+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • ტექსტის ინტერპრეტაცია - ლიტერატურის სწავლების საფუძველი

  • ელენე თაბორიძე
  • საკვანძო სიტყვები: ლიტერატურა, სწავლება, ინტერპრეტაცია, ბარათაშვილი, პოემა
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    მისამართი: განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ასოცირებული პროფესორი

  • რეზიუმე:

    სტატია განკუთვნილია ლიტერატურის სწავლებით დაინტერესებულ პირთათვის. მას საფუძვლად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უდევს. ავტორის პოზიცია მხატვრული ლიტერატურის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი უპირველესი დარგის, მომავალი თაობის სულიერი აღზრდისა და ზნეობრივი კრედოს ფორმირებაში დიდი წვლილის შემტანის პოსტულატს ემყარება. მისი რწმენით, ლიტერატურის მასწავლებლის მუშაობა პირველ რიგში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნის მიღწევას - თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა მაღიარებელი ინდივიდის, კარგი მკითხველის ჩამოყალიბებას უნდა ემსახურებოდეს. ლიტერატურის გაკვეთილისთვის მასწავლებლის მზადების ავტორის მიერ წარმოდგენილ მოდელში უმნიშვნელოვანესია მის მიერ მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის ეტაპი. აქ პედაგოგს დიდ დახმარებას უწევს ლიტერატურათმცოდნეობის უახლესი მიღწევების გაცნობა, თუმცა მან დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოს ტექსტის ინტერპრეტაციის ის ვარიანტები, რომელთა განხილვა კლასში აზრთა აქტიურ გაცვლა-გამოცვლას, მსჯელობას და მოზარდების მხრიდან საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას გამოიწვევს.

     

    სტატიაში განხილულია კონკრეტული მაგალითი-ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ ახლებური ინტერპრეტაცია, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება  ე.წ. ლირიკული ჩანართების ანალიზს ეთმობა. წარმოდგენილია რ. ჩხეიძისა და ავტორისეული ვარიანტები, რომელთა პილოტირება წარმატებული აღმოჩნდა.

  • შესავალი

    მხატვრული ტექსტი მრავალგანზომილებიანი ფენომენია და კლასში მისი ყოველმხრივი განხილვა თითქმის შეუძლებელია, რაც ძირითადად არა სასწავლო დროის უკმარისობით, არამედ მოსწავლეთა აუდიტორიის რაგვარობით არის განპირობებული. სწორედ ამ უკანასკნელის ასაკობრივ და მენტალურ თავისებურებათა გათვალისწინება წარმოადგენს სწავლების უმთავრეს პრინციპს. მხატვრულ ქმნილებაში ასახული ისტორიული, ნაციონალური, სოციალური თუ ფსიქოლოგიური რეალიები სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად აღიქმება. ამ კანონზომიერების უგულებელყოფა სწავლების პროცესს შლის. სწორედ ეს გავითვალისწინეთ, როცა რეფორმირებულ სკოლაში გაკვეთილისთვის ლიტერატურის მასწავლებლის მზადების პერიოდი რამდენიმე ეტაპად დავყავით, რომელთაგან პირველი, რასაკვირველია, მოზარდთა ხსენებული თავისებურებების დადგენას ეძღვნება. მეორე ეტაპზე პედაგოგი გადასაცემ მასალას - მხატვრულ ქმნილებას უნდა გაეცნოს და მისი ინტერპრეტირების საკუთარი ვარიანტი შექმნას, რამდენადაც მწერლის მიზანდასახულობის, მისი მხატვრულ-გამომსახველობითი პალიტრის დადგენასთან ერთად უნდა გამოკვეთოს კონკრეტული აუდიტორიისთვის საინტერესო და აქტუალური თემები, მისი ასაკისა და თანამედროვეობის პრობლემატიკის გათვალისწინებით. მესამე ეტაპი მომზადებული მასალის მოზარდებამდე მიტანის, მათ ცნობიერებაში დაფიქსირების მეთოდებისა და ხერხების შერჩევას მოიცავს. შემდგომ, მეოთხე ეტაპზე პედაგოგი სასწავლო პროცესის დროის ორგანიზებას, მასალის გაკვეთილებზე გადანაწილებას ახდენს. მეხუთე ეტაპი ამ გაკვეთილების დაგეგმვას ეძღვნება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ დროს სულიერი აღზრდის კუთხით გაკვეთილის მიზნების გამოკვეთაა. [1]

     

    ამგვარი მოსამზადებელი სამუშაო უძღვის წინ ლიტერატურის გაკვეთილის ჩატარებას, მის პედაგოგიურ ეფექტსა და წარმატებას კი მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაცია განსაზღვრავს. ამაში მასწავლებელს, საკუთარ ცოდნასა და შემოქმედებით ალღოსთან ერთად, ლიტერატურათმცოდნეობის მონაპოვარი ეხმარება.

     

    ძირითადი ნაწილი

    მეცნიერების ამ დარგში  XX საუკუნეში არსებითი ცვლილებები მოხდა - დასავლეთში ფართოდ გაიშალა ჰერმენევტიკული კვლევა; გამოქვეყნდა ჰ.გ.გადამერის, ე.დ. ჰირშის, ჟ.დერიდასა და პ.რიკიორის საეტაპო ნაშრომები; წარმოიშვა ინტერპრეტაციის მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია, რომელთაგან ზოგიერთი საერთოდ უგულებელყოფს მწერლის პიროვნებას, მის ჩანაფიქრს და მიიჩნევს, რომ ნაწარმოებს მხოლოდ მკითხველი "აცოცხლებს", მხოლოდ ამ უკანასკნელის ტექსტთან კონტაქტისას "რეალიზდება" ის. გაისმა უკიდურესობამდე მისული მოსაზრებებიც (რამდენი მკითხველიცაა, იმდენი "ახალი ტექსტია"-ს მსგავსი). ერთი რამ ცხადია: უმკითხველოდ მწერლობა მკვდარია და პირიქით - მკითხველი არ არსებობს მწერლის, მისი შემოქმედების გარეშე. ინტერპრეტაციის მიზნად სწორედ მკითხველის განსწავლულობის, ცოდნის თვალსაწიერის გაფართოებასა და მის მიერ საკუთარი თავის უკეთ შეცნობას აღიარებენ. ეს დებულება განსაკუთრებით ყურადსაღებია ლიტერატურის სწავლების საკითხებით დაინტერესებულთათვის, რამდენადაც ჩვენ სწორედ კარგი მკითხველის (და, არა როგორც გალაკტიონმა ბრძანა,   "გადამკითხველის",) ჩამოყალიბებას ვესწრაფვით. [2,3]

     

    ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში შესამჩნევი ძვრები გასული საუკუნის 60-70-იანი წლებიდან დაიწყო. კლასიკად ქცეული ტექსტების ახლებური წაკითხვა-ინტერპრეტაციის მეტად საინტერესო ნიმუშები მოგვცეს გ.ასათიანმა,ა.ბაქრაძემ,თ.ჭილაძემ,რ.თვარაძემ, თ.ჩხენკელმა და სხვებმა. აღსანიშნავია, რომ ამავე წლებიდან დაფიქსირდა პოსტმოდერნიზმის ეპოქის ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში რეჟისორის, როგორც "ახალი ტექსტის ავტორის", უფლებების დამკვიდრების ცდები. დეკონსტრუქციის მეთოდის გამოყენებით პირველ რიგში რ.სტურუას მიერ შექპირის, ბრეხტის, პ.კაკაბაძის, ი.ჭავჭავაძისა თუ იაკობ ხუცესის ნაწარმოებთა მიხედვით განხორციელებული დადგმები ცხადყოფდა, რამდენად "თამამი დიალოგი" შეიძლებოდა გაემართა კლასიკოს მწერლებთან რეჟისორს. [4]

     

    კლასიკურ ქმნილებებში ახალი წახნაგების გამომზეურებას 90-იანი წლებიდან განსაკუთრებული გასაქანი მისცა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარმა ეპოქალურმა სოციალურ-პოლიტიკურმა მოვლენამ და საბჭოური იდეოლოგიური წნეხისგან გათავისუფლებამ. თუმცა მაშინვე გაჩნდა კრიტიკული ანარქიის, ავტორისეული შეხედულებებისგან ინტერპრეტატორის ხედვის მკვეთრი დისტანცირების საშიშროებაც; მეორე მხრივ, ინტერპრეტაციათა სიმრავლეს პედაგოგებისათვის აშკარად უნდა შეეწყო ხელი იმაში, რომ ერთი მხატვრული ნიმუშის შესახებ სხვადასხვა ლიტერატურათმცოდნის ნაირგვარი ნააზრევის უფროსკლასელთათვის გაცნობით და დისკუსირების გზით მათში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითი უნარები განევითარებინათ და სწორი გზით წარემართათ მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბების პროცესიც. ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელს დიდი სიფრთხილე მართებს მოზარდებისთვის წარსადგენი თანამედროვე ჰერმენევტიკული კვლევის შედეგების შერჩევისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ეტაპზე დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება ზედროულ ზნეობრივ საყრდენებს შეუყენოს წყალი.

     

    თანამედროვე ქართველ მკვლევართა მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას XIX-XX საუკუნეების სიტყვაკაზმულობა იმსახურებს. ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვისა და თითქმის ორსაუკუნოვანი ინტერვალის შემდგომ მისი აღდგენის პრობლემატიკა, დიდ შემოქმედთა თვალით დანახული და განსხვავებული საშუალებებით ასახული მათ მხატვრულ ქმნილებებში, მოზარდ თაობასაც იზიდავს და აინტერესებს. ამ თვალსაზრისით უპირველესია 22 წლის ახალგაზრდის გულსა და გონებაში გამოტარებული ტკივილით გაჯერებული "ბედი ქართლისა".

     

    ამ შედევრზე ბევრი თქმულა. ის გამორჩეული მეცნიერისა და მწერლის როსტომ ჩხეიძის დეკონსტრუქციათა სერიაშიც მოექცა (ვგულისხმობ რეზონანსულ თხზულებებს "ქება სიზარმაცისა" და "ნიკოლოზ ბარათაშვილიდან ლუარსაბ თათქარიძემდე"). მისი ნააზრევიდან აშკარად ჩანს, რომ პოემაში სამი დროითი პლასტი იგულისხმება:  ავტორის პოზიციიდან დანახული წარსული (XVIII ს-ის დასასრული), მისი თანამედროვეობა (XIX ს-ის 30-იანი წლები) და მომავალი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ, როგორც ილიამ ბრძანა, "რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავაც" ბარათაშვილის შემეცნებაში. რაც შეეხება მომავალს, რ.ჩხეიძის თქმით, "ბედი ქართლისაში" მკაფიოდ ჩანს ქვეყნის იდეური საფუძვლის ნიშნები... ბარათაშვილი აგულიანებს ქართული სახელმწიფოს მშენებლებს, აღაგზნებს მათ წარმოსახვას, უფორიაქებს გულსა და გონებას, ოღონდ თვითონ არ დასცალდა, ბოლომდე გაეაზრებინა ეროვნული სახელმწიფოს მოდელი". [5]

     

    ახალს არაფერს ვიტყვი, თუ შევნიშნავ, რომ ნაწარმოების ანალიზისას განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ე.წ. ლირიკული გადახვევები - ავტორისეული ჩანართები, რომლებიც ამა თუ იმ პასაჟსა და პერსონაჟთან დაკავშირებულ მის ემოციებსა და შეხედულებებს გამოხატავს. ასე მაგალითად, როცა ყმაწვილი მეომრები გულმხურვალედ უცხადებენ სიყვარულსა და თანადგომას მხცოვან მეფეს, პოეტი შენატრის ერეკლეს ("ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს..."); იქვე ვეცნობით ბარათაშვილის ემოციურ რეაქციას საბრძოლო ნაღარის ხმაზე; მოგვიანებით კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა უსაფლავოდ გადაგების აღნიშვნისას ავტორი მცირე ხნით კვლავ წყვეტს სიუჟეტის ხაზს და გამოთქვამს რწმენას, რომ მათი გმირობის ამბები თაობიდან თაობას გადაეცემა - ქართლი მათ ღვაწლს "ვერ დაიდუმებს".

     

    უაღრესად მნიშვნელოვანია ის ჩანართები ნაწარმოების მეორე კარში, რომლებშიც თავს იჩენს პოეტის კრიტიკული დამოკიდებულება თავისი თანამედროვე ქართველების მიმართ. სოლომონ ლეონიძის ლაკონიური დახასიათებისას თითქოს სასხვათაშორისოდ გაკრთება რიტორიკული წამოძახილი ("სადღა არიან აწ ესე კაცნი!"); თუმცა ბარათაშვილისთვის რომ მისი დროის ქართველის რაობა და მენტალიტეტი ნამდვილად არ იყო საკითხი "სხვათა შორის", ამაში ცხადად გვარწმუნებს ორი ყველაზე მოცულობითი და პოპულარული ჩანართი ("მორბის არაგვი..." და "ჰოი, დედანო..."). პირველი მათგანის განხილვას რ.ჩხეიძე უძღვნის ოპუსს "თავდავიწყების სულ ერთი წამი", რომელშიც სამართლიანად კი შენიშნავს, რომ "არაგვის სცენა, ერთი შეხედვით მოულოდნელი, აუცილებელი ნიშანი თუ დეტალია პოემის სულისკვეთებისა",მაგრამ მისი ინტერპრეტაციით, ამ ჩანართში წამიერად გაელვებული უსახელო პერსონაჟით ბარათაშვილი მხოლოდ ეროვნული ხასიათის ერთ-ერთ თვისებას - საბედისწერო წუთებშიც კი ბუნების მშვენიერებით ტკბობის უნარს გამოკვეთს. ჩვენი აზრით, ზემოაღნიშნულთან ერთად, უპასუხისმგებლო, გულარხეინი ქართველის ეს გაელვება გარკვეულწილად ხსნის სპარსელებთან დამარცხებისა და ერეკლეს უმძიმესი არჩევანის მიზეზსაც - სწორედ ამგვარ ქართველებს "დააგვიანდათ" კრწანისში ჩასვლა და პატარა კახის ლაშქრის შევსება - გამაგრება; სწორედ მისნაირებზე მიათითებინა ავტორმა გულგატეხილ მეფეს: ამათ, ჩემმა შვილებმა, სიბერეში "ჟამ-კეთილობის" ნაცვლად, აი, რა მომაპყრესო. სამწუხაროდ, რ. ჩხეიძეს აქ ყურადღების მიღმა რჩება ზემოთ ნახსენები ჩანართი "ჰოი, დედანო..." ამ სტრიქონების გათვალისწინებით კი სრულყოფილ სახეს იღებს ბარათაშვილის თანამედროვე ქართველობის მენტალური პორტრეტი: მათ მამა-პაპური ზნეობისათვის ზურგი უქცევიათ; „ვაჟკაცის“ სიტყვა საქმეს დაშორებია - მამულის მშვენებას ადღეგრძელებს, საშურ საქმეზე დაგვიანება კი სულაც არ ანაღვლებს; მამრებზე მეტად გადაგვარებულან მანდილოსნები, რომელთა უზნეო საქციელის (შვილებზე, მამულსა და ქართველობაზე  გულის აყრის, ეგოისტური მისწრაფებების მონებად ქცევის, ჩრდილოეთისკენ ცქერისა და უცხო ტომობაზე ოცნების) გამო ჩივის პოეტი: რა იქნებოდა, რომ "ჩვენთა დედათ" სოფიოს თაობის მანდილოსანთა სული გამოჰყოლოდათო.

     

    ასეთია ობიექტური თვალით (და არა რომანტიკოსის მიღმიერი მზერით) დანახული ქართველობა, გაცოცხლებული არაჩვეულებრივ პოეტურ ნაწარმოებში.ნატიფ ფორმაში მოქცეულ ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელ კრიტიკულ თვალსაზრისს ეხმიანება გიმნაზიის მეგობრის კ. მამაცაშვილის მოგონება იმის თაობაზე, როგორ წუხდა ხშირად პოეტი: "ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპაო".

     

    ნათელია, რომ ბარათაშვილის ამ სტრიქონებიდანაც ამოიკითხა მისმა დიდმა თაყვანისმცემელმა და მოამაგემ - ილია ჭავჭავაძემ მამულის სატკივარი და თავის მხატვრულ თუ პუბლიცისტურ ნაწერებში ფართოდ გაშალა უზენაესი მიზნის მისაღწევად XIX საუკუნის ქართველთა მენტალობაში საჭირო ცვლილებების თემა.

     

    ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ინტერპრეტაციის ჩვენეულ ვარიანტს ზურგს უმაგრებს პირადი წერილები და თანამედროვეთა მოგონებები, რომლებშიც დაფიქსირებულია ბარათაშვილის პიროვნული თვისებები: ნაკისრი საქმისადმი პედანტიზმამდე მისული კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება, ალტრუიზმი. წერილებიდან ჩანს, რომ ყმაწვილმა უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წასვლაზე მამისგან პირველივე უარყოფითი რეაქციის შემდეგ აღარ შეაწუხა ეკონომიკურად დასუსტებული ოჯახი, ანგარიში გაუწია მშობლებსაც და დებსაც, გულში ჩაიხშო საკუთარი მისწრაფებები, „დამორჩილდა თავის მკაცრ ბედსა“ და ქალაქიდანაც პროვინციაში სამუშაოდ იმ მიზნით გადავიდა, რომ მეტი ხელფასი აეღო და თავისიანებს შეხიდებოდა; განჯაში წასვლამდე კი გენიალური მოაზროვნე და შემოქმედი ქალაქის კანცელარიის უმდაბლესი ჩინის მოხელის მოვალეობას ისეთი კეთილსინდისიერებითა და სიზუსტით ასრულებდა, რომ უფროსობის მადლობებსაც იმსახურებდა. ამიტომაც "არაგვის" ჩანართში დახატული სურათისადმი ავტორის დამოკიდებულება უფრო ირონიად უნდა  აღვიქვათ, ვიდრე უსახელო ქართველისადმი სიყვარულიან თანალმობად.

     

    ზემოთქმულიდან აშკარად ჩანს, რამდენად ღირებულ შესაძლებლობებს აძლევს მასწავლებლებს "ბედი ქართლისას" ინტერპრეტაციის ამგვარი ვარიანტების არსებობა იმისთვის, რომ დიდ შემოქმედთა შორის მემკვიდრეობითი თემატური კავშირები გააბან, მათ ნაწარმოებებში წარმოჩენილი საკითხები თანამედროვეობის პრობლემებს დაუკავშირონ და ყმაწვილები (დისკუსიის, დისპუტის, დებატების ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე თუ თხზულებების შესრულებისას) ამსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მოიაზრებთ თუ არა სიყვარულის გრძნობაში მოვალეობას; რა განსაზღვრავს ერის მარცხს კრიტიკულ სიტუაციაში; როგორი უნდა იყოს თანამედროვე საქართველოს მოქალაქე - მამულიშვილი...

     

    საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება საფუძველს მაძლევს მივიჩნიო, რომ სწავლების ამგვარი ვარიანტი უკვე აპრობირებულია („ახალ სკოლასა“ და 21-ე საჯარო სკოლაში,2004-2007 სასწავლო წლებში). ჩემს მოსწავლეებს გავაცანი ნ. ბარათაშვილის პიროვნება მისი პირადი წერილებისა და მეგობრების მოგონებების საფუძველზე; შემდეგ ისინი დამოუკიდებლად შინ გაეცნენ პოემის ტექსტს და მოინიშნეს მათი შეხედულებით მნიშვნელოვანი ადგილები; შემდეგ გაკვეთილზე დავიწყეთ პოემის განხილვა -  მოსწავლეებმა შენიშნეს, რომ ნაწარმოები ეხება არა მარტო წარსულს, სამშობლოსთვის მებრძოლ მეფესა და მის ქვეშევრდომებს, არამედ შემოქმედის თანამედროვე ქართველებსაც - მათი ცხოვრების წესსა და ზნეობას; რომ ბარათაშვილი ყოველივე ამაზე გულისწყრომითა და გულისტკივილით წერს. როცა საქმე პოემის მთავარი თემის - საქართველოს მომავლის გადაწყევტაზე მიდგა, დავსვი კითხვა: „ბედი ქართლისას“ მიხედვით, შეუწყო თუ არა ხელი (და რამდენად) ერეკლეს მიერ არჩევანის გაკეთებას ქართველთა ზნეობამ? (ვიგულისხმე ქართლელი თავადების მიერ კუთხურობის გამოვლენა პატარა კახის მოღვაწეობის პირველ ნახევარში - „არ მითვისებდა ქართველთა გული“... საკუთარი ინტერესების ქვეყნის საჭიროებებზე მაღლა დაყენება და კრწანისის ბრძოლის წინ ყმების გადამალვა, რის გამოც ერეკლემ მხოლოდ 5000-მდე მებრძოლი შეაგროვა; ღალატი - ნარიყალას ციხის მცველებზე აღამაჰმად ხანისთვის მონაცემების მიწოდება, რამაც საბოლოო კატასტროფა გამოიწვია). ამაზე მსჯელობის შემდეგ გაჩნდა ახალი კითხვა: რა შეიცვალა ჩვენი თანამემამულეების მენტალობაში იმ ამბებიდან 40 წლის გასვლის შემდეგ? როგორია ბარათაშვილის თვალით დანახული მისი თანამედროვე? ამ კითხვაზე პასუხებიც მხოლოდ ტექსტის ჩაღრმავებული ანალიზის შედეგად მივიღე. ამის შემდეგ კი შევთავაზე მომდევნო გაკვეთილისთვის რ. ჩხეიძის წიგნის „ქება სიზარმაცისა“ გაცნობა და მომზადება დისკუსიისთვის. სადისკუსიო თემა ასეთი იყო: შეიძლება თუ არა გავიზიაროთ „ბედი ქართლისას“ ლირიკულ ჩანართში გაელვებული ქართველის ხატების ჩხეიძისეული ინტერპრეტაცია. დისკუსიის შემდეგ ესეს დასაწერად კლასს შევთავაზე ზემოთ დასახელებული სამივე თემა, რომელთაგან ერთ-ერთი საკუთარი სურვილით ამოირჩია თითოეულმა. მათმა ნამუშევრებმა ცხადყო, რომ აღწერილმა მუშაობამ გაააქტიურა ყმაწვილების დაკვირვებისა და მსჯელობის უნარი, კრიტიკული აზროვნება, გამოკვეთა მათი მოქალაქეობრივი პოზიციის კონტურები, დაარწმუნა ისინი, რომ დიდი ხნის წინ შეთხზული ლიტერატურული ქმნილება დღესაც ისეთივე აქტუალური შეიძლება იყოს, როგორც მისი შექმნის დროს. აქვე მინდა შევნიშნო, რომ თანამედროვე რეფორმირებულ სკოლაში არ შეიძლება მზა მეთოდიკური რეცეპტებით ოპერირება; მასწავლებელი მუდმივი იმპროვიზატორი და შემოქმედი უნდა იყოს, რომელიც თავისი ქმედებების სტრატეგიას ყოველი კონკრეტული კლასის მახასიათებლებიდან გამომდინარე შეიმუშავებს. ამიტომ ზემოთ განხილული შემთხვევა მკითხველმა ერთ-ერთ მეთოდიკურ ვარიანტად შეიძლება ჩათვალოს.

     

    დასკვნა

    მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებულია, რომ მომავალზე მზრუნველი ქვეყნის განათლების სისტემა ყოველთვის ოპერატიულად უნდა რეაგირებდეს საზოგადოების ცხოვრებაში მიმდინარე ნეგატიურ ცვლილებებზე, რის მაგალითადაც შეიძლება დავასახელოთ დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებში ნეონაცისტური მიდრეკილებების გამოვლინებებისადმი. მიმაჩნია, რომ ჩვენმა სკოლამაც დროულად უნდა უპასუხოს თანამედროვეობის იმ გამოწვევას, რომელიც, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ნაირა გელაშვილის ფორმულირებით, ქართვლობის უმეტესი ნაწილის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ „პათოლოგიურ უგრძნობლობასა და უპასუხისმგებლობაში“ მდგომარეობს. ამგვარი რეაგირების ერთ კონკრეტულ ნიმუშად გთავაზობთ განხილულ მეთოდიკურ მოდელს.

     

    გამოყენებული ლიტერატურა

     

    1. თაბორიძე ე., ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის სალექციო კურსი, თბილისი, აგორა, 2009, გვ. 106-109.
    2. ჰერმენევტიკა, ჟ. სჯანი, I, თბილისი, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2000, გვ. 207-213.
    3. ბრეგაძე კ., ლიტერატურული და ენის ფილოსოფიური ნარკვევები, თბილისი, 2009, „მერიდიანი“, გვ. 155-179.
    4. მუმლაძე დ., ნადირობა გოდოზე, თბილისი, 2014, სულ 246 გვ.
    5. ჩხეიძე რ., ქება სიზარმაცისა, თბილისი, ალ. ორბელიანის საზოგადოება, 2005, გვ. 73.
    6. ჩხეიძე რ., ნიკოლოზ ბარათაშვილიდან ლუარსაბ თათქარიძემდე, თბილისი, ალ. ორბელიანის საზოგადოება, 2005, სულ 210 გვ.
    7. გელაშვილი ნ., მეექვსე წინათქმა (ილიას მოთხრობისთვის „კაცია-ადამიანი?!“), თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2004, სულ 18 გვ.

     

     

  • 2017.05.04
ნომერი