+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • რა როლი აქვს აღზრდას ადამიანის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში?

  • თეიმურაზ ბეჟანიძე თორნიკე შევარდნაძე
  • აღზრდის სტილი, ლიბერალური სტილი, დემოკრატიული სტილი, ავტორიტარული სტილი, თვითშეფასება.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:
  • რეზიუმე:

    აღნიშნული ნაშრომის მიზანია, შევისწავლოთ შესაძლო ურთიერთკავშირი ადამიანის აღზრდის სტილსა და მის თვითშეფასებას შორის. აღნიშნული თეზისის შესასწავლად დავეყრდენით ორ თეორიას, აღზრდის სტილის შესასწავლად გამოვიყენეთ კურტ ლევინის თეორია (Lewin 1939), რომელიც აღზრდის ავტორიტარულ, დემოკრატიულ და ლიბერალურ სტილს გამოყოფს, ხოლო რესპონდენტის თვითშეფასების დასადგენად გამოვიყენეთ გრინვალდის თვითშეფასების სკალა. კითხვარი შედგება 68 დებულებისაგან და ზომავს თვითშეფასების 4 ასპექტს: დიფუზური „მე“, სოციალური „მე“, პირადი „მე“ და კოლექტიური „მე“. კვლევისთვის გამოიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 120 სტუდენტი. (სტრატიფიცირებული შერჩევის საფუძველზე). წინასწარი ვარაუდით, რაც უფრო ჰორიზონტალურია ურთიერთობები აღზრდის პროცესში, მით უფრო მაღალი თვითშეფასება აქვს პიროვნებას, შესაბამისად, ლიბერალური და დემოკრატიული აღზრდის სტილი უფრო მაღალ თვითშეფასებას განაპირობებს, ვიდრე ავტორიტარული.

  • Resume

    This paper aims to study the possible relationship between Parenting styles and self-esteem. The thesis study was based on two theories. To understand parenting styles we used Kurt Lewin theory, There upbringing authoritarian, democratic and liberal style. We discussed each of them and outlined its main features. We suppose that the authoritarian parenting style leads to low self-esteem, and democratic - with high self-esteem is closely linked. As for the liberal parenting style, self-assessment of its impact on a largely individual. The survey interviewed 120 students of Tbilisi state university  (Stratified sample).

    Key words: Parenting style; Liberal style; Democratic style; Authoritarian style; Self-evaluation.

     

     

    შესავალი

     პიროვნების ფორმირების პროცესში ფუნდამენტურ როლს თამაშობს აღზრდა. აღზრდა - ესაა სოციალური ხასიათის კატეგორია (პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები, 2015)  და ხელს უწყობს ადამიანის სოციალური უნარების ფორმირებას. აღზრდის გზით ხდება ადამიანის ფსიქო-სოციალური ფორმირების წარმართვა - სხვადასხვა ფსიქიკური უნარებისა თუ ფუნქციების განვითარება, აღზრდის მიზნის შესაბამისი მიმართულებით. აღზრდა უშუალო გავლენას ახდენს  თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. ჩვენი კვლევის მიზანია, დავადგინოთ დამოკიდებულება აღზრდის სტილსა (ფორმასა) და თვითშეფასებას შორის, კერძოდ, შესაძლოა თუ არა აღზრდის განსხვავებული სტილის შედეგად განსხვავებული, აღზრდის კონკრეტული სტილის შესაბამისი, თვითშეფასების ჩამოყალიბება. საინტერესოა, რამდენად დიდია კავშირი ამ ორ ფენომენს შორის. სწორედ ამიტომ, აღნიშნული საკითხის შესწავლა აქტუალურია.

    პიროვნების ფორმირების პროცესი (ახალდაბადებული ბავშვის ზრდადასრულებულ, ცოდნითა და უნარებით შეიარაღებულ ადამიანად ჩამოყალიბება) გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით ხდება. პიროვნების ფორმირების პროცესი ძირითადად 3 ფაქტორზეა დამოკიდებული: აღზრდაზე, გარემოსა და გენეტიკაზე. მრავალი თეორია შეიქმნა იმის დასამტკიცებლად, თუ  რომელ ფაქტორს აქვს დომინანტური როლი პიროვნების ფორმირების პროცესში. მაგალითად: აღზრდის როლის უარმყოფელი იდეალისტური და ნატივისტური თეორიები, გენეტიკის როლის უარმყოფელი ემპირისტული თეორია, კონვერგენციისა და კოინციდენციის თეორიები და სხვ.

    დღეს  ყველაზე მნიშვნელოვანი დისკუსიები მიმდინარეობს არა იმის თაობაზე,  რამდენად დიდი როლი აქვს აღზრდას პიროვნების ფორმირების პროცესში, არამედ   აღზრდის განსხვავებული სტილი რა გავლენას ახდენს პიროვნების  ფორმირებაზე.

     

    • ძირითადი ნაწილი

    აღზრდის სტილი გულისხმობს როგორც მეთოდებსა და პრინციპებს, ისე თეორიულ ფონსაც, რომელზეც აიგება აღზრდა. თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურაში აღზრდის სტილის განსხვავებული კლასიფიკაციები გვხვდება. ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ეყრდნობიან და ავსებენ ერთმანეთს. (Baumrind, VOLUME 8, NUMBER 1, 2005.)

    აღზრდის სტილის კვლევა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. საკითხის კვლევის ინიციატორი გახდა გერმანული წარმოშობის ფსიქოლოგი, კურტ ლევინი,  რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ამერიკულ სოციალურ ფსიქოლოგიაზე. ამ  ფართო ინტერესების მქონე ფსიქოლოგის მოსაზრებებმა მრავალ ჰიპოთეზას ჩაუყარა საფუძველი. ის  ერთმანეთისგან განასხვავებს აღზრდის სამ სტილს - ავტორიტარულს, დემოკრატიულსა და ლიბერალურს.

    ,,ურთიერთობის ავტორიტარული სტილი  გამოირჩევა მაღალი კონტროლით, მცირე რესპონსიულობითა და მკაცრი წესებით, რომლებიც შეუვალია. იგი ბავშვისგან მოითხოვს უსიტყვო მორჩილებას. ბავშვს აქ პასიური პოზიცია უკავია. აღმზრდელი ცდილობს აღსაზრდელით მანიპულირებას, არ ასწავლის მას საკუთარი ქცევის მართვას, ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მასზე. ამ დროს აღსაზრდელის შესაძლებლობები, პირადი ინიციატივა და შეხედულებები უგულებელყოფილია.“ (ლობჟანიძე, 2013)

    ურთიერთობის დემოკრატიული სტილი  წარმოადგენს აღსაზრდელზე ცენტრირებულ აღზრდის სტილს, რომელიც  უზრუნველყოფს ბავშვის აქტიურ პოზიციას. აღმზრდელობითი ქმედება ტრანსფარენტულია/გამჭვირვალეა. აღსაზრდელი მიიჩნევა პარტნიორად, ზრდასთან ერთად მან უფრო და უფრო დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნებით უნდა იმოქმედოს. აღმზრდელი ქმნის ნდობისა და ურთიერთგაგების პირობებს, უყალიბებს აღსაზრდელს "ჩვენ" დამოკიდებულებას- ერთობლივი ქმედების სურვილს, ასწავლის საკუთარი ქცევის მართვას, დისციპლინა ხდება თვითრეგულირებადი, თვითმართვადი. მაშასადამე, ამ დროს სუფევს ღია კომუნიკაცია, სადაც ბავშვის თვალსაზრისი მოსმენილი და გათვალისწინებულია.  (ლობჟანიძე, 2013)

    ურთიერთობის ლიბერალური სტილი - უფროსები ცდილობენ თანამშრომლობას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას "საბოლოო სიტყვა" ბავშვს ეკუთვნის. აღმზრდელები გამოირჩევიან  ზედმეტი  ტოლერანტობით  აღსაზრდელთა საქციელის მიმართ ,  ბავშვები იშვიათად ექვემდებარებიან კონტროლს, ამიტომ ისინიც ვერ მართავენ თავიანთ იმპულსებს და პირადი პასუხისმგებლობის შეგნება დაბალი აქვთ.  (ლობჟანიძე, 2013)

    აღზრდის სტილები შესაძლებელია აღიწეროს ორი განზომილების საფუძველზე:

    1. გამოწვევა, რომელიც მიგვითითებს, რამდენად მოელიან და მოითხოვენ აღმზრდელები აღსაზრდელებისგან მოწიფულ და პასუხისმგებლობით აღსავსე ქცევას;
    2. ყურადღება, რომელიც მიგვითითებს, რამდენად ითვალისწინებენ და ყურადღებას აქცევენ აღმზრდელები აღსაზრდელთა მოთხოვნილებებს და ეხმარებიან მათ ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში.

    თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების შეფასების უნარი, მისი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი, პიროვნული თვისებებისადმი, გარეგნობისადმი. ნებისმიერ ჩვენგანს გარკვეული თვითშეფასება აქვს და ჩვენი ქცევა, ძირითადად, ჩვენივე თვითშეფასებით არის ნაკარნახევი. თვითშეფასება დაახლოებით იგივეა პიროვნებისთვის, რაც ხერხემალი სხეულისთვის.  თვითშეფასების სწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში ბევრი სირთულის თავიდან აცილებას შევძლებდით. ამდენად, კარგი იქნება, თუ ნებისმიერი აღმზრდელი, პედაგოგი და მშობელი მიიღებს საჭირო ინფორმაციას თვითშეფასების, მისი სახეებისა და ჩამოყალიბების პირობების შესახებ. 

    თვითშეფასება პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნია და მისი განვითარებისა და ქცევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ წინაპირობას წარმოადგენს. იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნების ფორმირებას, თვითშეფასებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, თუ როგორი პიროვნება დადგება ამა თუ იმ ბავშვისგან მომავალში, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი თვითშეფასება გამოუმუშავდება მას. ბავშვებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ და უვითარდებათ თვითშეფასება - საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მათ ქცევას. ყველა ასაკის ბავშვისთვის ქცევის მოტივაციური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ თვითშეფასებასა და შეფასებას შორის კონფლიქტის დროს ქცევის წამყვან მოტივად თვითშეფასება იქცევა. 

    გრინვალდის მიხედვით, თვითშეფასება 4 ასპექტში შეიძლება გამოვლინდეს: დიფუზური „მე“ შეეხება პიროვნების ფიზიკურ მხარესა და თვითშეგრძნებას, იმას, თუ როგორ გრძნობს პიროვნება თავს ფიზიკურად, კარგად თუ ცუდად, მხნედ თუ აქტიურად;  იღებს თუ არა ცხოვრებისგან სიამოვნებას; როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს; ცხოვრება უხარია და ყოველი წუთით ტკბება, თუ თავს დათრგუნვილად და დაბეჩავებულად გრძნობს ან ხშირად განერვიულებულია, დაძაბულად, უძლურად და გადაღლილად გრძნობს თავს; რამდენად აკმაყოფილებს საკუთარი გარეგნობა.

     სოციალური ასპექტი ეხება სოციალურ ურთიერთობებს მეგობრებთან, კოლეგებთან ან საზოგადოების სხვა წევრებთან; მიღებულია თუ არა პიროვნება საკუთარ სოციალურ გარემოში; უყვარს თუ არა ყველას; როგორ მოქმედებს მისი ქცევა სხვებზე, ეხერხება თუ არა ადამიანებთან ურთიერთობა და შთაბეჭდილების მოხდენა; როგორი იმიჯით სარგებლობს საზოგადოებაში; უჭირს თუ არა ყურადღების მიქცევა და ბევრ ადამიანთან კონტაქტი; ასევე ეხება იმას, წარმოადგენს თუ არა ავტორიტეტს საკუთარ სოციალურ გარემოში; როგორ მოქმედებს მისი ქცევა  და საქმიანობა სხვებზე და როგორ აფასებენ მის რჩევებს ადამიანები.

    პირადი თვითშეფასება შეეხება პიროვნების მიღწევებს პროფესიულ თუ სხვა სფეროში, პროფესიულ საქმიანობაში კმაყოფილებას, საკუთარ თავთან თანხმობას, ჰყავს თუ არა საკუთარი თავი მიღებული ისეთად, როგორიც არის; რამდენად მნიშვნელოვან პიროვნებად მიაჩნია საკუთარი თავი; საკუთარი თავის მიმართ დადებითად თუ უარყოფითად არის განწყობილი; გრძნობს თუ არა პატივისცემას საკუთარი თავის მიმართ; ასევე ეხება თვითრეალიზაციის ასპექტებს, პიროვნების მიმართ წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას; აღწევს თუ არა დასახულ მიზნებს; ამაყობს თუ არა მიღწეულით;  რამდენად იღბლიანად/უიღბლოდ გრძნობს  თავს; იცის თუ არა, რა უნდა;  მიაჩნია თუ არა თავი სასარგებლოდ/უსარგებლოდ.

     კოლექტიური „მე“  კი განიხილავს ადამიანს, როგორც კოლექტივის წევრს (იქნება ეს სამეზობლო, თემი, თუ ორგანიზაცია). ის ეხება ოჯახში საკუთარი როლის გამკლავებას და პასუხისმგებლობის გრძნობას, ოჯახურ  და სამსახურებრივ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას, თანამშრომლებთან კონტაქტს, პროფესიულ და სოციალურ სტატუსს,  გაერთიანებებში შესვლისას ნორმების და წესების დაცვას, საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმების თანაზიარობას, კოლექტივში წარმატებული შედეგისათვის საკუთარი პროფესიონალიზმის მნიშვნელობას, წამოწყებების ინიციატორობას, ლიდერობას, სამსახურებრივი საქმიანობით კმაყოფილებას, სამსახურებრივი პრობლემების გაზიარებას.

     

    • კვლევის მეთოდოლოგია და შედეგები.

    აღნიშნული საკითხის შესასწავლად კვლევის რაოდენობრივი მეთოდოლოგია გამოვიყენეთ. რაოდენობრივი კომპონენტის ფარგლებში გამოვკითხეთ შემთხვევითი წესით შერჩეული ბაკალავრის I-IV კურსის 120 სტუდენტი. (კვლევის პროცესში დავიცავით როგორც გენდერული განაწილება, ასევე ასაკობრივი განაწილება). აღზრდის სტილის დასადგენად გამოვიყენეთ 20 კითხვიანი ლიკერტის სკალის კითხვარი (Robinson, Mandelco, & Olsen). კითხვარის მეორე ნაწილი თვითშეფასებას ზომავდა, გრინვალდის კითხვარი შედგება 68 დებულებისაგან და ზომავს თვითშეფასების 4 ასპექტს: დიფუზური „მე“, სოციალური „მე“, პირადი „მე“ და კოლექტიური „მე“. 

     თითოეული ფაქტორი იზომება 17 დებულებით. დებულებები ფასდება 4 საფეხურიან სკალაზე. ცდის პირებმა კითხვარში არსებული თითოეული დებულება უნდა შეაფასონ ოთხქულიანი სისტემით იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება ის მათ. ქულების მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით: 0 _ არ შემესაბამება; 1 _ ნაკლებად შემესაბამება; 2 _ შემესაბამება; 3 _ სრულიად შემესაბამება. კითხვარი თარგმნილია გერმანულიდან, შესრულებულია ასევე მისი უკუთარგმანიც.

    კვლევისთვის შეირჩევა 120 სტუდენტი (62 - მდედრობითი სქესის; 58 - მამრობითი სქესის); გამოკითხვა ჩატარდა ელექტრონული ანკეტირებით.

    შერჩევა: გენერალური ერთობლიობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ბაკალავრები, I-IV კურსი.  

    ფაკულტეტი

    ფაკულ. სტუდ/

    სტუდ. საერთო რაოდ.

    გამოსახულია პროცენტებში

    ანკეტების ჯამური

    რაოდენობა

    შერჩ. სტუდენტ.

    ზუსტი და საბუნებ.

    17%

     

     

     

    N=120

    20

    ჰუმანიტარულ მეც.

    19%

    23

    სოციალურ და პოლ.

    12%

    15

    ეკონომიკა და ბიზ.

    23%

    28

    ფსიქოლოგიის

    5%

    6

    იურიდიული

    17%

    20

    მედიცინის

    7%

    8

                                    

    წინასწარი ვარაუდით, რაც უფრო ჰორიზონტალურია ურთიერთობები აღზრდის პროცესში, მით უფრო მაღალი თვითშეფასება აქვს პიროვნებას, შესაბამისად ლიბერალური და დემოკრატიული აღზრდის სტილი უფრო მაღალ თვითშეფასებას განაპირობებს, განსაკუთრებით სოციალური და პირადი ,მე“-ს ნაწილში, ვიდრე ავტორიტარული.

    მონაცემები დამუშავებულია SPSS-ში, ჯგუფებს შორის საშუალოთა შედარებამ (One-sample T-test) აჩვენა, რომ t-კრიტერიუმის შერჩევითი მნიშვნელობა არ აღემატება კრიტიკულს, რაც ითვლება, რომ 5%-იანი ალბათობით, შერჩევით საშუალოებს შორის განსხვავება სტატისტიკურად უმნიშვნელოა და ნულოვანი ჰიპოთეზა უნდა მივიღოთ.

     

    შედეგები:

    ლევინის კითხვარის შედეგების მიხედვით აპლიკანტები დაიყო 3 ჯგუფად

    აღზრდის სტილის კითხვარის შევსების შემდეგ გამოვლინდა, რომ აპლიკანტთა 56%  ახასიათებს უფრო მეტად აღზრდის ავტორიტარული სტილი, 31%ს - დემოკრატიული, 13%ს - ლიბერალური აღზრდის სტილი.

    გამოიკვეთა ავტორიტარული აღზრდის სტილის სრული დომინირება მოცემულ პოპულაციაში და რესპონდენტთა უმეტესი ნაწილი მოექცა სწორედ იმ ჯგუფში, რომელიც ამ სტილით არის აღზრდილი.

    * აღზრდის სტილის მიხედვით, სტუდენტები პირობითად გადანაწილდნენ ,,ავტორიტარული“, ,,დემოკრატიული“ და ,,ლიბერალური“ ფორმის ჯგუფებში.

    1. ავტორიტარული აღზრდის სტილი - გასაშუალოებული მაჩვენებლები

    ავტორიტარული

    Q=67 (N=120) აპლიკანტი

    თვითშეფასება: მაღალი

    თვითშეფასება:

    საშუალო

    თვითშეფასება:

    დაბალი

    თვითშეფასება:დიფუზიური

    14%

    21%

    65%

    თვითშეფასება:სოციალური

    24%

    67%

    9%

    თვითშეფასება:პირადი

    20%

    47%

    33%

    თვითშეფასება:კოლექტიური

    11%

    38%

    51%

    საშუალო მაჩვენებელი

    17,2%

    43,2%

    39,6%

     

    ავტორიტარული აღზრდის სტილის მქონე სტუდენტების დიდი ნაწილი თვითშეფასების საშუალო ჯგუფში მოექცა. განსაკუთრებით მაღალი იყო კორელაცია (0.65) ავტორიტარული სტილით აღზრდილ სტუდენტებსა და თვითშეფასების დიფუზიურ ნაწილში დაბალ მაჩვენებლებს შორის. ავტორიტარული აღზრდის დროს, ლევინის აზრით აღსაზრდელის შესაძლებლობები, პირადი ინიციატივა და შეხედულებები უგულებელყოფილია, ბავშვი კი მორჩილად იზრდება. როგორც კვლევის ემპირიული შედეგები გვიჩვენებს, ამ სტილით აღზრდილი სტუდენტები ცხოვრების ყოველი წუთით ტკობას ვერ ახერხებენ (გრინვალდი), თავს დათრგუნვილად გრძნობენ და ხშირად არიან დაძაბულები. ასევე აღმოჩნდა, რომ ავტორიტარული წესით აღზრდილ სტუდენტებს ნაკლებად აქვთ ჯგუფური მუშაობის უნარები განვითარებული, ურჩევნიათ განმარტოებით ყოფნა და უფრო მიდრეკილები არიან ინტროვერსიისკენ.  ამ ჯგუფში მოქცეულმა სტუდენტთა ჯგუფმა ძალიან მაღალი კორელაცია გამოავლინა შემდეგ კითხვებთან:

    დიფუზიური მე - 1. ხშირად დათრგუნვილი ვარ - 0.73; 2. ჩემი სქესობრივი ცხოვრება დამაკმაყოფილებელია - უარყოფითი კორელაცია (0.18);

    სოციალური მე -  უარყოფითი, მაღალი კორელაციები გამოვლინდა 1. ყველას ძალიან ვუყვარვარ 2. დიდი ღონისძიების დროს ხალხში გარევა მიყვარს 3. ხელი არ მეშლება, როდესაც სხვა აკვირდება ჩემს მუშაობას

    პირადი მე - 1. საერთო ჯამში თავს უიღბლო ადამიანად ვთვლი - (r=0.8); 2. ხშირად თავს სრულიად უსარგებლო ადამიანად ვგრძნობ (r=0.73)

    კოლექტიური მე - 1. ვიზიარებ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებსა და წესებს (r=0.84); 2. არ მსიამოვნებს, როდესაც თანამშრომლები საკუთარ პრობლემებზე მომმართავენ (r=0.7).

    1. ლიბერალური აღზრდის სტილი - გასაშუალოებული მაჩვენებლები

    ლიბერალური

    Q=15 აპლიკანტი

    თვითშეფასება: მაღალი

    თვითშეფასება:

    საშუალო

    თვითშეფასება:

    დაბალი

    თვითშეფასება:დიფუზიური

    94%

    6%

    0%

    თვითშეფასება:სოციალური

    66%

    33%

    0%

    თვითშეფასება:პირადი

    54%

    20%

    26%

    თვითშეფასება:კოლექტიური

    66%

    26%

    7%

    საშუალო მაჩვენებელი

    71%

    20%

    9%

     

    მათ ვისაც ლიბერალური აღზრდის სტილი ახასიათებთ, სრულიად მაღალ თითშეფასებას ავლენენ დიფუზიურ ნაწილში (1.0), ამავდროულად, უფრო მეტად არიან დარწმუნებული საკუთარ თავში და უფრო მეტად უადვილდებათ სოციალური ურთიერთობები მეგობრებთან, კოლეგებთან ან საზოგადოების სხვა წევრებთან. პროფესიული კუთხით ყველაზე მეტად კმაყოფილება სწორედ ამ ჯგუფმა გამოავლინა, ამავდროულად საკმაოდ მაღალი იყო კორელაცია (0.92) კითხვასთან ,,ვიცი  რა მინდა და რა არის სასარგებლო ჩემთვის“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თვითდაჯერებულობა ძალიან მაღალი აქვს ამ ჯგუფს. ასევე მაღალი იყო კორელაცია (0.81) იმ პასუხის ვარიაციასთან, სადაც რესპონდენტები მიიჩნევდნენ, რომ საკუთარი თავით ძირითადად კმაყოფილები იყვნენ, ასევე მაღალი იყო კორელაცია სოციალური ,,მე“-ს ნაწილში კითხვებთან: 1. ჩემს სოციალურ გარემოში მიღებული ვარ -0.8; 2. ყველას ძალიან ვუყვარვარ - 0.69; 3. ჩემი მეგობრები დიდად აფასებენ ჩემს რჩევებს - 0.9;

    III. დემოკრატიული აღზრდის სტილი - გასაშუალოებული მაჩვენებლები

    ლიბერალური

    Q=36 აპლიკანტი

    თვითშეფასება: მაღალი

    თვითშეფასება:

    საშუალო

    თვითშეფასება:

    დაბალი

    თვითშეფასება:დიფუზიური

    50%

    33%

    17%

    თვითშეფასება:სოციალური

    63%

    33%

    4%

    თვითშეფასება:პირადი

    38%

    24%

    38%

    თვითშეფასება:კოლექტიური

    58%

    33%

    9%

    საშუალო მაჩვენებელი

    52%

    30%

    18%

     

    დემოკრატიული აღზრდის სტილის მქონე სტუდენტთა ჯგუფის შედეგები უნდა ითქვას, რომ ძალიან ახლოს არის ლიბერალური აღზრდის სტილის მქონე სტუდენტთა ჯგუფთან. თუმცა არის გარკვეული განსხვავებები, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას.

    დიფუზიურ ნაწილში - 1. თავს თავისუფლად და უდარდელად ვგრძნობ - დემოკრატიული ჯგუფი - 0.54; ლიბერალური - 0.96; 2. ცხოვრება მიხარია - 0.8; 3. ფიზიკურად მხნე და აქტიური ადამიანი ვარ - 0.73; - დიფუზიურ ნაწილში უფრო მაღალი თვითშეფასება ლიბერალური აღზრდის სტილის სტუდენტთა ჯგუფმა გამოავლინა. რაც შეეხება სოციალურ ასპექტებს, დემოკრატიული აღზრდის სტილის ჯგუფმა მაღალი კორელაცია გამოავლინა ისეთ საკითხებთან, როგორიცაა: ,,ყველას ძალიან ვუყვარვარ“ (0.8) , ,,კარგი იმიჯი მაქვს“ (0.7), ,,ჩემი მეგობრები დიდად აფასებენ ჩემს რჩევებს“ (0.8). დემოკრატიულ ჯგუფში, ლიბერალურისგან განსხვავებით არ გამოვლინდა მაღალი ტენდენცია პირად ,,მე“-სთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც კიდევ ერთხელ შეიძლება აიხსნას იმით, რასაც ლევინი ამბობს, რომ დემოკრატიული აღზრდის სტილი ინდივიდუალურია და ზოგადი ტენდენციებით არ ხასიათდება. მაგ: პირადი „მე“-ს ნაწილში მაღალი იყო კორელაცია კითხვასთან: ,,სრულ თანხმობაში ვარ საკუთარ თავთან - 0.81“, ამავდროულად კი ძალიან დაბალი იყო კორელაცია კითხვასთან: ,,საკუთარი თავის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი  -0.34“.  

     

    • დასკვნა

    ავტორიტარული აღზრდის სტილის მქონე აპლიკანტებმა გამოავლინეს დაბალი თვითშეფასება განსაკუთრებით დიფუზიური ,,მე“-ს ნაწილში. ასევე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა კოლექტიური ,,მე“-ს ნაწილში.  კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პოპულაციის ძალიან მცირე ნაწილი (13%) იყო აღზრდილი ლიბერალური სტილით, რაც, ფაქტია, ვერ გვაძლევს განზოგადების საშუალებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიფუზიური ,,მე“-ს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ამ პოპულაციისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია მაღალი თვითშეფასება და ეს ადამიანები უფრო ახლოსაა ექსტრავერსიასთან. რაც შეეხება დემოკრატიული აღზრდის სტილის მქონე სტუდენტთა ჯგუფს, შედეგები ინდივიდუალურია და რესპონდენტები ცალკეულ ნაწილში ავლენენ  როგორც მაღალ, ასევე დაბალ თვითშეფასებას. 

     კვლევის შედეგებით დადასტურდა ჩვენი ჰიპოთეზა. დადასტურდა, რომ ავტორიტარული სტილით აღზრდილმა აპლიკანტებმა გამოავლინეს დაბალი თვითშეფასება. გამოიკვეთა პოპულაციის ჯგუფში ავტორიტარული აღზრდის სტილის სრული დომინირება და რესპონდენტთა უმეტესი ნაწილი მოექცა სწორედ იმ ჯგუფში, რომელიც ამ სტილით არის აღზრდილი. რაც შეეხება დემოკრატიული და ლიბერალური აღზრდის სტილის მქონე სტუდენტებს, შედეგები მწირია და არ იქნება მიზანშეწონილი, მიღებული შედეგების გავრცობა მთელ პოპულაციაზე.

     ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღზრდის სტილს ნამდვილად აქვს მნიშვნელოვანი როლი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. ვფიქრობთ, ნებისმიერი აღმზრდელი, პედაგოგი, მშობელი ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ საჭიროდ ჩათვლის, ბავშვის აღზრდის პროცესში ორიენტირებული იყოს ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. ეს ბუნებრივია, რადგან ასეთი თვითშეფასება მომავალში უამრავი სირთულის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემდა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ საკითხის კვლევა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები მშობლებისა და სხვა აღმზრდელებისათვის. 

    მადლობა

    თემის ხელმძღვანელებს: თინათინ დოლიძეს (განათლების მეცნიერებათა დოქტორანტი) და სოფო დოლიძეს (ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი) ნაშრომის წერის დროს გაწეული დახმარებისთვის.

     

     

    ბიბლიოგრაფია

    Baumrind. (VOLUME 8, NUMBER 1, 2005.). Comparison of Change Theories. INTERNATIONAL JOURNAL OF MANAGEMENT, BUSINESS, AND ADMINISTRATION. p 25-44

    Lewin, K. (1939). p 14-18; 36-41; 52-59; 61-69;

    Robinson, C., Mandelco, B., & Olsen, S. (б.д.). PARENTING STYLE QUESTIONNAIRE.

    ლობჟანიძე, ს. (2013). აღზრდის სტილი და მისი მნიშვნელობა ბავშვის პიროვნების ფორმირებისთვის. mastsavlebeli.ge.

    ჭკუასელი, ი., & ჭკუასელი , ქ. (2015). პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

     

     

  • 2017.03.17
ნომერი
მსგავსი სტატიები