+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • ლანდშაფტი როგორც რესურსი და მისი გამოყენების როლი ღირებულებების ფორმირებაში

  • მაია ფირჩხაძე
  • პედაგოგიური თეორია, ლანდშაფთი, ღირებულება
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  დოქტორი

  • რეზიუმე:

    ადამიანზე,  მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ გარემო, სადაც ის იზრდება და ვითარდება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომ სკოლას, სადაც მოზარდი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ხოლო პედაგოგიურ თეორიებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის შიდაპიროვნული მზაობის გამოწვევას ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ.

  • XXI საუკუნის გლობალური მოთხოვნების ფონზე ამ თეორიებს შორის  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და მისი პრაქტიკული ასპექტები ერთგვარი იარაღია მასწავლებლის ხელში, რომელიც საშუალებას აძლევს მას დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვასა და განვითარებაში.  აღსანიშნავია, რომ გარდნერმა XXI საუკუნის ადამიანის ინტელექტუალური ტიპებიდან განსაკუთრებით გამოყო ნატურალისტური ტიპი, ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ბუნებისა და გარე სამყაროს წვდომის უნარი, განსაკუთრებული დამოკიდებულება გარე სამყაროს მიმართ და ზოგადად მგრძნობიარენი არიან სამყაროს “ჰარმონიული” და “არაჰარმონიული” მოვლენებისადმი. ისინი სწავლობენ გარემოში არსებული მოვლენების ურთიერთდამოკიდებულებასა და ცვლილებებს დროში, კარგად იცნობენ გარემოს და “შეშფოთებას” გამოთქვამენ იმ “მავნე” ზემოქმედების გამო, რომელსაც ადამიანი ახდენს ბუნებაზე,  გააჩნიათ “სამართლიანობის” გრძნობა და საკუთარი პიროვნული პოზიცია ბუნებაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ამ ტიპის ინტელექტის გააქტიურება და განვითარება დაეხმარება მოსწავლეს ცოდნის მიზნობრივად წარმართვაში და სკოლისა და რეალური ცხოვრების ინტეგრირებაში. გარდნერის თანახმად, ეს ინტელექტი აუცილებლად ღირებული იქნებოდა ევოლუციურ წარსულში შემგროვებლებისთვის, მონადირეებისთვის და მიწათმოქმდებისთვის, მაგრამ ის არანაკლებ მნიშვნელოვანია დღესაც1, რადგან გარესამყაროსადმი  „ლანდშაფტური მიდგომის“ აუცილებლობა  არასოდეს არ ყოფილა ისეთი მტკვინეული, როგორც ეს დღესაა. გამომდინარე იქედან, რომ ლანდშაფტზე  ყოველი  საზოგადოება  ტოვებს თავის  ნაკვალევს, ქმნის რა ამით საკუთარ ლანდშაფტს,  ის შეიძლება განვიხილოთ როგორც სარკე, რომელშიც ადამიანის ქმედებები, ბუნებაზე მისი ზეგავლენა აისახება -კარგიც და ცუდიც.

    ლანდშაფტი  როგორც ტერიტორიის იერ-სახე, ბუნებრივ-გეოგრაფიული კომპლექსი, რომლის ფარგლებში მისი თითოეული კომპონენტი  (რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოვლეთა სამყარო)  რთულ ურთიერთკავშირში იმყოფება ერთმანეთთან, მორგებულია ერთმანეთზე და ქმნის ერთიან, განუყოფელ სისტემას და განვითარების ერთგვაროვანი პირობებით ხასიათდება,  ასახავს კონკრეტული საზოგადოების როგორც „ავტორის“  „თანდასწრებას“, „მონაწილეობას“ მთისა და ვაკის ლანდშაფტის შექმნის  ისტორიულ პროცესში. მისი დახმარებით დავინახავთ, რა გავლენას ახდენს ადამიანისა და ლანშაფტის ურთიერთქმედება რელიეფის ტიპზე,  კლიმატზე,  მცენარეულობასა  და ნიადაგის თავისებურებებზე, ზოგადად მოვლენათა მსვლელობაზე,  დავინახავთ ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, როგორ გარდაიქმნება ბუნებრივ-ანთროპოგენურ ტერიტორიულ კოპლექსად, როგორ ყალიბდებოდა და ყალიბდება ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურბანიზირებული (საქალაქო დასახლებათა) და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები, და იმასაც წარმოვიდგენთ, თუ სად,  როდის  და როგორ მოხდა ეს მოქმედება.

    ლანდშაფტის როლი ძალიან დიდია საზოგადოების ხასიათისა  და  მისი ფსიქოტიპის ჩამოყალიბებაზეც, რადგან ადგილმდებარეობა კვალს   ტოვებს   იქ მცხოვრებთა ხასიათზე, აყალიბებს და ასახავს  საზოგადოებრივ მისწრაფებებს. ამგვარი დამოკიდებულებით კი იქმნება საზოგადოების ღირებულებები, როგორც რწმენები, რომელთაც ინდივიდი ქცევის, ქმედების სტანდარტად მიიჩნევს.

             ღირებულებები ყალიბდება იმისთვის, რომ ინდივიდებმა საკუთარი მოთხოვნილებები სოციალურად მისაღები გზით დაიკმაყოფილონ. და რამდენდაც ღირებულებების ქცევით ასპექტებს აყალიბებს კულტურული კონტექსტი, რომელშიც ისინი ვითარდება, შესაბამისად, ლანდშაფტს  როგორც  მემატიანეს იმ ცალკეული მოვლენებისა, რომლებმაც მის სტრუქტურაზე მოახდინეს გავლენა, როგორც კულტურის ნაწილს, როგორც რესურსს ღირებულებების ფორმირებაში,  განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს.

    ეს  „ლანდშაფტური  ღირებულებები“ - ეთიკურ - ესთეტიკური თუ სხვა, დაკავშირებულია  კულტურულ  ლანდშაფტთან და ისინი კულტურული ღირებულებებია (ცნება „კულტურული ლანდშაფტის“ ავტორია ამერიკელი გეოგრაფი კარლ ზაუერი2, ბოლო პერიოდში შედარებით აქტიურად გამოიყენება ტერმინი „ხელოვნური ლანდშაფტი“ - ლანდშაფტი რომელსაც კულტურული ჯგუფები ქმნიან3.

     

    ა)  მისი შემადგენელი ნაწილებიდან უპირველესად  ყურადღებას ვამახვილებთ ბუნებაზე, პეიზაჟზე, რადგან ის ყველაზე მეტად მოქმედებს ადამიანის  ემოციაზე.4 ამ ემოციის გამოწვევით მოზარდი შეიგრძნობს, რომ ადამიანი გარემოზე ბიოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების იარაღიცაა და ამავდროულად  გარემოდან ინფორმაციის მიმღებიც და პეიზაჟის აქტიური მონაწილეც, და რომ  ადამიანები და მცენარეები, რომელსაც ისინი უვლიან, ცხოველები, რომელზეც ზრუნავენ, კომუნიკაციური გარემო, რომელიც მათ შექმნეს  -  ყველაფერი  ეს შეადგენს კულტურულ ლანდშაფტს, როგორც მსოფლიო კულუტურული მემკვიდრეობის ნაწილს.

    კულტურულ  ლანდშაფტებს შორის განირჩევა ორგანულად განვითარებული ლანდშაფტი, ანუ ისეთი, რომლის სულიერი, ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა იცვლება და ვითარდება მის ფიზიკურ მახასიათებლებთან ერთად. ამის კლასიკურ მაგალითს მოსწავლისთვის წარმოადგენს  მდინარე ორხონის ხეობა მონღოლეთში, რომელსაც მომთაბარეები  მე-8 საუკუნიდან იყენებდნენ საძოვრებად თავიანთი ჯოგებისთვის, დღესაც მონღოლი მწყემსები იმავე მიზნით გამოიყენებენ მდინარის ნაპირას მდებარე ველებს.  იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს ქვეყანაში მდ. რიონის, მტკვრის,  ალაზნისა და იორის და სხვ. ხეობებსა   თუ რაიონებზე, რომელიც ნეოლითიდან და  ბრინჯაოს ხანიდან დღემდე ერთი და იმავე მიზნით გამოიყენებოდა და გამოიყენება. მსოფლიო ისტორიაში მრავლად მოიპოვება ასეთი მაგალითები.  

    ძალიან მნიშვნელოვანია ასოციაციური ლანდშაფტის გაცნობაც მოსწავლეებისათვის, რომლებიც შეიცავენ მოგონებას იმ ხალხზე, ფიზიკურ გარემოზე, რომელთანაც თანამედროვეობას აკავშირებს დიდი სულიერი, ეკონომიკური ანდა კულტურული მემკვიდრეობა.  მაგალითად, დღეს მეტწილად  ვიზუალური წარმოსახვა დაჭირდება მოსწავლეს, ძველი ჩინეთის გარემო და მდ. იანძის ველ-მინდვრების როლი რომ დაინახოს  ჩინეთის ცივილიზაციის განვითარებაში, რადგან აქ ადამიანებმა მთლიანად შეცვალეს გარემო მდ. იანძიზე ელექტროსადგურის მშენებლობით, რასაც შედეგად 1,2 მილიონი ადამიანის გადასახლება, „სამი ხეობის“ გაერთიანება და მდინარის დინების სამუდამოდ შეცვლა მოჰყვა. და ა.შ. 

    ეს მაგალითები ცხადყოფენ, რომ კულტურული ლანდშაფტი ერთგვარი ავტობიოგრაფიაა იმ ადამიანებისა, საზოგადოებისა, რომელიც მოცემულ რეგიონში ცხოვრობს5 (ცხადია, აქ საუბარია დეტალებზე, რომელიც ისტორიული გეოგრაფიის ნაწილია, რადგან  ზოგი მეცნიერი საერთოდ განიხილავს გეოგრაფიას ლანდშაფტურ მეცნიერებად (მაგალითად, გერმანელი მეცნიერი ოტო შლიუტერი, რომელაც  ტერმინი „კულტურული ლანდშაფტი“ აქტიური გახადა), რამაც დიდი გავლენა მოახდინა ზოგადად ისტორიული გეოგრაფიის განვითარებაზეც6 .

    ბ) კულტურული ლანდშაფტი თავის თავში მოიცავს პოლიტიკურ ლანდშაფტსაც7, რომლის  შექმნის ყველაზე დიდი რეალობა თავად ბუნებაა. მას შემდეგ რაც   Нomo sapiens - ი შეიქმნა ადმიანისა და ბუნების ურთიერთქმედების გარეშე აღარაფერი ხდება. ადამიანისა და ბუნების ამ განსაკუთრებულ ურთიერთკავშირზე ჯერ კიდევ იბნ ხალდუნი, მანამდე ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსები: პოლიბიოსი, ჰეროდოტე, ჰიპოკრატე, ახალ დროში -  შ. მონტესკიე და ა. ტიურგოც მიუთითებდნენ.  დღეს უკვე აღიარებულია, რომ საზოგადოება და მისი კულტურის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, მიუხედავად განსხვავებული  რანგისა, ზომისა და სირთულისა,  ერთიან ინტეგრალურ სისტემას  ქმნიან.

     

    ამ ინტეგრაციის ანუ  პოლიტიკური ლანდშაფტის ვიზუალიზაციის საუკეთესო მაგალითია სახელმწიფოთა პოლიტიკური საზღვრების არსებობა, როგორც ჩარჩო, რომელშიც ჩახაზულია ამა თუ იმ ისტორიული  პერიოდის დამახასიათებელი ნიშნები და რომლის შიგნითაც მიმდინარეობს სოციო-კულტურული მოვლენების მთელი რიგი7. ზოგადადაც, ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ორიგინალური პოლიტიკური კულტურა  ტერიტორიით, ენით, ეთნოსით, რელიგიური  კონფესიით და ა.შ.8 ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, რაიმე ფორმით ცვლილება შეიტანოს ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ამით თავისი არსებობა  აღბეჭდოს. მაგალითად, პოლიტიკური რეჟიმები გამოიყენებენ  ბუნების ობიექტებს (მთებს, მდინარეებს, ტბებს, ზღვებს), კულტურის  ძეგლებს (ტაძრებს, სასახლეებს, ციხე-სიმაგრეებს, ეკონომიკას (ქარხნებს და სხვ.) როგორც მისი სიძლიერის სიმბოლოს და ნაციონალური იდეოლოგიის ელემენტს. ხშირად ისინი ქმნიან საკუთარ არქიტექტურულ სტილსაც კი (რომლის კლასიკური მაგალითია - ამპირის სტილი, ნაპოლეონის ეპოქის დამახასიატებელი სტილი).

     

    ცხოვრებისა და პოლიტიკური აზროვნების მილიტარიზაცია საერთოდ აისახება ლანდშაფტში, მაგალითად, უძველესი პერიოდის ჩინეთის დიდი კედელი, რომაული „ლიმესი“ მდინარე დუნაიზე, ანდა ბეტონის გამაგრებული ნაგებობის მშენებლობა ალბანეთში ენვერ ხოჯას მმართველობის პერიოდში, შორეულ ციმბირში გაჩაღებული მშენებლობები მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში და ა.შ.). ლანდშაფტური ნიშანია დროშები, მონუმენტები, ბელადებისა და წინამძღოლების ძეგლები, მავზოლეუმები, მრავალრიცხოვანი ლოზუნგები შენობების ფასადებზე  და ა.შ., რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ დროში მიმდინარე მოვლენების გამოძახილია და მოწმობს როგორც იმდროინდელი საზოგადოების პოლიტიკურ კულტურაზე, ასევე მასების აზროვნებაზე. ამაზე ყურადღების გამახვილება საჭიროა მოსწავლესთან. მან უნდა იცოდეს, რომ „ლანდშაფტური რუკის“ მიხედვით იდეალურ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთები საზღვრების გასწვრივ და დაბლობი შიგნით (მაგალითად, ასეთ იდეალთან მიახლოებულია საფრანგეთი, შეიძლება გარკვეულწილად გაგვახსენდეს ჩვენი ქვეყანაც), მაგრამ შინაგან ბარიერად ასეთ ქვეყნებს აქვთ სეპარატიზმი და რეგიონალიზმი (და აქაც ბევრი ასეთი ქვეყანა გაგვახსენდება).

    ბუნებრივ ლანდშაფტს სახელმწიფოთა საზღვრების დაცულობისთვის: ზღვებს, მთებს,  ტყეებს, ჭაობებს, უდაბნოებს და ა.შ.), წარსულ დროში  თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, რადგან ის სახელმწიფოები, რომელთაც არ ჰქონდათ დაცვა „ბუნების მხრიდან“, ტრადიციულად გარეშე მტრების თავდასხმის ობიექტი ხდებოდა და დამოუკიდებლობას კარგავდა (მაგალითად,  პოლონეთი). ბუნებრივი საზღვრები დღესაც  მნიშვნელოვანია, მეტიც,  კავშირი ლანდაშაფტსა და პოლიტიკას შორის ისეთი დიდია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, ნებისმიერ პოლიტიკური რეჟიმი ახერხებს თვისი პოლიტიკური სისტემა შეუხამოს ეკოსისტემას და ამით ხშირად იწვევს კიდეც „ბიოლოგიური იმპერიალიზმის“ ჩამოყალიბებას9 .

     

    გ) ლანდშაფტის ღირებულებებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს  სკოლის ლანდშაფტიც, რომელსაც გარკვეული თავისებურებები ახასიათებს.10 სკოლის ლანდშაფტი ის ინტერაქტიური სივრცეა, სადაც სწავლა/სწავლება მიმდინარეობს. ის  „ამდიდრებს“ ბავშვის გამოცდილებას, ხელს უწყობს სასწავლო პროგრამების  ინტეგრაციას და საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობას. სკოლის „ლანშაფტური გარემო“ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სცენა სადაც მოსწვლე მეცადინეობს „თვითშემეცნებაში“, ან როგორც   ტექსტი საკუთარი ცხოვებისეული გაკვეთილებისთვის, რადგან ის აქ „რეალურ ქმედებას სწავლობს“.11 სკოლის მთლიანი სივრცე -  შემოსასვლელი, კიბე, შიდა ეზო, სპორტული თუ მუსიკის  ოთახები და  ა.შ. შეიძლება მოეწყოს ლანდშაფტური დიზაინით, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას, ის შეიძლება განვიხილოთ სკოლის „ინკლუზიურ“  ნაწილად, სადაც სხვადასხვა ცოდნისა და უნარის, ასაკისა და ინტერესების მოზარდებს შეეძლებათ  ურთიერთობა, აამაღლებს კომუნიკაციურ კულტურას და ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას.

    მაგრამ „ლანდშაფტური ღირებულებები“, რომლებიც იწვევენ თანაგძნობასა და მზრუნველობას,   სამშობლოს სიყვარულის, პრინციპულობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას, შრომისმოყვარეობისა და პატივისცემის ჩამოყალიბებას, ტოლერანტობასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, უსაფრთხო გარემოს შექმნას, ნატურალისტური ინტელექტის და, ზოგადად,  ღირებულების ჩამოყალიბების  რეალურ რესურსად გადაიქცევა მხოლოდ სწორად დასმული  პედაგოგიური ორიენტირების და ლანდშაფტთან როგორც ღირებულებების ჩამოყალიბების რესურსთან  მუშაობის დიდაქტიკური მიზნების განსაზღვრით,  როგორიცაა:

    • ისტორიული კონტექსტის აღქმა (მაგალითად, გაარკვიონ,  როგორ შეიცვალა ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ; რა მოვლენები  მოხდა, რა ახდენს მასზე ზემოქმედებას  და ა.შ);
    • მოტივაციის ამაღლება შემოქმედებითი მიგნებებისთვის, კრიტიკული აზროვნების გააქტიურებისთვის (მაგალითად, ილუსტრაციების გზით წარმოადგინონ „ლანდშაფტური ისტორია“, რითაც მოხდება მათი იდეების პროვოცირება და ისინი გარკვეული დროით წიგნებით და სურათებით დატვირთული ივლიან. ამგვარი გზით მოსწავლეები არამარტო ლანდშაფტის ინტერპრეტაციას მოახდენენ, არამედ კონკრეტულ ცოდნასაც შეიძენენ და მნიშვნელოვან გამოცდილებასაც მიიღებენ საგნობრივი კომპეტენციების დაუფლების გზაზე);
    • ისტორიული პროცესების შემეცნების გაზრდა ისტორიული  ფაქტების მოდელირების გზით;
    • გარემოს მიმართ საკუთარი  დამოკიდებულების ფორმირება („პატარა გამომძიებლებს“ საშუალება მიეცემათ, ითანამშრომლონ მუზეუმებთან, ბიბლიოთეკის ფონდებთან, დაწესებულებებთან თუ კერძო პირებთან და დაიცვან  ლანდშაფტი „ისტორიული ცვლილებებისგან“);
    • ახალი ცოდნის აგება (მაგალითად, შეუძლიათ სახლიდან მოიტანონ ბავშვობის დროინდელი საყვარელი წიგნები, სადაც აღწერილია გარემო, ლანდშაფტი და  პატარა ნაწყვეტები წაუკითხონ თანაკლასელებს, შემდეგ კი განიხილონ, რა მოეწონათ ბუნების აღწერაში ყველაზე მეტად; როგორ აღიქვამს გარემოს მთავარი მოქმედი პირი; როგორი დამოკიდებულება აქვს ბუნებასთან და ა.შ);
    • სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მაგალითად:

    შეადარონ გარემო ადგილების ტოპოგრაფიული დასახელებები ისტორიულ გადმოცემებს, რუკებს და თანამედროვე დასახელებებს; გაარკვიონ,  რას გვაუწყებენ ისინი წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ.

     ) მოაწყონ  ექსკურსია  საცხოვრებელი რეგიონის გასაცნობად (არის თუ არა ახლომახლო ღირსშესანიშნაობები? რა ნიშნით გამოირჩევიან ისინი? გამოკითხონ ახლობლები, ნაცნობები, რა ახსოვთ, რა იციან ამ ადგილების შესახებ?);

    შეადარონ თანამედროვე ლანდშაფტი წარსულში არსებულ სიტუაციას და მიღებული პასუხების მიხედვით გამართონ დისკუსია ლანდშაფტის ტრანსფორმაციის მიზეზებზე. 

     

    იმისათვის, რომ ლანდშაფტი რეალურად გახდეს იმ ადგილის, ქვეყნის, ქალაქისა თუ სოფლის მეისტორიე, სადაც ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ და ჩვენსავე ისტორიას ვქმნით, ამისთვის აუცილებელია ისტორიული და თანამედროვე ნარატიული და ვიზუალური მასალების –  სურათების, ნახატების, ფოტოგრაფიებს, რუკების – მოშველიება, განსაკუთრებით მათი, რომლებიც ერთსა და იმავე ადგილს აღწერენ და ასახავენ. ამგვარ წყაროთა სწორი ინტერპრეტაციით შესაძლებელია  წარსული სურათებს აღდგენა-წარმოსახვა. მთავარია, მოსწავლეებმა მოახერხონ გაანალიზება, გამოიტანონ დასკვნები, შეადარონ ავტორთა პოზიციები, თავი აარიდონ სუბიექტივიზმს  და თავადაც აღიქვან  გარემო, ჩამოუყალიბდეთ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება და გარემოს მიმართ საკუთარი ქმედებებიც შეაფასონ13

     

    მოსწავლისათვის „ლანდშაფტურ ისტორიაზე“ მუშაობა  სწავლის ყველა საფეხურზე სახალისო და საინტერესოა და მასწავლებელმა ეს მომენტი უნდა გამოიყენოს.   მაგალითად, X კლასის ისტორიის სწავლების კურსში (ისტ.X.2) შეგვიძლია საგაკვეთილო საქმიანობად მოსწავლეებს დავავალოთ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის, მაგ.,  თბილისის „ლანდშაფტური  ისტორიის“  ინტერპრეტაცია და კვლევა, რომელსაც ისინი მიაღწევენ ჩანახატების და ფოტოგრაფიების გამოყენების გზით, ხოლო შემდეგ გამართავენ დისკუსიას ლანდშაფტის ცვლილებების მიზეზებზე.  სავარაუდო ვიზუალური მასალა შეიძლება ასეთი იყოს:14

    თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671 წ.

    )  ხედი ისტორიულ თბილისზე, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან.

    ) მეტეხის უბანი, ნ. ჩერნეცოვი, 1839 წ.

    ) ტფილისი, ძველი აბანოთუბანი.

    ) აბანოთუბანი — თბილისის უძველესი უბანი.

    ) ტფილისიდან თბილისამდე, ძველი აბანოთუბანი. ფოტოკოლაჟი.


    ხოლო სავარაუდო სადისკუსიო კითხვები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

    • ბუნებრივი წარმოშობისაა თუ არა თბილისის ლანდშაფტი?
    • ეწინააღმდეგებიან თუ არა ერთმანეთს ცნებები „ქალაქი“ და „ლანდშაფტი“? აქვს თუ არა  ცნებას – „ქალაქური ლანდაშფტი“ – არსებობის უფლება თბილისთან მიმართებაში?
    • აქვს თუ არა თბილისურ ლანდშაფტს რაიმე განსაკუთრებული თვისება? მიეკუთვნება თუ არა  ქალაქის ლანდშაფტი „კულტურულ ლანდშაფტებს“?
    • რა თავისებურებით ხასიათდება თბილისური ლანდშაფტი?
    • შეადარეთ ძველი ფოტოგრაფიების ლანდშაფტი თანამედროვეს. რა შეიცვალა? როგორი შეიძლება იყოს ამ ქალაქის მომავალი? როგორი პიროვნული დამოკიდებულება  გაგიჩნდათ  ქალაქ თბილისის მიმართ?
    • რა ისტორიული დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვცა წყაროთა ინტერპრეტაციამ?
    • როგორ შეფასებას მისცემდით ფოტოკოლაჟს?
    • რა გავიგეთ ზოგადად თბილისის და, კერძოდ, მისი უძველესი და შესაძლოა პირველი უბნის – აბანოთუბნის შესახებ?
    • როგორ წარმოგიდგენიათ ამ უბნის ხვალინდელი დღე?

     

    ლანდშაფტის გამოყენება სასწავლო რესურსად  ზრდის  სწავლის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას, კომუნიკაციურ კულტურას, საგნობრივ  ინტერესს, პიროვნულ  პასუხისმგებლობას, ხელს უწყობს ინტელექტის მრავალმხრივად განვითარებას და ზოგადკაცობრიული ღირებულებების ჩამოყალიბებას, ამიტომ მასზე აქცენტირება სასწავლო პროცესში ერთგვარი პასუხია სკოლის წინაშე მდგარ ცხოვრებისეულ გამოწვევებზე და იმედია XXI საუკუნის  განათლების სისტემა თავს გაართმევს თანამედროვეობის ამ გამოწვევებს. 

     

     

     

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1. A Multiplicity of Intelligences: In tribute to Professor Luigi Vignolo © Howard Gardner, 1998/2004 An earlier version of this article was published in the SCEINTIFIC AMERICAN, 1998. https://llk.media.mit.edu/courses/readings/gardner-multiple-intelligences.pdf, უკანასკნელად გადამოწმებულია - 26.09.2017;
    2. Sauer C.O. Morphology of Landscape//University of California Publications in Geography, Vol. II, No.2, 1925.,Р.Ф.Туровский*., Политический ландшафт как категория политического анализа., http://gigabaza.ru/download/163577.html, უკანასკნელად გადამოწმებულია - 26.09.2017;

     

    1. Jordan T., Rowntree L. The Human Mosaic. A Thematic Introduction to Cultural Geography. Fourth edition. New York, Harper&Row, 1986., Р.Ф.Туровский*., Политический ландшафт как категория политического анализа., http://gigabaza.ru/download/163577.html, უკანასკნელად გადამოწმებულია - 26.09.2017;
    2. Learning Landscapes in Higher Education., Centre for Educational Research and Development University of Lincoln., 2010., http://learninglandscapes.blogs.lincoln.ac.uk/files/2010/04/FinalReport.pdf., უკანასკნელად გადამოწმებულია
    3. Axioms for Reading the Landscape - Vanderbilt University, https://my.vanderbilt.edu/greencities/files/2014/08/Peirce-Lewis_Axioms-pages.pdf; უკანასკნელად გადამოწმებულია 26.09.2017;
    4. James, P.E.; Martin, G. (1981). All Possible Worlds: A History of Geographical Ideas. New York: John Wiley & Sons. p. 177., უკანასკნელად გადამოწმებულია 26.09.2017;
    5. Р.Ф.Туровский., Политический ландшафт как категория политического анализа., bastion.ru/files/eb/LANDSCAP.DOC;
    6. Verba S, Almond GA. The Civic Culture: Political Attitudes and Democracy in Five Nations. Princeton: Princeton University Press; 1963; Political Culture and Democratic Homeostasis: A Critical Review of Gabriel Almond and Sidney Verba’s The Civic Culture Tommaso Pavone (tpavone@princeton.edu), April 7th, 2014., https://scholar.princeton.edu/sites/default/files/tpavone/files/almond_verba-_the_civic_culture_critical_review_0.pdf
    7. Kearns G. Fin de Siecle Geopolitics: Mackinder, Hobson and Theories of Global Closure//in: Political Geography of the Twentieth Century: a global analysis. Ed. by P.J.Taylor. London, Belhaven Press, 1993., Р.Ф.Туровский*., Политический ландшафт как категория политического анализа., http://gigabaza.ru/download/163577.html, უკანასკნელად გადამოწმებულია - 26.09.2017;
    8. Design for Learning: Values, Qualities and Processes of Enriching School Landscapes by Julie M. Johnson, ASLA, AICP., 2000., Library of Congress Catalog Card Number 84-07-1877 ISSN: 0195-5764., https://www.asla.org/uploadedFiles/CMS/Store/LATIS/Design_for_Learning.pdf
    9. A Multiplicity of Intelligences: In tribute to Professor Luigi Vignolo © Howard Gardner, 1998/2004 An earlier version of this article was published in the SCEINTIFIC AMERICAN, 1998. https://llk.media.mit.edu/courses/readings/gardner-multiple-intelligences.pdf, უკანასკნელად გადამოწმებულია - 26.09.2017;
    10. „ლანდშაფტური ისტორია“ როგორც    სასწავლო  რესურსი“., მაია ფირჩხაძე, http://mastsavlebeli.ge/?p=13357 ლინკი მოცემულ დროზე:1 მარტი, 2017; უკანასკნელად გადამოწმებულია - 26.09.2017;
    11. იქვე;
    12. მასალა აღებულია: https://ka.wikipedia.org/wiki/თბილისი

     

     

     

     

  • 2017.10.13
ნომერი