+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • ვის ვესაუბრებით? -აუდიტორიის შესწავლის მექანიზმები

  • ნატო ასათიანი
  • აუდიტორიის შესწავლა, დემოგრაფიული სურათი, ფსიქოგრაფიული მონაცემები, საჯარო გამოსვლა.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    ნატა ასათიანი – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი;

  • რეზიუმე:

    ნებისმიერი კომუნიკაციის წარმატების მთავარი წინაპირობაა, ვიცოდეთ ვის ვესაუბრებით და სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავაგოთ ჩვენი სათქმელი. ამგვარი მიდგომით მარტივდება ყველაფერი - სწავლა-სწავლების პროცესით დაწყებული, ბიზნეს-ურთიერთობებით დამთავრებული.

    სტატია პასუხობს შემდეგ კვლევით კითხვას: როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი სათქმელი აუდიტორიას. ამასთან, გვიჩვენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი, კარგად გავაანალიზოთ ჩვენი აუდიტორიის მახასიათებლები, როგორ უნდა მოვახდინოთ აუდიტორიაზე ფოკუსირება და  როგორ შევაგროვოთ დემოგრაფიული თუ ფსიქოგრაფიული მონაცემები, რათა შევძლოთ ჩვენი სათქმელის ადრესატამდე მიტანა.  კვლევის მეთოდად გამოყენებულია სამაგიდე კვლევა, რომლის საშუალებითაც შეჯერებულია მსოფლიო პრაქტიკა და ავტორის პირადი გამოცდილება. სტატიის ბოლოს თავმოყრილია რეკომენდაციები, რომელიც გაუადვილებს მკითხველს საჯარო გამოსვლისთვის მზადების პროცესს.

    The key to every communication’s success is knowing who the audience is. Only according to this information, we should develop our speech. This approach makes the whole process much more manageable - from teaching to learning and business communication.

    The article shows that vitally important is to analyze the specifications of the audience. It shows how should we be much more focused on the audience, and how to collect demographic and psychographic data. 

     

  • შესავალი

    რომანში „დიდოსტატის მარჯვენა“ კონსტანტინე გამსახურდია გვიამბობს, თუ როგორ გადაიცვამდა გიორგი I მდაბიოს სამოსელს, წვერს ინით შეიღებავდა და გლახუნა ავშანისძედ გარდასახული გადიოდა ხალხში, რათა გაეგო, თუ რა წარმოდგენები არსებობდა მასზე საზოგადოებაში. ისტორიული წყაროების თანახმად, იმავეს აკეთებდა დემეტრე თავდადებულიც. ეს არის ყველაზე კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტი ინფორმაციის მოპოვებას ჩვენი სამიზნე აუდიტორიის შესახებ: ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი დემოგრაფიული თუ ფსიქოემოციური მდგომარეობის თავისებურებები, გვქონდეს ინფორმაცია მათი ღირებულებების, ფასეულობების თუ განწყობების შესახებ, რაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია, არათუ ავხსნათ მათი ქცევა, არამედ ვიწინასწარმეტყველოთ კიდეც.

    სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიკვლიოთ ის გზები, რომელიც დაგვეხმარება აუდიტორიის გაანალიზებაში.  უნდა ვიცოდეთ, როგორ  მოვახდინოთ აუდიტორიაზე ფოკუსირება და როგორ შევაგროვოთ როგორც დემოგრაფიული, ისე ფსიქოგრაფიული მონაცემები.  მკვლევრები სტივენ ლუკასი და ჯორჯ გრაისი გვთავაზობენ წარმატებული სპიკერის აღწერას (Lucas, 2020) (Grice, 2010). მათზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  კარგი სპიკერი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს აუდიტორიის მახასიათებლებს და იმას, თუ რისი მოსმენა სურს აუდიტორიას. მან ყოველთვის უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს ინფორმაცია აუდიტორიის წევრებს, რაზე გააკეთოს აქცენტი მათში სასურველი რეაქციის გამოსაწვევად. ცხადია, აუდიტორიაზე ორიენტირება არ გულისხმობს ჩვენი პოზიციის დავიწყებას ან ღირებულებებისა თუ ფასეულობების უგულებელყოფას. ეს გულისხმობს მხოლოდ შესაბამისი ენის გამოყენებას და სათქმელის იმგვარად აქცენტირებას, რომ კონკრეტულად ამ აუდიტორიისთვის იყოს გასაგები.

    სამაგიდო კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებელია, გავაანალიზოთ,  თუ ვინ იქნებიან ჩვენი აუდიტორიის წევრები, რათა ჩვენი გზავნილები სწორედ მათ მოვარგოთ. ამიტომ, სტივენ ლუკასი გვთავაზობს პრეზენტაციის მომზადებისას მომდევნო 3 კითხვაზე გავცეთ პასუხი (Lucas, 2020):

    გავაცნობიეროთ, ვის ვესაუბრებით?

    რა გვსურს, რომ მათ გავაგებინოთ?

    როგორ გავაკეთოთ ეს?

    ეს სამი კითხვა არ უნდა დაგვავიწყდეს,  როცა პრეზენტაციის გეგმაზე ვმუშაობთ და ზოგად თუ კონკრეტულ მიზანს ვაყალიბებთ. შესაბამისად, როცა საჯარო გამოსვლას ვაგებთ, ყველა ეტაპზე უნდა ვითვალისწინებდეთ ჩვენი მსმენელების ცოდნის დონეს, განწყობებსა და დამოკიდებულებებს.

    როგორ უნდა შევისწავლოთ აუდიტორია?

    ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ აუდიტორიაზე ორიენტირება ისედაც ცხადია და ამას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, თუმცა რეალურ ცხოვრებაში, ალბათ, თქვენც გაიხსენებთ არაერთ საჯარო გამომსვლელს, რომლებიც აცდენილნი იყვნენ აუდიტორიას და თქვენი პრეზენტაციაზე დასწრებაც წყალში გადაყრილ დროდ მოგჩვენებიათ.

    აუდიტორიის გაანალიზება დემოგრაფიულად, ფსიქოგრაფიულად და სიტუაციურად

    სხვადასხვა მიდგომა განსხვავებულად აღწერს აუდიტორიის შესწავლის საფეხურებს. თუმცა, ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვლევრები ჯერდებიან რომ,  ერთი საჯარო გამოსვლისთვის აუდიტორიის გაანალიზება რამდენჯერმეა აუცილებელი  (Lucas, 2020):

    პირველი _ როცა ვემზადებით საჯარო გამოსვლისთვის;

    მეორე _ როცა უშუალოდ მიმდინარეობს ჩვენი სიტყვით გამოსვლა.

    მესამე _ როცა დასრულდება პრეზენტაცია და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება გვიწევს.

    ყველა კვლევა ადასტურებს, რომ საჯარო გამოსვლა შეიცავს ორ გზავნილს: ერთს, რომელსაც გზავნის სპიკერი, და მეორეს, რომელსაც აუდიტორიის წევრი იღებს. ინფორმაცია, რომელსაც აუდიტორიის წევრი იღებს, იფილტრება მის გონებაში და მიღებულ ინფორმაციას თავის  განწყობებს, დამოკიდებულებებსა და მოლოდინებს მიუსადაგებს. ამასთან, თუ აუდიტორიის წევრების ფსიქოლოგიას შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ ისინი ეგოცენტრიზმით გამოირჩევიან და მხოლოდ იმის მოსმენა სურთ, რაც მათ პირადად ეხება. სწორედ ამიტომ, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, საჯარო გამოსვლის წარმატების გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორიის წევრებს მიწოდებული ინფორმაციის სარგებლიანობა გავაგებინოთ და თან ეს თხრობის დასაწყისშივე გავაკეთოთ. ინფორმაციის სარგებლიანობის დონის განსაზღვრისთვის  აუცილებელია აუდიტორიის წევრების სხვადასხვა თვალსაზრისით შესწავლა:

    აუდიტორიის დემოგრაფიული ანალიზი

    ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გავაანალიზოთ აუდიტორიის წევრები, მათზე სხვადასხვა მონაცემის შეგროვებაა: ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების და ა.შ.. ეს ის მახასიათებლებია, რომელთაც ჩვენ დემოგრაფიულ მონაცემებს ვუწოდებთ, თუმცა მათი მოპოვების შემდეგ სტერეოტიპების ტყვეობაში არ უნდა მოვექცეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ აუდიტორიის წევრებს ყოველ ჯერზე ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, რადგან ისეთ ობიექტურ მოცემულობას, როგორიც დემოგრაფიული ინფორმაციაა, ყოველთვის ახლავს სიტუაციური მახასიათებლები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ აუდიტორიის წევრებზე. სხვადასხვა სიტუაციამ შეიძლება სულ სხვაგვარი ქცევა გამოიწვიოს ერთი და იმავე ასაკის თუ სქესის ადამიანებში.

    დემოგრაფიული მონაცემებიდან ასაკს ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა. სტივენ ლუკასი გვახსენებს არისტოტელეს სიტყვებს, რომლის თანახმადაც, ისე არაფერი ცვლის ადამიანის დამოკიდებულებებსა და წარმოდგენებს, როგორც მისი ასაკი (Lucas, 2020). შესაბამისად, ყველა თაობას აქვს თავისი კონკრეტული მახასიათებლები, რომელთა განზოგადებაც გვაწვდის ინფორმაციას ამ ჯგუფის შესახებ. ამიტომ, როცა საჯარო გამოსვლაზე ვმუშაობთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელი თაობის წარმომადგენლებს ვესაუბრებით, რადგან მაგალითები, რომლებიც ჩვენი თემის გასამყარებლად გვსურს გამოვიყენოთ, სხვადასხვა ასაკის აუდიტორიისთვის ყოველთვის უნდა განსხვავდებოდეს. 

    აუდიტორიაში შესვლისას უნდა გვახსოვდეს, რომ დღესდღეობით აუდიტორია ძალიან მგრძნობიარეა გენდერულ და იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ ადრე ამაზე ხუმრობა მხოლოდ ხუმრობად აღიქმებოდა, დღეს ერთმა უტაქტო განცხადებამ შეიძლება დიდი სკანდალი გამოიწვიოს და სპიკერის კარიერაც დაასრულოს.

    ამრიგად, დემოგრაფიულ მახასიათებლებში იგულისხმება ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ადამიანის ასაკი, სქესი, ეთნიკური კუთვნილება, განათლება, რელიგიური მრწამსი, ეკონომიკური მდგომარეობა და სხვადასხვა ჯგუფთან კავშირი.

     

    აუდიტორიის ფსიქოგრაფიული ანალიზი

    აუდიტორიის ანალიზისთვის კარგი საშუალებაა ე.წ. ფსიქოგრაფიული მონაცემების შეგროვება. ეს მახასიათებლები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს აუდიტორიის წევრების გონება: რას ფიქრობენ და განიცდიან, რა განაპირობებს მათ ამა თუ იმ ქცევას. ღირებულებითი სისტემის გაანალიზებას დიდი მნიშვნელობა აქვს (Lucas, 2020).  მას ეფუძნება ჩვენი წარმოდგენები, განწყობები და საბოლოოდ, ქცევა. ცხადია, ქცევა ერთადერთი მოცემულობაა, რომელზეც დაკვირვება შეგვიძლია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქცევის უკან ყოველთვის დგას ფასეულობები და ღირებულებები, რაც აუდიტორიის შესწავლისას არ უნდა გამოგვრჩეს.

     

    აუდიტორიის სიტუაციური ანალიზი

    კიდევ ერთი ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ აუდიტორიის შესწავლისას, არის სიტუაციის ანალიზი, ანუ აუდიტორიის ზომის და საზოგადოდ, იმ გარემოს შეფასება, სადაც მოგვიწევს საჯაროდ საუბარი.

    ძალზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რამხელა აუდიტორიას ვესაუბრებით  - 20, 30 თუ 100 კაცისგან დაკომპლექტებულს; ჩვენი საჯარო გამოსვლა გადაიცემა სოციალურ ქსელებში, პირდაპირ ეთერში, თუ მხოლოდ ამ აუდიტორიის კედლებში რჩება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო დიდია აუდიტორია, მით უფრო ფორმალური და ოფიციალური უნდა იყოს ჩვენი საჯარო გამოსვლა და შესაბამისი ჩვენი მეტყველება, გარეგნობა, ჟესტები თუ სხვა მახასიათებლები.

    გარდა აუდიტორიის რიცხობრივი მაჩვენებლისა, აუცილებელია, გავაანალიზოთ შეხვედრის ფიზიკური მახასიათებლები _ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, დღის რომელ მონაკვეთსა და როგორ გარემოში მოგვიწევს სიტყვით გამოსვლა _ დილით ხდება შეხვედრა და პირველი ვართ, ვინც წარვდგებით აუდიტორიის წინაშე, თუ საღამოს იგეგმება და უკვე დაღლილ აუდიტორიასთან მოგვიწევს შეხვედრა; სათანადო სივრცე იქნება თუ სიმჭიდროვე, როგორი განათება იქნება აუდიტორიაში და სხვ. ეს თავისებურებები კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რადგან ჩვენი საჯარო გამოსვლა მათზე ბევრად არის დამოკიდებული.

    როგორ ვიღებთ აუდიტორიის შესახებ ინფორმაციას?

    როცა პოლიტიკურ პარტიებზეა საუბარი, ცხადია, მარტივია აუდიტორიის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რადგან ყველა პარტიას ჰყავს დაქირავებული კომპანია, რომელსაც სოციოლოგიურ კვლევას უკვეთს, რაც აუდიტორიის შესახებ დემოგრაფიულ ინფორმაციასაც მოიცავს.  მაგრამ საინტერესოა, რას ვაკეთებთ სპიკერები მაშინ, როცა კონკრეტულ ჯგუფთან გვიწევს საჯარო გამოსვლა? პირველი და მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ შეხვედრის ორგანიზატორს უნდა მოვთხოვოთ დეტალური ინფორმაცია აუდიტორიის წევრების შესახებ.

    ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მეთოდად მკვლევრები გვთავაზობენ აუდიტორიის წევრებთან მარტივი კითხვარის წინასწარ გაგზავნას. კითხვარი გვაძლევს ინფორმაციას ჩვენთვის საინტერესო საკითხზე აუდიტორიის ცოდნის დონისა და დამოკიდებულების შესახებ. თუმცა ეს ძალზე შრომატევადი საქმეა და შესაძლოა, ძალიან ბევრმა წევრმა არც დაგიბრუნოთ შევსებული კითხვარი. ამასთან, წერილებით კომუნიკაცია აუდიტორიის წევრებთან, რომლებთანაც ჯერ არ გქონიათ შეხვედრა, წარმოუდგენელია ქართულ რეალობაში, რადგან, როგორც წესი, უცხოსგან მიღებული წერილს არავინ გასცემს პასუხს. ამიტომ, როცა ახალ აუდიტორიასთან შეხვედრა მიწევს, შეხვედრის ორგანიზატორს ვწერ წერილს, სადაც ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას ვთხოვ, რაც მაქსიმალურ ინფორმაციას შემაგროვებინებს მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ. ეს კითხვებია: აუდიტორიის წევრების ასაკი, სქესი, განათლების საფეხური, დასაქმების მაჩვენებელი, შეხვედრის საათი და ხანგრძლივობა. აუდიტორიის მახასიათებლები: ნათელი თუ ბნელი ოთახი, პროექტორი თუ თეთრი დაფა და ა.შ. სწორედ ამ კითხვებზე წერილობით პასუხი არის ის გზამკვლევი, რომელსაც მე აქტიურად ვიყენებ, როცა აუდიტორიის შესწავლაზე მიდგება საქმე.

    მას შემდეგ, რაც მოვიპოვებთ ინფორმაციას აუდიტორიის წევრების შესახებ, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დგება _ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად მოვახდინოთ ჩვენი საჯარო გამოსვლის ადაპტირება. მნიშვნელოვანია არა მარტო ინფორმაციის მიღება აუდიტორიის წევრების შესახებ, არამედ ამ ინფორმაციის მაქსიმალურად სწორად გამოყენება. როცა გვეცოდინება ჩვენი აუდიტორიის დემოგრაფიული მახასიათებლები, მათი ცოდნის დონე საჯარო გამოსვლის თემის ირგვლივ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ საინტერესოდ პრეზენტაციის აგებას.

    გარდა იმისა, რომ საჯარო გამოსვლამდე ვაფასებთ აუდიტორიას და ვაანალიზებთ აუდიტორიის წევრების მახასიათებლებს, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო გამოსვლის დროსაც შევძლოთ აუდიტორიის გაანალიზება.

    საჯარო გამოსვლამდე აუდიტორიის წევრების გაანალიზება დაგვეხმარება განვსაზღვროთ, თუ რომელი თემა შევარჩიოთ საუბრისთვის, რა კუთხით მივაწოდოთ ეს თემა აუდიტორიის წევრებს, მაგრამ ანალიზი არ კმარა იმისათვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ საჯარო გამოსვლის წარმატებაში. უფრო მეტი ეფექტისთვის აუცილებელია საჯარო გამოსვლის მსვლელობის დროსაც გავაანალიზოთ აუდიტორიისგან არავერბალურად მიღებული ინფორმაცია. სპიკერის მიზანი უნდა იყოს აუდიტორიასთან ინტერაქცია და არა წინასწარ განსაზღვრული როლის თამაში. სწორედ ამიტომ, საჯაროდ საუბრისას ერთადერთი კითხვა, რაც თავში უნდა გვიტრიალებდეს, ასეთია: “აინტერესებს თუ არა აუდიტორიას ის, რაზეც მე ვსაუბრობ?“. სხეულის ენით (თვალებით კონტაქტი, სხეულის პოზა, გამომეტყველება) ჩვენ ვიღებთ არავერბალურ და ძალიან საჭირო ინფორმაციას აუდიტორიის წევრების და საზოგადოდ, საჯარო გამოსვლის მიმდინარეობის შესახებ, ამიტომ აუცილებლად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა გავაგრძელოთ თხრობა.

    დაბოლოს, რა ხდება მაშინ, როცა შევამჩნევთ, რომ აუდიტორიას არ აინტერესებს ჩვენი საჯარო გამოსვლა?

    შეგვიძლია გამოვიყენოთ ფრაზები, როგორიცაა: ”ძალზე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს“, “მეცნიერებმა დიდი აღმოჩენა გააკეთეს“... ამასთან, აუცილებელია უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ჟესტიკულაცია. თხრობის ტემპის თუ მანერის ცვლილება აუდიტორიის წევრებს გამოაფხიზლებს და მეტი ყურადღებით მოგვისმენენ.

    შეჯამების სახით კი, უნდა გვახსოვდეს, რომ აუდიტორიის ანალიზი საჭიროა საჯარო გამოსვლის შემდგომაც. ეს მომდევნო პრეზენტაციების დახვეწაში დაგვეხმარება. ეს უნდა იყოს ერთგვარი თვითრეფლექსია და ანალიზი - მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს, რა იყო ჩვენი გამოსვლის ყველაზე ძლიერი და სუსტი მხარე, რისი გამოსწორება შეგვიძლია შემდეგი საჯარო გამოსვლისთვის და ა.შ.

     

    რეკომენდაციები:

    ლიტერატურის მიმოხილვამ ცხადად გვაჩვენა, რომ ვერასდროს იქნება საჯარო გამოსვლა წარმატებული, თუ წინასწარ დეტალურად არ შევისწავლით აუდიტორიის წევრებს.  აუცილებელია, გვქონდეს ინფორმაცია აუდიტორიის წევრების ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილებისა თუ სხვა მახასიათებლების შესახებ, ისევე როგორც, სასურველია, გაანალიზებული გვქონდეს აუდიტორიის წევრების ფსიქოგრაფიული მონაცემებიც. მხოლოდ ამ ორი ტიპის ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა ავაგოთ პრეზენტაცია და ჩვენი ლექსიკაც უნდა იყოს ამ მოცემულობის შესაბამისი. თუმცა ჩვენ მიერ განხილულ მკვლევართა მთავარი რეკომენდაციები ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოვაგროვოთ აღნიშნული ინფორმაცია. ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს წინასწარ კითხვარის გაგზავნა აუდიტორიის წევრებთან და ამგვარად მათ შესახებ ინფორმაციის მიღება. მეორე გზაა, ორგანიზატორს გავუგზავნოთ კითხვარი, რომელიც მოგვცემს ინფორმაციას აუდიტორიის წევრების შესახებ.

    დაბოლოს, აუცილებელია თვითრეფლექსია და ანალიზი - დიდი დრო უნდა დავუთმოთ იმას, თუ რა მივიღეთ ამა თუ იმ საჯარო გამოსვლიდან, რამდენად გვაქვს განცდა, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს. უნდა გავაკეთოთ ჩვენი საჯარო გამოვლის SWOT ანალიზი და კარგად გავიაზროთ რისი გამოსწორება იქნება შესაძლებელი მომდევნო საჯარო გამოსვლისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს იდეალური საჯარო გამოსვლა. არსებობს იდეალურთან მიახლოებული, რაც  მხოლოდ წინასწარი მზადებით და ვარჯიშით მიიღწევა - მომზადების თვალსაზრისით კი, ვფიქრობ, აუდიტორიის შესწავლასთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია ყველა ახალგაზრდა სპიკერს მნიშვნელოვნად გამოადგება.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    Barker, L. L. (2001). Listen Up: What You've Never Heard About the Other Half of Every Conversation: Mastering the Art of Listening. St. Martin's Griffin.

    Grice, G. (2010). Mastering Public Speaking. Pearson

    Lucas S. (2020) The Art of Public Speaking. New York: Mc Graw-Hill Education

    Berkun, S. (2010). Confessions of a Public Speaker, O’Reilly, Canada

    Brink, K. E. (2015). Oral Communication Skills: Are the Priorities of the Workplace and AACSB-Accredited Business Programs Aligned? Academy of Management Learning & Education. Retrieved from https://journals.aom.org/doi/10.5465/amle.2013.0044

    Brownell, J. (2018). Listening: Attitudes, Principles, and skills. New York: Routledge.

    Carnegie, D. (2017) How to Develop Self-Confidence and Influence People in Public Speaking, Gallery Books.

    ნ. ასათიანი (2021) ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ, პალიტრა L, ლურჯი ოკეანე

  • 2022.07.04
ნომერი
მსგავსი სტატიები