+995 577 55 53 59 jes@gmail.com თბილისი, საქართველო, გმირ კურსანტთა ქ. 1
  • კვლევის საჭიროება საბუნებისმეტყველო დისციპლინებში

  • ხათუნა გოგალაძე
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კვლევა.,უწყვეტი განათლება
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    ასოციაცია-ბიო - დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი

  • რეზიუმე:

    უწყვეტი განათლება საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის მოიცავს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების შესაძლებლობას, ბუნებრივია ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მასწავლებლისთვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების  დაკმაყოფილებას. უწყვეტი პროფესიული ზრდისთვის კი აუცილებელი საჭიროებების დადგენა. მასწავლებელმა უნდა  შეძლოს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა და მიზანმიმართულად მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს კვლევას. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კვლევებზე დაყრდნობით  გათვალისწინებულ უნდა იქნას მოსწავლეთა ინტერესი შესაბამისი  მასალის თუ  მეთოდიკის მიწოდებისას, რაც გააუმჯობესებს სწავლის პროცესს.

     

    Abstract

    Uninterrupted  education is an integral part of the educational system. It encompasses the possibility of education for all lifetime. Naturally, this is a deliberate action that involves not only the qualification improvement and professional development for teachers  but also the satisfaction of intellectual requirements and interests. Determining the necessities is needed for continuous professional growth. The teacher should be able to introduce new methods of teaching and adapt them to the needs of pupils. Research has   a significant role in this field. Based on studies in natural sciences, the interest of pupils should be taken into consideration in dissemination of   the relevant material or methodology that will improve the learning process.

  • შესავალი

    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლება საშუალო საგანმანათლებლო სივრცეში, ერთის მხრივ, საინტერესოა, რადგან სამყაროს აღქმასა და შემეცნებას უყრის საფუძველს, ხოლო მეორე მხრივ - რთული, რადგან ხშირად  მზა ფორმულების, ტერმინოლოგიისა  და განმარტებების დამახსოვრება-ათვისებას მოითხოვს. 10-დან 15 წლამდე ასაკი კი სწორედ ის პერიოდია,  როდესაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესი და გატაცებები ყალიბდება.  სწორედ ამ ასაკში იწყებს მოსწავლე გააზრებულად სამყაროს შეცნობას და ათვისებული მასალის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ადაპტირებას. ამ პერიოდში ინტერესი გადამწყვეტია მომავალი პროფესიის ასარჩევად. საგნისადმი, რომ მოსწავლე დაინტერესდეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მასწავლებელს, რომლის  განვითარება უწყვეტი  პროცესია [1]. უწყვეტი განათლება საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის მოიცავს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების შესაძლებლობას, ბუნებრივია ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მასწავლებლისთვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების  დაკმაყოფილებას. მასწავლებელი განათლების სფეროში განუწყვეტლივ ეძებს სიახლეებს. მათ შორისაა სწავლა ემპირიული გამოცდილების მიღებით. უწყვეტი პროფესიული ზრდისთვის კი აუცილებლად ესაჭიროება საკუთარი თავის აღმოჩენა. სად გაჩერდა და რა უნდა გააკეთოს უკეთ, როგორ განვითარდეს?! მასწავლებელმა უნდა  შეძლოს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა და მიზანმიმართულად მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგება. მასწავლებელს დიდი მისია აქვს. ის არა მარტო საგნის კომპეტენციაზე მუშაობს, არამედ სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც, რაც შემდგომში დაეხმარება მის მოსწავლეს მიღებული ცოდნა შეინარჩუნოს მთელი სიცოცხლის მანძილზე. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნები ეფუძვნება კეთებით სწავლებას.  ასეთი სწავლების მეთოდით მუშაობა კი გულისხმობს მოსწავლესადმი საჭირო უნარ-ჩევევბით აღჭურვას, რაც უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და განვითარებადი [2].

    ძირითადი ნაწილი

    საჭიროა თუ არა კვლევა საბუნებისმეტყველო დისციპლინებში?

    მასწავლებელი მკვლევარია. ის საჭიროებისამებრ უნდა ატარებდეს მოსწავლეთა სწავლების პროცესზე დაკვირების კვლევას, რომელიც ერთგვარად მისცემს მას თვითშეფასებისა და მონიტორინგის საშუალებას. ის შეეცდება სხვადასხვა ინტერვენციებით გააუმჯობესოს მოსწავლეთა, როგორც საგნობრივი კომპეტენცია,  ასევე სწავლის უნარ-ჩვევები. შეიმუშაოს უწყვეტი განათლების სტრატეგიები [3].

     

    მასწავლებლის სწავლების პროცესზე დაკვირვების კვლევა იძლევა საშუალებას პირველ რიგში, მან თავად გაამჯობესოს მეთოდურად მიწოდების მეთოდი, შეცვალოს და შეიტანოს მასში ცვლილება  საჭიროებისამებრ, ასევე დააკვირდეს მოსწავლეთა მოტივაციას საგნისადმი სწავლების პროცესში, საკუთარი კვლევებით გამოკვეთოს პრობლემა და იზრუნოს გადაჭრისა და გაუმჯობესების გზებზე. სწორედ ამ ძიების პროცესში მასწავლებელი ხდება უწყვეტი განათლების მიმდევარი [3]. 

    მაგალითისთვის განვიხილოთ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,  თუ რამდენად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და რამდენად აუმჯობესებს დამახსოვრება-ათვისების პროცესს გარკვეული მარტივი ექსპერიმენტი ბიოლოგიის სწავლების პროცესში? კვლევაში გამოყენებული იქნა როგორც თვისობრივი (ინტერვიუ, დაკვირვება), ასევე რაოდენობრივი მეთოდი  (კითხვარი, ანკეტა). კვლევაში სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა V-X კლასის მოსწავლეები. სულ 385 მოსწავლე. მათგან 201 გოგო და 184 ბიჭი.

    სასწავლო წლის დასაწყისში V, VI,  და VII კლასების მოსწავლეთა დაახლოებით 58% (ამ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა  298) თვლიდა, რომ ბუნების საგანი არის ძალიან საინტერესო, მაშინ როცა VIII, IX, X კლასის მოსწავლეების მხოლოდ დაახლოებით 21%  (ამ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 87) თვლიდა, რომ ბიოლოგიის საგანი იყო საინტერესო. მარტივი ექსპერიმენტებისა და კეთების სწავლების მეთოდის ჩართვამ სურათი შეცვალა სასწავლო წლის ბოლოს, როგორც V-VII, ასევე VIII-X კლასის მოსწავლეების ამ საგნის დაინტერესების მიმართ. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლოს V-VII კლასის 272 მოსწავლე თვლიდა, რომ ბუნება/ბიოლოგია ძალიან საინტერესო და საჭირო საგანი იყო, რაც უკვე შეადგენდა მოსწავლეთა 91.3%.  კვლევისას დადგინდა, მნიშვნელოვანი გარემოება, მოსწავლეთა ინტერესის პროცენტულმა მაჩვენებლმა მკვეთრად მოიმატა მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასში, ხოლო მცირედით მე-9 და მე-10 კლასში.

    კვლევისას გამოიკვეთა ექსპერიმენტების  განხორციელების საჭირო ინტერვალიც. ექსპერიმენტის ჩატარება კარგი იქნება ორ კვირაში ერთხელ მინიმუმ, სხვა შემთხვევაში ის აღარ აღძრავს მოსწავლეთა დიდ ინტერესს, ხშირი ექსპერიენტების გამოყენება მოსწავლებისთვის მოსაბეზრებელიც კი ხდება.  ასეთი ტიპის კვლევისას, მასწავლებელი თავად დაადგენს ყოველი კლასის საჭიროებებს. მათ შორის: განსაზღვრავს ექსპერიმენტების ჩატარების ინტერვალს, დაადგენს მოსწავლეთა პოპულარულ თემებს და ამ თემების შესაბამის ექსპერიმენტებს. გამოიყენებს მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკას და დააკვირდება რა გამოსდით მათ კარგად და რისი ათვისება შეიძლება უკეთ. მოსწავლეები ისწავლიან მათემატიკური აპარატის გამოყენებას და  გაიაზრებენ საგანთაშორის კავშირის მნიშვნელობას.

    სასწავლო პროცესში ექსპერიმენტების  გამოყენება საინტერესო, სახალისო და მნიშვნელოვანი სწავლების მეთოდია. თუმცა, მიდგომები მორგებული უნდა იყოს 21-ე საუკუნის საჭიროებებთან. აუცილებელია მუდმივად ხდებოდეს ექსპრიმენტების ჩანაცვლება-განახლება და ცოდნა-გამოცდილების გაზიარება მასწავლებელთა შორის, როგორც ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, ასევე სხვადასხვა დაწესებულების კოლეგებს შორის. ინფორმაციის გაზიარებით შესაძლებელია სწავლების მეთოდის, როგორც დამუშავება, ასევე მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. მეთოდის ზოგჯერ პილოტირებაც და დაკვირვება მოსწავლეთა საჭიროებებზე. ექსპერიმენტებით სწავლება შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს უკეთ აითვისონ და დაინტერესდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. თუ მასწავლებელი დაიწყებს ამ მიმართულებით მუშაობას, საყურადღებოა, საგაკვეთილო პროცესში ექსპერიმენტების ჩასატარებლად უზრუნველყოს გარკვეული პირობები. გასათვალისწინებელია:

    • დაცული იყოს უსაფრთხოება;
    • მარტივი ექსპერიმენტები გათვლილი იყოს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებზე;
    • ექსპერიმენტები ეფუძვნებოდეს მოსწავლეთა თეორიულ და წინარე ცოდნას;
    • მარტივი ექსპერიმენტები ტარდებოდეს მცირე დროში (2-10 წთ);
    • იძლეოდეს მრავალჯერადად ჩატარების საშუალებას, რათა მოსწავლეებმა სწორი

    დასკვნები გამოიტანონ [4].  

    ასეთი ტიპის გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა უმრავლესობა კარგავს დროის შეგრძნებას და მუდმივად ჩაბმულია ექსპერიმენტში და ასევე, რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ასეთი ტიპის სამუშაო მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში და მიღებული ცოდნა გამოიყენოს ყოფა-ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის დაწყებამდე მასწავლებელმა გათვალოს საათობრივ ბადეში ექსპერიმენტების რაოდენობა ეროვნული სასწავლო გეგმისა და ასაკის შესაბამისად. მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის გამომუშავება და გლობალური აზროვნება მთავარი მიზანია. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მარტივი ექსპერიმენტებით სწავლებისას მოსწავლეს უვითარდება ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: ანალიზის, სინთეზის, მსჯელობის, დაკვირვების, დასკვნის გამოტანის, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის, რაც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. მოსწავლეს უნდა გამოუმუშავდეს სწავლების ისეთი უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს მისი განათლება იყოს უწყვეტი. უწყვეტი პროფესიული ზრდა მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის. ამ მიმართულებით, მასწავლებელს მართებს სიახლეებისა და ინოვაციური საგანამანათლებლო მეთოდების გაცნობა, შემუშავება, დანერგვა და გამოყენება [5].  

     ამ მიმართლებით 2013 წლიდან დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია-ბიო“, რომლის ფარგლებში ორგანიზაციის ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის გამოცდილების გაზიარება მასტერკლასების, სამუშაო შეხვედრებისა თუ ტრენინგების ფარგლებში. ასოციაციას ჩატარებული აქვს რამდენიმე საინტერესო მოდული საქართველოს მასშტაბით. მათ შორის: „კვლევა და ექსპერიმენტები“, "მარტივი ექსპერიმენტები საბუნებისმეტყველო საგნებში", „ინტერდისციპლინარული კავშირები - საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას“, "ინტეგრირებული გაკვეთილის მოდელირება", “სასკოლო პროექტი-კრეატიული ხედვა საგანმანათლებლო სივრცეში“ და „სასწავლო პროცესი: დაგეგმვა, მართვა და შეფასება”. ორგანიზაციის ფარგლებში მოდულების შერჩევა ხორციელდება საგანმანათლებლო კვლევის საფუძველზე. რაოდენობრივ კვლევის მეთოდად შერჩეულ იქნა გუგლ სისტემის კითხვარი, სადაც მასწავლებლები ონლაინ აფიქსირებენ თავიანთ ხედვასა და საჭიროებებს პროფესიული განვითარების მიმართულებით. კითხვარში წარმოდგენილია მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა, სქესი, მათი სტატუსი, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე როგორი ტიპის გაკვეთილები არის მოსწავლეთათვის მეტად საინტერესო და  როგორი ტიპის თემატიკას ისურვებდნენ შემდგომი  შეხვედრებისთვის. შედეგების ანალიზის საფუძველზე  განისაზღვრება და დგინდება სამუშაო შეხვედრების თემატიკა. იხილეთ სვეტოვანი დიაგრამა 1. მონაწილეობა მიიღო 259 მასწავლებელმა და მათგან 149 (57, 5%) თვლის, რომ მარტივი ექსპერიმენტებით სწავლება საინტერესოა მოსწავლეთათვის. დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყებამ საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებლებს მეტი შესაძლებლობა მისცა უწყვეტი განათლების მიმართულებით. თუმცა კვლავ პრობლემად რჩება, ფორმალური განათლების სისტემაში არსებული ჩიხები და ბარიერები, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ დღემდე უწყვეტი განათლების მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ კვლევა არ ჩატარებულა.

    დიაგრამა 1 გამოკითხულთა მიხედვით საინტერესო და სახალისო გაკვეთილების მაჩვენებელდასკვნა

    უწყვეტი განათლების უნარჩვევების ჩამოყალიბებაში მასწავლებლის როლი დიდია. მასწავლებლმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები საგაკვეთილო პროცესში, დააკვირდეს, გამოიკვლიოს და შესთავაზოს შესაბამისი მეთოდური მიდგომა [6].

     

    როგორც ცნობილია, უწყვეტი განათლება შეიძლება არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას მოიცავს, არამედ ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების  დაკმაყოფილებას ემსახურება. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კვლევებზე დაყრდნობით  გათვალისწინებულ უნდა იქნას მოსწავლეთა ინტერესი შესაბამისი  მასალის თუ  მეთოდიკის მიწოდებისას, რაც გააუმჯობესებს სწავლის პროცესს. მთელი სიცოცხლის განმავლობაში კი სწავლა უნდა იყოს მოქნილი და მრავალფეროვანი. მისი მიღება შესაძლებელი უნდა იყოს  სხვადასხვა დროსა თუ სხვადასხვა ადგილას. ამისთვის კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მთავარია, როგორც მოზარდებში, ასევე ზრდასრულ ადამიანებში გამომუშავდეს სწავლების ისეთი უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს მათი განათლება იყოს უწყვეტი.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    [1] გოგალაძე ხ. საბუნებისმეტყველო კლუბი. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“. http://mastsavlebeli.ge/? p=847

    [2]    ხელისუფალი ვ. უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“. http://mastsavlebeli.ge/?p=10020

    [3]    გოგალაძე ხ. ბიოლოგიის საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვისათვის. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“. 2015.  http://mastsavlebeli.ge/?p=834

    [4] გოგალაძე ხ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება მარტივი ექსპერიმენტების გამოყენებით   კვლევაზე დაფუძნებული სწავლება პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში/ SALiS კვლევითი ცენტრი. გვ.101-106. 2016. https://salis.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/journal1.pdf

    [5] ლობჟანიძე ს. როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“. 2012. http://mastsavlebeli.ge/?p=281

    [6]        ბოჭორიშვილი მ. გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.  2014.  http://mastsavlebeli.ge/?p=1915

     

     

  • 2019.04.03
ნომერი