+995 577 55 53 59 jes@gmail.com თბილისი, საქართველო, გმირ კურსანტთა ქ. 1
  • წიგნიერი გარემო და თავისუფალი არჩევანი - მოსწავლეთა ღირებულებების განმავითარებელი სტიმულები

  • ლელა კოტორაშვილი
  • წიგნიერბა,ფუნდამენტური ღირებულებები, პირადი პრაქტიკა, მოსწავლე,წიგნიერი გარემო
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:
  • რეზიუმე:

    განათლების მთავარი მიზანი მოსწავლეთათვის ფუნდამენტური ღირებულებების ჩამოყალიბებაა, რათა მათ მაღალი მორალური განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და სურვილი ჰქონდეთ, ამასთანავე, სკოლაში მიღებული ცოდნა კეთილგონივრულად გამოიყენონ;

    ძველი ბერძენი ფილოსოფოსები, კლასიკოსი თუ თანამედროვე მწერლები, ფსიქოლოგები, განმანათლებლები, განათლების ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ მხოლოდ  ღირებულებებზე დამყარებული გარემო ქმნის საზოგადოების ჯანსაღად განვითარების პირობებს;

    ღირებულებების დეფინიცია საკმაოდ რთულია და მათი აქტუალობა საზოგადოებაში დროსთან ერთად იცვლება. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თანამედროვე სამყარო  პრიორიტეტს თვითგამოხატვას, არჩევანის თავისუფლებას და ინდივიდუალურ კეთილდღეობას ანიჭებს. [1]

    სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლე დიდ დროს ატარებს. სწორედ სკოლის გარემოში ყალიბდება ფუნდამენტური ღირებულებები, რაც ადამიანის პიროვნულ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, მნიშვნელოვანია წიგნიერი გარემო და მკაფიოდ გაწერილი აქტივობები მოსწავლეთა დაინტერესებისა და ჩართულობისთვის. ჩემი საკონფერენციო თემის მიზანი სწორედ ზემოთ აღნიშნული მოსაზრების განმტკიცება და განვრცობაა. კერძოდ, ნდობაზე, არჩევანის თავისუფლებაზე, წიგნიერი გარემოს მოწყობაზე და ამ გარემოში ჩატარებული აქტივობების შედეგად მოსწავლეთა კითხვით დაინტერესებაზე, მათი ნაბიჯ-ნაბიჯ მკითხველებად ჩამოყალიბების პროცესზე და მიღებულ შედეგზე დამყარებულ უწყვეტ განვითარებაზე მსურს ყურადღების გამახვილება. შევეცდები, სამეცნიერო ლიტერატურას საკუთარი პრაქტიკა დავუკავშირო და ამგვარად მივიდე საბოლოო დასკვნამდე.

  • ძირითადი ნაწილი

     

    წიგნიერი გარემო  მოსწავლეთა კითხვით დაინტერესებისა და მოტივაციის ასამაღლებლად აუცილებელია სკოლაში, საკლასო ოთახში განსხვავებული წიგნიერი გარემოს არსებობა, რომელიც ინტერესსა და სიხარულის მოლოდინთან ასოცირდება და   პატარა ადამიანებს წიგნთან ურთიერთობის დაწყებაში ეხმარება.

    კვლევები ცხადყოფს (Linda Gambrell, Barbara Marinak), რომ მოსწავლის მოტივაცია კითხვაში წარმატების საკვანძო ფაქტორია. ცნობილია მოტივაციის გაძლიერებისა და მკითხველების გააქტიურების რამდენიმე, კვლევით დადასტურებული ფაქტორი. თუ მოსწავლეთა გარემოს მოწყობისას ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს გავითვალისწინებთ, მოსწავლეთა კითხვის მოტივაცია და ჩართულობა გაიზრდება:

    • მივცეთ მოსწავლეებს არჩევანის გაკეთების საშუალება. როცა ისინი თავად ირჩევენ საკითხავ მასალას ან შესასრულებელ აქტივობას, მათი ჩართულობა და აქტიურობის დონე მატულობს;
    • გავმართოთ დისკუსიები და წაკითხული წიგნების განხილვები მცირე ჯგუფებში. წიგნიერი სოციალური აქტივობები ააქტიურებს მოსწავლეებს, როგორც მკითხველებს;
    • უზრუნველვყოთ მოსწავლეებისთვის შესაფერისი საკითხავი მასალა. ეს ზრდის მათ ჩართულობას როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე დამოუკიდებელი კითხვისას. სასურველია ბალანსის დაცვა, რაც გულისხმობს სხვადასხვა ჟანრისა და ფორმატის ტექსტების უზრუნველყოფას.
    • მოვაწყოთ წიგნების გამოფენები, ანონსები და მიმოხილვები.
    • ჩავრთოთ მოსწავლეები საკლასო და სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შერჩევის პროცესში. [2]

     

     

     

     

    მედიათეკის ოთახი

    ბიბლიოთეკა წიგნიერების განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია. ყველას, ვისაც შეუძლია კითხვა და აქვს სწავლის სურვილი, ბიბლიოთეკა თვითგანათლების საუკეთესო გზაა.  ბიბლიოთეკის  ერთ-ერთი ღირებულება ინფორმაციის სწრაფად მოძიების საშუალებაა, ამისთვის კი საჭიროა ამ ინფორმაციის  დახარისხებისა და გამოყენების ხერხების ცოდნა. [3]

               

    ბიბლიოთეკიდან წიგნის გამოტანისთვის მთელი რიგი პროცედურების გავლაა საჭირო (ბიბლიოთეკართან ურთიერთობა, პირად ბარათზე აღნუსხვა, ბიბლიოთეკის სივრცეში მხოლოდ წიგნის შესარჩევად სტუმრობა, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება) და ამავე დროს, ალბათ, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ სკოლის ბიბლიოთეკები ძირითადად მიტოვებულია, მკითხველები იშვიათად სტუმრობენ და ურთიერთობებს არ აქვს მუდმივი ხასიათი. აღსანიშნავია ისიც, რომ იშვიათია ახალი ლიტერატურა და თაროებზე გაცრეცილფურცლებიანი, ძველი წიგნებია განთავსებული.

     

    სამი წლის წინ, როდესაც პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მასწავლებლად ჩავედი მაღალმთიანი რაჭის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში, ზუსტად ზემოთ აღწერილი სიტუაცია დამხვდა. საბავშვო ლიტერატურის თაროზე რამდენიმე ახალი წიგნი იყო, ძველი წიგნებიდან კი მხოლოდ ჰანს კრისტიან ანდერსენის „თოვლის დედოფალი“ და იშვიათობად  ქცეული მორის დრიუონის  „მწვანეთითება  ტისტუ“ ვიპოვეთ.

    მერე თბილისიდან სოფელში ჩატანილ პირად ბიბლიოთეკას მივმართე და როლური თამაშებით, ხმამაღალი კითხვით, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღის აღსანიშნი აქტივობებით, ბავშვები წიგნებითა და კითხვით დაინტერესდნენ. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო სოციალურ ქსელში საქველმოქმედო აქციის წამოწყება, რომლის ფარგლებში ნაცნობ-მეგობრები, სრულიად უცხო ადამიანები გვიგზავნიდნენ წიგნებს. გაზაფხულზე კი წიგნის ფესტივალზე ვიმოგზაურეთ და რაჭაში  150 -მდე წიგნით დავბრუნდით.

    თბილისში  წიგნის ფესტივალზე ყოველდღიური ყოფნის პარალელურად სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დავდიოდით. საჯარო ბიბლიოთეკაში სტუმრობისას ფრანგული  მედიათეკის   ოთახი მოვინახულეთ. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, რომ  მსგავსი სივრცე სკოლაშიც შემექმნა, რადგან მეც და ჩემმა მოსწავლეებმაც მაშინვე ვიგრძენით უზარმაზარი განსხვავება ბიბლიოთეკის ოფიციალურობასა და მედიათეკის თავისუფლებას შორის. სურვილი მალე რეალობად ვაქციე, სკოლის დირექტორს გავუზიარე მიზნები, გავაცანი საჭიროებები და მისი გულისხმიერი დამოკიდებულების წყალობით სკოლაში ერთი თავისუფალი ოთახი გამოიძებნა, სადაც  ფესტივალზე შეგროვებული წიგნები მოვათავსეთ, წიგნის თაროები, მაგიდები და სკამებიც მოგვცეს და სასწავლო წლის დასასრულისთვის უკვე მქონდა სამოქმედო გეგმაში შესატანი ქვეპუნქტი, მკაფიოდ გაწერილი მიზნებითა და ამოცანებით, სახელად - მედიათეკის ოთახი.

    მალევე დავრწმუნდი, რომ განსხვავებული და მოსწავლეთა ინტერესის აღმძვრელი გარემოს შესაქმნელად არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ინვენტარი, რესურსები და ფინანსები. მთავარია, მასწავლებლის გულითადი დაინტერესება და ინიციატივა, რომელიც უმეტესად გადამდებია.

    ცნობილია, რომ ბიბლიოთეკისგან განსხვავებით მედიათეკას მულტიფუნქციური დატვირთვა აქვს, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის საუკეთესო საშუალებაა. სასკოლო ცხოვრება, ფორმალური სწავლება რუტინულ ქმედებებს მოიცავს, რაც  სწავლა-სწავლებას მოსაწყენს ხდის. სასწავლო პროცესის არაფორმალური აქტივობებით დროდადრო ჩართულობა მოსწავლეთა დაინტერესებას ზრდის, ანუ, როცა სწავლა უკავშირდება სიამოვნებას, თავისუფლებას, მოზარდის ინდივიდუალური შესაძლებლობების ძიებას - ყოველივე ეს ქმნის ჰუმანისტურ სასწავლო გარემოს (მოტივაცია, 2012 წელი, თბილისი, მანანა მელიქიშვილი).

    მხოლოდ წიგნიერი გარემოს შექმნა არ არის საკმარისი სწავლების ეფექტურობისთვის. დავიმოწმებ მანანა მელიქიშვილის სამეცნიერო ნაშრომს მოტივაციის შესახებ, სადაც ყურადღება გამახვილებულია ჰუმანისტური სასწავლო პროგრამების ძირითად მახასიათებლებზე:

    • მოსწავლის ინდივიდუალური განვითარება, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა;
    • სწავლის დამყარება შინაგან მოტივაციაზე;
    • მოსწავლეთა თვითაქტუალიზაციისთვის ხელის შეწყობა;
    • მოსწავლეების პიროვნებებად აღიარება და პატივისცემა;
    • მოსწავლის პირად არჩევანზე სწავლების აგება;
    • სწავლების ძირითად მეთოდად დიალოგი და ღია კითხვების დასმა;
    • ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღზრდა გადაწყვეტილებებსა და არჩევანზე;
    • მოსწავლეების ჩართულობა სასკოლო წესების განსაზღვრისას;
    • ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის ზრუნვა.

     

     

    ექპერიმენტული ნაწილი

    ასე რომ, ჰუმანისტური მიდგომისა და მეთოდების გათვალისწინებით დავიწყე მედიათეკის ოთახზე ზრუნვა.  ჩემი ინიციატივის შედეგად დავისახე შემდეგი მიზნები:

    • თავისუფალი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა მოსწავლეების ფსიქო-ემოციურ განვითარებას;
    • წიგნებით - თანამედროვე თუ კლასიკური ნაწარმოებებით - მედიათეკის მომარაგება;
    • პირადი მაგალითის ძალის გამოყენება;
    • მუდმივი ცვლილებები ფორმალური თუ არაფორმალური სწავლებისას;
    • მოსწავლეთა კითხვით დაინტერესება;
    • პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა.

     

    ვფიქრობ, ბოლო პუნქტი უმნიშვნელოვანესია, რაც გულისხმობს „პასუხისმგებლობის თანმიმდევრული გადაცემის მოდელს (Routman, 2002). ამ მოდელის მიხედვით, პირველ ეტაპზე („მე ვაკეთებ“) მასწავლებელი ახორციელებს კითხვის სტრატეგიის ან  უნარ-ჩვევის მოდელირებას. ამას მოსდევს მეორე ეტაპი („ჩვენ ვაკეთებთ“), როცა მასწავლებელი პასუხისმგებლობას გადაუნაწილებს მოსწავლეებს და ჩართავს მათ პრაქტიკულ მუშაობაში. მესამე ფაზაზე („შენ/თქვენ აკეთებ(თ)“) მოსწავლე თავად იღებს პასუხისმგებლობას და იყენებს გავარჯიშებულ უნარ-ჩვევას, მასწავლებელი კი საჭიროებისამებრ ეხმარება და აფასებს მას.“ [5]

     ერთია, სკოლაში წამოიწყო ლიტერატურული პროცესები, მოახერხო მოსწავლეთა კითხვით დაინტერესება და მეორეა, ამ ყოველივეს უწყვეტობისთვის ზრუნვა. რადგან თავიდანვე ვიცოდი, რომ ერთ დღესაც მომიწევდა საკუთარ ქალაქში საცხოვრებლად დაბრუნება, ამიტომ, მიზნად დავისახე მოსწავლეების ფსიქო-ემოციური მზაობის შექმნა, რათა მეტ-ნაკლებად უმტკივნეულო ყოფილიყო ჩვენი განშორება და ამასთანავე, არ შეწყვეტილიყო ერთად შექმნილი ლიტერატურული პროცესი.

    მოსწავლეთა ჩართულობა - როგორც უკვე აღვნიშნე, მათთან ერთად მოვაგროვე წიგნები მედიათეკისთვის, ხუთი დღის განმავლობაში ძველი ჩემოდანი გვედო უთვალავი წიგნითა და ადამიანით სავსე გარმოცვაში, ისიც ნელ-ნელა ივსებოდა, თითოეული წიგნის ჩვენთან მოსვლას განსაკუთრებული ამბავი აქვს, რაც დადებით ენერგეტიკას სძენს  წიგნიერ გარემოს;

    შემდეგი ეტაპი სახელის შერჩევა იყო და მალევე შეჯერდნენ, რომ ოთახისთვის დაერქმიათ „ჯადოსნური სამყაროს ოთახი“;

    მერე ხის თაროები, მაგიდა, საპრეზენტაციო სკამი, ტანსაცმლის საკიდი, ორიგინალური გრძელსკამის დრო დადგა. მასალა სოფელსა და სკოლაში ადვილად მოვიძიეთ და მეთორმეტეკლასელი ბიჭების დახმარებით ჩანაფიქრი რეალობად ვაქციეთ. ასე შეიქმნა ოთახში რამდენიმე კუთხე: ერთ კუთხეში განვათავსეთ ხის მაგიდა და სკამები, რომელზეც შუშის ქვეშ ჰერბარიუმი მოვაწყვეთ და მთის ყვავილებითა და გზაზე ნაპოვნი პეპლებით მოვრთეთ, მაგიდის ქვემოთ სათავსო კი ლიტერატურულ ჟურნალებსა და National Geographic-ის გამოცემებს დავუთმეთ. აქ ვუმასპინძლდებით სტუმრებს ცაცხვის ჩაით, აქ ვსხდებით  ურთიერთშეფასებებისა თუ თვითშეფასებისთვის;

    განსაკუთრებით აღსანიშნია საპრეზენტაციო სკამი. რადგანაც სოფელში ნაკლებად ეძლევათ  თვითგამოვლენისა და  აუდიტორიის წინაშე საუბრის საშუალება, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ზრუნვა თავიდანვე მიზნად დავისახე. ამისთვის მოვიფიქრეთ განსხვავებული სკამი, რომელზეც მოსწავლეები, მასწავლებლები თუ მოწვეული სტუმრები ერთნაირი სიხარულით ვსხდებით და ვსაუბრობთ წიგნების შესახებ;

    რაც შეეხება კედლების ათვისებას, ერთ-ერთი კედელი ფერადი ცარცებით მოვხატეთ: მზესა და პლანეტებს შორის საკუთარი სურვილით შერჩეული წიგნების სათაურები დაწერეს, დანარჩენ კედლებზე გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლისთვის შექმნილი და მოხატული ნაჭრის პოსტერი ჩამოვკიდეთ, სხვა ადგილას - ხის ჩარჩო შთაბეჭდილებების წერილებისთვის, ანე-კატერინე ვესტლის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი თოჯინები,  ლიტერატურული კაფე „მირამისისთვის“ დახატული პოსტერები და სხვადასხვა დროს სტუმრების ნაჩუქარი ნივთები განვათავსეთ, ერთგან - ღუმელს ვდგამთ ხოლმე ,  რაღაც ნაწილს კი პროექტორისთვის ვიყენებთ;

    ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ოთახის ფანჯრების სასწავლო რესურსად გამოყენება. მათზე ვწერთ წიგნებისა და ავტორების ჩამონათვალს, რომელთა შესახებ ლიტერატურულ კაფეებში ვსაუბრობთ, ვხატავთ პერსონაჟებს და, რაც მთავარია, ვცდილობთ, რომ ისინი ხშირად ვცვალოთ. საერთოდ, ოთახის ინტერიერის გამრავალფეროვნებისთვის ცვლილებები საჭიროდ მიმაჩნია, რათა მოსწავლეებს  არ მობეზრდეთ ერთფეროვნება და სიხარული არ გაუნელდეთ;

    სათავსოიანი მოძრავი გრძელსკამი მრავალფუნქციური დატვირთვისაა. აქტივობების საჭიროებისამებრ ადგილს ვუცვლით, წიგნების შესანახად ვიყენებთ და ბევრ სტუმარსაც მასპინძლობს;

    ძველი ხის ყუთი შევღებეთ და რესურსების შესანახად ვიყენებთ, ძირითადად, წიგნების მიხედვით შექმნილ პოსტერებს იტევს. ვცდილობ, დროდადრო მათი გამოყენებით სხვადასხვა აქტივობა მოვიფიქრო, რათა მოსწავლეებმა იგრძნონ, რომ მათ  მიერ შექმნილი რესურსი  საინტერესო, საჭირო და აქტუალურია;

    არც ჭერი დაგვიტოვებია უყურადღებოდ და ისიც ავითვისეთ - ფერადი ძაფები გავაბით და მოსწავლეთა მიერ შერჩეული, დახატული პერსონაჟები ჩამოვკიდეთ. პერსონაჟთა გალერეა ერთ-ერთი საინტერესო და ცოცხალი რესურსია ოთახში;

    ორ ფანჯარას შორის ხელნაკეთი ხის თაროები ავაწყვეთ, რომელზეც თემატურად დავალაგეთ ლიტერატურა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მედიათეკის ოთახისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მინდა შევაჩერო, რადგან სწორედ  ღია თაროები და წიგნებთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება  გახდა სტიმული უმთავრესი ღირებულების - კითხვის - განვითარებისა;

    ცნობილია, რომ კითხვა ვერ იტანს ძალადობასა და შეზღუდვებს. მკითხველად ჩამოყალიბების რთულ და ხანგრძლივ გზაზე მნიშვნელოვანია არჩევანის საშუალება, რომელიც ადამიანის ნებელობას უკავშირდება და პიროვნული ღირებულებების განვითარებას უწყობს ხელს (დიმიტრი უზნაძე, „ზოგადი ფსიქოლოგია“).  ამ მოსაზრების გათვალისწინებით სამი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ვაძლევდი საშუალებას თვითონ შეერჩიათ საკითხავი ლიტერატურა, რომელიც თემატურად და მათი ასაკის გათვალისწინებით მქონდა დალაგებული;

    აქვე განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო პირადი მაგალითის ძალა სწავლა-სწავლებისას. ვფიქრობ, ეს არის განმაპირობებელი დამოკიდებულება წიგნიერების განვითარებისას, ანუ ზუსტად იმავე გულისხმიერებით ვიყავი ჩაბმული იმ ფორმალურ თუ არაფორმალურ აქტივობებში, რომელთაც მოსწავლეებს ვთავაზობდი. როგორც კი მოვადუნებდი ყურადღებას, მაშინვე აისახებოდა მათ განწყობაზე. კითხვის უწყვეტ პროცესად გადაქცევაში სწორედ რომ პირადი მაგალითი დამეხმარა - ვკითხულობდი ყველგან: ავტობუსში, გზაში, მდინარის პირას, მოსწავლეებთან ერთად ბუნებაში, სკოლაში, სახლში ხმამაღლა თუ ჩუმად.  წიგნს, რომელსაც ვკითხულობდი, გამუდმებით თან დავატარებდი, ვესაუბრებოდი მათთვის შესაფერისი ეპიზოდების შესახებ. მასწავლებლის მაგიდაზე ყოველთვის იდო ჩემი წიგნი და ასე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, მათ ჩანთებშიც, მერხებზეც გაჩნდნენ წიგნები. დაგროვილი შთაბეჭდილებების გასაზიარებლად კი ლიტერატურული კაფე გამოვიგონე, რომელსაც ორ თვეში ერთხელ ვმართავთ და სხავადასხვა ფორმით (ხელნაკეთი წიგნები, დიორამა, პოსტერი, სლაიდშოუ) ერთმანეთს ვუამბობთ ერთი წიგნისა და ავტორის შესახებ;

     

    ის, რაც ჩემ მიერ აღწერილმა ქმედებებმა (მედიათეკის ოთახი, თავისუფალი არჩევანი, პირადი მაგალითი)  გამოიწვია მნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს მაძლევს:

    1. ბავშვის კითხვით დაინტერესების პროცესში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ოჯახი და ის გარემო, რომელშიც იზრდება. თუმცა უწერის სკოლაში ჩემმა სამწლიანმა მუშაობამ დამარწმუნა, რომ შეიძლება, ერთი წიგნიც კი არ ჰქონდეს მოსწავლეს სახლში, ასევე, არავინ კითხულობდეს მის გარშემო, აღარ ვსაუბრობ წიგნების თაროებზე, პირად ბიბლიოთეკასა  და კულტურულ ღონისძიებებზე, რომლებიც კითხვით დაინტერესებისთვის აუცილებელი სტიმულებია და სკოლაში შექმნილმა წიგნიერმა გარემომ, არჩევანის თავისუფლებამ, მასწავლებლის პირადმა მაგალითმა, თანმიმდევრულად დაგეგმილმა აქტივობებმა მოსწავლე მკითხველად აქციოს;

     

    1. როგორც კვლევები ცხადყოფს, ბავშვის მკითხველად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია გაწაფული კითხვა, რათა წაკითხულის გაგება-გააზრება შეძლოს (G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე). ჩემს პრაქტიკაზე დაკვირვებით ეს მართლაც ასეა: ბავშვები, რომლებსაც კითხვა უჭირდათ, ძალიან ძნელად მოვიდნენ წიგნთან, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე მოსწავლემ კითხვითი უნარ-ჩვევები სწორედ აღნიშნული აქტივობების დროს  განივითარა; მოსწავლეთა უმეტესობა მაინც ცდილობდა, კითხულობდა და ასეთ დროს, ალბათ, გონივრულია წახალისება, სხვადასხვა ღონისძიებების გატარება შინაგანი თუ გარეგანი მოტივაციის ასამაღლებლად;

     

    1. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მშობლის როლი მოსწავლის მკითხველად ჩამოყალიბების პროცესში. ჩემი დაკვირვებით, კითხვა უწყვეტ პროცესად იმ ბავშვებისთვის იქცა, რომლებსაც ოჯახში თავისუფალი არჩევანის უფლებას აძლევენ, ხოლო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აღმზრდელი (დედა, მამა, ბებია) უწუნებს ჟანრს (მაგალითად, აიძულებს მხოლოდ კლასიკური ნაწარმოებების კითხვას და ფენტეზის საწინააღმდეგოდ განაწყობს) ან ზრდიან ავტორიტეტული აღზრდის სტილით, რამდენიმე წიგნის მერე წყვეტენ კითხვას. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები მეტად შეუქცევად ხასიათს იღებს ხოლმე და მასწავლებლის ძალისხმევა  ნაკლებად ეფექტურია. აქედან გამომდინარე ვასკვნი, თუ როგორი მნიშვნელოვანია წიგნიერ გარემოსთან ერთად არჩევანის თავისუფლება.

     

     

    შედეგები

     

    თავისუფლებამ და კითხვამ სხვა ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას შეუწყო ხელი. მოსწავლეებმა უკვე კარგად იციან რა არის სიკეთე, მეგობრობა, თანამშრომლობა, შემწყნარებლობა, პასუხისმგებლობა, ნდობა, შემოქმედებითობა, სიმამაცე, ერთგულება, თანაგანცდა;

     

    სკოლაში შექმნილმა წიგნიერმა გარემომ და არჩევანის თავისუფლებამ სათავე დაუდო მთელ რიგ საინტერესო და მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროცესებს. სამი წლის წინ დაწყებული ზემოთ აღნიშნული საქმიანობის შედეგად მოსწავლეები გახდნენ იმდენად თავდაჯერებულები და შემოქმედებითები, რომ თავად ქმნიან სასწავლო რესურსებს, მაგალითად, ერთ-ერთმა მერვეკლასელმა გოგონამ საგანგებოდ ჩემთვის წაიკითხა წიგნი, რომელსაც თან დაურთო წარწერიანი ბარათები, რის შედეგადაც წამოვიწყეთ პროექტი სახელად „წაიკითხე ჩემი წიგნი“, ანუ,  ამით იმის თქმა მინდა, თუ როგორი ყოვლისმომცველი ძალა აქვს კითხვას.

     

    ასევე, წიგნიერი გარემოს, მედიათეკის ოთახში განხორციელებული აქტივობებისა და  წიგნებთან ყოველდღიური ურთიერთობის შედეგად  შთამბეჭდავად გაიზარდა იმ მოსწავლეთა წიგნიერების დონე, რომლებთაც სახლში პირადი ბიბლიოთეკა არ აქვთ. მათ ზეპირად იციან, თუ რომელ თაროზე დევს გალაკტიონის ლექსების კრებული, ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები, მაინ რიდის, ვიქტორ ჰიუგოსა თუ ჟიულ ვერნის ტომეულები, წიგნის ყუით, ფერით, ფორმით, ყდით ცნობენ ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებებს და პირადად ჩემთვის,  მასწავლებლისთვის,  სამი წლის წინ სკოლის მცირერიცხოვან ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი „მწვანეთითება ტისტუს“  ხმამაღალი კითხვით  დაწყებული პროცესი ამ ეტაპამდე რომ მოვიდა, საამაყო და მრავლისმთქმელია.

     

     

    დასკვნა

    ღირებულებების კონკრეტული განმარტება რთულია, რადგან განზოგადებული ცნებაა. თავისუფლების მთავარი არსიც ზუსტად ის არის, რომ ჩვენ შევქმნათ ჩვენი პირადი დამოკიდებულებები ღირებულებებისადმი და მოსწავლეებსაც მივცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება. მასწავლებელს შეუძლია ჩუმად აკონტროლოს, თუ როგორი გზით მიდის მოსწავლეთა განვითარება. შეიძლება ის არ ემთხვეოდეს მის პირად დამოკიდებულებას, თუმცა არასწორი არ იყოს. სწავლებისას და არჩევანისას თუ  არ არის თავისუფლება,  ვფიქრობ, ასეთ დროს ღირებულებებზე საუბარი არც ღირს.

     

     

     

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1. სუმბაძე ნანა, „თაობები და ღირებულებები“, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი, 2012 წ.
    2. Gambrell linda, Marinak Barbara (2009). Reading Motivation: What the Research Says. Reading Rockets http://www.readingrockets.org/article/reading-motivation-what-research-says
    3. Warriner’s, English grammar and composition,USA,  (1965)
    4. მელიქიშვილი მანანა, „მოტივაცია“ , თბ., 2012 წ.
    5. G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, გვ. 15.
    6. უზნაძე დიმიტრი, „ზოგადი ფსიქოლოგია“, (2006), თბილისი

     

     

     

     

     

  • 2017.10.13
ნომერი