+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • კავშირები ქიმიის სწავლებასა და ყოველდღიურობას შორის საგაკვეთილო პროცესში

  • მაკა ჩირიკაშვილი, ეკატერინე მიქაუტაძე
  • ქიმიის სწავლების მეთოდიკა, პრაქტიკის კვლევა, ექსპერიმენტი, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    მაკა ჩირიკაშვილისსიპ ქალაქ თბილისის 62-ე საჯარო სკოლა, თბილისი, საქართველო, ქიმიის მასწავლებელი

    ეკატერინე მიქაუტაძეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, ბიოლოგიის დოქტორი, 

  • რეზიუმე:

    ქიმიის ცოდნა ყველასთვის საჭიროა, რადგან ვაცნობიერებთ თუ არა, ჩვენ ვიყენებთ ქიმიას ყოფაცხოვრებაში. ქიმიის სწავლება სიმბოლოების, ფორმულების, ამოცანების და დებულებების ფონზე რთულ საგნად ითვლება. მოსწავლეთა დაინტერესებას და მათი მოტივაციის გაზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდება მასწავლებლის მხრიდან. პრაქტიკის კვლევა არის საუკეთესო ინსტრუმენტი მასწავლებლისთვის გამოიკვლიოს მოსწავლეთა საჭიროებები, რაც დაეხმარება შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარებაში. გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში. ამიტომ, მიზნად დავისახეთ მეცხრე კლასში შეგვესწავლა და გამოგვეკვლია ქიმიის თეორიული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკაში. ინტერვენციები ეხმარება მასწავლებელს მოიძიოს, დაგეგმოს და გააუმჯობესოს შედეგები. კერძოდ, ქიმიის ტრანსფერული ცოდნის გასააქტივებლად საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო ჯერ ექსპერიმენტი და შემდეგ კვლევაზე დაფუძნებული გაკვეთილი, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლილიყო სწავლების სტრატეგია და შედეგი ყოფილიყო მიღწეული. რაც აისახა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის, მათი მოტივაციის და ქიმიისადმი ინტერესის გაზრდაზე. რაც მთავარია, ტესტურ დავალებებში, რომელიც აგებული იყო თეორიული ქიმიის და საყოფაცხოვრებო ქიმიას შორის კავშირებზე, მოსწავლეებმა აჩვენეს უფრო კარგი აკადემიური შედეგები, რაც ქიმიის ტრანსფერული ცოდნის გააქტივებას უკავშირდება.

  • შესავალი

    ქიმიის ცოდნა ყველასთვის საჭიროა, რადგან ვაცნობიერებთ თუ არა, ჩვენ ვიყენებთ ქიმიას ყოფაცხოვრებაში. ქიმიის სწავლება სიმბოლოების, ფორმულების, ამოცანების და დებულებების ფონზე რთულ საგნად ითვლება. მოსწავლეთა დაინტერესებას და მათი მოტივაციის გაზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდება მასწავლებლის მხრიდან. მოტივაციის გასაზრდელად მოსწავლეებს სჭირდებათ მკაფიოდ ხედავდნენ კავშირს ქიმიის საგანსა და ყოფაცხოვრებაში ქიმიის გამოყენებას შორის. სწავლა-სწავლების პროცესში კი იმის აღმოჩენა ხედავენ თუ არა მოსწავლეები კავშირებს ძალიან მნიშვნელოვანია.

    პრობლემის აღმოჩენა და კვლევის მიზანი

    2016-2017 სასწავლო წლის ბოლოს მაისის თვეში სკოლაში მოწვეული იყვნენ პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ შექმნილი პროექტის „შეიყვარე პროფესია - შეაყვარე სხვას” ფარგლებში ამ ასოციაციის წარმომადგენლები, რათა მოსწავლეთათვის ჩაეტარებინათ საინტერესო და სახალისო ცდები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სკოლაში ქიმიის ლაბორატორია არ არსებობს. ამ პროექტზე დასასწრებად ყველა კლასიდან შეირჩა ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები. ქიმიური ცდების მსვლელობისას, მოსწავლეებს პარალელურ რეჟიმში უნდა ეპასუხათ კითხვებზე ამ ცდების ქიმიზმთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ შესაბამისი თეორიული ცოდნა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი მასალა უკვე გავლილი ჰქონდათ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს უჭირდათ პასუხის გაცემა. გარკვეული მინიშნების და შეხსენების შემდეგ უცბად ახსენდებოდათ და თამამად პასუხობდნენ. აშკარად ჩანდა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში ანუ ტრანსფერული ცოდნის გააქტიურება. ამ პრობლემას გარკვეულწილად მანამდეც ვამჩნევდი, მაგრამ ამ ფაქტმა მიბიძგა ჩამეტარებინა პრაქტიკის კვლევა.

    აქედან გამომდინარე, სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მეცხრე კლასი, სადაც სწავლობს 28 მოსწავლე, მეტნაკლებად დაინტერესებული ქიმიის სწავლით. მიზნად დავისახეთ, რომ შეგვესწავლა და გამოგვეკვლია ქიმიის თეორიული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკაში, განგვეხორციელებინა ინტერვენციები, გამომეტანა დასკვნები და გამეუმჯობესებინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა.

    ლიტერატურის მიმოხილვა

    ჯერ კიდევ 1985 წელს მეცნიერების განათლების ასოციაციამ (ASE) გამოაქვეყნა განათლების გეგმა მეცნიერების ხელშეწყობით (ASE, 1985), სადაც აღნიშნა, რომ საბუნებისმეტყველო განათლება უნდა იყოს მიმართული მოსწავლეთა ყოველდღიური გამოცდილების გაფართოებისკენ. მეცნიერთა დიდი ნაწილი დღესდღეობით მუშაობს ამ საკითხებზე, მასწავლებლებთან ერთად ქმნიან საგაკვეთილო და კვლევით მოდულებს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც აჩვენებს კავშირს საგანსა და ყოფაცხოვრებას შორის.

    მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა პირველებმა გამოიყენეს ცოდნის ტრანსფერის ხარისხის გასაზომი ტესტები. ტრანსფერი რომელიმე სიტუაციაში ნასწავლის განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებას ნიშნავს. დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის/გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ერთ ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: “აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს” (დ. უზნაძე, 1998).

    მასწავლებელი იმისთვის ასწავლის, რომ მოსწავლემ შესძლოს ნასწავლის გადატანა ერთი პრობლემიდან მეორეზე, როგორც ერთი საგნის ფარგლებში, ასევე სხვა საგნებში და ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც. ტრანსფერს, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ხშირად ვიყენებთ. მას ვიყენებთ ყველგან, სადაც კი გვჭირდება რაიმე ტიპის ცოდნა, უნარი, სტრატეგია. ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც ცოდნის ერთ სფეროს მეორესთან ვაკავშირებთ. ტრანსფერის უნარი რომ არა, კაცობრიობა ვერ მოახერხებდა წინსვლას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, რადგან მას ყოველგვარ ვითარებაში ახალი ცოდნის მიღება დასჭირდებოდა. დევიდ პერკინსის ნაშრომებში (დ. პენკისი, 2007) ხშირად წავაწყდებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ტრანსფერის შესახებ. ამ თემის გვერდის ავლით საგანმანათლებლო სწავლა-სწავლების პროცესი წარმოუდგენელია. არსებობს კომპეტენციები, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში, რათა ადამიანმა თვითრეალიზება და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება შეძლოს. ამ კომპეტენციების დაუფლება სკოლიდან იწყება და ამას ხელს უწყობს მეტაკურიკულუმი. ამ ტერმინით აღინიშნება ის სასწავლო მიზნები, რომლებიც საერთოა სკოლებში სხვადასხვა საგნის სწავლებისას. ამასთან, მეტაკურიკულუმი სხვადასხვა საგნის დასაუფლებლად საჭირო ზოგად უნარ-ჩვევებსაც აერთიანებს. ის ხელს უწყობს პრაქტიკული თუ სიმბოლური აზროვნების განვითარებას, სწავლის ჩვევების გამომუშავებას, აზროვნების სხვადასხვა დონის, ინოვაციური და ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებას.

    ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეს სამი სახის ცოდნით უზრუნველყოფს: 1. სტატიკური ანუ დეკლარაციულია ცოდნა, როცა მოსწავლემ იცის წესები, კანონები, ცნებების განმარტებები, ფორმულები; 2. დინამიკური ანუ პროცედურულია ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას აძლევს; 3. ფუნქციური ანუ ტრანსფერულია ცოდნა, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში, მოახდინოს ცოდნის გადატანა ანუ ტრანსფერი.

    ტრანსფერს ხელს უწყობს სწავლება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, წარმოაჩინონ პრობლემები აბსტრაქციის რაც შეიძლება მაღალ დონეზე. ტრანსფერს ხელს უწყობს ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა იყოს მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი; სწავლების პროცესი, რომელიც ორიენტირებულია შეძენილი გამოცდილების გამოყენებაზე სხვადასხვა სიტუაციაში; სწავლის პროცესში მოსწავლის მიერ აღმოჩენილი ამოცანის გადაჭრის გზები. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთაშორისი და ცხოვრებისეული კავშირების დამყარებაც. თუ ამოცანად იმას დავისახავთ, რომ მარტო ცოდნა და უნარ-ჩვევები კი არ გადავცეთ მოსწავლეებს, არამედ იმ იდეებითაც დავაინტერესოთ, რომლებიც მათ მიერ მიღებულ ცოდნასა და განვითარებულ უნარ-ჩვევებს უდევს საფუძვლად, იმასაც შევძლებთ, სწავლების პროცესი მათთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს.

    ექსპერიმენტული ნაწილი

    სწავლა-სწავლების პროცესების შესაფასებლად მასწავლებლისთვის პრაქტიკის კვლევა ყველაზე კარგი ინსტრუმენტია. პრაქტიკის კვლევა ცდილობს გააუმჯობესოს საკლასო პრაქტიკა ინოვაციის, კვლევის, რეფლექსიის და გადახედვის გზით. ასევე, პრაქტიკის კვლევის დროს წინასწარ დაგეგმილი იყო ყოველი ნაბიჯი, ეტაპობრივად იყო  გაანალიზებული შედეგები და შეფასებული განვითარებისთვის.

    კვლევის მიზნიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა საკვლევი კითხვა: რამდენად მოსახერხებელია ქიმიის თეორიული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკაში საგაკვეთილო პროცესში ექსპერიმენტის ჩართვით? კვლევაზე დაფუძნებული სწავლება აუმჯობესებს თუ არა მათი სწავლის შედეგებს?

    პრაქტიკის კვლევის დროს გამოყენებული იყო ტრანსფერის ხარისხის გასაზომი ტესტები ინტერვენციებამდე და მას შემდეგ. კვლევის პირველ ეტაპზე, სასწავლო წლის დასაწყისში, მეცხრე კლასში შევიტანეთ ტესტი. ტრანსფერის გასაზომი ტესტი ინტერვენციამდე შედგენილი იყო წინარე ცოდნაზე დაყრდნობით და შეიცავდა ღია და დაფარულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს თეორიულ ქიმიასა და საყოფაცხოვრებო ქიმიას შორის. მრავლობითი არჩევანის შემცველი ტესტი შედგებოდა 10 დახურული კითხვისგან ოთხი სავარაუდო პასუხით. ტესტის შედეგების მიხედვით სწავლების მეთოდი შემეცვალა თანდათანობით, ასე ვთქვათ შეპარვით. შემდეგ ისევ შემეტანა იგივე პრინციპით შედგენილი ტესტი და შემეფასებინა მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები.

    პრაქტიკის კვლევის დაწყებისთანავე გადავწყვიტე შემეცვალა სწავლების სტრატეგია და ჩამერთო ექსპერიმენტი, როგორც ქმედებაზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგია. ექსპერიმენტი არის მეთოდი, რომლის დახმარებითაც დასტურდება ჰიპოთეზის „ჭეშმარიტება“ ან „სიმცდარე“. ექსპერიმენტი, როგორც სასწავლო მეთოდი, მიმართულია მოსწავლის დამოუკიდებლობისკენ. წინასწარ არის სტრუქტურირებული დიდაქტიკური სიტუაცია, რომლის დროსაც შემსწავლელებმა ცდებით, კვლევითი საქმიანობით და ა.შ. უნდა გამოიკვლიონ ახალი გარემოებები; ამასთანავე, პირველ რიგში, საქმე ეხება რაღაც ახლის აღმოჩენას, რაც აქამდე მათთვის არ იყო ცნობილი, ასევე უკვე ნაცნობ მოვლენებზე პასუხი გაეცემა კითხვას – რატომ? ექსპერიმენტის ძირითადი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება. ექსპერიმენტი არის მეთოდი, რომელიც ყოველთვის დემონსტრირებით ხორციელდება. ჯონ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლა-სწავლების პროცესში ექსპერიმენტების გამოყენებას. მისი აზრით, შემსწავლელი ყოველთვის გარკვეულ სასწავლო გამოცდილებას იძენს, რომელიც ფართო გაგებით ექსპერიმენტულ ფაზას მოიცავს (ჯონ დიუი, 2013).

    სწავლების მეთოდის ცვლილება გამიზნული იყო, რათა ის უფრო საინტერესო და სახალისო ყოფილიყო, რომ მომავალში მოსწავლეებს ადვილად დაეკავშირებინათ მიღებული ცოდნა პრაქტიკასთან, გამოეყენებინათ საჭირო უნარ-ჩვევები ყოფა-ცხოვრებაში.

    ამ მიზნით მოვახდინე გარკვეული სახის ინტერვენცია, კერძოდ, სამი გაკვეთილის განმავლობაში, როდესაც გვქონდა თემა „მეტალები“, მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა მოეძიათ მეტალებისაგან დამზადებული ნივთები და გაეკეთებინათ სია, სკოლაში მოეტანათ ამ სიიდან ერთ-ერთი (თავიდანვე გამოვრიცხეთ ძვირფასი მეტალები - ოქრო და ვერცხლი). გაკვეთილზე შევისწავლეთ ამ ნივთების მაგნიტური თვისებები, მჟავა, ტუტე და ნეიტრალურ გარემოში მათი დაჟანგვის პროცესები. მჟავა გარემოს შესაქმნელად გამოვიყენეთ ლიმონის წვენი, ხოლო ტუტე გარემოსთვის - სარეცხის ფხვნილის ხსნარი ტუტე არით.

    პრაქტიკის კვლევის მიმდინარეობისას ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის დროს გამოყენებული იყო ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან მათი ქიმიის სწავლების ახალი სტრატეგიის შესაფასებლად. ჩვენი მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო მათ შორის აზრთა გადმოცემის და გაცვლისთვის. აქედან გამომდინარეობს ამ მეთოდის კიდევ ერთი დასახელება - „ჯგუფური დისკუსია“. ფოკუს-ჯგუფისთვის შევარჩიეთ 8 მოსწავლე გენდერული და აკადემიური მოსწრების ბალანსის დაცვით. დავუსვით შემდეგი კითხვები: 1. აღეწერათ და შეეფასებინათ გასულ სასწავლო წელს ჩატარებული ქიმიის გაკვეთილები; 2. რა ცვლილებები შენიშნეს ახალ სასწავლო წელს ქიმიის გაკვეთილზე? შეეფასებინათ აღნიშნული ცვლილებები. 3. საჭიროა თუ არა, ქიმიის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში? 4. რას შეცვლიდნენ ქიმიის გაკვეთილზე?

    ფოკუს-ჯგუფის შემდეგ საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენე კვლევაზე დაფუძნებული გაკვეთილი. თანამედროვე სწავლების მეთოდების უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოსწავლეთა დაინტერესება და მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, არის კვლევაზე დაფუძნებული სწავლება. „სწავლა არის პროცესი, სადაც ცოდნა იქმნება გამოცდილების ტრანსფორმირების გზით“ - თქვა დევიდ კოლბმა (დ. კოლბი, 1984). ამ მიზნით, მჟავა ოქსიდების ახსნის შემთხვევაში გაკვეთილი წარიმართა უკუსვლით ანუ თავად მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, ჩამოაყალიბეს საკვლევი კითხვა, მასწავლებელთან ერთად დაგეგმეს შემდეგი ეტაპი, განახორციელეს და დაკვირვების შედეგად გამოიტანეს დასკვნა, მასწავლებელი არის ფასილიტატორი.

    გაკვეთილის გეგმა

    კლასი:IX2

    თემა: ოქსიდების თვისებები

    აქტივობა №1 - კლასის ორგანიზება ჯგუფებად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ოთხ ჯგუფად.

    აქტივობა №2 - წინარე ცოდნის გააქტიურება: რა არის ოქსიდი? რა სახის ოქსიდები იციან? რა ფიზიკური თვისებებით ხასიათდებიან? რა კავშირია ელემენტთა პერიოდულობის სისტემასადა ოქსიდების ფორმულებს შორის და როგორ იცვლება ელემენტთა ჟანგბადნაერთების თვისებები პერიოდში?

    აქტივობა №3 - ექსპერიმენტის ჩატარება, დაკვირვება და ჩანაწერების გაკეთება: ოთხივე ჯგუფი ატარებს ერთი სახის ექსპერიმენტს: ერლენ-მეიერის კოლბაში, რომელშიც მცირე რაოდენობით ჩასხმულია წყალი, წვავენ რკინის კოვზზე მოთავსებულ ნახშირს. კოვზი თავის მხრივ გაყრილია გახვრეტილ საცობში, ეს უკანასკნელი კი მორგებულია ერლენ-მეიერის კოლბას.

    აქტივობა №5 ჰიპოთეზის ფორმულირება: წყლის არე შეიცვლებოდა.

    აქტივობა №6 საკონტროლო ექსპერიმენტი: ნახშირის წვის შემდგომ ინდიკატორის ქაღალდის საშუალებით ადგენენ ხსნარში როგორი გარემოა: მჟავა, ტუტე თუ ნეიტრალური. ასევე ვთხოვ, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობა და ეტაპები წარმოადგინონ ფლიპჩარტზე  ქიმიური რეაქციების სახით.

     აქტივობა №4 პრეზენტაცია: ოთხივე ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. პრეზენტატორები წარმოადგენენ საკუთარი ჯგუფის შედეგებს, დასკვნებს და მოხდება შედარება.

    აქტივობა №5 მიღებული პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე თეორიული ცოდნის გაღრმავება: მოსწავლეები წერენ სქემის შესაბამის რეაქციას:

    ფოსფორი --------> ? ----------> ფოსფორმჟავა

    გოგირდი --------> ? ----------> გოგირდოვანი მჟავა

    თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის შედეგს. დისკუსია მჟავა წვიმების შესახებ, მისი წარმოქმნის გზები, მის გავლენაზე გარემოზე და კავშირი ჩატარებულ ექსპერიმენტთან.

    შედეგები და მისი ანალიზი

    ტრანსფერის ხარისხის გასაზომი ტესტების შედეგების მიხედვით 28 მოსწავლეთა საშუალო ქულა ინტერვენციამდე იყო 5.68, ხოლო ინტერვენციის შემდეგ 7.07. ასევე, ინტერვენციამდე ყველაზე დაბალი აკადემიური შეფასება დაფიქსირდა 2 ქულა, ხოლო ინტერვენციის შემდეგ 4 ქულა. რაც ცალსახად მიუთითებს მოსწავლეთა მიერ ქიმიასა და ყოფაცხოვრებას შორის კავშირების აღმოჩენის და შესწავლის ტენდენციას. რაც თავის მხრივ მიუთითებს ტრანსფერული ცოდნის გაუმჯობესებაზე.

    ფოკუს-ჯგუფის გამოკითხვის დროს მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ გასულ სასწავლო წელს ქიმიის გაკვეთილებზე ამოცანებს აკეთებდნენ, მუშაობდნენ დაფასთან, ჰქონდათ ტიპიური გამოკითხვები. ასეთი ტიპის გაკვეთილები მათი შეფასებით იყო ნაკლებად საინტერესო და ყველა მოსწავლე არც იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

    მოსწავლე - „სულ ამოცანებს ვხსნიდით და დაფასთან ვიდექით, რაც მოსაწყენი იყო“.

    ახალი სწავლების სტრატეგია უფრო მოსწონთ მოსწავლეებს, მუშაობენ პროექტებზე, იყვნენ საქართველოს ეროვნულ , საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვიზიტის დროს მეტალების და შენადნობების თემა უფრო გავშალეთ. მოსწავლეები გაეცნენ ძვირფასი ლითონებისა და შენადნობების ნაკეთობებს და მათ გამოყენებას ყოფაცხოვრებაში. თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით გამართეს დისკუსია მეტალთა თვისებების შესახებ. საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ადრე თუ ადამიანი ცაკლეული მეტალისგან დამზადებულ ნაკეთობებს იყენებდა, დღევანდელობაში ხდება შენადნობებისაგან ნივთების დამზადება. ეს ცოდნა გამყარდა ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტზე სტუმრობის დროს. მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ ასეთი მიდგომა უფრო მოსწონთ, სწავლა უფრო საინტერესო გახდა, მოტივირებულები გახდნენ და საგნის მიმართაც მათი ინტერესი გაიზარდა.

    მოსწავლე - „მაგრამ რამდენიმე საინტერესო გაკვეთილი ჩაგვიტარდა, ექსპერიმენტები ჩავატარეთ მასწავლებელთან ერთად, ამოცანებს ეხლაც ვაკეთებთ, თუმცა ახლანდელი გაკვეთილები უფრო მოგვწონს“.

    კითხვაზე „საჭიროა თუ არა, ქიმიის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში?“ მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია. ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ ვერ ხედავდა ქიმიის ცოდნის აუცილებლობას, ხოლო სხვები ფაქტებით უხსნიდნენ, რომ მცირედი ცოდნა გამოსადეგი და აუცილებელია ყოველდღიურობაში.

    კითხვაზე „რას შეცვლიდნენ საგაკვეთილო პროცესში?“ ერთხმად პასუხობდნენ, რომ სურვილი აქვთ ჩაატარონ ექსპერიმენტები დამოუკიდებლად, გააკეთონ პროექტები, გამართონ დებატები, ჰქონდეთ ჯგუფური მუშაობა.

    მოსწავლე - „გვინდა რომ მასწავლებელმა მხოლოდ მიგვითითოს და ექსპერიმენტი ჩვენით ჩავატაროთ“

    კვლევაზე დაფუძნებული გაკვეთილის ბოლო ეტაპზე მოსწავლეებმა ექსპერიმენტის საფუძველზე თეორიული ცოდნა დაუკავშირეს საყოფაცხოვრებო საკითხებს. გამართეს დისკუსია მჟავა ოქსიდების წარმოქმნის, მოქმედების და მისი შედეგების შესახებ. მათ ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, სოფლის მეურნეობა, მჟავა წვიმები, კოროზიის საფრთხეები, რაზეც არ მქონია ინფორმაცია მიწოდებული.

    როდესაც მოსწავლეებმა თავად ჩაატარეს ექსპერიმენტი ისეთი ნივთიერებებით, რომლებთანაც შეხება ჰქონდათ საყოფაცხოვრებო პირობებში, ასევე წვის შედეგად მიიღეს აირადი ნივთიერებები, რომლებიც გავლენას ახდენს გარემოზე და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაამყარეს ექსპერიმენტსა და ყოველდღიურობას შორის გაუჩნდათ მოტივაცია სიღრმისეულად შეისწავლონ ქიმია.

    დასკვნა

    პრაქტიკის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერიმენტის ან კვლევის ჩართვით საგაკვეთილო პროცესების დაგეგმა და განხორციელება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, ხელს უწყობს თეორიული ცოდნის ტრანსფერს პრაქტიკაში, ზრდის მოსწავლეთა ინტერესს საგნისადმი და აუმჯობესებს სწავლის შედეგებს. ამასთან, პრაქტიკის კვლევა გახდა ბიძგი ახალი კვლევების და ექსპერიმენტული სწავლების სტრატეგიებზე მუშაობის დასაგეგმად.

    გამოყენებული ლიტერატურა

    1. Childs, P. E., Hayes, S. M. and O’Dwyer, A. Chemistry and everyday life: Relating secondary school chemistry to the current and future lives of students’ in ‘Relevant Chemistry Education From Theory to Practice. Relevant Chemistry Education. SensePublishers, 2015,  pp 33-54
    2. ASE. Education through science. Hatfield: ASE, 1985
    3.  უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, 1998, თბილისი: აღმაშენებელი, გვ. 445
    4.  პერკინსი დ., გონივრული სკოლები: ბავშვებმა რომ უკეთ იაზროვნონ და ისწავლონ, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007, გვ. 117-125, 138-151
    5. ჯონ დიუი, სკოლა და საზოგადოება. ბავშვი და ცოდნის სტანდარტი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013,
    6. Kolb, D.A., Experiential learning: experience as the source of learning and development, Englewood Cliffs, NJ: Prentice Hall, 1984, pp 38
    7. რატიანი მ., ტრანსფერის სწავლება, ჟურნალი „მასწავლებელი“, 2013, 6 სექტემბერი, http://mastsavlebeli.ge/?p=2271
    8. ბოჭორიშვილი მ., ტრანსფერის მნიშვნელობა და მისი სახეები, ჟურნალი „მასწავლებელი“, 2013, 3 ივნისი, http://mastsavlebeli.ge/?p=2350
    9. ბოჭორიშვილი მ., ტრანსფერული ცოდნის შეძენის პროცედურები და შესაბამისი მეთოდური ინსტრუმენტები, ჟურნალი „მასწავლებელი“, 2012, 21 დეკემბერი, http://mastsavlebeli.ge/?p=2443

     

     

     

     

     

     

     

     

     

  • 2018.08.15
ნომერი