+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • ლიტერატურული კლუბის როლი მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში

  • ნათია ფურცელაძე
  • ლიტერატურული კლუბი, ღირებულებათა ფორმირება, წიგნიერების როლი, კითხვის პოპულარიზაცია.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    კერძო სკოლა შპს ,,ქორალის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

  • რეზიუმე:

    მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში საკლუბო მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ცხადია, თითოეულ სასკოლო კლუბს განსხვავებული მისია და მიზნები აქვს, მაგრამ საერთო ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი - ამა თუ იმ სასკოლო კლუბის ფუნქციონირება უკავშირდება არასაგაკვეთილო დროს(აც) და  აქტივობებს(აც), ეს კი მოსწავლეთა ინტერესებს აღვივებს. საუკეთესო შემთხვევაში, თუ კლუბის მუშაობა იგეგმება ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ მათი ჩართულობის ხარისხი გაიზარდოს.

    რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კლუბმა მოსწავლეების ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მიმოვიხილავ ლიტერატურული კლუბის - ,,წიგნიერის” საქმიანობას, რათა კონკრეტული მაგალითების საშუალებით შევძლო შედეგებზე საუბარი.

     ლიტერატურული კლუბი ,,წიგნიერი”, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა, 2013-2014 სასწავლო წელს დავაარსეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა. 2016 წელს სკოლამ გამოგვიყო სივრცე, რომელშიც მრავალფუნქციური ლიტერატურული სალონი მოვაწყვეთ. აქ ბავშვები მათთვის სასურველ დროს კითხულობენ, საუბრობენ წაკითხულ წიგნებზე, შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ, ესწრებიან ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, შეხვედრებს, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას.

    კლუბის წევრობა არ არის სავალდებულო, სხვადასხვა შეხვედრასა და ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ. სწორედ თავისუფალი არჩევანი განაპირობებს მოტივაციის ზრდას და შედეგად უმრავლესობა ერთვება კლუბ ,,წიგნიერის” ცხოვრებაში. თავისუფალ დისკუსიებში მონაწილეობამ, იმის განცდამ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალური პოზიცია, მოსწავლეებს გამოუმუშავა განსხვავებული აზრის პატივისცემისა და შეხედულების თავისუფლად გამოხატვის უნარი.

    წიგნების თავისუფლად შერჩევისა და კითხვის უწყვეტი პროცესი არა მხოლოდ წიგნიერების კომპეტენციას უვითარებს მოსწავლეებს, ისინი იღებენ უდიდეს გამოცდილებას. სწორედ ესაა ჩვენი საკლუბო მუშაობის მთავარი მიზანი, ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა მოსწავლეებისათვის იქცეს ერთგვარ გამოცდილებად (რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ) და ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი ღირებულებები, ფასეულობები.

     

     

    Club work can make significant contributions in the process of formation of students’ values.  Obviously, each school club has different mission and goals, but the following can be considered as a common sign - the functioning of any school club is related to non-academic time and activities, what stimulates students' interests. At best, if the club's work is planned with account to the wishes and needs of the children, there is a high probability that their engagement level will be increased.

    How can the club influence the formation of a system of students’ values? In order to make the issue clear, I will review the activities of the literary club "Tsignieri" (literate) in order to be able to talk about the results through specific examples.

     Literary Club "Tsignieri", the main purpose of which is to improve the level of students' literacy and to support informal education, was established in academic year 2013-2014 by me and my students. In 2016, the school allotted a space in which we organized a multifunctional literary salon. Here, suitable for them time, children read, talk about read books, share impressions, attend movie shows, discussions, meetings, what obviously provides for increasing of the level of their civic consciousness and formation of a system of values.

    Club membership is not mandatory; in various meetings and events, participate only interested students. This is the free choice that provides for   growth of motivation and as a result, the majority wants to join the club life. Participation in the free discussions of the club and seeing that any individual can have individual position, made students to respect others opinions and to express theirs freely.

    The continuous and free process of reading and books selection, not only increases literacy skills in pupils, but give them the greatest experience. This is the main purpose of our club work- each read book to be some kind of experience (that can be used in life), which will provide for formation of healthy values. 

  • შესავალი

    ღირებულებათა ფორმირების პროცესი მიმდინარეობს იმ გარემოში, რომელშიც ადამიანს უწევს ყოფნა, შესაბამისად, მოსწავლეთა ფასეულობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესავალშივე აღნიშნულია, რომ  მისი ,,მთავარი ამოცანაა, შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები. ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას… პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარება და მის მიერ მიღწეული შედეგი” [1,3]. სწორედ ეს არის საყურადღებო - სკოლა, თითოეული მასწავლებელი უნდა აცნობიერებდეს თავის უმნიშვნელოვანეს როლს - რომ მონაწილეობს მოსწავლეთა განვითარების პროცესში, რაც დიდწილად განსაზღვრავს მოზარდთა მომავალს.

    ზოგადი განათლება, ჩემი აზრით, უცილობლად გულისხმობს ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას. ,,ღირებულებებს განმარტავენ, როგორც სასურველ, ღრმად გამჯდარ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავენ მომავალ და ამართლებენ წარსულ ქმედებებს” [2,5],  ,,პიროვნების ღირებულებები მიგვანიშნებს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ცხოვრებაში, რა მოსწონს, რას მიიჩნევს კარგად. ღირებულებებზე დაყრდნობით პიროვნება შეიმუშავებს პრინციპებს - ქცევის ზოგად წესებს მთელი ცხოვრებისათვის” [3,21]. ღირებულება, როგორც ცნება, შესაძლოა ერთი სოციუმის ფარგლებში დაახლოებით ერთნაირად აღიქმებოდეს, მაგრამ სამყარო მრავალფეროვანია, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ინდივიდს აქვს ღირებულებათა განსხვავებული სისტემა. სწორედ ესაა საინტერესო და ყურადღებამისაქცევი, რომელი ფასეულობაა ამა თუ იმ სკოლისა და მასწავლებლისთვის პრიორიტეტული და შემდეგ - როგორ მუშაობენ მოსწავლეებისა თუ სასკოლო საზოგადოების ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებისთვის. მართალია, ეროვნული სასწავლო გეგმა გვისაზღვრავს პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს, მაგრამ სურათი მაინც არაერთგვაროვანი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    ჟურნალ ,,მასწავლებლის” 2009 წლის II ნომერში გამოქვეყნებულია შეხედულებები სწორედ ამ საკითხის შესახებ - ,,როგორ უნდა ისწავლებოდეს ღირებულებები სკოლაში”. გია მურღულიას აზრით, ,,ემოციური აღზრდისა და ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი პიროვნების, ოჯახისა თუ საზოგადოების არსებობა. ღირებულებათა სისტემა მოსწავლეებში გადამწყვეტი თემაა. კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით, კერძოდ რა ღირებულებებს ვგულისხმობთ ამ საკითხზე საუბრისას. თუ ვსაუბრობთ სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაზე, სამშობლოს განცდაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, თანადგომასა და გულისხმიერებაზე, მაშინ, ბუნებრივია, ამაზე მნიშვნელოვანს ვერც სკოლა და ვერც საზოგადოება ვერაფერს გააკეთებს” [4,14].

    საკამათო არ არის ის, რომ ადამიანებს განსხვავებული ინტერესები, შეხედულებები და სურვილები აქვთ, შესაბამისად, ქართველ მასწავლებლებსაც ვერ ექნებათ იდენტური ღირებულებები, თუმცა, ვფიქრობ, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გამჭოლი კომპეტენციების გამოსამუშავებლად პედაგოგებმა  მიზანმიმართულად უნდა იმუშაონ. მაგალითისთვის, ეკოლოგიური წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა არა მხოლოდ ბუნებისმეტყველების, არამედ ნებისმიერი საგნის მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს.

    ძირითადი ნაწილი

    მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში, ვფიქრობ, საკლუბო მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. რა თქმა უნდა, ყოველ სასკოლო კლუბს აქვს ინდივიდუალური მიზნები, ფუნქცია, წესდება და სხვ., თუმცა საერთო ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი - ძირითადად, სასკოლო კლუბის ფუნქციონირება უკავშირდება არასაგაკვეთილო პერიოდს და მასში გაწევრიანება არის ნებაყოფლობითი, დამოკიდებულია მოსწავლეთა სურვილზე. აქედან გამომდინარე, სასკოლო კლუბში გაწევრიანდებიან თვითმოტივირებული ბავშვები. ეს გაზრდის მუშაობის ხარისხსაც და მოსწავლეების პასუხისმგებლობასაც. ბუნებრივია, იდეალურ შემთხვევაზე ვსაუბრობთ. კლუბში მოხვედრის წინაპირობა უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი, მოსწავლე თავად უნდა წყვეტდეს, ჩაერთოს თუ არა სასკოლო კლუბის ცხოვრებაში და ეს არ უნდა მოხდეს ძალდატანებით. შემდგომ, თუ საკლუბო აქტივობები დაიგეგმება მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით, კლუბის მუშაობა ხანგრძლივი და ეფექტური იქნება.

    2013-2014 წელს მოსწავლეებთან ერთად დავაარსე ლიტერატურული კლუბი ,,წიგნიერი”, რომლის მიზანი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და მოსწავლეთა ჯანსაღი ცნობიერების ჩამოყალიბებაა. ბავშვებმა თავად შეარჩიეს კლუბის სახელი, დევიზი და შექმნეს ლოგო. 2016 წელს სკოლის დირექციამ გამოგვიყო სივრცე, სადაც მოვაწყვეთ მრავალფუნქციური ლიტერატურული სალონი, ერთგვარი რესურსოთახი. ხაზგასასმელია ის, რომ კლუბის ინტერიერზე, თითოეულ დეტალზე ვფიქრობდი მოსწავლეებთან ერთად, მოვხატეთ მერხები და სკამები, ერთად შევარჩიეთ ფოტომასალა თუ წიგნები. ახლა ამ სივრცეს ყოველი მათგანი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და უვლის, ყველას უხარია და უნდა კლუბში არა მხოლოდ კლასგარეშე აქტივობების, არამედ გაკვეთილის ჩატარებაც.

    კლუბის წევრობა არ არის სავალდებულო, სხვადასხვა შეხვედრასა და ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ ამის სურვილი. სწორედ თავისუფალი არჩევანი განაპირობებს მოტივაციის ზრდას და შედეგი ისაა, რომ უმრავლესობა ერთვება კლუბ ,,წიგნიერის” ცხოვრებაში.  აქ ბავშვები მათთვის სასურველ დროს კითხულობენ, საუბრობენ წაკითხულ წიგნებზე, შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ, ესწრებიან ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, შეხვედრებს, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას. მოსწავლეებთან შესახვედრად ვიწვევ არა მხოლოდ ლიტერატურულ მოღვაწეებს, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანს. მაგალითად, კლუბში გვსტუმრობდა სოციალური მუშაკი და იგი მეთერთმეტეკლასელებს ესაუბრა ქუჩაში მცხოვრები მათი თანატოლების, ზოგადად, ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების შესახებ.

    როგორ ახერხებს კლუბი ,,წიგნიერი” მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობას? უმთავრესი ბერკეტი არის წიგნების კითხვის წახალისება და  პოპულარიზაცია, წიგნიერების კომპეტენციის გამომუშავება-გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შედეგად - კითხვით გამოცდილების მიღება, ტექსტების გააზრების პროცესში პერსონაჟთა ქცევაზე დაკვირვება, სასურველი და მიუღებელი ქმედების გამიჯვნა, პრობლემების გადაჭრის უნარის გამომუშავება. ბუნებრივია, წიგნიერების კომპეტენციაში არ მოიაზრება წაკითხული წიგნების რაოდენობა, ეს არის ერთდროულად კითხვის, ტექსტის ინტერპრეტაციის, აზროვნების, წერითი მეტყველების, არგუმენტაციის, შეხედულების გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. წიგნების კითხვით, ჩემი აზრით, სწორედ ზემოჩამოთვლილი უნარების გამომუშავებაა შესაძლებელი. ,,ლიტერატურულ ტექსტს, როგორც ხელოვნების ნაწარმოებს, გამოყენების ფართო შესაძლებლობები აქვს. სასკოლო პრაქტიკაში მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ითავსებს - მკითხველთა (ამ შემთხვევაში - მოსწავლეების) სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებს” [5,21], ,,ვერაფერი  ისე  ვერ  აყალიბებს აზროვნებასა და ღირებულებებს, როგორც ტექსტზე მუშაობა. ამას ის მასალა განაპირობებს, რითიც ლიტერატურა იქმნება. სიტყვას აქვს ეს ძალა” [4,17]. ამ შეხედულებებს ვიზიარებ, ასე ვფიქრობ ახლა და ვფიქრობდი მაშინაც, როდესაც მასწავლებლობა დავიწყე. ჩემი, როგორც კლუბის ხელმძღვანელის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მიზანია, თითოეულმა წაკითხულმა წიგნმა მოახდინოს ზეგავლენა მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირებაზე, მიახვედროს ისინი, რატომ სჯობია  ერთგულება ღალატს, მშვიდობისმოყვარეობა და ჰუმანურობა - ძალადობას, რამდენად მნიშვნელოვანია მზრუნველობა, სამართლიანობა, თანასწორობა, პატივისცემა და სხვ.

    თუმცა, ვიდრე მოსწავლეები კარგ მკითხველებად ჩამოყალიბდებიან და მხატვრული ლიტერატურის კითხვას ზემოაღნიშნული შედეგი მოჰყვება, უპირველეს ყოვლისა, ეს პროცესი უნდა იქცეს მათთვის სასურველ, საინტერესო თავგადასავლად  და არა ვალდებულებად. ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, რომ წიგნის კითხვის შესაყვარებლად აუცილებელი წინაპირობაა, მასწავლებელმა სასიამოვნო პროცესად გადააქციოს წიგნთან ურთიერთობა [6,22-24]. ფრაიბურგის უმაღლესი პედაგოგიური სკოლის სტუდენტი ვოლფგანგ ბეი თავის ნაშრომში - ,,გზამკვლევი მკითხველთა კლუბის შესაქმნელად” - ამავეს აცხადებს. მისი თქმით, მკითხველთა კლუბის მიზნად უნდა იქცეს ის, რომ კითხვამ მოსწავლეთა სიამოვნება გამოიწვიოს [7]. ასეთივე დევიზი აქვს  გერმანიის საბავშვო სამკითხველო კლუბების გაერთიანებას - ,,Mit Freu(n)den Lesen” (კითხვა ხალისით, სიხარულით, სიამოვნებით/ კითხვა მეგობრებთან ერთად) [8].  სწორედ ეს არის კლუბ ,,წიგნიერის” ამოცანა - ამის მისაღწევად იგეგმება იმგვარი აქტივობები, რომლებიც დააინტერესებს ბავშვებს და კითხვა მათთვის იქნება არა სავალდებულო, არამედ სასურველი პროცესი. ,,ზოგი მეცნიერის აზრით, კითხვისადმი სიყვარულის განვითარებას ხელს არ უწყობს კითხვის სწავლების მეთოდები. UNESCO-თვის ჩატარებულ კვლევაში Irving (1980) აღმოაჩინა, რომ რესპონდენტების უმრავლესობა ვერ ხედავდა ვერანაირ კავშირს კითხვასა და სიამოვნებას შორის. ხოლო Anderson, Wilson and Fielding (1988) კვლევა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი მასწავლებელი არ არის კარგად გათვითცნობიერებული საბავშვო ლიტერატურაში; მათ არ შეუძლიათ დაანახონ მოსწავლეებს, რაოდენ მდიდარია წიგნების სამყარო და, შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებენ, მათი სწავლების მეთოდებს როგორი გავლენა აქვს მოსწავლეებში კითხვის მიმართ დამოკიდებულების ფორმირებაზე (Short and Pierce, 1990)” [9,141]. მოყვანილი კვლევის შედეგების გაცნობამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამაკისრა. აუცილებლობად მიმაჩნია, მასწავლებელს/ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელს შეგნებული ჰქონდეს შემდეგი: უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს ემპათიური, იცნობდეს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესებს, თავად იყოს როლური მოდელი, კითხულობდეს ბავშვებისთვის საინტერესო ლიტერატურას. ,,მასწავლებელი თუ არ იცნობს იმ ლიტერატურას, მწერლებს, ნაწარმოებებს, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია მოსწავლეებში, ვერ გახდება მოდელი მოსწავლისთვის, ვერ მოახერხებს მიზანმიმართულად და სისტემურად წარმართოს მოსწავლეთა კითხვის ინტერესები და გააძლიეროს კითხვის მოტივაცია, შექმნას პოზიტიური განწყობა კითხვის მიმართ; იქნებ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც განაპირობებს მოსწავლეთა დაბალ შედეგებს PIRLS-ის კვლევის მიხედვით. კითხვის ინტერესის ასაკობრივი დინამიკის ცოდნა (რომელ ასაკში კონკრეტულად რაზეა მიმართული ბავშვის ინტერესი და მასალის აღქმის რა შესაძლებლობა აქვს მას, რა ტიპის და ჟანრის ლიტერატურისთვის არის სენსიტიური) აუცილებელია პედაგოგისთვის. სწავლების პროცესში პროგრამული და კლასიკური ნაწარმოებების გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვანია თანამედროვე ლიტერატურის განვითარების ტენდენციების ცოდნაც” [9,146]. შედეგის მიღება მარტივი არ არის. ჯანსაღ ფასეულობებს ვერ ჩამოვუყალიბებთ მოსწავლეებს მხოლოდ თეორიით, ერთგულებას ან ადამიანის პატივისცემას ვერ ვაქცევთ მათთვის ღირებულებად კონკრეტული მაგალითების გარეშე. ამ მაგალითების პოვნა წიგნებში შეიძლება, წიგნის კითხვით დაინტერესებას კი ხელშეწყობა სჭირდება. მოსწავლე თუ სიამოვნებით წაიკითხავს, ბუნებრივია, გამარტივდება ტექსტის გააზრებაც, ინტერპრეტაციის პროცესი უფრო საინტერესო გახდება და ამის შემდეგ შეიძლება ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა.

     ლიტერატურული კლუბი ,,წიგნიერი” მუშაობს სწორედ ზემოთ მოყვანილი პრინციპების გათვალისწინებით. მე, როგორც კლუბის ხელმძღვანელი, ვადგენ ბავშვების სურვილებს, ინტერესებს, ვითვალისწინებ მათ საჭიროებებს და ამგვარად ვარჩევთ საკითხავ ლიტერატურას. საინტერესოა წიგნების შერჩევის პროცესი. თავდაპირველად, როდესაც მოსწავლეებს ვეცნობი და ვიცნობ, მე, მასწავლებელი, ვარ მათთვის მრჩეველი და გზამკვლევი წიგნების სამყაროში, თუმცა პარალელურად ვაძლევ შესაძლებლობას, რომ თავად აარჩიონ სასურველი ტექსტი წასაკითხად. არჩევანის თავისუფლება უყალიბებს ბავშვებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს, ამავდროულად, ისინი აცნობიერებენ თავისუფლებას, როგორც ადამიანის არსებობის უმთავრეს ფასეულობას. საკლუბო შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ შთაბეჭდილებები ჩვენ მიერ წაკითხული წიგნების შესახებ, ხშირად სწორედ ეს ხდება ახალი წიგნის შერჩევის, კითხვის დაწყების წინაპირობა. ჩვენ ვენდობით ერთმანეთის გემოვნებას და ვითვალისწინებთ ერთიმეორის რეკომენდაციებს. ხშირად გვქონია შემთხვევა, ჩემთვის მოსწავლეების მიერ წაკითხული რომელიმე წიგნი უცნობი ყოფილა და მათი რჩევით წამიკითხავს. ეს, გარდა იმისა, რომ ახარებს ბავშვებს, უმაღლებს თვითშეფასებას და უჩენს განცდას, რომ მათ შეხედულებებს პატივს სცემენ და ენდობიან. ურთიერთნდობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. 2006 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად (ქართული საზოგადოების ღირებულებები), გამოკითხულთა 44,3 % აცხადებდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილეა საჭირო, მხოლოდ 13 % აღნიშნავდა, რომ შეიძლება ადამიანთა ნდობა [10,59]. ბუნებრივია, მხოლოდ ზემოთ ნახსენები შემთხვევა ვერ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მოსწავლეები ერთმანეთს ენდონ, მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ კლუბ ,,წიგნიერში” ნდობაზე დაფუძნებული გარემო იქმნება და ეს სტიმულია მისი თითოეული წევრისთვის. 

     

    ექსპერიმენტული ნაწილი

     

    ცნობილია სწავლა-სწავლების სამფაზიანი მოდელი, პაატა პაპავა და თამარ ჭანტურია აღნიშნავენ, რომ შეიძლება ვისაუბროთ კითხვის სამ ფაზაზე. ,,1. პირველი ფაზა (წაკითხვამდე):  მოსწავლეს უნდა აღეძრას ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ტექსტის შინაარსის მიმართ. ამ ფაზის მნიშვნელოვანი შედეგია მკითხველის მიერ კითხვის აქტივობაში მონაწილეობის მიზნის გაცნობიერება და მოტივაციის შექმნა. 2. მეორე ფაზა (კითხვა): ამ ფაზაში გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები ხელს უწყობს მოსწავლეს/მკითხველს შინაარსისა და წაკითხულის მნიშვნელობის გააზრებაში... 3. მესამე ფაზა (წაკითხვის შემდეგ): ამ ფაზაში გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები ეხმარება მოსწავლეს/მკითხველს, საბოლოოდ შეაჯამოს წაკითხული შინაარსი. ამ საფეხურზე მკითხველი გამოკვეთს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია. ამას ემატება ახალი შეკითხვები, რომლებიც საკითხის კიდევ უფრო ღრმად გაცნობიერებისათვის არის საჭირო” [11,20]. კლუბში წიგნების კითხვასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვისას ეს მოდელი გამოვიყენე, თუმცა ოდნავ შევცვალე. რამდენადაც არაფორმალური შეხვედრების თემას ვუკავშირებ ბავშვების მიერ წაკითხულ მხატვრულ ლიტერატურას, ,,წიგნიერის” მოდელი ამგვარი აღმოჩნდა: 1. პირველი ეტაპი (შეხვედრამდე) - წიგნის შერჩევისა და კითხვის პროცესი, სამზადისი შეხვედრისათვის; 2. მეორე ეტაპი - წიგნის ავტორთან/მთარგმნელთან ან ტექსტთან რაიმე ნიშნით დაკავშირებულ ადამიან(ებ)თან შეხვედრა; 3. მესამე ეტაპი (შეხვედრის შემდეგ) რეფლექსია - წაკითხულის გაანალიზება,  შეხვედრაზე მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება, შედეგები.

     ზემოაღნიშნულის მიხედვით, 2016-2017 წლის II სემესტრში დაიგეგმა სამი აქტივობა.

    1. შეხვედრა თეა თოფურიასთან

    შეხვედრის თემა - ,,ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე”

    I ეტაპი - წიგნის შერჩევა განაპირობა მეექვსეკლასელთა ინტერესმა - ისინი გატაცებულნი იყვნენ კოსმოსით, მზის სისტემით, პლანეტებით. ნაწარმოები თავდაპირველად ერთ-ერთმა გოგონამ წაიკითხა და  გაგვაცნო, შემდეგ მისი რეკომენდაციით მე წავიკითხე და საბოლოოდ, ,,თვის წიგნის” ფარგლებში, VI კლასის მოსწავლეთა უმრავლესობამ  ეს ტექსტი აირჩია წასაკითხად. მწერალს ვთხოვე კლუბში სტუმრობა, ისიც დამთანხმდა და ამის შესახებ მოსწავლეებს რომ შევატყობინე, უზომოდ გაიხარეს. მოუთმენლად ელოდნენ შეხვედრას, გულისყურით კითხულობდნენ, აკვირდებოდნენ პერსონაჟებს, გამოთქვამდნენ შეხედულებებს, თუ რისი თქმა სურდა მათთვის ავტორს. კითხვის პარალელურად არასაგაკვეთილო დროს იკრიბებოდნენ კლუბ ,,წიგნიერში”, დახატეს მათთვის გამორჩეული ეპიზოდები და მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა, შექმნეს დიორამები, კედლის გაზეთი, სანიშნეები, თიხის მინიატურული წიგნები და ყელსაბამები სხვადასხვა ეპიზოდის მიხედვით. მწერლისთვის დაამზადეს ხელნაკეთი წიგნი, რომლის ფურცლებზეც თითოეულმა მოსწავლემ დაწერა ამბის გაგრძელება. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმას, რომ წიგნის კითხვის პროცესი ბავშვებისთვის გახდა საინტერესო, სასიამოვნო, რაც მთავარია, მწერალთან შეხვედრის მოლოდინმა პასუხისმგებლობა გაუზარდა მათ და მეტი ყურადღება მიაქციეს ტექსტს. 

     

    II ეტაპი - თეა თოფურიასთან შეხვედრა აღმოჩნდა უაღრესად ემოციური. მოსწავლეებმა იმსჯელეს, გაუზიარეს შეხედულებები ავტორს, დასვეს შეკითხვები და მოისმინეს პასუხები, თავიანთი ნამუშევრები აჩვენეს მწერალს, საჩუქრად გადასცეს ხელნაკეთი წიგნი იმ იმედით, რომ ავტორი მათ ნაწერებს წაიკითხავდა.

     

    III ეტაპი - ლიტერატურულ კლუბ ,,წიგნიერში” განხორციელებულმა ზემოჩამოთვლილმა აქტივობებმა, გარდა იმისა, რომ დაუვიწყარი გახადა ბავშვებისთვის თეა თოფურიას ,,ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე” და კითხვის პროცესი საინტერესო თავგადასავლად აქცია, გავლენა მოახდინა მათ შეხედულებებზე, ღირებულებების ფორმირების პროცესზე. ნაწარმოებში სხვადასხვა თემაა განხილული, მათ შორის - ნაჩვენებია ეკოლოგიური კატასტროფის სავალალო შედეგებიც. ცხადია, არ ვფიქრობ, რომ ერთი წიგნის წაკითხვამ მოსწავლეები ბუნებაზე მზრუნველ ადამიანებად აქცია, მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ უფრო მეტად გააცნობიერეს თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის კუთხით და წაკითხული დაუკავშირეს ყოველდღიურ ცხოვრებას, ისაუბრეს იმაზე, რამხელა საფრთხეა ქალაქისთვის, ადამიანების სიცოცხლისთვის მწვანე საფარის მოსპობა და უსახური კორპუსების აშენება. შეხვედრის შემდგომ გაიმართა დისკუსია, მოგვიანებით კი წერილობით უპასუხეს შეკითხვას, თუ რაზე დააფიქრა ისინი ამ წიგნმა. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ამონარიდი მეექვსეკლასელთა ნააზრევიდან: ,,ამ წიგნმა იმაზე დამაფიქრა, თუ ჩვენს პლანეტას, ბუნებას არ მოვუარეთ, ის განადგურდება”, ,,დამაფიქრა იმან, რომ ამ წიგნში აღწერილია იგივე - ხეების მოჭრა და ბუნების განადგურება, რაც არა მხოლოდ ბრტყელი პლანეტის, არამედ დედამიწის პრობლემაცაა”, ,,ამ წიგნმა იმაზე დამაფიქრა, რომ ადამიანმა იმედი არ უნდა დაკარგოს”. კლუბ ,,წიგნიერის” ფარგლებში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ როცა მსგავს საკითხებზე ფიქრს იწყებენ თერთმეტი წლის ბავშვები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მგონია. ასე ნელ-ნელა ყალიბდება მათი ღირებულებები.

    1. შეხვედრა სანდრო ლორთქიფანიძესთან

    შეხვედრის თემა - ,,რატომ უნდა წაიკითხოს ბავშვმა ,,ჰარი პოტერი”

     

    I ეტაპი - ჯოან როულინგის ,,ჰარი პოტერის” წიგნების სერიამდე VI კლასის ექვსი მოსწავლე ერთ-ერთმა ლიტერატურულმა კონკურსმა მიიყვანა, ისინი იმდენად მოხიბლულნი იყვნენ, კლასელებმაც გადაწყვიტეს ,,თვის წიგნის” ფარგლებში ,,ჰარი პოტერის” წაკითხვა. მიუხედავად ქართული საზოგადოების ნაწილის სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მე, მათი მასწავლებელი და კლუბის ხელმძღვანელი, არ ვყოფილვარ წინააღმდეგი, ბავშვები გასცნობოდნენ ჯოან როულინგის სამყაროს, პირიქით, მეც მათთან ერთად ვკითხულობდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ,,ჰარი პოტერის” წიგნების კითხვა საუკეთესო გზაა მოსწავლეთათვის სწორი ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად. დაიგეგმა შეხვედრა სანდრო ლორთქიფანიძესთან, მანამდე კი მოვაწყვეთ ლიტერატურული კაფე, ბავშვებმა შექმნეს კედლის გაზეთები ჯგუფური მუშაობის შედეგად და ერთმანეთს წარუდგინეს, ნახეს დოკუმენტური ფილმი და იმსჯელეს, დაამზადეს და დააგემოვნეს სიუჟეტთან დაკავშირებული ტკბილეული, შეავსეს კროსვორდები და მოირგეს კოსტიუმები.

    II ეტაპი - სანდრო ლორთქიფანიძესთან შეხვედრა და დისკუსია თემაზე - რატომ უნდა წაიკითხოს ბავშვმა ,,ჰარი პოტერი”, საინტერესოდ წარიმართა. სტუმრის ლექციამ მოსწავლეები ბევრ ისეთ საკითხზე დააფიქრა, რომელთათვისაც შესაძლოა ყურადღება არ მიექციათ. სანდრო ლორთქიფანიძემ ბავშვებისთვის გასაგები ენით ისაუბრა ჯოან როულინგის ღირებულებათა სამყაროზე, პერსონაჟთა მეგობრობაზე, ერთგულებაზე, სინდისიერების აუცილებლობასა და ბევრ მნიშვნელოვან თემაზე. ახალგაზრდა მწერალმა ჰკითხა მეექვსეკლასელებს, რომელი პერსონაჟი იყო მათთვის ყველაზე მიუღებელი და რატომ. ერთ-ერთმა მოსწავლემ დაასახელა პიტერ პედიგრიუ, რადგან მიუღებლად მიაჩნდა ამ გმირის მოღალატე ბუნება, უმრავლესობა ვოლდემორს თვლიდა ყველაზე უარყოფით პერსონაჟად იმის გამო, რომ მისთვის მთავარი იყო ძალაუფლება და არ შეეძლო სიყვარული. ისაუბრეს იმაზეც, რომელი გმირის ქცევა აღმოჩნდა ბავშვებისთვის მისაბაძი და სამაგალითო. ერთ-ერთმა გოგონამ თქვა, რომ იგი მოიხიბლა ჰარი პოტერის ქცევით მაშინ, როდესაც მან გამარჯვებას და ცეცხლოვანი თასის ხელში ჩაგდებას სედრიკ დიგორის დახმარება არჩია. ბევრმა აღნიშნა, რომ ისინი მოხიბლულნი იყვნენ ალბუს დამბლდორის დამოკიდებულებით მოსწავლეებისადმი, მას შეეძლო, ადამიანები მიეღო ისეთები, როგორებიც იყვნენ, ყველაში ეძებდა დადებით მხარეს, მისმა ნდობამ სევერუს სნეიპი გადაარჩინა. ეს ყველაფერი  მეტყველებს იმაზე, რომ კითხვის, ტექსტის გააზრების პროცესში ბავშვებმა გააანალიზეს სხვადასხვა სიტუაცია, შექმნეს სასურველი ქცევის მოდელი, გამოიტანეს დასკვნები.

    III ეტაპი - ბავშვები დაფიქრდნენ ჰარის, რონისა და ჰერმიონის მეგობრობაზე, სევერუს სნეიპის თავგანწირვაზე, სირიუს ბლექის ერთგულებაზე, ალბუს დამბლდორის შემწყნარებლობაზე, დრაკო მალფოის ორპირობაზე, მეგობრების უპატივცემულობაზე, პიტერ პედიგრიუს ღალატზე და ეს ყველაფერი თავიანთ ცხოვრებას დაუკავშირეს, ამას ცხადყოფს მათი ნაწერებიც: ,,ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მასწავლა მეგობრობა, ერთგულება და ის, რომ მეგობარი არ უნდა ვანერვიულო”, ,,ეს წიგნი არის ჩემთვის საუკეთესო საუკეთესოთა შორის. იგი ასწავლის ადამიანს ნამდვილ მეგობრობას, როგორიც ჰარის, რონსა და ჰერმიონს შორისაა, ასევე იმას, რომ სიკეთე ფასდება”, ,,ჰარი პოტერის” წაკითხვის შემდეგ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა”, ,,ჰარი პოტერი” ბავშვმაც და უფროსმაც უნდა წაიკითხოს, იგი ასწავლის მათ ადამიანებთან სწორ ურთიერთობას”. შეხვედრამ შედეგად მოიტანა ის, რომ მოსწავლეებისთვის იმაზე დასაფასებელი აღმოჩნდა მეგობრობა, ერთგულება, ნდობა, ადამიანის პატივისცემა, პატიოსნება, ვიდრე ,,ჰარი პოტერის” წაკითხვამდე.

    1. შეხვედრა ტორესა მოსისთან

    შეხვედრის თემა - ,,სიბრძნე სიცრუისა”, ,,მე შენ ქრისტე ხარ”, ,,იყო”

     

    I ეტაპი - ტორესა მოსის, ახალგაზრდა ქართველი მწერლის, შემოქმედებას არ ვიცნობდი, მისი რომანები XI კლასის მოსწავლეთა რჩევით წავიკითხე, ეს იყო სწორედ ის შემთხვევა, როგორ მიიყვანეს ბავშვებმა მასწავლებელი  თავიანთი გემოვნებით შერჩეულ წიგნთან და წააკითხეს. ტორესა მოსის რომანების წაკითხვის შემდეგ ჩვენ, მკითხველებმა, გადავწყვიტეთ, მოგვენიშნა 10-მდე საკითხი/თემა, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვნად და საინტერესოდ მივიჩნევდით კონკრეტულ წიგნში და შეხვედრაზე ჩვენი ხედვა მწერლისთვის გაგვეზიარებინა. მარკირებული კითხვის მეთოდმა გაამართლა, ტექსტების გააზრების პროცესი უფრო ეფექტური გახდა.

    II ეტაპი - შეხვედრა არ ყოფილა სტანდარტული, დასაწყისში თითოეულმა მოსწავლემ თავისი დამოკიდებულება გააცნო ავტორს, თუ რას მიიჩნევდა მნიშვნელოვან თემად ან საკითხად წაკითხულ წიგნში, შემდეგ მწერლის პასუხები მოისმინეს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, ვისაუბრეთ ცოდნის აუცილებლობის, ინკლუზიური განათლების, სამართლიანობის, თავისუფლების, ნეპოტიზმის მიუღებლობისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ. მოვუსმინეთ ტორესა მოსის დაწერილ მუსიკას.

    III ეტაპი - მწერალთან შეხვედრის შედეგი ყველაზე თვალსაჩინო მაშინაა, როცა იგი კვალს აჩნევს მოსწავლეთა აზროვნებას, ბავშვებს დიდხანს მიჰყვებათ ემოციები, დრო გადის და კვლავ ახსოვთ წაკითხული წიგნი და განხილული საკითხები. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო ის, რომ ტორესა მოსის ციტატებს, შეხედულებებს არაერთხელ წავაწყდი მოსწავლეთა არგუმენტირებულ ესეებსა თუ წერით თხზულებებში. ერთ-ერთი მეთერთმეტეკლასელი წერდა: ,,ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რათა არ დავიჩაგროთ ამ ცხოვრებაში... შეცდომის შიშმა არ უნდა შეგვაჩეროს და დაგვამონოს სხვის აზრს. როგორც ტორესა მოსის ერთ-ერთმა პერსონაჟმა თქვა, ადამიანი არის თავისი შეცდომების ჯამი, ამიტომაც უნდა ვიაროთ ჩვენ მიერ არჩეულ გზაზე”. საინტერესო იყო სხვა მოსწავლის მსჯელობაც: ,,გავიხსენებ ტორესა მოსის წიგნს - ,,სიბრძნე სიცრუისა”, კერძოდ კი - დიეზის მამისა და ნოტის საუბარს. მშობელი ამბობს, რომ შვილის სიცოცხლე თვითონ შეიწირა, რადგან სწორედ იმის გაკეთებას აიძულებდა, რაც თვითონ უნდოდა და ვერ მოახერხა ახალგაზრდობაში. მამამ განსაზღვრა დიეზის ცხოვრება ისე, რომ შვილისთვის არც უკითხავს, რა სურდა, ამ ყველაფერს მისივე იმედგაცრუება მოჰყვა, შედეგი მძიმე აღმოჩნდა. საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია, ყველას აქვს არჩევანის უფლება, ამიტომ მშობელმაც პატივი უნდა სცეს შვილის გადაწყვეტილებას და მიიღოს იგი”. მოსწავლეთა ნააზრევი ადასტურებს შემდეგს - ტორესა მოსის წიგნების წაკითხვამ, კლუბში მოწყობილმა შეხვედრამ ახალი გამოცდილება შესძინა მათ, ბავშვების ღირებულებათა გადაფასებისა თუ ფორმირების პროცესში გარკვეული როლი შეასრულა.

     დასკვნა

     წიგნების კითხვა, ტექსტების გააზრება მოსწავლეების ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა, მთავარია, ეს ბავშვებმა თავად მოინდომონ და არ იკითხონ მოვალეობის მოხდის მიზნით. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ლიტერატურული  კლუბი  ,,წიგნიერი”.

    კლუბ ,,წიგნიერში” ჩატარებულმა სამივე ღონისძიებამ, რომლებიც მოსწავლეთა სურვილების, ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა და განხორციელდა, ხელი შეუწყო წაკითხული წიგნების უკეთ გააზრებას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეები დაფიქრდნენ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, ცხოვრებისეულ ფასეულობებზე, თავიანთ პასუხისმგებლობაზე,  რაც მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების წინაპირობაა.

     გამოყენებული ლიტერატურა:

    1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011-2016 წწ.;
    2. ნ. სუმბაძე, თაობები და ღირებულებები, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი, თბილისი, 2012;
    3. გ. გახელაძე, სამოქალაქო წიგნიერება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2013;
    4. როგორ ვასწავლოთ ღირებულებები სკოლაში, ,,მასწავლებელი”, 2009, N 2, 14;
    5. ქ. ნინიძე, თანამედროვე სამოქალაქო ფასეულობები ქართული ლიტერატურული გამოცდილების საფუძველზე, ,,მასწავლებელი”, 2011, N 2;
    6. თ. გაგოშიძე, წიგნიერების პრობლემა ბავშვებში, ,,ბ
    7. 2018.01.16
ნომერი
მსგავსი სტატიები