+995 577 55 53 59 jes@gmail.com თბილისი, საქართველო, გმირ კურსანტთა ქ. 1
  • ქართული ენის სწავლების საკითხები

  • ნაირა ცხვედიანი
  • სწავლა, სწავლება, ინტეგრირება, საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელოები.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    ი. გოგებაშვილის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ჰუმანიტარული საგნების სწავლების მეთოდიკის კოორდინატორი, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი

  • რეზიუმე:

    ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებამ პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში ბევრი ცვლილება განიცადა, რაც განათლების სისტემაში გატარებულ ოცწლიან რეფორმებს უკავშირდება.  ამ რეფორმების შედეგად უკვე საკმაო მოცულობის  გამოცდილება დაგროვდა, რაც საშუალებას გვაძლევს, ზოგი რამ ახლებურად შევაფასოთ და ზოგიც გადავაფასოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების წინაშე დგას, ინტეგრირებული სწავლებაა, რადგან დეკლარირებული ინტეგრირება და რეალური მდგომარეობა ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულია. ამ განსხვავებამ კი ყველაზე მეტად ქართული ენა დააზარალა. იმისათვის, რომ ცვლილებები განხორციელდეს,  საჭიროა  არსებული მდგომარეობის  სერიოზული  კვლევა, რომელიც რეალურ სურათს დაგვანახვებს, შემდეგ  კი საგნის სპეციალისტთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენებით  შესაძლებელი იქნება, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება მართლაც რეალურ და ეფექტიან   მოდელად იქცეს.

    The teaching of Georgian language and literature has been drastically changed in Post-Soviet Georgia, which bears close relationship with the reforms taking place in Georgian educational system during the last twenty years. According to this huge experience, we can re-evaluate or evaluate certain features of the reforms anew. Among the major problems we face today with the teaching process of Georgian language and literature, the most significant challenge is the integrated teaching approach, as the declared integration is quite different from the real situation. And Georgian language appears to be the main victim due to this difference. In order essential changes to be implemented, the existing situation should be researched thoroughly. This will give us the opportunity of vision the real picture. Afterwards, the theoretical knowledge and practical skills of the specialists will enable us to turn the integrated teaching approach of Georgian language and literature into a really effective and powerful model.

  •  

     

    ცოტა რამ უახლესი ისტორიიდან. ცვლილებები ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რეფორმების პირველ ეტაპზე  დაიწყო, როცა დამოუკიდებელ საქართველოში ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნის საკითხი დადგა. სტანდარტები შეიქმნა სკოლაში შესასწავლი ყველა საგნისათვის, მათ შორის, ქართული ენისათვის.  ახალი სტანდარტის დამკვეთის (საქართველოს  განათლების სამინისტროს) მოთხოვნით ქართული ენა, ისევე, როგორც წინა ათწლეულებში, ცალკე საგანად მოიაზრებოდა, თუმცა მასში, რეალობიდან გამომდინარე, ცვლილებები უნდა შესულიყო. ქართული ენის ახალ სტანდარტზე (რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში მომზადდა)   მომუშავე ჯგუფმა  ქართული ენის გრამატიკის სწავლების მთავარი პრინციპი - სისტემურობა - უცვლელად დატოვა, თუმც  რამდენიმე არსებითი შინაარსობრივი ცვლილება განახორციელა: 1. პროგრამა აღარ ითვალისწინებდა მოსწავლეს დაეზეპირებინა ბგერათა ჯგუფები წარმოების ადგილისა და რაგვარობის მიხედვით, აქტიური და პასიური სამეტყველო ორგანოები; 2. სიახლე იყო მრგლოვანი ანბანისა და ძველი ქართული ენის რამდენიმე აუცილებელი საკითხის შესწავლა; 3. სახელთა წარმოქმნა და თხზვა, ასევე, თანდებულისა და ნაწილაკის სწავლება  სახელთა მორფოლოგიის სწავლებას დაუკავშირდა; 4. სირთულის გამო ზმნის კატეგორიების სწავლება  ორ კლასზე (VI-VII) გადანაწილდა; 5. ცალკე თავად გამოიყო სახელზმნის სწავლება;   6. გრამატიკის სწავლებასთან ერთად  გარკვეული ადგილი დაეთმო ენობრივი კომპეტენციისა და კომუნიკაციური კომპეტენციის ჩამოყალიბების  საკითხების სწავლებას (რაც შემდგომ მესამე საფეხურის კლასებისათვის ქართული ენის  სახელმძღვანელოების შექმნის საფუძველი გახდა); 7. თეორიული გრამატიკის  სწავლებისას უარი ითქვა  მოსწავლეებისათვის რთულ და დაუძლეველ საკითხებზე (მაგალითად, უღლების ტიპების სწავლება...) და ა.შ.

    სწორედ ამ სტანდარტის მიხედვით შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამა სარეფორმო კლასებისათვის და დაიწყო ქართული ენის პირველი ახალი სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც ცალკე წიგნებად  დაიბეჭდა და სასწავლო პროცესშიც, ასევე, ცალკე საათები  ეთმობოდა. ალტერნატიული სახელმძღვანელოები  სპეციალურმა კომისიამ შეარჩია და გრიფი განათლების სამინისტრომ მიანიჭა.

    წლობით დამკვიდრებული და ავტორიტეტული ავტორების  სახელმძღვანელოების ჩანაცვლება ახალი სახელმძღვანელოებით ადვილი პროცესი არ აღმოჩნდა. იყვნენ ცვლილებების როგორც მოწინააღმდეგენი, ასევე - მომხრენი. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები ჰქონდა...

    სტანდარტის მოთხოვნის მიხედვით, ახალ სახელმძღვანელოებში გრამატიკის სწავლების თეორიული პრინციპი უნდა შენარჩუნებულიყო   და მთავარი აქცენტი მეთოდიკური ნაწილის  პრაქტიკულად საჭირო და საინტერესო დავალებებით გამრავალფეროვნებაზე უნდა გაკეთებულიყო. ტრადიციულთან ერთად თავისი ადგილი უნდა დაეკავებინა სწავლების ახალ, ინტერაქტიურ  მეთოდებს.

    სახელმძღვანელოთა პირველივე კონკურსმა, რომელიც განათლების სამინისტროსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა, პირველი სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა ქართული ენის სწავლების საკითხი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი არაკვალიფიციური გადაწყვეტილება, რომელმაც სათავე დაუდო შემდგომ  მრავალწლიან გაურკვევლობას ქართული ენის გრამატიკის სწავლების თვალსაზრისით.

    კონკურსში გამარჯვებული ორი სახელმძღვანელოდან ერთი ქართული ენის გრამატიკის სწავლების ტრადიციულ სისტემურ კურსს ეფუძნებოდა, ხოლო მეორე სახელმძღვანელო ენის სწავლებას ფუნქციურად მოიაზრებდა. პირველი  ეყრდნობოდა 1997 წელს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ საგანმანათლებლო სტანდარტს ( კონკურსის დებულებით სავალდებულო დოკუმენტს), ხოლო მეორე სახელმძღვანელო მთლიანად უარყოფდა არსებული სტანდარტის მოთხოვნებს და საკუთარი კონცეფციის მიხედვით აგებულ სახელმძღვანელოს სთავაზობდა საზოგადოებას. ორი რადიკალურად განსხვავებული კონცეფციის სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭება უკვე იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიმართ უპასუხისმგებლო  დამოკიდებულების გამოხატვა.  რთული  არ იყო იმის განსაზღვრა, რომ მშობლიური ენის სწავლების თვალსაზრისით ამ ნაბიჯს  ქაოსი მოჰყვებოდა. სრულიად გაუმართლებელი იყო, რომ სასწავლო წლის განმავლობაში ერთი და იმავე კლასის მოსწავლეებს აბსოლუტურად განსხვავებულ ცოდნას ვთავაზობდით ერთსა და იმავე საგანში.  ამგვარი გადაწყვეტილება სხვა პრობლემებსაც ქმნიდა, რომელთა შესახებ კონკურსის შედეგების გამოქვეყნებისთანავე  ვწერდი: „ალტერნატიულ სახელმძღვანელოთა არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ერთი სხვა პროგრამას ემყარებოდეს, მეორე  - სხვას. ამ ორი წიგნის პარალელურად გამოყენება სწორედ ამის გამო    უამრავ პრობლემას შეგვიქმნის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. ერთი სკოლიდან მეორეში ან თუნდაც ერთი მეხუთე კლასიდან მეორეში მოსწავლის გადასვლა (რაც ასე ხშირად ხდება), სახელმძღვანელოთა შეუსაბამობის გამო უკვე სირთულედ გადაიქცევა“ („სახელმძღვანელოთა კონკურსი ქართულად“, გაზეთი „ახალი განათლება“, #30, 2002 წ.).

    სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე სახელმძღვანელოებით მშობლიური ენის სწავლება შვიდი (V კლასი), ექვსი (VI კლასი) და ერთი წლის (VII კლასი) განმავლობაში გაგრძელდა ქართულენოვან სკოლებში. ყოველგვარი კვლევების გარეშე, ადამიანთა ვიწრო წრის მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების გამო პასუხი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აგეს.

    მშობლიური ენის სწავლების თვალსაზრისით (და არა მარტო, მშობლიური ენისა) მეცნიერული კვლევების უგულებელყოფა, სამწუხაროდ, დღემდე   გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ვისიმე ნებითა და გემოვნებით ახალი სიურპრიზების წინაშე აღმოვჩნდეთ.

    ინტეგრირებული სწავლება და ახალი გამოწვევები.  2006 წლიდან  ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის  მიხედვით  ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ სწავლებას დაედო სათავე. სამწუხაროდ, როგორც წინა წლებში, არც ეს გადაწყვეტილება დამყარებია მეცნიერულ კვლევებს (არ არსებობს მსგავსი მასალა), ამიტომაც ახალ სტანდარტსა და ახალ სახელმძღვანელოებს ახალი, შეიძლება ითქვას, წინანდელზე არანაკლები სირთულეები მოჰყვა. უმთავრესი პრობლემა ახალი საგანმანათლებლო სტანდარტი აღმოჩნდა, რომელიც  არ ითვალისწინებდა ქართული ენის ბუნებას და, სავარაუდოდ, მექანიკურად იმეორებდა  უცხოური ენების სწავლების სპეციფიკას. პრობლემურმა სტანდარტმა სათავე პრობლემურ სახელმძღვანელოებს დაუდო, ხოლო რთული გამოწვევების პირისპირ მასწავლებლები და მოსწავლეები აღმოჩნდნენ.   

    ახალ  საგანმანათლებლო სტანდარტში  ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისადმი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა გაცხადდა, ვიდრე ეს ათეული წლების განმავლობაში იყო.  ბუნებრივია, ახალი საგნობრივი პროგრამა (კურიკულუმი) და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებიც  ახალი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა და ქართულ სკოლებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლა  მეხუთე კლასიდან ერთი სახელმძღვანელოთი დაიწყო.

    სპეციალისტთა და პედაგოგთა დამოკიდებულება  სწავლების ახალი მეთოდის მიმართ   თავიდანვე არაერთგვაროვანი  იყო.  არც ახლა, ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, არაა ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს უკვე  არგუმენტირებულად შეიძლება საუბარი, რა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აღმოაჩნდა სწავლების ამგვარ  ფორმას.

    ახალი რეალობისათვის შეუსაბამო აღმოჩნდა 2006 წლამდე არსებული  სწავლების ტრადიციული მეთოდები, რომლებიც მეხუთე კლასიდან ენისა და ლიტერატურის ცალ-ცალკე  (დამოუკიდებელი სახელმძღვანელოებით) სწავლების თავისებურებებს ითვალისწინებდა. ახალი მეთოდიკა კი დღემდე არ  შემუშავებულა.  შესაძლოა ამის მიზეზი გარკვეულწილად ისიც არის, რომ საგნობრივ მეთოდიკებს საქართველოში სერიოზული  ყურადღება არ ექცევა.  მიმდინარე ათწლიანმა პერიოდმა აჩვენა, რომ გადაუდებლად აქტუალურია ახალი მეთოდიკური სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს, რომ  საგანთა ორგანული გამთლიანება შეძლონ და დაძლიონ ინტეგრირებული სწავლებისადმი მექანიკური მიდგომა, როცა ენისა და ლიტერატურის საკითხები  ერთ გაკვეთილზე ისწავლება, მაგრამ  ყოველგვარი ორგანული კავშირის გარეშე.   ამიტომაცაა, რომ პედაგოგთა გარკვეული ნაწილი  ენისა და ლიტერატურის  ცალ-ცალკე  გაკვეთილებზე სწავლების ძველ მეთოდს დაუბრუნდა. ის ადამიანებიც კი, რომლებიც წლების წინ თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდნენ ენის სწავლების სისტემურ კურსს, რეალობიდან გამომდინარე, იძულებულნი გახდნენ, რაღაც ფორმა მოეძებნათ არსებული ვაკუუმის შესავსებად.

    დღეს საკითხი საკმაოდ დრამატულად დგას.  რა ვქნათ?  ახლა უკვე ინტეგრირებულ სწავლებაზე ვთქვათ უარი და  ძველ გზას დავუბრუნდეთ, როგორც ამას მასწავლებელთა ერთი ნაწილი ითხოვს?

    თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ  ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულად  სწავლება ერთ-ერთი  საინტერესო და საჭირო ფორმაა, თუმცა, ფაქტია, რომ არასწორად გაგებული ინტეგრირება საფრთხეს უქმნის ამ  სტრატეგიის ეფექტიანობას. საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა  და ისეთი მობილური პაკეტის შექმნა, რომელიც საგნობრივ სასწავლო გეგმას, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და სწავლების მეთოდიკას (მასწავლებელთა კვალიფიკაციის სრულყოფისა და მოქნილი შეფასების სისტემის გათვალისწინებით) ერთ მთლიანობად აქცევს და პედაგოგს, რომელსაც მკაფიო ორიენტირები სჭირდება, დაეხმარება სწორად წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.

    რადგან მშობლიური ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულად სწავლება არცთუ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა  ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, აუცილებელია ახალი გზების ძიება,   ახალი  მეთოდიკური სისტემის შემუშავება, რომელიც  საგანთა ახლებურად სწავლების საჭიროებებს შეუწყობს ხელს. ახალი მეთოდიკური მოდელის შექმნას კი წინ უნდა უსწრებდეს სწავლების არსებული მდგომარეობის კვალიფიციური და ობიექტური კვლევა.  დღემდე არ ჩატარებულა ფუნდამენტური კვლევა, რომელიც  ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულად სწავლებისათვის არსებული საგანმანათლებლო დოკუმენტების, სასკოლო და მეთოდიკური სახელმძღვანელოების, მოსწავლეთა შედეგების (სამივე სასკოლო საფეხურზე), სასკოლო გარემოსა და საგნის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ანალიზის შედეგებს დადებდა.

    ამგვარი დეტალური კვლევა, დარწმუნებული ვარ, ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას დაგვანახვებდა და სამომავლოდ მაინც მოგვცემდა სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. ერთადერთი, რაც ყოველგვარი კვლევების გარეშე  დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ ყველაზე დიდი სირთულე ქართული ენის გრამატიკის  სისტემური კურსის  უარყოფა აღმოჩნდა. როგორც „სასკოლო განათლების სისტემის კონცეფციაშია“ აღნიშნული: „ქართული ენის სწავლებისას უარი ითქვა ქართული ენის გრამატიკის სისტემურ კურსზე და ენის  ფუნქციურ სწავლებას მიენიჭა უპირატესობა, რაც  თავისთავად საინტერესო ინიციატივა იყო, თუმცა, მისი რეალიზაცია საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ენისა და ლიტერატურის  ინტეგრირებას, არ ჩანს ერთიანი კონცეპტუალური მიდგომა.  ქართული ენის შესწავლა ხშირ შემთხვევაში ლიტერატურის დანამატადაა  ქცეული“ (გვ. 25).

    ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა დაუძლეველი სირთულე არაა.  ყველაზე რეალური გზა, შესაძლოა,  ქართული ენის სწავლების  სისტემურ-ფუნქციური (ე.წ. ჰიბრიდული) მოდელის შექმნა და ლიტერატურულ ტექსტებთან მისი ორგანულად  დაკავშირება იყოს.  ენის საკითხების  სისტემურ-ფუნქციური მეთოდით  სწავლების დროს პროგრამით შესასწავლი მთელი ენობრივი მასალა,  შესაძლებელია, სხვადასხვა მახასიათებლების     მიხედვით   გარკვეულ კატეგორიებად  დაიყოს და კონკრეტული საკითხის შესასწავლად კონკრეტული მეთოდის შერჩევა   ექსპერიმენტული კვლევების შედეგად მოხდეს.  

    ჯერ კიდევ 2008-2010 წლებში  ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა  ინსტიტუტში დაიწყო ფიქრი ამ საკითხებზე.  გაანალიზდა  ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით შექმნილი მეშვიდე და მერვე კლასების ოთხი ალტერნატიული სახელმძღვანელო. გამოიკვეთა ის კონკრეტული პრობლემები, რომლებიც ამ სახელმძღვანელოებში აღმოჩნდა  სტანდარტთან შესაბამისობის, ასაკთან შესაბამისობის, პედაგოგიური გამართულობისა და  შინაარსობრივი საიმედოობის თვალსაზრისით. კვლევას თან ახლდა შესაბამისი რეკომენდაციები. თუმცა, შემდგომ მუშაობა ვეღარ  გაგრძელდა, რადგან 2011 წელს კვლევით ინსტიტუტს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა.

    დღეს პედაგოგთა დიდ ნაწილს აქვს  სურვილი იმისა,  რომ ქართული ენის სწავლების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალოს, ამიტომ აუცილებელია ენათმეცნიერების, ენის სწავლების მეთოდიკის სპეციალისტების, პრაქტიკოსი პედაგოგებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი ძალისხმევა, რათა დაიწყოს დისკუსიები და კვლევები,    შემუშავდეს მშობლიური ენის სწავლების ერთიანი სტრატეგია.  საჭიროა:  1) განსაზღვროს წრე იმ საკითხებისა, რომლებიც  აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში; 2) შესასწავლი მასალა კლასების მიხედვით ისე უნდა გადანაწილდეს, რომ დაცული იყოს უმთავრესი მეთოდიკური პრინციპები - მიწოდებული მასალა ასაკობრივად დასაძლევი იყოს მოსწავლისათვის; ყოველი ახალი ცოდნა წინარე ცოდნას ეფუძნებოდეს; მთავარი აქცენტი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე  კეთდებოდეს; 3) განისაზღვროს, რომელი საკითხები უნდა ისწავლებოდეს სისტემური კურსით, რომელი - ფუნქციურ-სემანტიკურით; 4)  შეირჩეს კონკრეტული მეთოდიკური არსენალი  ყოველი კონკრეტული საკითხის შესასწავლად; 5) უმთავრესი პრინციპი  იყოს საკითხებისადმი ობიექტური და პროფესიული დამოკიდებულება.

    პოსტსაბჭოთა პერიოდის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რყევებმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო დააზარალა და განათლების სივრცეც გამონაკლისი არ ყოფილა. დღეს, როცა მეტ-ნაკლებად მშვიდდება პროცესები და უკვე გატარებული რეფორმების შედეგების როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური გამოცდილებაც არსებობს, ვფიქრობ, პირველ რიგში, რეალური კვლევებისა და შემდეგ,   საგნის სპეციალისტთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენების საშუალებით უნდა მოხერხდეს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება მართლაც რეალურ და ეფექტიან   მოდელად იქცეს.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი ქართულ ენაში, 1997 წ.
    2. სასწავლო პროგრამა ქართულ ენაში (სარეფორმო V-IX კლასებისათვის), 1998 წ.
    3. საგნობრივი პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 2004 წ.
    4. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011-16 წლები.
    5. სასკოლო განათლების სისტემის კონცეფცია, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია, 2013 წ.
    6. სახელმძღვანელოების შეფასების ძირითადი მოთხოვნები, საქართველო, 2004 წ.
    7. ინსტრუქციები სახელმძღვანელოების ავტორებისათვის. პრაქტიკული რჩევები სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალების ავტორთათვის, საქართველო, 2004 წ.
    8. ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირების (2005-2006) და დანერგვის კვლევები (2007) , თბილისი, 2007 წ.
    9. ლ. კვაჭაძე, ზოგი რამ ქართული ენის სახელმძღვანელოების კონკურსის შესახებ, „ახალი განათლება“, # 23, 2002 წ.
    10. თ. ღვინაძე, რეფორმა რეფორმისთვის, „ახალი განათლება“, # 23, 2002 წ.
    11. ნ. მაღლაკელიძე, ვიდრე აზრის გამოთქმა არ არის გვიან, „ახალი განათლება“, # 5, 2005 წ.
    12. ა. არაბული, ქართული ენა ეროვნულ სკოლაში (კონცეფცია), „ბურჯი ეროვნებისა“, # 5-6, 2002 წ.

     

     

     

     

     

  • 2017.04.04
ნომერი