძლევაში. წარმოდგენილა ასევე ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც სოლომდე, სოლოს პროცესში და სოლოს შემდეგ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა.

    ნაშრომის დასკვნით ნაწილში  წარმოდგენილია ერთ-ერთი  კომპლექსური დავალების პირობა (საგანი: მოქალაქეობა), რომელიც მიმართულია სოლო ტაქსონომიის ხუთ დონეზე კონკრეტული აღწერილობებით და კომენტარით, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს ცალკეული დონის მიზანს და პროცესების მიმდინარეობას.

     

     Resume

    Key words: suumative assessment, solo taxonomy, research, challenges, practical tips.

    The present work represents the research  activity on assessing the students particularly on summative assessment.

    The research work is directed with the following questions:what are the major challenges of solo taxonomy in practice?How to assess the students when presenting the complex task?

    A two- year observation results were used in the work as well as the method of deepened interview with different groups  that had to apply the solo taxonomy assessment tools in the frame of the project  ” A New School Model”.

    The work has analysed in details how to construct the learning process so that each pupil would assist a teacher to realize what challenges he might face to in the  learning process and shows the precise ways by giving tips to tackle the difficulties. There are also given important factors to be  considered by the teacher before, during or after the solo taxonomy assessment.

    The work is concluded by one of the conditions of the complex task ( subject:Civics), which is directed to the five levels of the solo taxonomy with detailed description and the comments that clearly demonstrates  each goal  of the level  together with the process itself.

  • თანამედროვე განათლების  სფეროში   აქტუალურობას არ კარგავს    სამი მთავარი კითხვა:

    1. როგორი ადამიანების აღზრდა გვსურს?
    2. როგორ აღვზარდოთ ასეთი ადამიანები?
    3. როგორ შევამოწმოთ, მივაღწიეთ თუ არა მიზანს?

    ეს უკანასკნელი ზოგად განათლებაში პროცესებზე ორიენტირების  მთავარი ბერკეტი ხდება:  სად ვიყავით, სად ვართ და რისთვის გვჭირდება უახლესი ცვლილებები შეფასების სისტემაში? განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტში? რატომ გვაქვს  მეტი აქცენტი განმავითარებელ შეფასებაზე? სწორედ ამ კითხვებით დავიწყე პანდორას ყუთის შევსება სოლო ტაქსონომიაზე.  იგი, თავის მხრივ,  მოიცავდა როგორც ტექნიკურ, ასევე შინაარსობრივ საკითხებს, რომლებიც სოლოტაქსონომიური მოდელის შესახებ   კვლევითი საქმიანობის წარმართვის საფუძველი გახდა.

    • რას ნიშნავს სახელწოდება სოლო?
    • რა გამოცდილება მაქვს სოლოს მიმართულებით პედაგოგიურ პრაქტიკაში, რომელიც დამეხმარება სოლოს სიახლეების ათვისებაში?
    • რა არის მთავარი ბერკეტი სოლოს გამოყენებაში? რას დავეყრდნო? რა ნიუანსს?
    • რას ვაფასებ? ვის ვაფასებ? სად ვაფასებ, რა ნაწილში, რა ეტაპზე?
    • უნდა იცოდნენ თუ არა მოსწავლეებმა სოლოს დონეები?
    • შეიძლება თუ არა გამოჩნდეს ის სასწავლო პროცესის მიღმა? როგორ?კონკრეტულად სად?
    • როგორ გამოვიყენო პრაქტიკაში სოლო ეფექტიანი სტრატეგიებით, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კოგნიტური უნარების მზარდი შედეგებით განვითარებას?
    • რა დარღვევები შეიძლება დაფიქსირდეს სოლოს გამოყენების პროცესში?
    • რა გზები არსებობს პრევენციისა და ინტერვენციისათვის?

    ამ კითხვებს შევეცდებით ვუპასუხოთ პრაქტიკული ალგორითმებითა და რეკომენდაციებით;

                ბლუმის ტაქსონომიის  შეფასების შემდეგ  1982 წელს  ჯონ ბიგსმა ჩამოაყალიბა, ე.წ.  SOLO (Structure of Observed Learning Outcone) ტაქსონომია სწავლების შედეგზე დაკვირვების სტრუქტურა. სოლო ტაქსონომია მასწავლებელს ეხმარება მოსწავლის სწავლის პროცესის შესწავლაში. უმეტესწილად, იგი გათვალისწინებულია სწავლების პროცესში მოსწავლის კოგნიციის ზრდის შეფასებისთვის. ასევე სისტემური გზა იმის აღსაწერად, თუ უნარების განვითარებასთან ერთად, როგორ უმჯობესდება კომპლექსური დავალებები (Biggs & Collis, 1982; Biggs, 1992).

                ის ცვლილებები, რომლებიც ცნობიერების ცვლილებას ეხება,  მოითხოვს სწავლების განსხვავებულ მიმართულებებს და ეს ცვლილებები განსაკუთრებით სენსიტიურია შეფასებისას.  სოლოც სწორედ ამ დროს ამ მიზნით  ჩნდება ზოგადი განათლების სისტემაში რადიკალური ცვლილებებისათვის. ტრანსფორმაციული პედაგოგიკა, ძიებითი კვლევა, გაზიარებული სოციალური პრაქტიკა,- ეს ის მნიშვნელოვანი კონცეპტებია, რომლებიც თან სდევს პროექტს ,,ახალი სკოლის მოდელი“.  პროექტში  სოლო  ცენტრალურ ადგილს იკავებს კომპლექსური დავალებების შემდეგ.

                თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპლექსური დავალებები კარგავს თავის ეფექტს თუ სწორი ფორმით არაა გამოყენებული შეფასების სისტემა, რადგან კარგად ვიცით ის ფაქტი, რომ,  რაც  გაზომვადია,  მიღწევადიცაა, თუმცა ნაკლებად  გამოგვდის მისი პრაქტიკაში რეალიზება.  რა არის სწორი და არასწორი სოლოს პრაქტიკაში გამოყენებისას,  ჩემთვის,  როგორც მასწავლებლისა  და ექსპერტისათვის აქტუალურ საკითხად გადაიქცა კომპლექსური დავალებების გააზრების  პარალელურად.

                მაინც, რით არის სოლო განსხვავებული და უნიკალური, ხშირად ისმის ეს კითხვა.  ყველაზე მოკლე პასუხი კი შეიძლება ასეთი იყოს, როცა მოსწავლე გრძნობს და ამბობს:

    1. მე შემიძლია...
    2. ინდივიდუალურად გამომდის...
    3. ყურადღების ეპიცენტრში ვარ...მე მნიშვნელოვანი ვარ...
    4. ჩვენ ერთნი ვართ-ერთი მოსწავლე-ერთი მასწავლებელი პირისპირ...
    5. მე ვხედავ და ვგრძნობ გამარჯვებას, წინსვლას, უკეთეს შედეგებს...
    6. მე თანდათან ვუახლოვდები ცხოვრებისეულ სიტუაციებს...

                ჩემ  მიერ დაკავებული პოზიციები (სკოლა: მასწავლებელი  - განათლების სამინისტრო: მოქალაქეობის ექსპერტი - აწსუ: განათლების მეცნიერებები-მოწვეული ლექტორ-მასწავლებელი) და საქმიანობის სფერო გახდა კვლევის საწყისი. 2018 წლიდან დღემდე სამ ეტაპად, სამ სამიზნე ჯგუფთან მომიწია თანამშრომლობა პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელში“.   სამივე ჯგუფში საკვლევ საკითხს წარმოადგენდა სოლოსთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. სამივე ჯგუფში გამოყენებული მქონდა მეთოდი დაკვირვება (ფოკუსირებული), რომელიც შემდეგ ფოკუსებს მოიცავდა:

    • სოლოს გაწერის პროცედურები სტანდარტიზებულ სოლოს ცხრილში;
    • სოლოს შედეგების ცვლილება დონეების მიხედვით დინამიკაში.

    ასევე გამოვიყენე მეთოდი ინტერვიუ, კერძოდ, სტრუქტურირებული ინტერვიუ, წინასწარ მქონდა მასწავლებლებთან განსაზღვრული თემა-სოლო და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, კითხვების სახით, რაზეც უნდა ჩამეტარებინა ინტერვიუ. რესპონდენტებს ერთი და იმავე კითხვებს, ერთსა და იმავე თანმიმდევრობით ვუსვამდი, რაც საშუალებას მაძლევდა შემედარებინა რესპონდენტთა პასუხები.

    ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი, რომელიც აბსოლუტურად ყველა მასწავლებლის (52 მასწავლებელი) პასუხში განმეორდა,   იყო  თვითონ ცხრილის ვიზუალიზაცია, სტრუქტურული ფორმატით არსებობა, ინსტრუმენტის ახლებური მოცემულობა.  იგი  მკაფიოდ, ვიზუალურად, თითქოსდა კიბის საფეხურებივით,  ეხმარებოდა, დაენახათ ერთად თავმოყრილი აღწერის და კომენტარის ველიც, სადაც ხედავდნენ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს.  ეს საუკეთესო საშუალება იყო, ჰოლისტურად გაეაზრებინათ პროგრესის თუ რეგრესის შედეგები განმავითარებელი შეფასების მიმართულებით, პროფესიული განვითარების კუთხით, თუმცა აქვე აღნიშნავდნენ, რომ კიდევ მეტი ძიებითი კვლევა და პრაქტიკული სტრატეგიების მიგნება  იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს ინსტრუმენტი პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელებულიყო.

     მონაცემთა ანალიზის შემდეგ,  გამოიკვეთა სოლოსთან დაკავშირებული ტიპური ხარვეზები, რომლებიც, რეკომენდაციებთან ერთად, ქვემოთ გვაქვს წარმოდგენილი.

     

    პრაქტიკული რეკომენდაცია 1:

    გამოწვევა: სოლოს ინსტრუმენტის ჰოლისტური აღქმა;

    ინტერვენცია: სამოქმედო ზმნების იდენტიფიცირება და ძირითადი კონცეპტების შემუშავება.

     

     

    პრაქტიკული რეკომენდაცია 2:

    გამოწვევა: მთავარი გზავნილების  ამოცნობა;

    ინტერვენცია: მარკირების მეთოდი სოლოში, სოლოს დროს დავაკვირდეთ  მოკლე გზავნილებს-კონცეპტებს და მოვახდინოთ მისი მარკირება.

    აბსტრაქტული დონე

    მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა  და მისი დეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს მაგალითებთან შედარების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.

    მიმართებითი დონე

    მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

    მულტისტრუქტურული დონე

    მოსწავლეს  აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

    უნისტრუქტურული დონე

    მოსწავლეს  აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

    პრე-სტრუქტურული დონე

    მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია, არარელევანტურია მცდელობა.

     

    პრაქტიკული რეკომენდაცია 3:

    გამოწვევა: სოლოს აღმოჩენა კომპლექსურამდე და კომპლექსურის შემდეგ;

    ინტერვენცია: მიზეზ-შედეგობრიობის სქემის ანალიზი და შეფასება.

    მიმართულება: ცნება-კომპლექსური-აქტივობები-მოსწავლე-სოლო.

    კომპლექსური დავალების პრეზენტაციამდე მოსწავლეს და მასწავლებელს ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი, როცა მოსწავლე სვამს კითხვებს, აცოცხლებს საკუთარი მიგნებებით მკვიდრ წარმოდგენებს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ ეტაპზე, პედაგოგმა შეაჯამოს მოსწავლეების მიღწევები. დაამყარეთ კავშირები აქტივობებით კომპლექსური დავალების პროდუქტთან, შეფასების კრიტერიუმებთან. ხელი შეუწყევთ მოსწავლეებს აქტივობების პროცესში საკუთარი სიტყვებით, ანალოგიებით, ჩამოაყალიბონ მკვიდრი წარმოდგენები,  ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ სოლო. ყველა აქტივობა, დაუკავშირეთ კრიტერიუმს, დააზუსტებინეთ მოსწავლეს კონკრეტული აქტივობა რაში დაეხმარება, რომელი კრიტერიუმის დაძლევაში. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ ეტაპზე, შევაჯამოთ  მოსწავლეების მიღწევები. დაწერეთ ფლიფჩარტზე დინამიკაში-კომპლექსურის პრეზენტაციამდე, რომელი მკვიდრი დავძლიეთ (ჩანაწერი იყოს ბავშვებისთვის გასაგები ენით), აუხსენით მარტივად. აგროვეთ ეს მცდელობები, მიღწევები. დინამიკაში შეჯამებები სხვადასხვა სიხშირით შეიძლება განხორციელდეს; მაგალითად, შეიძლება ის გაკეთდეს:

    ა) კომპლექსურ დავალებამდე აქტივობებში;

    ბ) კომპლექსური დავალების განხორციელების შემდეგ;

    ბ) თითოეული სასწავლო თემის დასრულების შემდეგ;

    გ) ყოველი თვის ან სემესტრის მიწურულს.

     

     

    პრაქტიკული რეკომენდაცია  4:

    გამოწვევა: სოლო მეტი სიხშირით პირველ სამ დონეში;

    ინტერვენცია: დაკვირვების ფოკუსების იდენტიფიცირება, დემონსტრირება, ანალიზი და შეფასება.

    • დროის ლიმიტის დაცვა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში;
    • აქტიური მონაწილეობა კომპლექსური დავალების შესრულებაზე ორიენტირებულ საკლასო აქტივობებში; კითხვების დასმა მიმართული მკვიდრი წარმოდგენებისკენ და მცირე დასკვნების გაკეთება;
    • დამოუკიდებლად მუშაობის წილი კომპლექსურ დავალებაზე;
    • გუნდური მუშაობა თანაკლასელებთან კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში (იღებს და გასცემს რეკომენდაციებს, ინტერესდება სხვების ნამუშევრებით);
    • სწავლის სტრატეგიების ეტაპობრივი დახვეწა;
    • სწორად გაგება-გააზრება და გაცნობიერება, თუ რა პროდუქტი უნდა შეიქმნას კომპლექსური დავალების ფარგლებში;
    • ყურადღების კონცენტრირება შეფასების კრიტერიუმებზე.

     

    პრაქტიკული რეკომენდაცია  5:

    გამოწვევა: სოლომდე გასათვალისწინებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორები;

    ინტერვენცია: მოდელირება;

    სოლოს ეფექტურად გამოყენებამდე კიდევ ერთხელ გაიხსენეთ კოგნიტური აქტივაციები, რას მოელით თქვენი მოსწავლეებისგან? რა ქმედებები დაუსახეთ  კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმებში? დაფიქრდით: -  დარწმუნებული ხართ, რომ თქვენმა მოსწავლეებმა ყველა ამ სააზროვნო უნარ-ჩვევის ადეკვატურად წარმოდგენა, პრაქტიკაში გამოყენება იციან?
    პირველ კომპლექსურ დავალებაზე, პროდუქტის პრეზენტაციის შემდეგ, მოაწყვეთ მეტაკოგნიტური  პაუზა-რეფლექსია შემდეგი კითხვებით: რა დავისახეთ მიზნად? რა გავაკეთეთ? რა შევცვალოთ სამომავლოდ?

     

    პრაქტიკული რეკომენდაცია  6:

    გამოწვევა: ტიპური ხარვეზები სოლოს გამოყენებისას;

    ინტერვენცია: სოლოს  მინი ბარათების შექმნა ინდივიდუალური პრაქტიკიდან.

    რა არღვევს სოლოს უნივერსალურობას?

     

    პრაქტიკული რეკომენდაციები 7:

    სოლოს პირდაპირი და ირიბი გამოვლინებები: სოლო პროდუქტში; სოლო პრეზენტაციაში; სოლო პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა ტიპის კითხვებში.

    სოლო  პროდუქტებში- დაამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ პირობა, პროდუქტი, სრულად ასახავს ბავშვის კოგნიტურ აქტივაციას. დაელოდეთ მოსწავლის მიერ პროდუქტის ,,გასიტყვების“ პროცესს.

    იყავით ფოკუსირებული თანაბრად ცოცხალ და არაცოცხალ პროცესზე. არსებობს პროდუქტები, რომლებიც თითქმის სრულად იტევს კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმებს და საკვანძო კითხვას, არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც ვერ იტევს კრიტერიუმებს. არ იჩქაროთ შეფასება მხოლოდ პროდუქტით, დაელოდეთ პრეზენტაციის ბოლო ეტაპს.

    სოლო პრეზენტაციაში - პრეზენტაციის დასრულებისას დაუსვით მოსწავლეს მრავალფეროვანი კითხვები. პროდუქტი და პრეზენტაციის ფოკუსები ერთ სიბრტყეზე დადეთ და გაანალიზეთ. დასვით სხვადასხვა ტიპის კითხვები. მაგ: აღმოჩენითი, დამაზუსტებელი, შემათანხმებელი, პრაქტიკული, შეფასებითი და სხვ.

    სოლო პრეზენტაციის შემდეგ- დაფიქრდით და აკონტორლეთ შეფასების კრიტერიუმებს ხომ არ გასცდა თქვენი კითხვები? დავსვათ თუ არა კრიტერიუმებს მიღმა  კითხვები? როგორი ტიპის და რაზე ორიენტირებული უნდა იყოს ეს კითხვები? გავამარტივო თუ გავართულო კრიტერიუმები უკვე ვერბალურად პროდუქტის პრეზენტაციის პროცესში? რატომ? რა დროს ჩნდება  ამის საჭიროება? ეს ის მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებსაც მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს.

     

  • 2021.03.29
ნომერი
მსგავსი სტატიები