+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • აქვს თუ არა გავლენა სასწავლო გარემოს მოსწავლეების კრეატიულობის ხარისხსა და მიღწევის მოტივაციაზე

  • უშანგი ჩირგაძე
  • მიღწევის მოტივაცია, კრეატიულობა, კვაზი-ექსპერიმენტული ჯგუფთაშორისი სქემა, სკოლა, სასწავლო გარემო.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი

  • რეზიუმე:

    რეზიუმე:

    ბოლო ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა  მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და, შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით მუდმივად  განიცდის ცვლილებებს.

    ამ ცვლილებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს სკოლის სასწავლო გარემო წარმოადგენს, რომელიც ცალსახად ფართო მნიშვნელობის ცნებაა და მოიცავს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურსა და სოციალურ ასპექტებს.

    დღესდღეობით სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სკოლა აქტიურად ცდილობს მიმდინარე პროექტების მეშვეობით მოსწავლეებში ადრეულ ასაკშივე იზრუნოს კრეატიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, თუმცა აქვს თუ არა გავლენა ამ აქტივობებს მოსწავლეების მიღწევის მოტივაციაზე, დაუდგენელია.

    კვლევაში გამოყენებულ იქნა კვაზი-ექსპერიმენტული ჯგუფთაშორისი სქემა.

    ჩვენი კვლევის მიზანია, შევისწავლოთ:

    H1 ახდენს თუ არა გავლენას განსხვავებული სასწავლო გარემო მოსწავლეების კრეატიულობის ხარისხსა და მიღწევის მოტივაციაზე.

    H2 განსაზღვრავს თუ არა მაღალი კრეატიულობის ხარისხი მოსწავლეებში მაღალი მიღწევის მოტივაციას.

    ძირითადი საძიებო სიტყვები: მიღწევის მოტივაცია, კრეატიულობა, კვაზი-ექსპერიმენტული ჯგუფთაშორისი სქემა, სკოლა,  სასწავლო გარემო.

     

    Whether a different learning environment affects student’s creativity and achievement motivation

     

    Abstract

     

    Within the last decade, modern educational system is facing a number of challenges and therefore, permanent   changes are happening in different directions.

    One of the key factors of these changes is the school learning environment that is definitely a wide concept, implying physical, psychological and social aspects.

    Nowadays, many private or public schools are actively trying to develop students’ creative skills at early ages through the participation in running projects, though the effect of such activities on students’ achievement motivation is not proved.     

    Study methodology: Quasi-experimental inter-group scheme was applied in the study.   

    The goal of the study:  The goal of the study is to find out:

    H1- Whether a different learning environment effects student’s creativity level and achievement motivation 

    H2- Whether a high degree of student’s creativity defines high achievement motivation

    Key words:  achievement motivation, creativity, quasi-experimental inter-group scheme, school, learning environment

  •  

    შესავალი

    საკვლევი საკითხის მნიშვნელობა და აქტუალობა:

    თანამედროვე მეცნიერული ხედვის თანახმად, საგანმანათლებლო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განვითარებადი სისტემა სოციუმში, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების მომავალს. დღესდღეობით, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კრეატიულობა არის საფუძველი ყოველი ახალი ცვლილებისა. კრეატიულობა არის ის ძირითადი უნარი,  რომელიც თითოეულ ადამიანს გარკვეული დოზით გააჩნია, თუმცა აქვს პოტენციალი გაიუმჯობესოს, გახდეს უფრო მეტად კრეატიული (Ghasemi, 2014).

    ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით: ,,პიროვნების აღზრდასა და ჰარმონიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი ხელოვნებასთან ზიარება, რომლის შესწავლა უვითარებს მოსწავლეს სამყაროს მშვენიერების აღქმის უნარს, წარმოსახვას, შემოქმედებითობას, თვითგამოხატვის, კრიტიკული აზროვნების უნარებს, უღვივებს აღმოჩენისა და სიახლის ძიების სურვილს, რაც აუცილებელია მოსწავლის ნებისმიერი მომავალი საქმიანობისთვის და ამზადებს მას ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის[1]“. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი ავტორი კრეატიულობასა და მიღწევის მოტივაციას სხვადასხვა საგანმანათლებლო ჭრილში განიხილავს, როგორც ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ცვლადს.

    მიღწევის მოტივაცია არის პიროვნების ტენდენცია, მიაღწიოს განსაკუთრებულ მიზნებს. კვლევების მიხედვით, ამ ფორმის მოტივაციის ტიპი დაკავშირებულია ინდივიდის სურვილთან, იყოს წარმატებული (Blašková, 2014)

    მეცნიერები კვლევებზე დაყრდნობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინდივიდის შინაგანი და გარეგანი ფაქტორები აყალიბებს კონსტრუქტს, რომელიც განაპირობებს ინდივიდის სწავლის მიმართ მოტივაციასა და აქტიურ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში. თანამედროვე კვლევების მიხედვით, ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოში იგულისხმება გარემო, რომელშიაც  მოსწავლეები მასწავლებლებისა და სკოლის გუნდის მხრიდან მხარდაჭერილია, რაც გამოიხატება მოსწავლეების მიმართ განმავითარებელ შეფასებებსა და აქტიურ  კონსტრუქტივისტულ მიდგომებში.

    სწორედ მსგავსი ტიპის ჯანსაღი სასწავლო გარემო ახდენს დადებით გავლენას მოსწავლეების მიღწევის მოტივაციაზე და უბიძგებს მათ პროგრესული ნაბიჯებისაკენ.

     

    სტატიის ძირითადი ნაწილი

    დღესდღეობით სკოლის სასწავლო გარემო, როგორც ერთ-ერთი საკვლევი ცვლადი, უამრავ სამეცნიერო ლიტერატურაშია განხილული.

    მოტივაციაზე საუბრისას მეცნიერები ხშირად ხაზს უსვამენ მოტივაციის როგორც გარეგან, ისე შინაგან ტიპსა და განიხილავენ მას სხვადასხვა ცვლადთან მიმართებაში.

    ზოგიერთი ავტორი კრეატიულობას განსაზღვრავს როგორც ინდივიდის შემეცნებით უნარს, რომელიც მოითხოვს სამ განსხვავებულ და ამასთან ურთიერთდაკავშირებულ მახასიათებლის თანაარსებობას ინდივიდში. ეს მახასიათებლებია: კოგნიტური (ინტელექტი და ცოდნა); პიროვნული (პიროვნება, მოტივაცია და ემოციები) და გარემო ფაქტორები (Sternberg, 1995).

    წინამდებარე კვლევებით დასტურდება, რომ სასწავლო გარემო შესაძლებელია შევისწავლოთ სხვადასხვა მახასიათებელთან მიმართებაში როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურსა და სოციალურ დონეზე (Shochet, Colbert-Getz, Levine, & Wright, 2013).

    არის კვლევები, რომელშიც საუბარია სკოლის სასწავლო გარემოს შესახებ და მეცნიერების მიერ განმარტებულია ტერმინი-უსაფრთხო გარემო, რომლის ფორმირებისას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სკოლის მმართველ რგოლს ეკისრება.

    ზოგიერთი ავტორის თანახმად, კრეატიულობა განიმარტება, როგორც ინდივიდის უნარი დამოუკიდებლად წარმოქმნას ახალი იდეები და გადაჭრას სიტუაციური პრობლემები (Amabile, 1996).

    ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სასკოლო პერიოდი არის ყველაზე მეტად ოპტიმალური დრო მოსწავლეების კრეატიული უნარის განვითარებისათვის და ხაზს უსვამს მის უდიდეს მნიშვნელობას.

    კრეატიულობა თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში განხილულია სხვადასხვა ცვლადთან მიმართებაში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა საგანმანათლებლო მიმდინარეობას ენიჭება. ამასთან საგულისხმოა, რომ მკვლევრები სხვადასხვა სტატიაში ხაზგასმით საუბრობენ მასწავლებლის უდიდეს როლზე მოსწავლეების კრეატიული უნარების განვითარებაში.

    რაც შეეხება მიღწევის მოტივაციას, დღესდღეობით მოტივაციის თეორიის მიმდევრებმა დაიწყეს მიღწევის მოტივაციის შესწავლა სასკოლო მოტივაციასთან მიმართებაში. სადაც, სოციოკოგნიტური თეორეტიკოსების თანახმად, მიღწევის მოტივაციაზე დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების თვითრწმენა, ღირებულებები და მიზნები, რომლებიც მნიშვნელოვან დეტერმინანტებს წარმოადგენენ ინდივიდის წარმატების გზაზე.

    კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შინაგანი მოტივაცია არის მოტივაციის ყველაზე  მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დადებითად ზემოქმედებს ინდივიდში კრეატიული აზროვნების ტიპის განვითარებაზე. ხოლო გარეგანი მოტივაცია, პირიქით, ამცირებს კრეატიული აზროვნების ტიპის გამოხატვის შესაძლებლობებს (Amabile, 1988).

    საფრანგეთში 2015 წელს ჩატარებული კვლევა შეისწავლის სკოლის გარემოს გავლენას მოზარდის კრეატიულობის პოტენციალზე, მოტივაციასა და ცხოვრებით კმაყოფილებაზე (Maud Besançon, 2015).

     ამავე კვლევის თანახმად, კრეატიულობა არის პიროვნების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს როგორც უნარი ისე გააჩნია, თუმცა მისი განვითარების ხარისხი დამოკიდებულია სხვადასხვა პიროვნულ თუ გარემო ფაქტორზე.

     

     

    ექსპერიმენტული ნაწილი

     საკვლევი საკითხი შესწავლილ იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით, ხოლო კვლევისათვის გამოყენებულ იქნა  კვაზი-ექსპერიმენტული სქემა.

    კვლევა ჩავატარეთ განსხვავებული სასწავლო გარემოს მქონე სკოლებში. კერძოდ, ამ სკოლებიდან ერთ-ერთში, ქ. თბილისის დ. სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლაში დირექტორის გადმოცემით, ყოველი კვირის ბოლოს მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო შეხვედრები, სადაც სკოლის პედაგოგების გუნდი წინასწარ გეგმავს აქტივობებს, რომელთა ერთ-ერთი მიზანი სკოლის მოსწავლეებში მიღწევის მოტივაციის, თვითშეფასებისა და კრეატიულობის ხარისხის გაუმჯობესებაა.

     

    1. შერჩევა

    კვლევის შერჩევაში მოხვდნენ (14-დან 17-წლამდე)  სასკოლო ასაკის მოზარდები. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის დ. სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლამ და იმერეთის რეგიონის ქ. წყალტუბოს გ. ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ.

    სულ გამოიკითხა (60) ცდის პირი, დაკომპლექტდა ორი თანაბარი ჯგუფი, სადაც თითოეულ ჯგუფში მონაწილეობა მიიღო (30) ცდის პირმა.

     

    2. ინსტრუმენტები :

     

    კრეატიულობა

    კრეატიულობა მოსწავლეებში გაიზომა ჯონსონის კრეატიულობის განმსაზღვრელი კითხვარით (Школьный психолог, 2000). სადაც (8) დებულებას ლიკერტის სკალაზე ცდის პირი (1-დან, 5-მდე) აფასებს თვითანგარიშის პრინციპით. რაც უფრო მაღალია ცდის პირის მიერ ტესტში მიღებული ქულა, მით უფრო მაღალია მისი კრეატიულობის დონე.

     

     მიღწევის მოტივაცია

    მიღწევის მოტივაცია გაიზომა ელერსის (TATARINOVA, 2019) მიღწევის მოტივაციის განმსაზღვრელი კითხვარით, სადაც ცდის პირი თვითანგარიშის პრინციპით აფასებს (41) დებულებისაგან შედგენილ წინადადებას, იმ შემთხვევაში თუ ეთანხმება დებულებას,  აღნიშნავს (კი); თუ არ ეთანხმება (არა); მიღებული პასუხების შედეგების საფუძველზე მოვახდინეთ მონაცემების დამუშავება და ქულების სკალირება (კი-1ქულა); არა (0ქულა). კვლევის შედეგად, რაც უფრო მაღალია ცდის პირის შედეგი, მით უფრო მაღალია მისი მიღწევის მოტივაცია.

     

     

    3. კვლევის მეთოდური ნაწილი

     

    კვლევის დაწყებამდე ცდის პირთა მშობლებმა შეავსეს ინფორმირებული თანხმობის ფორმა, რომელიც მათ გაეგზავნათ პირად მეილზე ცალკე დოკუმენტად.

    კვლევის დიზაინია ჯგუფთაშორისი კვაზი-ექსპერიმენტული სქემა, ხოლო მიღებული მონაცემები დავამუშავეთ პროგრამის (SPSS) მეშვეობით და გამოვთვალეთ დამოუკიდებელი (T)-კრიტერიუმი.

     

    რაოდენობრივი კვლევის შედეგები

    ცხრილი N1.

    საერთო რაოდენობა და საშუალო მაჩვენებლები ჯგუფების მიხედვით:

    კვლევაში მონაწილეობდა 60 ცდის პირი. ქ. თბილისის N16 სკოლის მოსწავლეებში დაფიქსირდა მაღალი კრეატიულობის ხარისხი, Mean=(28.57) განსხვავებით ქ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებისგან Mean=(27.7).

    მიღწევის მოტივაცია-კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებს Mean=(19.33) აქვთ უფრო მაღალი მიღწევის მოტივაცია, ვიდრე ქ. თბილისის  N16 სკოლის მოსწავლეებს Mean=(18.87).

     

     

    სკოლა

    ცდის პირთა საერთო რაოდენობა.

    საშუალო მაჩვენებლები ჯგუფების მიხედვით.

    კრეატიულობისა და მიღწევის მოტივაციის დონე, შედეგების მიხედვით.

    კრეატიულობა

    ქ. თბილისის N16 საჯარო სკოლა

    30

    28.57

    ძალიან მაღალი 34-40-მდე.

     

    ქ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია

    30

    27.70

    ძალიან მაღალი 34-დან 40-მდე.

    მიღწევის მოტივაცია

    ქ. თბილისის N16 საჯარო სკოლა

    30

    18.87

    ზომიერად მაღალი მიღწევის მოტივაცია,

    17-დან 20-მდე.

     

    ქ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია

    30

    19.33

    ზომიერად მაღალი მიღწევის მოტივაცია, 17-დან 20-მდე.

     

    კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიღებული მონაცემები როგორც მიღწევის მოტივაციის, ასევე კრეატიულობის კუთხით არის განსხვავებული სხვადასხვა რეგიონში, თუმცა წინამდებარე მონაცემები არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

     

    1. ქ. თბილისის დ. სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლა.-Sign(0.498) 05<
    2. ქ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია-Sign(0.687) 05<

     

     

    ცხრილი N2. კრეატიულობა და მიღწევის მოტივაცია T-კრიტერიუმის მიხედვით.

    სკოლა

    კრეატიულობა

    მიღწევის მოტივაცია

    Sig (2-tailed)

    ქ. თბილისის დ. სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლა

    ძალიან მაღალი 34-40-მდე.

    ზომიერად მაღალი მიღწევის მოტივაცია,

    17-დან 20-მდე.

    0.498

    ქ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია

    ძალიან მაღალი 34-დან 40-მდე.

    ზომიერად მაღალი მიღწევის მოტივაცია,

    17-დან 20-მდე.

    0.687

     

    გრაფიკი N1. კრეატიულობისა და მიღწევის მოტივაციის შედეგები ჯგუფის მიხედვით.1_9

     

                                                                          

    დასკვნა

    H1 ახდენს თუ არა გავლენას განსხვავებული სასწავლო გარემო მოსწავლეების კრეატიულობის ხარისხსა და მიღწევის მოტივაციაზე.

    კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიღებული შედეგები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, რომელსაც შემდეგი მიზეზით ვხსნით:

    1. კვლევაში მონაწილეობას იღებდა (60) ცდის პირი, თითოეულ ჯგუფში (30), რამაც ვვარაუდობთ, რომ გავლენა მოახდინა კვლევის შედეგებზე.
    2. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვლევის დროს არ კონტროლდებოდა სხვადასხვა დამატებითი ცვლადი: აკადემიური მიღწევა, თვითშეფასება, ცხოვრებით კმაყოფილების დონე, რასაც შესაძლებელია გავლენა მოეხდინა მიღებულ შედეგებზე.

    ზოგიერთი სამეცნიერო კვლევის თანახმად, აკადემიური მიღწევა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს მოზარდების როგორც კრეატიულობის ხარისხის, ასევე მიღწევის მოტივაციისათვის (Noémi Berlin, 2016).

    არსებობს კვლევები, რომელშიაც საუბარია მოსწავლეთა კრეატიული აზროვნების მაღალ ხარისხსა და მათ აკადემიურ მიღწევებს შორის კავშირზე და გამოთქმულია მოსაზრება, რომ მოსწავლეებში მაღალი აკადემიური მიღწევა განსაზღვრავს მაღალ კრეატიულ უნარებს (Yaghoob Nami, 2014).

    H2 განსაზღვრავს თუ არა მაღალი კრეატიულობის ხარისხი მოსწავლეებში მაღალი მიღწევის მოტივაციას.

    წინამდებარე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ მაღალი კრეატიულობის ხარისხი, გააჩნიათ მაღალი მიღწევის მოტივაცია.

    რეკომენდაციის სახით შეიძლება ითქვას, რომ სასურველია, მიმდინარე კვლევა ჩატარდეს უფრო  დიდ შერჩევაზე დაყრდნობით, რაც უფრო მეტ ღირებულებას შემატებს კვლევას.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

     

    ჩირგაძე, უ. (2020). სკოლის სასწავლო გარემოს გავლენა, მოსწავლის კრეატიულობის ხარისხსა და მიღწევის მოტივაციაზე.

    TATARINOVA, L. V. (2019). Innovative activity of teachers: Study and directions of development. Education, N40, P6. Retrieved from http://www.revistaespacios.com/a19v40n33/a19v40n33p06.pdf.

    Noémi Berlin, J.-L. T. (2016). An exploratory study of creativity, personality and schooling achievement. Education Economics, 24, 536-556.

    Maud Besançon, F. F. (2015, October ). Influence of school environment on adolescents' creative potential, motivation and well-being. Learning and Individual Differences, 43, 178-184.

    «Школьный психолог». (2000). №47. Получено из https://psy.1sept.ru/article.php?ID=200004708

    Blašková, M. (2014). Influencing Academic Motivation, Responsibility and Creativity. Social and Behavioral Sciences, 415 – 425.

    Farshid Ghasemi, A. R. (2011). The relationship between creativity and achievement motivation with high school students’ entrepreneurship. Social and Behavioral Sciences, 30, 1291 – 1296.

    TATARINOVA, L. V. (2019). Innovative activity of teachers: Study and directions of development. Education, 40, 6. Retrieved from http://www.revistaespacios.com/a19v40n33/a19v40n33p06.pdf

    Yaghoob Nami, H. M. (2014). The Relationship Between Creativity And Academic Achievement. Social and Behavioral Sciences, 36-39.

     

    [1]დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024(თავი XVIII. ესთეტიკური აღზრდა - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები მუხლი 77. ესთეტიკური აღზრდა - ზოგადი ნაწილი)

  • 2021.11.08
ნომერი
მსგავსი სტატიები