+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა დამოკიდებულებების კვლევა და უწყვეტი პროფესიული განათლება საქართველოში

  • ნ. ბაღათრიშვილი, მ.კაპანაძე
  • მასწავლებელთა დამოკიდებულებების კვლევა; პრაქტიკული კვლევა; პროექტი „ჯაჭვური რეაქცია“; პროექტი ARTiST
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    . ბაღათრიშვილი1, მ. კაპანაძე2

    1. სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლა bagatrishvilinatia@gmail.com
    2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი marika kapanadze@iliauni.edu.ge
  • რეზიუმე:

     

    რეზიუმე

    სტატია ეფუძნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის  SALiS მიერ განხორციელებულ ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამისა და ერაზმუსის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს „ჯაჭვური რეაქცია“ და “ARTiST”. სტატიაში განხილულია „ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანი იყო პროექტში მონაწილე სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების დამოკიდებულებებისა და მიდგომების ცვლილებების შესწავლა გრძელვადიანი (ერთწლიანი) პროფესიული განვითარების პროგრამის პროცესში და ერაზმუსის პროექტი “ARTiST”, რომლის მიზანია პრაქტიკული კვლევის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა.

    საკვანძო სიტყვები: მასწავლებელთა დამოკიდებულებების კვლევა; პრაქტიკული კვლევა; პროექტი „ჯაჭვური რეაქცია“; პროექტი ARTiST

     

    Abstract

    The article is based on “Chain Reaction” and “ARTiST”, the projects  carried out  within the framework of Erasmus and the 7th Framework Program of the European Commission, implemented by SALiS – Science Education Research Centre  at Ilia State University. The article deals with the educational research carried out as part of the project “Chain Reaction”, the main purpose of which was to study and evaluate the changes in the attitudes and approaches of science teachers after participating in the long-term (one-year) Inquiry-Based Professional Development Program and in the Erasmus project “ARTiST”, which involves conducting Action Research and the promoting its development.

     

  • შესავალი

    საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეიძინა, რადგან “საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებამ მოსწავლე უნდა აღჭურვოს იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, არ ჩამორჩეს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნის გამოყენებას როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ” (ესგ, 2018). ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით (ესგ, 2018) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლისას მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს ეცნობა, უვითარდება შემეცნების, დაკვირვებების, აღმოჩენისა და კვლევითი უნარ-ჩვევები, რის შემდეგაც, იგი შეიცნობს სამყაროს, ცდილობს ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში და  გრძნობს პასუხისმგებლობას, როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების წინაშე.

       2003 წლის ევროკომისიის ანგარიშსა და სხვა საერთაშორისო კვლევის შედეგებს თუ დავეყრდნობით, მოსწავლეებში  საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის მკვეთრი დაცემა აღინიშნება ევროპაში (European Commission, 2004). მიზეზად სახელდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების არასათანადო მიდგომები, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასწავლო გარემო, რესურსები და სხვა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის შესწავლისა და გადაჭრის გზების ძიებამ ბიძგი მისცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიდგომების შესახებ კვლევების აუცილებლობას. კვლევის შედეგებზე დაფუძნებით ვლინდება პრობლემური ასპექტები და საჭირო ხდება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულების განვითარებისთვის.  ყველა ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის პრობლემიდან გამომდინარე, ცდილობს დაადგინოს, სწავლების რა მეთოდები, როგორი პედაგოგიური მიდგომებია ეფექტური თავისი ქვეყნისთვის. ცალსახად უდავოა, რომ მოსწავლეთა ინტერესებისა და მოტივაციის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის მასწავლებელი და მის მიერ დაგეგმილი გაკვეთილი, ამიტომ მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების განვითარება და გაძლიერება. შესაბამისად, ბევრ ქვეყანაში ხორციელდება მასწავლებელთა მომზადების პროგრამები. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი.

    ძირითადი ნაწილი

    საქართველოში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და მასწავლებელთა პროფესიული მომზადების მიზნით აქტიურად მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS (1). ამ მიზნით ცენტრმა განახორციელა ტემპუსის, ერაზმუსისა და  მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტები SALiS (2,3), PROFILES (4,5), Chain Reaction (6,7) ARTiST (8,9), რომელთა მთავარი მიზანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ხელშეწყობა. სტატიაში განვიხილავთ პროექტებს „ჯაჭვური რეაქცია“ (Chain Reaction) და „ARTiST”.

    პროექტი „ჯაჭვური რეაქცია“ განხორციელდა 2013-2016 წლებში, რომელშიც მონაწილეობდა ევროპის 12 ქვეყანა (6). კოორდინატორი იყო შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტი, ინგლისი.

    საქართველოში პროექტ „ჯაჭვური რეაქციის“ ძირითადი მიზნები  იყო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; ჩვენი ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმის საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო კვლევითი მოდულების დანერგვა და გავრცელება; სკოლებში საგაკვეთილო კვლევითი მოდულების დანერგვის ხელშეწყობა მასწავლებელთა გადამზადების საშუალებით; ხიდის გადება სამეცნიერო საზოგადოებასა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს შორის; ქართველი მასწავლებლების ევროპის მასწავლებელთა ქსელში ინტეგრირების ხელშეწყობა; პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსების გავრცელება; ეფექტური შეფასება; ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

    „ჯაჭვური რეაქციის“  ქართულმა გუნდმა შეიმუშავა  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ახალი სტრუქტურა. შესაბამისი ტრენინგ-მოდულების მეშვეობით პროფესიული კუთხით გადამზადდა 15 საჯარო და კერძო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნის 30 პედაგოგი (თითოეული სკოლიდან წყვილი, მაგ. ფიზიკა-ქიმიის, ქიმია-ბიოლოგიის ან ფიზიკა-ბიოლოგიის მასწავლებელი). შეიქმნა დამხმარე რესურსები - შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების ცენტრში მომზადებული თერთმეტი საგაკვეთილო კვლევითი მოდულიდან,  ექვსი ითარგმნა ქართულ ენაზე, გადამუშავდა და მოერგო ქართულ რეალობას.

    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი პროგრამის  მიმდინარეობისას პროექტში მონაწილე პედაგოგებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SALiS ლაბორატორიაში განიხილეს საგაკვეთილო მოდულები, ჩაატარეს სხვადასხვა ექსპერიმენტი (6,7). ყურადღება გაამახვილეს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მეცნიერულ ახსნაზე. სესიები ორიენტირებული იყო მონაწილე მასწავლებელთა კვლევითი, მოდელირების, თანამშრომლობითი პროფესიული უნარების განვითარებაზე. პროგრამამ მოიცვა სემინარები, ლექციები, ვორქშოპები და სხვა - სულ 50 საკონტაქტო საათი.

    პროგრამის გავლის შემდეგ მასწავლებლებმა კვლევაზე დაფუძნებულ სასწავლო აქტივობებსა და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მოდულები დანერგეს საკუთარ სკოლებში.

    „ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო კვლევა, რომლის ძირითადი მიზანი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული პროფესიული განვითარების პროგრამის ეფექტურობის განსაზღვრა და მასწავლებლების დამოკიდებულებების შესწავლა საბუნებისმეტყველო საგნების კვლევაზე დაფუძნებული პრინციპით სწავლა-სწავლების მიმართ. კვლევა დაეფუძნა ძირითად კვლევით კითხვას: შეცვალა თუ არა პედაგოგთა დამოკიდებულებები პროექტ „ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში შემუშავებულმა და განხორციელებულმა კვლევაზე დაფუძნებული საბუნებისმეტყველო განათლების (IBSE) პროფესიული განვითარების პროგრამამ? კვლევის მიზნიდან და საკვლევი კითხვიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა კვლევის ძირითადი ამოცანები. გამოთქმული ჰიპოთეზების შესამოწმებლად, გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. კვლევაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო და საჯარო სკოლებიდან.

    თვისებრივი კვლევა ჩატარდა მასწავლებლებთან სიღრმისეული ინტერვიუს ნაწილობრივ სტრუქტურირებული ფორმით. კვლევის ინსტრუმენტად შერჩეულ იქნა კელის პიროვნული კონსტრუქტების თეორიაზე დაფუძნებული დებულებები (10).

    რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად შერჩეულ იქნა  SoC კითხვარი (11).  

    კვლევა ანალიტიკურ ხასიათს ატარებდა. იგი მიმდინარეობდა ორი წლის მანძილზე (2014-2015 და 2015-2016), პროექტის თითოეული წლის  მონაწილეთათვის ორ ეტაპად. მონაცემთა შეგროვების პირველი ეტაპი ჩატარდა პროექტ „ჯაჭვურ რეაქციაში“ მონაწილეობამდე, ხოლო მეორე ეტაპი - პროექტის აქტივობების დანერგვის დასრულების შემდეგ. კვლევის პირველსა და მეორე ეტაპს შორის, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამაში.

    როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის დროს, კონფიდენციალობა სრულად იყო დაცული.

    ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პიროვნული კონსტრუქტების თეორიაზე დაფუძნებით, გამოიკვეთა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა შეხედულებებისა და დამოკიდებულებების ოთხი ძირითადი კატეგორია:

    • მენეჯმენტი
    • პროფესიული განვითარება
    • საგაკვეთილო მიდგომები
    • მოსწავლის მდგომარეობა

    როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ მასწავლებლების ნაწილი პროექტში მონაწილეობამდე საკუთარ წარმატებულ გამოცდილებად თეორიულ გაკვეთილებს მიიჩნევდნენ და ძირითადად ტრადიციულ მიდგომებზე დაფუძნებულ ლექციურ გაკვეთილებს ატარებდნენ. ისინი საუბრობდნენ და მსჯელობდნენ ტრადიციული საგაკვეთილო აქტივობების მიხედვით, დროში ზუსტად გაწერილი გაკვეთილის წინასწარ დაგეგმვის აუცილებლობაზე, საბუნებისმეტყველო გაკვეთილის ჩატარებისათვის აუცილებელ გარემოზე - ლაბორატორიაზე. პროექტში მონაწილეობამდე ისინი ადმინისტრაციისგან ითხოვდნენ კვლევებისათვის საჭირო ფინანსურ მხარდაჭერასა და მატერიალურ რესურსებს, როგორიცაა - ლაბორატორიული აღჭურვილობა, ხელსაწყოები, რეაქტივები. სხვა შემთხვევაში ისინი ვერ/არ ატარებდნენ ღია კვლევაზე დაფუძნებულ გაკვეთილებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კვლევითი აქტივობების განხორციელების გამო მასწავლებლები ადმინისტრაციის მხრიდან ითხოვდნენ სიტყვიერ წახალისებას. ასევე, საკუთარი პროფესიული განვითარებისა და საკლასო აქტივობების მრავალფეროვნებაზე ზრუნვას მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციას აკისრებენ.

    პროექტში მონაწილეობამდე, მასწავლებლებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნდათ მოსწავლეთა მრავალრიცხოვნება, რის გამოც მათთვის რთული იყო მოსწავლეთა მართვა კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დროს და მათ გაკვეთილებზე ხშირად ირღვეოდა დისციპლინა. მასწავლებლები კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებულ ხმაურსა და ლაბორატორიაში თავისუფლად გადაადგილებას დარღვევად მიიჩნევდნენ, რადგან იმ დროისათვის მათთვის საბუნებისმეტყველო გაკვეთილი სიჩუმესა და მერხთან მოწესრიგებულად ჯდომასთან ასოცირდებოდა.

    მასწავლებლები პრობლემურ ჭრილში განიხილავდნენ კვლევითი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო დროის მენეჯმენტს. ისინი კვლევების ვერ / არ ჩატარების მიზეზად რთულ სამუშაო გრაფიკსა და გადატვირთულ სასწავლო პროგრამებს ასახელებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მათ კვლევების ჩასატარებლად არ რჩებოდათ საკმარისი დრო. ისინი ერთიან ჭრილში განიხილავდნენ ექსპერიმენტებს, ცდებს, კვლევით საქმიანობას, კეთებით სწავლებას და სხვა.

    პროექტის ფარგლებში განხორციელებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებლები მსჯელობენ, რომ  მხოლოდ გაკვეთილის დაგეგმვა არ არის საკმარისი, აუცილებელია დაგეგმილი ექსპერიმენტის წინასწარ მომზადება და ჩატარება, რათა გამოირიცხოს წარუმატებლობის ალბათობა. პროექტის აქტივობების განხორციელების დროს მასწავლებლებმა დაინახეს და გაიაზრეს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციის არსი, კვლევითი საქმიანობის გავლენა მოსწავლეთა მოტივაციის ზრდაზე და მიიღეს ცოდნა და გამოცდილება ამ მიდგომასთან დაკავშირებით. შედეგად, გაკვეთილის დაგეგმვის დროს მათთვის პრიორიტეტული გახდა კვლევა. მათი მსჯელობით,  მკაფიო და ნათელი ინსტრუქციები ხელს უწყობს დროის სწორად მართვასა და რაციონალურად გამოყენებას. სამუშაო ხმაურს კი განიხილავენ, როგორც კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისა და სამუშაო პროცესის აუცილებელ მახასიათებელს.

       პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილებით მასწავლებლები კვლევებისთვის იყენებენ იაფ ტექნოლოგიებს, საყოფაცხოვრებო საგნებს, სამუშაო იარაღებსა და სხვა მარტივ ხელსაწყოებს. ისინი აღარ ელოდებიან ადმინისტრაციის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ აღჭურვილობას. მასწავლებელთა ნაწილი აღჭურვილობის საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საუნივერსიტეტო ბაზებსა და საკვლევი თემის შინაარსიდან გამომდინარე, შესაბამის ადგილობრივ  დაწესებულებებს, რითიც კიდევ უფრო აახლოებენ მოსწავლეებს მეცნიერებასთან.

    პროექტში მონაწილეობამდე, მასწავლებელთა ერთი ნაწილი საუბრობდა კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისათვის საკუთარი გამოცდილების ნაკლებობაზე,  ხოლო მასწავლებლების მეორე ჯგუფი აღნიშნავდა, რომ კვლევებს ხშირად ატარებდნენ და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი. თუმცა, პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა მუშაობამ მათ აჩვენა, როგორი უნდა იყოს მათი ცოდნა და გამოცდილება რეალურად, რათა ჩაატარონ წარმატებული კვლევაზე დაფუძნებული გაკვეთილები. თუ პროექტში მონაწილეობამდე მათი კვლევითი გაკვეთილები მასწავლებლის მიერ იყო მართული, პროექტში მონაწილეობის შემდეგ გაკვეთილები მოსწავლეზე ორიენტირებულ ღია კვლევას ეფუძნება. პროექტის დასრულების შემდეგ თითქმის ყველა მასწავლებელი აღნიშნავს, რომ გაიაზრეს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების არსი, განივითარეს კვლევითი უნარები, შეიძინეს უდიდესი გამოცდილება და კვლევით მუშაობას მკვეთრად მიჯნავენ ტრადიციული ლაბორატორიული საქმიანობისგან. ისინი თვლიან, რომ კვლევითი საქმიანობის დროს მოსწავლეებს ფიქრის, აზროვნებისა და კითხვების დასმისთვის მეტი თავისუფლება აქვთ. ამასთანავე, კვლევითი საქმიანობით მოსწავლეები დამოუკიდებლად ეძიებენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, დამოუკიდებლად ატარებენ ექსპერიმენტებს, შედეგებზე დაფუძნებით გამოაქვთ ლოგიკური დასკვნები, რომელსაც წარადგენენ შესაბამისი აუდიტორიის წინაშე. აღნიშნული ქმედებები საბოლოოდ იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისადმი.

    აშკარაა, რომ პროექტმა მასწავლებლებს მისცა გარკვეული ცოდნა და გამოცდილება კვლევების წარმართვის კუთხით, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ისინი განაგრძობენ ამ კუთხით განვითარებას - კიდევ უფრო მეტად უღრმავდებიან აღნიშნულ საკითხს, ცდილობენ მეტი დეტალის შესწავლას, ატარებენ კვლევით გაკვეთილებს, რათა სწავლების პროცესში კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოცდილება. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ზრუნავენ თვითგანვითარებაზე და დამოუკიდებლად ეუფლებიან ინოვაციურ მეთოდებს და სიახლეებს ნერგავენ საკლასო სივრცეში. საგაკვეთილო კვლევით მოდულებზე მუშაობის დროს მათ დაინახეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კვლევით საქმიანობაში, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარ სკოლებში მოდულების დანერგვის დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილება.  მოგვარდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა კვლევაზე დაფუძნებული სწავლების შესახებ მეთოდოლოგიური ლიტერატურის ხელმისაწვდომობა ქართულ ენაზე - საგაკვეთილო კვლევითი მოდულები განთავსდა ვებგვერდზე და გამოიცა ქართულად პუბლიკაციის სახით (12).

    პროექტის კვლევითი მოდულების დანერგვის შემდეგ პოზიტიურად შეიცვალა მასწავლებელთა შეხედულებები და დამოკიდებულებები კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომების მიმართ. მასწავლებლები აქტიურად ნერგავენ კვლევაზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდება მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, აღინიშნება მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა, ამ საგნების მიმართ მათი დამოკიდებულებების პოზიტიური ცვლილება, მათ შორის თანამშრომლობა და კვლევების დამოუკიდებლად განხორციელების სურვილი.

    მიღებული შედეგები აჩვენებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამის ეფექტურობას, რასაც ადასტურებს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა სწავლების მიდგომებისა და დამოკიდებულებების ცვლილება, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ზრდასთან არის თანხვედრაში.

    პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ ხაზი გაუსვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამის მნიშვნელობას ზოგადად, განსაკუთრებით კი პროექტ „ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში მომზადებული პროგრამის ეფექტურობას. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ:

    • პროექტ „ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში შემუშავებული მასწავლებელთა გრძელვადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამა ეფექტურია და რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისათვის;
    • პროექტ „ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში შემუშავებულმა საგაკვეთილო კვლევითმა მოდულებმა პოზიტიური გავლენა მოახდინა მოსწავლეთა მოტივაციაზე და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან.
    • პროექტ „ჯაჭვური რეაქციაში“ მონაწილეობით:
    • გაიზარდა ურთიერთთანამშრომლობა საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს შორის;
    • ჩამოყალიბდა მასწავლებელთა პოზიტიური დამოკიდებულება პროფესიული განვითარების მიმართ;
    • საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ტრადიციული მიდგომა შეიცვალა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომით;
    • გაუმჯობესდა საკლასო მუშაობა - მასწავლებელზე ორიენტირებული გაკვეთილი შეიცვალა მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილით;
    • გაიზარდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების ხარისხი და ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია.

     

    პროექტი „ARTiST”

    პროექტი „ARTiST” - ის კონსორციუმში გაერთიანებულია 10 პარტნიორი უნივერსიტეტი 7 ქვეყნიდან: გერმანია, საქართველო, ავსტრია, ირლანდია, თურქეთი, ისრაელი, ფილიპინები. პროექტის კოორდინატორია ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია; თანაკოორდინატორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო. თითოეული მონაწილე ქვეყნიდან უნივერსიტეტებთან ერთად პროექტში ჩართულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან ერთად. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია; ARTiST დაიწყო 2016 წლის შემოდგომაზე და 2019 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება (7,8). საქართველოში პროექტს ახორციელებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თხუთმეტი საჯარო და კერძო სკოლა. პროექტის ფარგლებში ინერგება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი გადამზადების პროგრამა პრაქტიკული კვლევის მიმართულებით, ტარდება ლექციები, სემინარები. ჩატარდა კონფერენცია პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებისა და მასწავლებლების მონაწილეობით. 2019 წელს ბათუმში ჩატარდება პროექტის დასკვნითი, საერთაშორისო კონფერენცია პრაქტიკული კვლევის შესახებ.


       ARTiST-ის მიზანია ბუნებისმეტყველების სწავლების განვითარება და ხელშეწყობა პროექტში მონაწილე ქვეყნებში პედაგოგთა საქმიანობის პრაქტიკული კვლევის საფუძველზე. პრაქტიკული კვლევა მიზნად ისახავს მასწავლებლის საქმიანობის გაუმჯობესებას კვლევის, რეფლექსიის და ინოვაციური მიდგომების შემდგომი განვითარების გზით. კონკრეტული ცვლილების და  სიახლის ინტერესი, როგორც პრაქტიკული კვლევის მიზანი, ქმნის  ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის სტრატეგიების აღმოჩენის შესაძლებლობას, რომელიც ემსახურება არა მარტო ინოვაციების დანერგვას, არამედ ხელს უწყობს მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მასწავლებელი ახორციელებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას.  ARTiST - ის კონცეფციის მიხედვით, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ციკლურ ხასიათს ატარებს (13).

     

    პროექტი ARTiST ქმნის საუნივერსიტეტო, სასკოლო და სამეწარმეო ქსელის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქსელი, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტს, სკოლას და საწარმოს. საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრში - SALiS შემუშავდა სასწავლო პროექტები, რომელთაც მონაწილე მასწავლებლები ახორციელებენ სკოლაში პარტნიორ საწარმოებთან თანამშრომლობით.

    პროექტი ARTiST - ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული საქმიანობით, რაც საბოლოოდ ემსახურება მოსწავლეთა მიერ მომავალი პროფესიის არჩევის ხელშეწყობას.

     

    დასკვნა

    ამრიგად, სტატიაში განხილული ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ორი პროექტი - „ჯაჭვური რეაქცია“ და “ARTiST” ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. განხილული პროექტების ფარგლებში შემუშავებული მასწავლებელთა გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამები იწვევს მასწავლებელთა ჩართულობის ზრდას, საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის გაძლიერებას. ეს კი პირდაპირ აისახება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებაზე საბუნებისმეტყველო საგნებში. განათლების რეფორმის წარმატება შეუძლებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გარეშე.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1. SALiS centre https://salis.iliauni.edu.ge/
    2. SALiS http://salislab.org/
    3. Kapanadze, M., Eilks, I. (2014). Supporting Reform in Science Education in Central and Eastern Europe - Reflections and Perspectives from the Project TEMPUS-SALiS, Eurasia Journal of Mathematics, Science & Technology Education, 2014, 10(1), (pp. 47-58)
    4. PROFILES http://www.profiles-project.eu/index.html
    5. Kapanadze, M., Bolte, C., Schneider, V., Slovinsky, E. (2015). Enhancing Science Teachers’ Continuous Professional Development in the Field of IBSE and other Aspects of Innovative Science Lessons. Journal of Baltic Science Education, 2015, Vol.14, (2), (pp. 254 -266).
    6. Chain Reaction http://chain-reaction.iliauni.edu.ge/
    7. ARTiST http://erasmus-artist.eu/index.html
    8. ARTiST https://salis.iliauni.edu.ge/akhali-evropuli-proeqti-artist/
    9. Kapanadze, M., Slovinsky E. & Bagatrishvili, N. (2016). Pupil Research Briefs – Implementation of the project Chain Reaction in Georgia. In: I. Eilks, S. Markic & B. Ralle (eds.), Science Education Research and Practical Work, Publisher: Aachen, Shaker, (pp. 71 -80).
    10. Jones, L., Reid, D., & Bevins, S. (1997). Teachers' perceptions of mentoring in a collaborative model of initial teacher training. Journal of Education for Teaching, 23(3), 253-262.
    11. Schneider, V., & Bolte, C. (2012). Professional development regarding stages of concern towards inquiry based science education. Inquiry based Science Education Europe: Reflections from the PROFILES Project, 71-74.
    12. ჯაჭვური რეაქციის კვლევითი მოდულები https://salis.iliauni.edu.ge/jatchvuri-reaqtsiis-kvlevithi-modulebi/
    13. The ARTIST Guidebook http://134.102.186.148/chemiedidaktik/artist/Material/Guidebook_eng.pdf

     

     

     

  • 2019.01.31
ნომერი