+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • ემოციურ ინტელექტს, დაჟინებულობასა და თვითრეგულაციის უნარს შორის ურთიერთკავშირების კვლევა იუნკრებში

  • ნ. გაბლიშვილი
  • საკვანძო სიტყვები: ემოციური ინტელექტი, თვითრეგულაცია, დაჟინებულობა, იუნკერი.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    მისამართი: თბილისი, მოსკოვის გამზირი, მე-5 კვარტალი, მე-10 კორპუსი, ბ-52.

  • რეზიუმე:

    წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მყოფ იუნკრებში ემოციური ინტელექტის, თვითრეგულაციისა და დაჟინებულობის ურთერთმიმართების კვლევა.

    კვლევაში მონაწილეობდა ჯამში 170 იუნკერი. აღმოჩნდა, რომ 20 და მეტი წლის ასაკის იუნკრებს თვითკონტროლის უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, 18-19 წლის  იუნკრებთან შედარებით. ასევე, უფროსი ასაკის იუნკრებს ზოგადი ემოციური ინტელექტის მაჩვენებლებიც უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, უმცროსასაკიანებთან შედარებით. ეს ყველაფერი ადასტურებს მოსაზრებას, რომ არაკოგნიტური კონსტრუქტები გავარჯიშებადია და დინამიკაში ვითარდება.

    ემოციური ინტელექტის ასპექტთან - კარგად ყოფნის განცდასთან (Well-being) სუსტ, მაგრამ დადებით კორელაციაში აღმოჩნდა მიზანდასახულობა (r=.207 p<0.01) და თვითრეგულაციის ხანმოკლე უნარი (r=.205 p<0.01), ხოლო ხანგრძლივი უნარი, კარგად ყოფნის გენერალიზირებულ განცდასთანაა შედარებით ძლიერ კავშირში (r=.445 p<.01)

    თვითრეგულაცია დადებით კავშირში აღმოჩნდა დაჟინებულობის და მიზანდასახულობის ნიშანთან, როგორც ხანმოკლე (r=.476 p<0.01), ასევე გრძელვადიან (r=.507 p<.01) პერსპექტივაში.

    Resume

    The aim of this study is to explore the relationship between emotional intelligence, self-regulation and persistence of cadets at the National Defense Academy.

     In total 170 cadets participated in the study. It was found, that 20-years old cadets and beyond have higher rates of self-control than the cadets age of 18-19. Also, the level of general emotional intelligence of the elder cadets is higher compared to the  younger adults. All above-mentioned confirms, that non-cognitive frames are trainable and develops dynamically.

    In terms of emotional intelligence, the well-being was found to be in a weak but in  a positive correlation with grit (r = .207 p <0.01) and short-term self-regulation (r = .205 p <0.01), as for the long-term skill, it was associated with a general feeling of well-being. Is relatively strong (r = .445 p <.01)

    Self-regulation was found to be positively correlated with grit, both, in a short- (r = .476 p <0.01) and long -term perspective (r = .507 p <.01).

    Keywords: Emotional Intelligence, Self-Regulation, Persistence,  cadet.

  • შესავალი

    საქართველოში, საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, სამხედრო ფსიქოლოგიის სფეროში არსებული კვლევები ძალიან მწირია. ამ დარგის განვითარება კი თანამედროვე გამოწვევების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    ეროვნული თავდაცვის აკადემია (ეთა) არის ერთადერთი სამხედრო სასწავლებელი საქართველოში. აკადემიის საბაკალავრო პროგრამების ოთხივე კურსზე, ჯამში 200-ზე მეტი იუნკერი სწავლობს.

    ეთა-ში არსებული სოციალური გარემო და პირობები, რომელშიც უწევთ სწავლა მომავალ ოფიცრებს, საკმაოდ სპეციფიკურ მოთხოვნებს უყენებს მათ. ამ მოთხოვნებს შორის ერთ–ერთი წამყვანია ადაპტაცია არსებულ მკაცრ რეჟიმთან და იმ ჩვევების შემუშავება, რომელთა გარეშე შეუძლებელია წარმატებული ფუნქციონირება არჩეულ სფეროში. შესაბამისად, ჩნდება საჭიროება, შესწავლილ იქნას ადამიანის ის შინაგანი რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს ამ ამოცანების რეალიზებას.

    წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს სამხედრო სასწავლებლის იუნკრების მაგალითზე ემოციურ ინტელექტს, დაჟინებულობა–მიზანდასახულობასა და თვითრეგულაციის უნარს შორის ურთიერთკავშირების, აგრეთვე, სწავლების სხვადასხვა კურსთან მიმართებაში თვითრეგულაციისა და მიზანდასახულობის დინამიკის  შესწავლა.

    ნაშრომში თავდაპირველად მიმოხილულია ემოციური ინტელექტის, დაჟინებულობა - მიზანდასახულობისა და თვითრეგულაციის კონსტრუქტები. მეორე ნაწილი ეძღვნება კვლევით კომპონენტს, სადაც აღწერილია კვლევის ინსტრუმენტები, პროცედურები და მიღებული შედეგები. დასასრულს კი წარმოდგენილია დასკვნები და ის შესაძლო შეზღუდვები, რასაც შეეძლო გავლენის მოხდენა კვლევის შედეგებზე.

     

    ემოციური ინტელექტი - ცნება “ემოციური ინტელექტი”, რომლის გაგებაც თანამედროვეობაში არსებობს, შემოდის 1990 წელს, როდესაც სალოვეიმ და მაიერმა განსაზღვრეს და შექმნეს ამ კონსტრუქტის მოდელი, როგორც “საკუთარი და სხვისი ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვის და რეგულირების უნარი” (Mayer, J.D., & Salovey, P. 1997).

    ემოციური ინტელექტის მიმართ სხვადასხვა მიდგომების არსებობის პირობებში, ბოლო პერიოდში, აქტიურად ტარდება ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის გაგების კვლევები. ამ მიმართულებით კვლევებისას ემოციურ ინტელექტს განიხილავენ როგორც „ემოციებთან დაკავშირებულ თვითპერცეპციების ერთობლიობას, რომელიც პიროვნული იერარქიის ქვედა დონეზე მდებარეობს“. კონსტრუქტის ალტერნატიულ სახელწოდებად ავტორები გვთავაზობენ ტერმინს: „ემოციური თვითეფექტურობა, როგორც პიროვნული ნიშანი“. ეს განმარტება ხაზს უსვამს ქცევით დისპოზიციებს და უნარების თვითაღქმას, რომელიც თვითანგარიშის ტიპის კითხვარით შეიძლება გაიზომოს, განსხვავებით ემოციური ინტელექტის, როგორც უნარის, მოდელისგან, რომლის შესაფასებელი ინსტრუმენტი შესრულებაზე დაფუძნებულ ტესტს წარმოადგენს (ისევე, როგორც ეს კოგნიტური ინტელექტის შემთხვევაშია) (Petrides & Furnham, 2000; მარწყვიშვილი 2010).

    ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის კონცეპტი მოიცავს 4 ძირითად ფაქტორს და 15 ცალკეულ სფეროს:

    ა) კარგად ყოფნა (Well being) - სადაც მოიაზრება ოპტიმიზმი, როგორც პოზიტიური და იმედიანი განწყობა მომავლის მიმართ; თვითშეფასება, როგორც ადეკვატური აღნიშვნა საკუთარი წარმატებისა და საკუთარ თავში დარწმუნებულობა; ბედნიერება, როგორც პოზიტიური განწყობა ამჟამინდელ ცხოვრებასთან დაკავშირებით და არა მომვლის მიმართ (როგორც ეს არის ოპტიმიზმის შემთხვევაში).

    ბ) თვითკონტროლი - იგულისხმება გადაწყვეტილებების უფრო მეტად რაციონალურად მიღება და იმ სურვილებსა და ცდუნებებთან გამკლავება, რომელიც იწვევს სტრესს და გვიმცირებს სასურველ მომავალში მოხვედრის შანსს. დაბალ იმპულსურობასთან ერთად, აქ მოიაზრება ემოციების კონტროლი და სტრესის მართვა.

    გ) ემოციურობა - ეს არის კატეგორია, რომელიც მოიცავს საკუთარი და სხვისი ემოციების აღქმასა და გამოხატვას. მრავალფეროვანი ემოციური უნარების ფლობა გამოიხატება მჭიდრო სოციალური ურთიერთობების დამყარებაში, ემპათიაში (სხვის ტყავში შეძრომა).

    დ) სოციალურობა - სოციალური ურთიერთობების და სოციალური გავლენების უნარი, რაშიც ერთიანდება:

    • მოციების მართვა - ადამიანთა გრძნობებზე გავლენის მოხდენა;
    • ასერტულობა - პირდაპირობის, გულწრფელობის და საკუთარი უფლებების, მოსაზრებების და შეხედულებების დაცვა;
    • სოციალური ცნობიერება - სოციალური ურთიერთობების უნარი .

    გარდა ამისა, ემოციური ინტელექტი, როგორც პიროვნული ნიშანი მოიცავს ორ სფეროს.

    • ადაპტაცია - ახალ გარემო პირობებთან შეგუება და მორგება.
    • მოტივაცია - არახელსაყრელი გარემო პირობების მიუხედავად მიზანმიმართული შრომის უნარი.

    მიზანდასახულობა - დაჟინებულობის კონსტრუქტი - ტერმინი Grit, Gritty (დაჟინებულობა, დაჟინებული) სხვადასხვა სინონიმური მნიშვნელობის მატარებელია, მაგალითად: სიმამაცე (courage, bravery), ვნება (passion), შეუპოვრობა, უშიშრობა (fearlessness), მიზანდასახული (purposive). მოცემული კონსტრუქტი, რომელსაც განმარტავენ როგორც სწრაფვას და დაჟინებულობას გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, შემოტანილი იყო იმის ასახსნელად, თუ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, მაქსიმალურად გაზარდოს თავისი პოტენციალი  (Duckworth, Peterson, Matthews & Kelly, 2007).

    დაჟინებულობა იერარქიული დისპოზიციაა, რომელიც ორი ძირითადი ფაქტორისგან შედგება: დაჟინებულობა ძალისხმევაში და  ინტერესების შეთანხმებულობა. დაჟინებულობა ძალისხმევაში გულისხმობს სიძნელეების  გულმოდგინე გადალახვას რთული მიზნების მიღწევისას, ხოლო  ინტერესების შეთანხმებულობა ხაზს უსვამს დაჟინებულ ორიენტაციას მიზნებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში (Duckworth & Quinn, 2009). მიზანდასახულობა–დაჟინებულობის კონსტრუქტი დადებით კავშირშია ადამიანის იმგვარ მნიშვნელოვან საადაპტაციო მექანიზმებთან, როგორებიცაა ზოგადი თვითეფექტურობა, სამუშაოთი კმაყოფილება, კარიერისკენ სწრაფვა, დადებითი აფექტები (Credé et al., 2017). აგრეთვე, მიიჩნევა, რომ დაჟინებულობა ძალზე მგრძნობიარეა სასკოლო ჩარევებისადმი, რაც ხელს უწყობს სტუდენტების წარმატებებს  (Kirchgasler, 2018; Shechtman, DeBarger, Dornsife, Rosier, & Yarnall, 2013). აღსანიშნავია, რომ კვლევათა უმრავლესობა ამ კონსტრუქტის გამოყენებით ჩატარებული იყო  მოსწავლეებთან ან სტუდენტებთან (N. Clark, Kelly & K. Malecki, Christine 2019).

    თვითრეგულაცია - ეს არის შესაძლებლობა საჭიროებისამებრ გაააქტიურო, გაუწიო მონიტორინგი, დათრგუნო, ისწრაფვო ან/და მოახდინო ქცევის, ყურადღების, ემოციების და კოგნიტური სტრატეგიების მორგება გარემოდან მომდინარე სტიმულსა თუ უკუკავშირზე იმის პასუხად, რომ სცადო, მიაღწიო პიროვნულად მნიშვნელოვან მიზნებს (Moilanen 2007).

    განასხვავებენ მოკლე და გრძელვადიან თვითრეგულირებას. მაგალითად, ბავშვებს შეუძლიათ მხოლოდ მოკლევადიანი მიზნებისთვის თვითრეგულირების განხორციელება მაშინ, როდესაც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება თვითრეგულირების განხორციელების ტენდენცია გრძელვადიან მიზნებთან მიმართებით (Moilanen 2007).

     

    კვლევის ინსტრუმენტები

    კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა TEIQue-SF ემოციური ინტელექტის, როგორც ნიშნის საკვლევი კითხვარი, იგი წარმოადგენს  Trait Emotional Intelligence Questionnaire (Petrides, 2009) შემოკლებულ ვარიანტს. TEIQue-SF მოიცავს 30 დებულებას, ზომავს ასევე 15 ასპექტს და თითოეული მათგანი წარმოდგენილია  2 კითხვით. კითხვარი აფასებს 4 ფაქტორს და იძლევა ემოციური ინტელექტის ჯამურ მაჩვენებელს (მარწყვიშვილი - 2010).

    Grit-ის, ე.წ. დაჟინებულობის საკვლევი კითხვარი (Duckworth, A.L., 2007)  შედგება 12 კითხვისგან. დებულებები ფორმულირებულია მტკიცებით ფორმატში. პასუხების შესაფასებლად გამოიყენება ლაიკერტის ტიპის 5 საფეხურიანი სკალა, სადაც: 1 ნიშნავს,  საერთოდ არ მახასიათებს; ხოლო 5 - ძალიან მახასიათებს.

    თვითრეგულირების საზომი ინსტრუმენტი (Moilanen, 2007) შედგება 27 დებულებისგან, რომელზეც რესპონდენტები ლაიკერტის 5 ქულიან სკალაზე აფასებენ საკუთარ პასუხებს, სადაც 1 ნიშნავს „აბსოლუტურად არასწორია“ და 5 – „აბსოლუტურად სწორია.“ ინსტრუმენტი ორი სუბსკალისგან შედგება, ერთი თვითრეგულირების უნარს აფასებს  მოკლევადიან მიზნებთან მიმართებით, ხოლო მეორე -  გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებით.

     

    კვლევითი ნაწილი

    კვლევაში მონაწილეობა მიიღო 170 იუნკერმა. მათ შორის 157 მამრობითი (92,4%), ხოლო 13 მდედრობითი სქესის (7,6%) რესპონდენტმა.

    ცხრილი N2

    კურსი

    რაოდენობა

    პროცენტული მაჩვენებელი

    1

    60

    35,3%

    2

    42

    24,7%

    3

    68

    40%

    ჯამი

    170

    100%

    სკალების სანდოობის შემოწმების მიზნით, განისაზღვრა შინაგანი შეთანხმებულობის მაჩვენებელი - კრონბახის ალფა. გასათვალისწინებელია, რომ სკალის სანდოობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შერჩევის თავისებურებებსა და თავად საკვლევ ინსტრუმენტში შემავალი დებულებების რაოდენობაზე. მიღებულმა შედეგებმა, როგორც ცხრილშია (N2) გამოსახული, აჩვენა, რომ ძლიერი შინაგანი შეთანხმებულობის მაჩვენებელი გამოვლინდა დაჟინებულობისა (α=.836) და ზოგადი ემოციური ინტელექტის (α=.711) სკალებისთვის; თუმცა, აქვე აღსანიშნია, რომ ემოციური ინტელექტის ცალკეული სუბსკალებისთვის, რომელიც მის 4 ძირითად ფაქტორს აფასებს, შინაგანი შეთანხმებულობის მაჩვენებლები სუსტი და არასანდო აღმოჩნდა.

     საკამოდ მაღალი შინაგანი შეთანხმებულობა გამოვლინდა მოკლევადიან (α=.628) და გრძელვადიან თვითრეგულაციის (α=.507) სკალებისთვის.

     

    ცხრილი N3

     

    ემოციური ინტელექტის ფაქტორები

    სკალები

    Global_tei

    Grit

    Short_term

    Long_term

    Emotionality

    Wellbeing

    Self_control

    Sociability

    კრონბახის ალფა (α)

    .711

    .836

    .628

    .507

    .263

    .236

    -.106

    .203

     

     

    ჯგუფებს შორის განსხვავებები ძირითადი ცვლადების მიხედვით

    კვლევის მონაწილეთა ასაკობრივ ჯგუფებს შორის  ძირითადი საკვლევი მახასიათებლების მიხედვით  განსხვავებების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა ორი დამოუკიდებელი შერჩევის T-ტესტი. ანალიზმა უჩვენა, რომ 20 და მეტი წლის ასაკის სტუდენტებს (M=31,63 SD=28,8)  თვითკონტროლის უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, 18-19 წლის   (M=24,87 SD=12,2) სტუდენტებთან შედარებით (T(130,9)=-2.058,p=.042) .

    ასევე, უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის სტუდენტებისგან განსხვავებით, 20 და მეტი წლის რესპონდენტებს ემოციონალურობის (ზოგადი ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი ფაქტორი) უფრო მაღალი მაჩვენებელი ახასიათებთ და მოცემული სხვაობა სტატისტიკურად სანდოა  (t(155,45)=-2.095 p=.038).

    უფროსი ასაკის იუნკრებს (M=155.98 SD=98,2) ზოგადი ემოციური ინტელექტის მაჩვენებლებიც უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, უმცროს ასაკიანებთან (M=133,9 SD=26,4)  შედარებით (T(109.3)=.-2.1, p=.039).

    მესამეკურსელებს უფრო მაღალი  მაჩვენებელი აქვთ ემოციურობის (M 41.04 წინააღმდეგ   31.8–ისა, Sig.0.017), თვითკონტროლის (M 35,2  წინააღმდეგ   23.5–ისა, Sig.0.005)  და მთლიანი ემოციური ინტელექტის ( M 163,3  წინააღმდეგ   131.1–ისა, Sig.0.025 ) მაჩვენებლებში.

    ცალმხრივმა ვარიაციულმა (განსხვავებების) ანალიზმა (ANOVA) აჩვენა, რომ თვითკონტროლის მიხედვით პირველკურსელები (საშუალო მაჩვენებელი 24.8) ისევე, როგორც მეორე კურსელები (საშუალო მაჩვენებელი 23.58), სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე განსხვავდებიან მესამე კურსელებისგან (საშუალო მაჩვენებელი 35.2), p < 0.05. პირველ და მეორეკურსელებს შორის კი  განსხვავება, ამ მხრივ, არ იკვეთება. ასევე, მესამეკურსელი სტუდენტები ემოციონალურობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან (საშუალო მაჩვენებელი 34,1), ვიდრე პირველკურსელები (საშუალო მაჩვენებელი 31,7), p<.05, ხოლო მეორე და მესამეკურსელ იუნკრებს შორის სხვაობა ამ კუთხით არ გამოვლენილა.

    კორელაციურმა ანალიზმა (პირსონის პროდუქტ-მომენტის კორელაციის კოეფიციენტის  (r)) აჩვენა, ვისაც  ემოციური ინტელექტის მაღალი საერთო მაჩვენებელი აქვთ, ასევე ავლენენ ემოციურობის, საკუთარი და სხვისი მრავალფეროვანი აფექტების გაგებისა და გამოხატვის უნარის მაღალ დონეს (r=.692 p<.01), უფრო მეტად სოციალურები არიან (r=.581 p<.01) და აქვთ თვითკონტროლის მაღალი დონე, რაც გამოიხატება ცდუნებებთან გამკლავების, დაწყებული მოქმედების შენარჩუნების უნარში (r=.563 p<.01).

    ემოციური ინტელექტის ცალკეულ ფაქტორებს შორის მიმართებების  ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა მათგანი  დადებითად კორელირებს ერთმანეთთან (იხ ცხრილი N5). გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ერთი ფაქტორი – კარგადყოფნის განცდა, რომელიც ემოციური ინტელექტის მხოლოდ ზოგად მაჩვენებელთანაა კავშირში.

    ცხრილი N5

     

    ემოციურობა

    თვითკონტროლი

    სოციალურობა

    ემოციურობა

    --------

    r= .207

    r=.224

    თვითკონტროლი

    r=.270

    ---------

    r=.225

    სოციალურობა

    r=.224

    r=.225

    ------

    შედეგები სანდოა p<.01 დონეზე.

     

    ძირითად ცვლადებთან მიმართებით გამოვლინდა შემდეგი სურათი:

    როგორც ხანმოკლე (r=.476 p<0.01), ისე გრძელვადიანი (r=.507 p<.01) თვითრეგულაცია საშუალოზე მაღალი დონის დადებით კავშირში აღმოჩნდა მიზანდასახულობის მაჩვენებელთან.

    მიზანდასახულობა სუსტ დადებით კავშირში აღმოჩნდა ემოციური ინტელექტის ერთ-ერთ ფაქტორთან - კარგადყოფნის განცდასთან (r=.207 p<0.01).

    კარგადყოფნის განცდასთან, ასევე, დადებითად კორელირებს მეორე ცვლადის თვითრეგულირების ორივე სკალა – როგორც ხანმოკლე (r=.205, p<0.01), ასევე გრძელვადიანი (r=.445, p<.01) რეგულირების უნარი.

    ემოციური ინტელექტის ზოგადი მაჩვენებელი  დადებით, თუმცა, სუსტ კავშირშია გრძელვადიანი თვითრეგულაციის უნართან (r=.170 p<.05), რაც მიანიშნებს გარკვეული ტენდენციის არსებობაზე, რომ მათ, ვისაც  ემოციური ინტელექტის მაღალი მაჩვენებლები აქვთ, ავლენენ ხანგრძლივი მოქმედების ჭრილში მოქნილი სტრატეგიების გამოყენების, მოქმედების დარეგულირებისა და აქტივობის  შენარჩუნების კარგ უნარს.

    დასკვნები

    ქართველ იუნკრებში თვითრეგულაცია დადებით კავშირში აღმოჩნდა დაჟინებულობის და მიზანდასახულობის მაჩვენებელთან, როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება ემოციური ინტელექტის მაჩვენებელიც, ანუ არაკოგნიტური კონსტრუქტები გავარჯიშებადია და დინამიკაში ვითარდება.

    შეფასებულ თვითრეგულაციასა და მიზანდასახულობას შორის ურთიერთმიმართება დადებითია. მიზანდასახულობასა და თვითრეგულაციის განსხვავებაზე კურსების მიხედვით რაიმე განსხვავება არ დაფიქსირებულა.

     

    კვლევის ლიმიტები

    უპირველესი შეზღუდვა თავად კითხვარის ფორმატს შეეხება. სამივე კითხვარი  თვითანგარიშზე დაფუძნებული გახლდათ, ასეთი ტიპის კითხვარების შეზღუდულობის ხასიათი კი საყოველთაოდაა ცნობილი (მაგ.: Lucas & Baird, 2006; Paulhus, 1991).

    კვლევის მონაწილეებთან შეხვედრის ორგანიზება მოხდა კურსის უფროსების მიერ. შესაბამისად მათი მონაწილეობა კვლევაში არ იყო ნებაყოფლობითი. გარდა ამისა, კითხვარების ადმინისტრირებისას აუდიტორიაში იმყოფებოდნენ ზემდგომები (სერჟანტები), რაც ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეზღუდვად შეიძლება იქნას მიჩნეული.

    ვინაიდან კვლევის მონაწილეთა მთელი დღე საკმაოდ მჭიდროდაა დაგეგმილი, ტესტირება გაიმართა საღამოს, ვახშმამდე და ვახშმის შემდეგ, რის გამოც სავარაუდოა, რომ მათ ფსიქო-ემოციურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენა მოეხდინა დაღლილობას.

    კვლევა ჩატარებულია მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფზე და არ იძლევა შედარების საშუალებას.

     

    მადლიერება: უღრმესი მადლობა ქალბატონ ლუიზა არუთინოვას, თსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, რომელიც მუდმივად  მხარს მიჭერდა და მხელმძღვანელობდა სტატიის წერისას.

    განსაკუთრებული მადლობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილებას. ასევე კურსის მეთაურებსა და სერჟანტებს, რომელთა დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ მონაცემების შეგროვება. დაბოლოს, იმ იუნკრებს, რომელთაც დრო დამითმეს და  შეავსეს ტესტები.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    Credé, M., Tynan, M. C., & Harms, P. D. (2017). Much ado about grit: A meta-analytic synthesis of the grit literature. Journal of Personality and Social Psychology, 113(3), 492-511.

    Duckworth, A. L., Peterson, C., Matthews, M. D., & Kelly, D. R. (2007). Grit: Perseverance and passion for long-term goals. Journal of Personality and Social Psychology, 92(6), 1087–1101.

    Duckworth, Angela & Quinn, Patrick. (2009). Development and validation of the Short Grit Scale (GRIT-S). Journal of personality assessment. 91. 166-74. 10.1080/00223890802634290.

    Goleman, D. (1995). Emotional intelligence: why it matters more than IQ. New York: Bantam Books

    Lucas, R. E., & Baird, B. M. (2006). Global self-assessment. In M. Eid & E. Diener (Eds.), Handbook of multimethod measurement in psychology (pp. 29 – 42). Washington, DC: American Psychological Association

    Mayer, J. D. & Salovey, P. (1997). What is emotional intelligence? In P. Salovey & D. Sluyter (Eds). Emotional Development and Emotional Intelligence: Implications for Educators (pp. 3-31). New York: Basic Books.

    Mayer, J.D. & Salovey, P. (1997). What is emotional intelligence? In P. Salovey & D. Sluyter (eds.): Emotional development and emotional intelligence: educational applications (pp. 3-31). New York: Basic Books.

    Moilanen, Kristin. (2007). The Adolescent Self-Regulatory Inventory: The Development and Validation of a Questionnaire of Short-Term and Long-Term Self-Regulation. J Youth Adolesc. 36. 835-848. 10.1007/s10964-006-9107-9

    1. Clark, Kelly & K. Malecki, Christine. (2019). Academic Grit Scale: Psychometric properties and associations with achievement and life satisfaction. Journal of School Psychology. 72. 49-66. 10.1016/j.jsp.2018.12.001.

    Nicole Shechtman, Angela H. DeBarger, Carolyn Dornsife, Soren Rosier, Louise Yarnall, (2013), Promoting Grit, Tenacity, and Perseverance: Critical Factors for Success in the 21st Century, U.S. Department of Education Office of Educational Technology, Center for Technology in Learning SRI International

    Paulhus, D. L. (1991). Measurement and control of response bias. In J. P. Robinson, & P. R. Shaver (Eds.), Measures of personality and social psychological attitudes (Vol. 1; pp. 17–59). San Diego, CA: Academic Press.

    Petrides, K. V. (2009). Technical manual for the Trait Emotional Intelligence Questionnaires (TEIQue). London: London Psychometric Laboratory.

    Petrides, K. V., & Furnham, A. (2000). On the dimensional structure of emotional intelligence. Personality and Individual Differences, 29, 313–320.

    V Petrides, K & Furnham, Adrian. (2001). Trait emotional intelligence: Psychometric Investigation with reference to established trait taxonomies. European Journal of Personality. 15. 425 - 448. 10.1002/per.416.

    მარწყვიშვილი ხათუნა (2010). ემოციური ინტელექტის, დაძლევის სტრატეგიების და პოსტტრავმული სტრესის ურთიერთმიმართება (2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი პირების მაგალითზე), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

  • 2020.05.13
ნომერი
მსგავსი სტატიები