ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინტეგრაცია სკოლაში: მასწავლებელთა მზაობა და გამოწვევები
ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი;
განათლების ადმინისტრირების მაგისტრი.
თბილისი. მუხიანი, სამთავროს ქ.21
რეზიუმე
თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მასშტაბურ ტრანსფორმაციას იწვევს. მოცემული კვლევის მიზანია, შეისწავლოს ისეთი ტექნოლოგიების ინტეგრაცია, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), გაძლიერებული (AR) და ვირტუალური რეალობა (VR), და დაადგინოს მათი გავლენა სწავლების მეთოდოლოგიებსა და სასწავლო გარემოზე. ნაშრომი ეფუძნება მონაცემთა ანალიზსა და შემთხვევის შესწავლას (case study), რაც ნათლად წარმოაჩენს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში IT-ის დანერგვის პრაქტიკულ აპლიკაციებსა და გამოწვევებს.
კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს საჯარო სკოლების 53 პედაგოგის გამოკითხვას და შედეგების გააზრებაში დამხმარე, საკონტექსტო ინტერვიუებს. შედეგები ადასტურებს, რომ ინოვაციური მიდგომები, კერძოდ, გეიმიფიკაცია (რესპონდენტთა 80.8%-ის მიერ გამოყენებული) და ხელოვნური ინტელექტი, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლეთა ჩართულობასა და სწავლის შედეგებს. მიუხედავად პოზიტიური დამოკიდებულებისა, პრაქტიკაში AR/VR ტექნოლოგიებს რესპონდენტთა მხოლოდ 23.1% იყენებს, რაც მიუთითებს ისეთ ბარიერებზე, როგორიცაა რესურსების შეზღუდვა, ტექნიკური ინფრასტრუქტურის სიმცირე და მასწავლებელთა სისტემური გადამზადების საჭიროება.
კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები განათლების პოლიტიკის სპეციალისტებს ეხმარება, ინფორმაციული ტექნოლოგიები ეფექტიანად გამოიყენონ საგანმანათლებლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად.
საკვანძო სიტყვები: განათლება, ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, გეიმიფიკაცია, VR/AR, პედაგოგთა ციფრული კომპეტენცია.
Abstract
Rapid advances in information technology are driving large-scale transformation in modern education. This study examines the integration of artificial intelligence (AI), augmented reality (AR), and virtual reality (VR) in general education schools and their impact on teaching methodology and the learning environment, drawing on data analysis and a case study of practical IT implementation.
The methodology includes a survey of 53 public-school teachers, supplemented by contextual interviews aiding interpretation. Results confirm that innovative approaches — particularly gamification (used by 80.8% of respondents) and AI — significantly improve student engagement and learning outcomes. Despite positive attitudes, only 23.1% of respondents use AR/VR in practice, pointing to barriers such as limited resources, insufficient technical infrastructure, and the need for systematic teacher training.
The resulting recommendations aim to support education policy specialists in using the potential of information technology to improve educational practice and build a modern, student-centered learning environment.
Keywords: Education, Technologies, Artificial Intelligence, Gamification, VR/AR, Teachers' Digital Competence.
შესავალი
ტექნოლოგიების სწრაფმა წინსვლამ და განვითარებამ დიდი გავლენა იქონია და მნიშვნელოვნად გარდაქმნა კიდეც სხვადასხვა სექტორი, რომელთა შორისაცაა განათლება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ პოტენციალი იმისა, რომ ტენოლოგიების ინტეგრაციამ გააძლიეროს სწავლა-სწავლების პროცესი.
სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება აძლიერებს საგანმანათლებლო ეფექტებს და სასწავლო მასალის ხარისხიანად ათვისებას (ეფრემოვი, 2012).
აღსანიშნავია გეიმიფიკაციის როლი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. გეიმიფიკაცია არის არასათამაშო კონტექსტში თამაშის დიზაინის ელემენტების გამოყენება. თამაშზე დაფუძნებული სწავლება და სწავლებისას სხვადასხვა თამაშების გამოყენება (Rita Wong Mee Mee, Role of gamification in classroom teaching: Pre-service, 2020).
დღეისათვის ინოვაციურ სიახლედ მიიჩნევა საგანმანათლებლო სექტორში გაძლიერებული და ვირტუალური რეალობის დანერგვა. კვლევა აჩვენებს, რომ დღევანდელი მონაცემებით, ზემოთ ხსენებული, ტექნოლოგიური სიახლე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (აქ: საჯარო სკოლა) არ დანერგილა.
კვლევისა და საკითხის მთავარ პრობლემად ისახება სკოლებში მაღალტექნოლოგიური ინვენტარის არ არსებობა. ესენია: ჭკვიანი დაფები, კომპიუტერები, პროექტორები, VR & AR მოწყობილობების სიმცირე. ასევე, მასწავლებლების ინფორმაციის და შესაძლებლობების ნაკლებობა, გაუმართავი მოწყობილობები და არსებული ინვენტარის ხშირი ხარვეზი.
კვლევის მიზანი. კვლევის მიზანია, დადგინდეს, ტექნოლოგიების რომელ მექანიზმებს მიმართავენ სკოლებში, რა სირთულეებს ხვდებიან პედაგოგები და რამდენად ეფექტიანია ტექნოლოგიების გამოყენება სასკოლო სივრცეში.
აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, დასმულ იქნა შემდეგი საკვლევი კითხვები:
კვლევის თეორიული ჩარჩო
წინამდებარე თავი წარმოადგენს კვლევის თეორიულ ჩარჩოს და აჯამებს არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომლებსაც ეხება მოცემული ნაშრომი - კერძოდ, ხელოვნური ინტელექტი, გეიმიფიკაცია, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა. მიმოხილულია მათი არსი, გამოყენების ძირითადი მექანიზმები და საგანმანათლებლო პროცესზე მათი გავლენის შესახებ არსებული კვლევითი მონაცემები, რაც საფუძვლად დაედება ნაშრომის ემპირიულ ნაწილში წარმოდგენილი შედეგების ანალიზს.
ხელოვნური ინტელექტი AI
იქიდან გამომდინარე, რომ საგაკვეთილო დრო შეზღუდულია, ამის გამო მასწავლებლები ხშირად ვერ ასწრებენ დაადგინონ, გაიგო თუ არა ყველა მოსწავლემ ახსნილი მასალა. სწორედ ზემოხსენებული პრობლემის გადაჭრა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს. Coursera და სხვადასხვა სასწავლო პლატფორმა პრაქტიკაში უკვე იყენებს AI-ზე დაფუძნებულ პროგრამებს (ხორავა, 2024).
ხელოვნური ინტელექტი მოიცავს კომპიუტერს, რომელიც ფიქრობს როგორც ადამიანი და ადამიანის ფუნქციებსაც ასრულებს. ესენია რთული ალგორითმები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან გარკვეული შედეგების მიღებაში, ყოველდღიური ყოფის შემსუბუქებაში. AI, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, ძალიან ბევრ ტრადიციულ სამეცნიერო დარგს ეყრდნობა, ისეთებს, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფილოსოფია, ბიოლოგია, ფსიქოლოგია (პაპუნაშვილი, 2019).
ხელოვნური ინტელექტის ცნობილი პლატფორმებია:
ChatGPT - სადაც დიალოგის პრინციპით შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის მიღება. სწორედ ეს არის ის ელექტრონული პლატფორმა, რომელზეც პედაგოგები ინტერვიუს დროს საუბრობდნენ და რის დანერგვასაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ისურვებდნენ.
რაც შეეხება სხვა ხელოვნური ინტელექტის მექანიზმებს ესენია:
Alexa - ამაზონმა წარადგინა და რამდენიმე დღეში ძალიან პოპულარული გახდა, მისი უნარია, ოთახის ნებისმიერი წერტილიდან ამოიცნოს ადამიანის ხმა, გაშიფროს ნათქვამი და შეასრულოს დავალება. მისი ფუნქციაა, ინტერნეტში მოიძიოს ინფორმაცია, მფლობელს დაეხმაროს დღის გეგმების შესრულებაში, პროდუქტების გამოყენებაში. Alexa-ს მთავარი ფუნქციაა დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილებაში, მოწესრიგებაში და სხვა (პაპუნაშვილი, 2019).
Siri - ეს არის ეფლის მოწყობილობის პერსონალური ასისტენტი, ის არის ხმა, რომელიც გვეკონტაქტება და გვეხმარება ინფორმაციის მოპოვებაში, ამატებს მოვლენებს კალენდარში, გვეხმარება შეტყობინების გაგზავნაში და ასრულებს ჩვენს მითითებებს მოცემული მოწყობილობის პირობებში (პაპუნაშვილი, 2019).
გეიმიფიკაცია და სასწავლო პლატფორმები
გეიმიფიკაცია, იგივე თამაშით სწავლება, არის იმ საჭირო აქტივობების ნაირსახეობა, რომელთა მიზანიც უკვე არსებული და შეძენილი სოციალური გამოცდილების ხელახლა შექმნა და ათვისებაა, მოცემულ თამაშებში ჩართვისას მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, სად და რაში შეიძლება გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარები (ბუჭუხიშვილი, 2023).
საინფორმაციო ტექნოლოგიებით სწავლებისას საგანმანათლებლო თამაშებისა და აქტივობების ტიპების შეცვლა აცოცხლებს ინტერესსა და აღქმას, ხელს უწყობს სასწავლო მასალის უფრო ხარისხიანად და მარტივად დამახსოვრებას, მასწავლებელს ეხმარება მოდუნებული საგაკვეთილო პროცესი ჩაანაცვლოს მრავალფეროვანი აქტივობებით. საგანმანათლებლო პროცესში მასწავლებელთან ერთად ტექნოლოგიის გამოყენებით თამაში მოსწავლეებისთვის წარმოადგენს მიზანმიმართულ აქტივობას. ის ხელს უწყობს კონკრეტული ცოდნისა და უნარების ათვისებას (ბუჭუხიშვილი, 2023).
გეიმიფიკაციის მიზანია, აჩვენოს ის ჩართულობა და ემოციები, რასაც ბავშვები განიცდიან უშუალოდ თამაშის დროს და ეს გადმოიტანონ საგანმანათლებლო პროცესში. გეიმიფიკაცია მოიაზრებს დაჯილდოებისთვის და წახალისებისთვის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას: ქულებს, (მედლებს, შექებას, სამკერდე ნიშნებს) მოსწავლის სურვილებს, ლიდერობის ელემენტებს. თამაშის ელემენტები იძლევა საშუალებას მოსწავლეები დააკვირდნენ თავიანთ შედეგებს, შესაძლებლობების პროგრესსა და რეგრესს. გეიმიფიკაცია ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციაში ჩართულობას, უნარების განვითარებას, კრიტიკულ აზროვნებას, კრეატიულობას, დამოუკიდებელ და გუნდურ მუშაობას. (Rita Wong Mee Mee, Role of gamification in classroom teaching: Pre-service , 2020)
აქვე მოცემულია გეიმიფიკაციის მეთოდზე მორგებული სასწავლო პლატფორმები:
ვირტუალური რეალობა (VR)
ვირტუალური რეალობის საშუალებით შესაძლებელია წყალქვეშა გარემოს შესწავლა. მას აქვს მოწყობილობის რამდენიმე ტიპი: პირველ ტიპს აქვს ყურსასმენში ჩაშენებული ეკრანი, უკავშირდება კომპიუტერს და საჭიროებს საკმაოდ მძლავრ სისტემას შეუფერხებლად მუშაობისთვის. მათ აქვთ შესანიშნავი გრაფიკა და კარგად მუშაობენ. VR ტექნოლოგიის პოპულარული მაგალითებია: Oculus Rift, Vive და PlayStation VR, რომელიც უკავშირდება PlayStation 4 სათამაშო კონსოლს. ზოგიერთ ამ მოწყობილობას მოჰყვება ხელის კონტროლერები, რომლებიც ასევე თვალყურს ადევნებენ ხელების მოძრაობას, რაც უზრუნველყოფს უფრო ინტერაქტიურ გამოცდილებას. (Understanding virtual reality and augmented reality, თ. გ.)
მეორე ტიპის მოწყობილობა უკავშირდება ტელეფონს და იყენებს მის ეკრანს დისპლეიდ. ამ შემთხვევაში კომპიუტერი არ არის საჭირო, თუმცა ყურსასმენის გრაფიკა და შესრულების დონეები არ არის ისეთი კარგი, როგორიც ჩაშენებულ ეკრანებში. მისი პოპულარული მაგალითებია: Google და Gear VR (Understanding virtual reality and augmented reality, n.d.).
გაფართოებული რეალობა (AR)
გაფართოებული რეალობა საშუალებას იძლევა ადამიანებმა იხილონ სამყარო ციფრული გამოსახულებებით. ამჟამად ხელმისაწვდომია რამდენიმე AR ყურსასმენი, მათ შორის Microsoft HoloLens და Magic Leap. თუმცა, ისინი ამჟამად უფრო ძვირია, ვიდრე VR ყურსასმენები და ძირითადად გამოიყენება ბიზნესში.
გაფართოებული რეალობა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთ მოწყობილობებზე, როგორიცაა სმარტფონები და ლეპტოპები, ყურსასმენის გამოყენების გარეშე. არსებობს მრავალი აპლიკაცია, რომელიც იყენებს AR-ს, მათ შორის, ზოგიერთი საშუალებას იძლევა, ადამიანებმა თარგმნონ ტექსტი კამერის გამოყენებით, ამოიცნონ ცაში ვარსკვლავები და ნახონ, რა სახეობის მცენარეები აქვთ ბაღში. შესაძლოა, ადრე იყენებდით კიდეც AR-ს გაუცნობიერებლად, თამაშის დროს, მაგალითად, ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა Pokemon Go ან იყენებდით Snapchat-ის ფილტრებს (Understanding virtual reality and augmented reality, n.d.).
VR და AR განათლებაში, კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ბრიტანეთის მაგალითზე.
ვირტუალური რეალობა განათლებაში აქტიურად გამოიყენება როგორც მეცნიერების, გეოგრაფიის, ისტორიის, ისე ენების შემსწავლელ საგაკვეთილო პროცესებში, ასაკის შეუზღუდავად 5-დან 18 წლამდე (რაც სასკოლო ასაკს მოიცავს) მოსწავლეებში. მეცნიერებაში განსაკუთრებული როლი უჭირავს VR-ს. შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით მოსწავლეებისათვის მეტად თვალსაჩინო და მარტივად აღქმადი ხდება ბაქტერიების, მოლეკულების, სხვადასხვა ორგანიზმის, სხეულის ნაწილებისა და ორგანოების ვირტუალურ რეალობაში შესწავლა. მოსწავლეები ყველაფერს ხედავენ ისე, როგორც რეალობას და აღიქვამენ მარტივად, ასე მეტად სასიამოვნო და საინტერესოა საგანმანათლებლო პროცესი.
AR საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებმა სასკოლო ოთახებიდანვე შეისწავლონ ოკეანე, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილები, იმოგზაურონ კოსმოსში და დააკვირდნენ გალაქტიკას, ვირტუალური ტურები მოაწყონ სხვადასხვა მუზეუმებში, დაიპყრონ მწვერვალები, ამოხსნან ფიზიკის ამოცანები და შეისწავლონ ადამიანის სხეული სრულყოფილად (50 creative ways to use classVR, 2021).
AR-ს და VR-ს შეუძლია უზრუნველყოს ენების შესწავლის განსაცვიფრებელი გამოცდილება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოიყენონ თავიანთი ენობრივი უნარები სიმულაციურ გარემოში. მაგალითად, მოსწავლეებს შეუძლიათ ივარჯიშონ სიტუაციებში, სადაც არიან რესტორანში და უკვეთენ საკვებს, ან უცხო ქალაქში იმყოფებიან და უნდათ გაერკვნენ ნავიგაციაში, უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში (Immersive Learning: How Virtual And Augmented Reality Are Transforming Higher Education, თ. გ.).
კვლევა
კვლევის შეზღუდვა
მოცემული კვლევა ეფუძნება აღწერით სტატისტიკურ ანალიზს, ხოლო მომდევნო კვლევებში მიზანშეწონილია ინფერენციული სტატისტიკის (χ², კორელაციური ანალიზი და სხვ.) გამოყენება მიღებული შედეგების სტატისტიკური მნიშვნელობის დასადგენად.
რაოდენობრივი კვლევისთვის შერჩეულ იქნა ექვსი საჯარო სკოლა მიზნობრივი (purposive) პრინციპით, იმგვარად, რომ მოეცვა სხვადასხვა რეგიონისა და სიდიდის სკოლები, მათ შორის როგორც ქალაქის, ისე სოფლის სკოლები - რაც საშუალებას იძლევა, გათვალისწინებულ იქნას ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობასა და გამოყენებაში შესაძლო განსხვავებები სხვადასხვა გეოგრაფიულ და ინფრასტრუქტურულ კონტექსტში. შეირჩა სამი საგნის პედაგოგები - ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და გეოგრაფიის - საერთო ჯამში 60 პირი. ამ სამი საგნის სწავლების მეთოდოლოგია ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც შესაძლებელს ხდის შედარებულ იქნას, რამდენად განსხვავებულად იყენებენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები ინოვაციურ ციფრულ მეთოდებს. პოპულაციის მცირე მოცულობიდან გამომდინარე, საჭირო რესპონდენტთა რაოდენობა გამოთვლილ იქნა Sample Size Calculator-ის მეშვეობით 5%-იანი ცდომილების ზღვრით, რამაც აჩვენა 53 რესპონდენტის საჭიროება - ანუ პოპულაციის თითქმის სრული მოცვა (88%). ვინაიდან მიღებული რაოდენობა პოპულაციის თითქმის მთლიან მოცულობას წარმოადგენს, კვლევა ფაქტობრივად უახლოვდება სრულ აღწერას (census), ვიდრე კლასიკურ ალბათურ შერჩევას. დამატებით ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუ 15 პედაგოგთან, რომლებიც შეირჩნენ მიზნობრივი (purposive) პრინციპით: სამივე საგნიდან - ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და გეოგრაფია - გამოიკითხა ხუთ-ხუთი პედაგოგი, რათა თანაბრად ყოფილიყო წარმოდგენილი თითოეული საგნობრივი ჯგუფის გამოცდილება ციფრული მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით. ინტერვიუების მიზანი იყო არა დამოუკიდებელი თვისებრივი ანალიზის ჩატარება, არამედ დამატებითი, საკონტექსტო ინფორმაციის მოპოვება, რომელიც დაეხმარებოდა კითხვარით მიღებული რაოდენობრივი შედეგების უკეთ გააზრებასა და ინტერპრეტაციას.
კვლევამ ცხადყო, რომ პედაგოგები დღევანდელი მდგომარეობით არ/ვერ იყენებენ სწავლა/სწავლებისთვის იმ ინოვაციურ მოდელებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუმცა, თვლიან, რომ AR & VR ტექნოლოგიებით სწავლება ეფექტური იქნება. საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ გამოკითხულთა დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია.
0‑1. დიაგრამა AR&VR-ის დახმარებით სწავლების ეფექტურობა.
გამოკითხულ პედაგოგთა 69,2% კითხვაზე - მიგიმართავთ თუ არა VR & AR-თვის სწავლების პროცესში? - პასუხობს, რომ არა, 23.1% პასუხობს, რომ დიახ,მიუმართავს, 1,9% პასუხობს, რომ ჯერ არა, ხოლო 3,8%-ს არ აქვს ინფორმაცია აღნიშნული ტექნოლოგიების შესახებ.
0‑2.დიაგრამა VR & AR-ის გამოყენების მაჩვენებელი.
გამოკითხულ პედაგოგთა 80.8% იყენებს გეიმიფიკაციის მეთოდებს.
0‑3. დიაგრამა გეიმიფიკაციით სწავლების სიხშირე.
რაც შეეხება გეიმიფიკაციის მეთოდებს და მის დანერგვას ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, ეს მეთოდები უკვე ინოვაციას და სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ბევრი ციფრული პლატფორმა პედაგოგთა ნაწილისათვის უცნობი და ჯერაც ინოვაციურია. გამოკითხულ რესპონდენტთა 80,8% იყენებს სწავლა-სწავლების პროცესში გეიმიფიკაციის საშუალებებს, ხოლო 19,2% არ მიმართავს მითითებულ მეთოდებს. გამოკითხულთა ნაწილი თავად ქმნის თამაშებს სწავლებისთვის და ნერგავს საგაკვეთილო პროცესში, ნაწილი ჭკვიან დაფას იყენებს, ხოლო დანარჩენი მიმართავს ისეთ ციფრულ პლატფორმებს როგორებიცაა:
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პლატფორმებიდან Kahoot ლიდერობს და პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება.
0‑4. დიაგრამა გეიმიფიკაციის პლატფორმების გამოყენების სიხშირე.
საინტერესოა, რომ გეიმიფიკაციას იყენებს რესპონდენტთა 80.8%, მაშინ როდესაც VR/AR-ის გამოყენება მნიშვნელოვნად დაბალია. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ Kahoot, Quizlet და Edpuzzle არ საჭიროებს ძვირადღირებულ ტექნიკურ აღჭურვილობას, განსხვავებით VR/AR ტექნოლოგიებისგან, რაც მიუთითებს, რომ ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია მისი დანერგვისთვის.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა ხელოვნურ ინტელექტს აღიქვამს როგორც სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაზრდის საშუალებას. AI-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია სასწავლო მასალის პერსონალიზაციის, შეფასების ავტომატიზაციისა და სწრაფი უკუკავშირის უზრუნველყოფისთვის.
მიღებული შედეგები მიუთითებს ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც ინოვაციური ტექნოლოგიებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ავტომატურად არ ნიშნავს მათ პრაქტიკულ გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა 57.7% დადებითად აფასებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, VR/AR ტექნოლოგიებს რეალურად მხოლოდ 23.1% იყენებს, ხოლო 69.2%-ს პრაქტიკული გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია. აღნიშნული განსხვავება აჩვენებს, რომ ტექნოლოგიების ინტეგრირების მთავარი ბარიერი დამოკიდებულება კი არა, რესურსების, ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებია.
ანალიზი
კვლევის შედეგები ცხადყოფს დიქოტომიას მასწავლებელთა დამოკიდებულებასა და პრაქტიკულ ქცევას შორის. მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტის (AI) პოტენციალს რესპონდენტთა 57.7% დადებითად აფასებს, VR/AR ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ 23.1%-ს შეადგენს. ეს სხვაობა მიანიშნებს, რომ პედაგოგიური მზაობა არ არის ერთგვაროვანი; ის დიფერენცირებულია ტექნოლოგიის ბუნების მიხედვით. მასწავლებლები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი იმ ტექნოლოგიებისკენ, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ საგაკვეთილო სივრცეს მინიმალური ინფრასტრუქტურული რისკებით. AI-ის შემთხვევაში, პედაგოგთა ოპტიმიზმი უკავშირდება სწავლების პერსონალიზაციის იმედს, მაშინ როდესაც VR/AR-ის მიმართ არსებული სიფრთხილე განპირობებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დეფიციტით, რაც ნაშრომის თეორიულ ნაწილში ხაზგასმულ ბარიერებს ემთხვევა.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - გეიმიფიკაციის მეთოდების გამოყენება რესპონდენტთა 80.8%-ის მიერ - მიუთითებს, რომ სკოლებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაცია არ არის ქაოსური. გეიმიფიკაცია, როგორც "ინსტრუმენტული ადაპტაციის" ინსტრუმენტი, მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, მცირე დანახარჯებით გაზარდონ მოსწავლეთა ინტერესი. Kahoot-ისა და Quizlet-ის დომინირება ადასტურებს, რომ პედაგოგები პრიორიტეტს ანიჭებენ პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მყისიერ უკუკავშირს (Instant Feedback) და ჯანსაღ შეჯიბრებას. თუმცა, ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს პროცესი ხშირად რჩება "აქტივობის დონეზე" და არ გადადის VR/AR-ის მსგავს იმერსიულ სწავლებაში, რაც ადასტურებს, რომ ტექნოლოგიური სკალირება სკოლებში შეზღუდულია სისტემური რესურსებით და არა მასწავლებელთა მოტივაციით.
კვლევისას გამოვლენილი საგნობრივი განსხვავებები (ქართული ენა, ინგლისური ენა, გეოგრაფია) ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიის ინტეგრაცია ვერ იქნება უნივერსალური. მაგალითად, ენების სწავლებაში აპლიკაციების გამოყენება (Duolingo) განსხვავებულ კომპეტენციებს მოითხოვს, ვიდრე გეოგრაფიაში VR-ტურების ორგანიზება. აქ იკვეთება TPACK (Technological Pedagogical Content Knowledge) მოდელის მნიშვნელობა: მასწავლებლებს სჭირდებათ არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ იმის გააზრება, თუ როგორ უწყობს ხელს კონკრეტული ციფრული ინსტრუმენტი კონკრეტული საგნობრივი მიზნის მიღწევას. მონაცემები აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური ხარვეზები (გაუმართავი ინვენტარი, ინფორმაციის სიმწირე) სისტემურად აფერხებს პედაგოგთა ციფრულ განვითარებას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების გრძელვადიან მიზანს.
კვლევის შეზღუდვების ანალიზი
კვლევის ერთ-ერთ შეზღუდვას წარმოადგენს შერჩევის მოცულობა და აღწერითი სტატისტიკის გამოყენება. მომავალ კვლევებში მიზანშეწონილია უფრო დიდი შერჩევისა და ინფერენციული სტატისტიკური მეთოდების (კორელაციური ანალიზი, χ²-ტესტი, რეგრესიული მოდელები) გამოყენება, რაც შესაძლებლობას შექმნის ცვლადებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირების დადგენისთვის.
დასკვნა და რეკომენდაციები
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვან, თუმცა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე მყოფ პროცესს წარმოადგენს. პედაგოგთა დიდი ნაწილი აქტიურად იყენებს გეიმიფიკაციის ელემენტებსა და ციფრულ პლატფორმებს, ხოლო AR/VR ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვა კვლავ შეზღუდულია. ძირითადი ბარიერი დამოკიდებულება კი არა, ტექნიკური რესურსების ხელმისაწვდომობა და სისტემური მხარდაჭერაა. პედაგოგთა მაღალი ინტერესი ხელოვნური ინტელექტისადმი დადებით საფუძველს ქმნის სამომავლო ინოვაციებისთვის, თუმცა მისი ეფექტიანი ინტეგრაცია მოითხოვს ეტაპობრივ პროფესიულ გადამზადებასა და შესაბამის ეთიკურ ჩარჩოს. თანამედროვე ტექნოლოგიების პოტენციალის რეალიზება დამოკიდებულია არა მხოლოდ პედაგოგთა ძალისხმევაზე, არამედ სახელმწიფოსა და სკოლების მიზანმიმართულ, სისტემურ ნაბიჯებზე.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რეკომენდებულია:
46 Best Teaching Tools for Teachers in 2024. (2024 წლის 27 February). მოპოვებული Splashlearn.comn: https://www.splashlearn.com/blog/best-teaching-tools-for-teachers/-დან
50 creative ways to use classVR. (2021). Avantis Systems Ltd.
Augmented Reality vs Virtual Reality. (2022 წლის 12 April). მოპოვებული teamviewer.com: https://www.teamviewer.com/en/augmented-reality-ar-vs-virtual-reality-vr/-დან
Bicen, H., & Kocakoyun, S. (2018 წლის 27 February). Perceptions of Students for Gamification Approach: Kahoot as a Case Study.
Immersive Learning: How Virtual And Augmented Reality Are Transforming Higher Education. (თ. გ.). მოპოვებული eLearning Industry.com: https://elearningindustry.com/immersive-learning-how-virtual-and-augmented-reality-transforming-higher-education-დან
Rita Wong Mee Mee, T. S. (2020). Role of gamification in classroom teaching: Pre-service. International Journal of Evaluation and Research in Education (IJERE).
Understanding virtual reality and augmented reality. (თ. გ.). მოპოვებული edu.gcfglobal.org: https://edu.gcfglobal.org/en/thenow/understanding-virtual-reality-and-augmented-reality/1/-დან
Ware, E. (2021). Edpuzzle. მოპოვებული An official website of the United States government: https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8270381/-დან
ბუჭუხიშვილი, მ. (2023). თამაშის როლი სწავლება-სწავლის პროცესში., (გვ. 17-18). თბილისი.
ეფრემოვი, ი. (2012). ICT განათლებაში. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში. კრასნოგორსკის ოლქი, მოსკოვის ოლქი.
პაპუნაშვილი, ზ. (2019). მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ხორავა, შ. (2024). ხელოვნური ინტელექტი განათლებაში. "მასწავლებელი".
კვლევა ვრცლად იხილეთ თანდართულ ფაილში.