+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • გლობალურ სამოქალაქო განათლებაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები

  • დ.შონია, თ.მამულია, ნ.ხოფერია,სამეცნიერო ხელმძღვანელი მ.რატიანი
  • გლობალური სამოქალაქო განათლება, გლობალური მოქალაქეობა, კულტურული მრავალფეროვნება, კულტურათაშორისი კომუნიკაცია.
  • ტომი: 2
  • ნომერი: 2




  • ავტორის რეკვიზიტები:

    დაკო შონია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი; dako.shonia.1@iliauni.edu.ge;

    თამარ მამულია -  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი; tamari.mamulia.1@iliauni.edu.ge;

    ნანა ხოფერია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი; nana.khoperia.1@iliauni.edu.ge;

  • რეზიუმე:

    რეზიუმე

    21 -ე  საუკუნის მზარდი გლობალიზაციის პირობებში ქვეყნებს შორის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო თანამშრომლობა სულ უფრო იზრდება. განხორციელებული პრაქტიკის კვლევის მიზანია: მოსწავლეებში გლობალური მოქალაქეობრივი ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და განსხვავებულობის მიმართ მიმღებლობის გაზრდა კულტურათაშორისი ინტეგრაციისთვის.

    კვლევის აქტუალობას განაპირობებს თემის სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და შესაბამისად, ქართულ ენაზე  ლიტერატურისა და კვლევების ნაკლებობა.

    სტატიაში თბილისის ერთ-ერთი სკოლის მაგალითზე წარმოდგენილია მე-8 კლასელ მოსწავლეებთან განხორციელებული ინტერვენციები და ამ ინტერვენციების შედეგები. მონაცემების მოპოვების ეტაპზე გამოყენებულია როგორც რაოდენობრივი კვლევის (პრე და პოსტ კითხვარები), ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდები(სიღრმისეული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები). გაანალიზებულია გლობალურ სამოქალაქო განათლებაზე არსებული კონცეფციები და ამ კუთხით საქართველოში არსებული სიტუაცია.

    კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვენციების შედეგად  მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება კულტურული მრავალფეროვნებისა და გლობალური მოქალაქეობრივი კომპეტენციების შესახებ. მათ შეძლეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში  გამოყენება.

    Abstract

    Amid growing globalization in the  21 st centary,  political, cultural, social, economic and educational collaboration between countries is increasing. The goal of the study is to raise awareness of global civic values and increase acceptance of diversity for intercultural integration.

     The urgency of the research is conditioned by the novelty of the theme in  Georgian field of education and correspondingly , the lack of literatura and research in Georgian lenguage.

    The report is based on the results of the research on interventions carried out and implemented in the classroom of 8th grade students, one of the public school of Tbilisi. Both quantitative research (pre-survey and post-survey questionnaires) and qualitative research methods (in-depth interviews, focus groups) were used during the data collection. The existing concepts of global civic education and in that regard the current situation in Georgia were analyzed.

    The results of investigation carried out at school showed that the interventions raised the students’ awareness of cultural diversity and global civic competencies. They were able to apply the theoretical knowledge into real-life-scenarios.

    Keywords: Global Citizenship Education, Global Citizen, Cultural Diversity, Intercultural communication.

  • შესავალი

    გლობალურ სამოქალაქო განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებაში. გლობალურად განვითარებული მოქალაქე კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტ, რეალიზებულ და სოლიდარულ ინდივიდს ნიშნავს, გლობალურად განვითარებული საზოგადოება კი –  ჰარმონიულ, სამართლიან, მდგრად  და უსაფრთხო მსოფლიოს (Toh, Shaw and Padilla, 2017). შესაბამისად, გლობალური სამოქალაქო განათლების მიზანია პიროვნებას ჩამოუყალიბოს ღირებულებათა სწორი ხედვა, ტოლერანტულობისა და სამართლიანობის გრძნობა, მრავალფეროვნების პატივისცემა, სხვადასხვა კულტურებთან კომუნიკაციის უნარი და კრიტიკული აზროვნება (UNESCO, 2015).

    ვინაიდან მოქალაქის ჩამოყალიბება/ფორმირება სკოლაში ხდება, გლობალური სამოქალაქო განათლების კავშირი მასთან გარდაუვალია. სწორედ სკოლამ  უნდა უზრუნველყოს თანამედროვე გლობალური ინდივიდის საბაზო ცოდნით უზრუნველყოფა. ამისათვის, აუცილებელია ამ თემის სასწავლო კურიკულუმში ინტეგრაცია, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა ფორმით აისახოს სასწავლო დოკუმენტში.  საჭიროა როგორც კოგნიტური, ასევე სოციო - ემოციური და ქცევითი სასწავლო მიზნების გათვალისწინება და გაწერა  (Toh, Shaw and Padilla, 2017).

    საქართველოში სამოქალაქო თვითშეგნება არც ისე მაღალ დონეზეა.  ამის დასტურია ქვეყანაში არსებული კულტურული დისკრიმინაცია და მიუღებლობა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენელი ერების მიმართ (გახშირებული თავდასხმები არაბების, ირანელების მიმართ). რელიგიის ნიადაგზე აღმოცენებული შუღლი და კონფლიქტი კი, დღემდე გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება. ასევე, ხშირია გენდერული ნიშნით დაყოფა, დანაშაულის შეუტყობინებლობა,  კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დისკრიმინაცია –  ამ პრობლემების სათავედ კი გლობალური სამოქალაქო ღირებულებების გაუცნობიერებლობა შეიძლება ჩაითვალოს. 

    ისევე როგორც  ევროპის სხვა ქვეყნებში, საქართველოს განათლების სისტემისთვისაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გლობალური სამოქალაქო განათლება.  ქართულ სკოლებში სამოქალაქო განათლება დაწყებითი საფეხურიდან ისწავლება და გრძელდება საბაზო საფეხურზეც. თუმცა, (მე-9 კლასამდე) ის მხოლოდ სამოქალაქო კომპეტენციების სწავლებას ისახავს მიზნად. მხოლოდ მე-9 კლასის კურიკულუმშია ასახული გლობალური მოქალაქისთვის აუცილებელი ცოდნა/ღირებულებები მცირე რაოდენობით.

     

    ძირითადი ნაწილი

    ლიტერატურის მიმოხილვა

    იმისათვის, რომ განვმარტოთ, რა არის გლობალური სამოქალაქო განათლება (Global Citizenship Education-GCED), უნდა განვსაზღვროთ, რას გულისხმობს ტერმინი – გლობალური მოქალაქეობა. 2013 წელს, მუსკატაში გამართულ ფორუმზე, იუნესკოს ტექნიკური კონსულტაციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ „გლობალური მოქალაქეობა“ ეს არ არის ლეგალური ან იურიდიული სტატუსი, რომელიც შესაძლოა პიროვნებას გააჩნდეს. არამედ, ის არის  კაცობრიობისა და გლობალური საზოგადოების მიკუთვნებულობის გრძნობა, რომელიც ადამიანის ქმედებას იწვევს არა პიროვნული ან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გლობალურ კონტექსტში. ამრიგად, გლობალური მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ საკუთარი საზოგადოების და ქვეყნის უფლებებსა და კეთილდღეობზე, არამედ ყველა ადამიანისა და ფართო გლობალური საზოგადოების კეთილდღეობა და  მათი უფლებების დაცვაა მნიშვნელოვანი (იუნესკოს ფორუმი თემაზე გლობალური სამოქალაქო განათლება, 2013). გლობალური სამოქალაქო განათლება მთავარ მიზნად სწორედ ასეთი პიროვნებების აღზრდას ისახავს.

    ამავე კონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა „ერთად ცხოვრების შესწავლის“ აუცილებლობაზე. მართალია, მზარდი გლობალიზაციის პირობებში ისედაც გარდაუვალია კულტურული და ეკონომიკური მჭიდრო კავშირები, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია ეს გახდეს ძალადობის, დისკრიმინაციისა და სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების მიზეზი. სწორედ ამიტომ, გლობალური სამოქალაქო განათლება მიზნად ისახავს გარდაქმნას, შექმნას ცოდნა, უნარები, ფასეულობები და დამოკიდებულებები, რომლითაც მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წვლილი შეიტანონ უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნაში (Toh, Shaw and Padilla, 2017). ამ მიზნის მისაღწევად გლობალური სამოქალაქო განათლება უზრუნველყოფს უწყვეტი სწავლის სისტემას მთელი ცხოვრების მანძილზე (lifelong learning), რომელიც გულისხმობს, როგორც ფორმალურ, აგრეთვე არაფორმალურ სასწავლო მიდგომებს და კლასგარეშე აქტივობებს. გარდა ამისა, გლობალური სამოქალაქო განათლება იყენებს სხვადასხვა სფეროებში გამოყენებულ ცნებებსა და მეთოდოლოგიებს. კერძოდ, ადამიანის უფლებები, მდგრადი განვითარების მიზნები, მშვიდობიანი განათლება და ა.შ., რომლებშიც ყველაზე ნათლად აირეკლება თანასწორობის და ინტეგრაციის საკითხები.

    გლობალური სამოქალაქო განათლება გულისხმობს სამ ძირითად კონცეპტუალურ განზომილებას:

    • კოგნიტური (შემეცნებითი) - მოსწავლეები იძენენ ცოდნას და აცნობიერებენ ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ საკითხებს. მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი;
    • სოციალურ-ემოციური - მოსწავლეები თავს კაცობრიობის განუყრელ ნაწილად მიიჩნევენ, იზიარებენ ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით. მოსწავლეებს უვითარდებათ თანაგრძნობის, სოლიდარობისა და პატივისცემის გრძნობა განსხვავებებსა და მრავალფეროვნებაზე;
    • ქცევითი - მოსწავლეები მოქმედებენ ეფექტურად და პასუხისმგებლობით ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე უფრო მშვიდობიანი და მდგრადი სამყაროსთვის ( UNESCO, 2015).

    ბევრ ქვეყანაში გლობალურ სამოქალაქო განათლებას დიდი ყურადღება ექცევა და ის ფართოდაა წარმოდგენილი სასწავლო გეგმაში. ვენაში, ავსტრიის ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელში (HTL Donaustadt) გლობალური სამოქალაქო განათლების ღირებულებები ინტეგრირებულია კურიკულუმში. სკოლის დირექცია აცხადებს, რომ დღევანდელ სამყაროში მოსწავლეები უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, მათ სასწავლებლებმა უნდა მისცენ, არა მხოლოდ ინფორმაცია რეგიონულ ბაზარზე და ეკონომიკაზე (რათა შეძლონ

     

    თავიანთი პროფესიის განვითარება), არამედ საერთაშორისო დონეზეც.  გარდა ამისა, ავსტრიაში არსებობს გიმნაზია (Bundesgymnasium Bludenz), სადაც გლობალური სამოქალაქო განათლება ისწავლება, როგორც არჩევით-სავალდებულო საგანი ( UNESCO, 2019).  

    აზიისა და წყნარი ოკეანის განათლების საერთაშორისო ცენტრის (APCIEU) მხარდაჭერით, კოლუმბიაში, კამბოჯაში, უგანდასა და მონღოლეთში აქტიურად მიმდინარეობს გლობალური სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი კამპანიები, რაც გამოიხატება მასწავლებლების ინფორმირებულობის ამაღლებით, სასკოლო სახელმძღვანელოებში თემების ასახვით, ტრენინგების ჩატარებითა და დაინტერესებული მხარეების მოზიდვით. ამ ქვეყნებში ის ძირითადად დაწყებით საფეხურის კურიკულუმშია წარმოდგენილი. http://www.unesco.org/new/en/mediaservices/singleview/news/four_countries_place_global_citizenship_education_as_curricu/?fbclid=IwAR0WOs2D3bje9bF8TCITnk0niPANNuW-1Iv32vgBtxBZ0ydG6ey1kYM3YI

     

    საქართველოში არსებული მდგომარეობა

    მაშინ, როდესაც საქართველოში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ დოკუმენტს მოეწერა ხელი (2004 წელი), ჯერ კიდევ არ არსებობდა ტერმინი - გლობალური სამოქალაქო განათლება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული დოკუმენტის არაერთ პუნქტში ხაზგასმულია გლობალური მოქალაქეობისთვის აუცილებელი ღირებულებები. ქვეყანაში ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნად დასახელებულია სხვადასხვა ჯგუფებთან და ინდივიდებთან კომუნიკაციის უნარის განვითარება მოზარდში. აქვე განმარტებულია, რომ აქ ასევე იგულისხმება სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე ინდივიდები (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გლობალური სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი მიზანი სწორედ მოზარდში სხვადასხვა ერებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარის განვითარებაა (Toh, Shaw and Padilla, 2017).

    კიდევ ერთი პუნქტი, სადაც გლობალური სამოქალაქო განათლებისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ემთხვევა ერთმანეთს, არის „თ“ პუნქტი. აქ ვკითხულობთ, რომ მოზარდი უნდა იყოს კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე. ამ პუნქტის მიხედვით საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების და ურთიერთ-შემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა განუვითაროს მოზარდს შემწყნარებლობის უნარი (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004).

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც გლობალური მოქალაქეობისთვის აუცილებელ კომპეტენციებზე კეთდება აქცენტი, არის განათლებისა და მეცნიერების 2017–2021 წლების სტრატეგია. აღნიშნულ დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმული და დაცულია მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპი, რაც გლობალური მოქალაქეობის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა.

    „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია, ჩამოაყალიბოს იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, რათა სისტემამ თითოეული პიროვნება მოამზადოს მომავალი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს დასაქმებას, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას“ (განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია, 2017–2021).

    ამავე დოკუმენტში დეტალურად არის განხილული, სწავლების ყველა საფეხურზე, როგორ უნდა მოხდეს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების შესაძლებლობის ხელშეწყობა. რაც შეეხება ზოგადი განათლების საფეხურს, საუბარია მოსწავლეზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესზე, სადაც აქცენტი კეთდება ადამიანის უფლებების შესწავლასა და გააზრებაზე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, მდგრადი განვითარების კომპეტენციების გაუმჯობესებასა და მულტიკულუტურულ განათლებაზე (განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია, 2017– 2021). შესაბამისად, მთავარ სტრატეგიულ მიზნად დასახელებულია მოსწავლეების    კონკურენტუნარიანობის ზრდა მსოფლიო მასშტაბით, რაც ქართველი მოსწავლეების სხვა ქვეყნების მრავალფეროვან საზოგადოებებთან ინტეგრაციას და კომუნიკაციას ნიშნავს.

    დამატებით შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლიდან სტრატეგია რა მიმართულებით განვითარდება, ჯერ უცნობია, რადგან სამუშაო ვერსია არ იძებნება.

    ქართულ სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლება პირველივე საფეხურიდან იწყება. მე–3 კლასში ისწავლება საგანი „მე და საზოგადოება“, სადაც მოქალაქეობრივი პრინციპების საწყისი დებულებებია ასახული. შემდეგ საფეხურებზე უფრო ფართოდ ვრცელდება საკითხი, თუმცა, ისიც მხოლოდ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზეა გათვლილი. საკითხის გლობალურად გავრცობას ვხვდებით მე–9 კლასის კურიკულუმში. საფეხურის ბოლოს მისაღწევ კომპეტენციებში მოსწავლეს შემდეგი უნარები მოეთხოვება: ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჭიროების გაანალიზება, გარემოსდაცვითი და კულტურული ღირებულებების ყოველდღიურობასთან დაკავშირება. მოსწავლეები აქვე სწავლობენ  ისეთ ტერმინებს, რომლებიც გლობალური სამოქალაქო განვითარებისთვის აუცილებელი და ძირეული დებულებებია. მაგ, ტოლერანტობა, ტრეფიკინგი, ტერორიზმი, დევნილობა, მდგრადი განვითარება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები (ე.ს.გ. 2018-2024).

    აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წელს მე-7 კლასის მოსწავლეებს დაემატათ ახალი სავალდებულო საგანი - „მოქალაქეობა“. აღნიშნული საგნის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ, რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს „ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზისას მდგრადი განვითარების და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინება (ესგ  2018-2024).

    რაც შეეხება საგნის მასწავლებელს, მას მოეთხოვება ისეთი კომპეტენციაც, რომელიც მოიცავს გლობალური სამოქალაქო ღირებულებების სწავლებისთვის საჭირო ცოდნას: კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის აღიარებას და პატივისცემას; კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება (მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ ბრძანება N67/ნ, მუხლი 4, 2020).

    სწავლების სტრატეგიების გამოყენების დროს მასწავლებლებს მოეთხოვებათ: „მოსწავლეებში ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პატივისცემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა - მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული სტრატეგიების გამოყენება“ (მუხლი 6). აღსანიშნავია, რომ ამავე სტანდარტის მიხედვით, გაკვეთილის მომზადების პროცესში მასწავლებელს აქვს ვალდებულება, გაითვალისწინოს და მოიძიოს რესურსები კულტურული მრავალფეროვნების შესახებ და ამის მიხედვით დაგეგმოს გაკვეთილი (მუხლი 7).

    მოზარდში გლობალური მოქალაქეობის განცდის გასავითარებლად მხოლოდ ზემოთ აღნიშნული არ არის საკმარისი და საჭიროა სხვა უნარების შესწავლა. გლობალური მოქალაქეობის განცდა მთლიანი მსოფლიოს მიკუთვნებულობის განცდაა, შესაბამისად, მოსწავლეს სჭირდება კულტურათაშორის კომუნიკაციის უნარები. მან, რთულ პირობებშიც კი, უნდა შეძლოს დიალოგის წარმოება სხვა კულტურის, რელიგიის ან სოციალური წრის წარმომადგენელთან (Toh, Shaw and Padilla, 2017).

    ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ სკოლებში სამოქალაქო განათლების ფარგლებში ისწავლება მოქალაქეობრივი კომპეტენციები, თუმცა, გლობალურ საკითხებზე აქცენტი არასაკმარისია.

     

    ექსპერიმენტული ნაწილი

    ინტერვენციები

    განხორციელებული პრაქტიკის კვლევის ფარგლებში, გლობალურ მოქალაქეობაზე მოსწავლეების წინარე ცოდნის დასადგენად, მათ გაეგზავნათ ონლაინ კითხვარები. პასუხების მეტი სანდოობისთვის და ტრიანგულაციისთვის, მათთან დამატებით  ფოკუს ჯგუფები, ხოლო მასწავლებლებთან სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა მე-8 კლასის ათმა მოსწავლემ და მათმა ორმა (სამოქალაქო განათლების) მასწავლებელმა მიიღო.

    ინტერვენციების ეტაპი ეფუძნებოდა გლობალურ პრობლემებთან საბრძოლველად იუნესკოს მერ შემუშავებულ კონცეფციას, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია განათლებული მოქალაქე. მოსწავლეს უნდა გამოუმუშავდეს სხვადასხვა გარემოში ადვილად ადაპტირების უნარი, ტოლერანტობის გრძნობა, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა და შესაბამისად, გლობალურ მოქალაქედ ყოფნის შეგრძნება (Toh, Shaw and Padillia, 2017) .

    ეპიდემიური მდგომარეობის გამო ინტერვენციები დისტანციურად ექსტრაკურიკულარული აქტივობების სახით ჩატარდა, კლუბის შეხვედრების ფარგლებში. ინტერვენციები ვითარდებოდა თვითრეფლექსიური სპირალით, რაც გულისხმობს დაგეგმვას, მოქმედების დაკვირვებას, რეფლექსიას (კოჰენი, მანიონი და მორისონი, მეექვსე გამოცემა, 698). თითოეული შეხვედრა დეტალურად იგეგმებოდა, შემდეგ მიმდინარეობდა მასზე აქტიური დაკვირვება, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იმართებოდა მსჯელობა მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ახალი ციკლი.

    რაც შეეხება თემებს, რომელიც ინტერვენციებისთვის შეირჩა, შედგენილ იქნა  იუნესკოს მიერ გლობალური სამოქალაქო განათლებისთვის გაწერილი ამოცანებისა და  მიზნების შესაბამისად. გლობალური სამოქალაქო განათლების სხვა მიზნებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შემდეგს: 1. მოსწავლეებმა განივითარონ მრავალფეროვნების პატივისცემა, ასევე სხვებისა და გარემოსადმი ზრუნვისა და თანაგრძნობის განწყობა; 2. გენდერული, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, კულტურის, რელიგიის, ასაკისა და სხვა საკითხებზე დაფუძნებული უთანასწორობის კრიტიკულად გაანალიზების უნარი (UNESCO, 2015).

    მხედველობაში მიღებულ იქნა იუნესკოს პედაგოგიური სტრატეგია, რომელიც  გლობალური მოქალაქის აღზრდაში საკვანძო საკითხად კულტურათა შორის ურთიერთობის უნარს, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის პატივისცემას და საერთო ღირებულებების გაგებას მოიხსენიებს (UNESCO, 2015).

    კლუბის შეხვედრების მთავარ საკითხად შეირჩა შემდეგი თემები: კულტურული შოკი, რელიგია, სამოსი და სამზარეულო (როგორც კულტურის ნაწილი), ტრადიციები, ტოლერანტობა და სტერეოტიპები, კულტურათაშორისი ურთიერთობები. ხოლო, ბოლო შეხვედრა დაეთმო იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩამოთვლილ თემებს გლობალური მოქალაქისთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ უნარების გამომუშავება.

    თითოეული შეხვედრისთვის იწერებოდა კონკრეტული და მიღწევადი მიზანი. მიზნების ჩამოყალიბებისას გათვალისწინებულ იქნა ბლუმის კოგნიტური (შემეცნებითი) მიზნების ტაქსონომია. აღნიშნული, თავის მხრივ, მოიცავს 6 დონეს, სადაც თითოეულ მათგანს თავისი მახასიათებელი და მიღწევის საზომი აქვს. ყოველი შეხვედრის მიზნის ჩამოყალიბებისას, გამოყენებულ იქნა ისეთი აქტივობები, რომელიც განავითარებდა როგორც დაბალ, ასევე მაღალ სააზროვნო უნარებს.

    შეხვედრები მოიცავდა: განმავითარებელ შეფასებას; ფოტო/ვიდეო მასალას; პრეზენტაციებს; სახალისო ქვიზებს; ნაწყვეტებს ფილმებიდან.

     

    კვლევის შედეგები

    ინტერვენციების ეტაპის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგების გასაზომად კვლავ გაეგზავნათ მოსწავლეებს პოსტ-კითხვარები, ჩატარდა პოსტ ფოკუს ჯგუფები და მასწავლებლებთან  სიღრმისეული ინტერვიუები. მასწავლებლების მხრიდან, შედეგების შეფასებისას, შემდეგი საკითხები გამოიყო:

    • გლობალური მოქალაქის მნიშვნელობაზე როგორც თეორიული ცოდნის ამაღლება, ასევე ამ ცოდნის გამოყენება. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ მოსწავლეებს ძალიან საინტერესოდ და გააზრებულად მიეწოდათ ინფორმაცია სხვადასხვა თემებზე. რამდენიმე მოსწავლეზე ამ შეხვედრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აქ განხილული თემები პრაქტიკაში უკვე გამოიყენეს.
    • მოსწავლეების მოტივაცია და თემით დაინტერესება. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ კლუბში ნებაყოფლობითი და არასავალდებულო მონაწილეობის გათვალისწინებით, მოსწავლეების აქტიურობა და ჩართულობა ძალიან მოულოდნელი იყო მათთვის.
    • სწორი ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. შეხვედრაზე განხილული თემების, ასევე აქტივობებისა და მსჯელობების გათვალისწინებით მასწავლებლები თანხმდებიან, რომ შეხვედრებს მოსწავლეებზე აუცილებლად ექნებათ დადებით გავლენა. თუმცა, ამ შედეგების მოკლე პერიოდში დანახვა ძნელია.
    • საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირება და მსჯელობა. კრიტიკული აზროვნება და შეხედულებების ღიად დაფიქსირება მასწავლებლის აზრით, ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს ყველა საგანში. კლუბის შეხვედრებზე კი მოსწავლეები ძალიან თავისუფლად განიხილავდნენ თემებს და არ ერიდებოდნენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას ამა თუ იმ საკითხზე.
    • განხორციელებული ინტერვენციების გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში. მასწავლებლები თანხმდებიან, რომ ინტერვენციების ეტაპზე განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობასა თუ პრეზენტაციას აუცილებლად გამოიყენებენ საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისა და მრავალფეროვნებისთვის.
    • ონლაინ შეხვედრების ეფექტიანობა გლობალური მოქალაქეობრივი კომპეტენციების ამაღლებაში. ორივე მასწავლებელი თანხმდება, რომ ონლაინ შეხვედრები აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს შემცირებული საგაკვეთილო პროცესის ფონზე. ერთ-ერთი მასწავლებელი თვლის, რომ მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის  აუცილებელია სოციალიზაცია, რაც დისტანციურ რეჟიმში ვერ მოხერხდება. თუმცა, ამ შეხვედრებს  სწავლების დინამიკის შენარჩუნების საკითხში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

    მოსწავლეებთან დიაგნოსტირების და ინტერვენციების შემდეგ ეტაპზე ჩატარებული ონლაინ კითხვარის და ფოკუს ჯგუფების შედარებითი ანალიზი  გვიჩვენებს, რომ

     

    დიაგრამა N1

     

     

     

    ინტერვენციების შემდეგ გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი მსოფლიო მოვლენების შესახებ, რამაც განაპირობა მათი უფრო აქტიურად ჩართვა საკლასო დისკუსიებში.

    გარდა ამისა, გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი განსხვავებული კულტურის მიმართაც, რასაც ადასტურებს დიაგრამა N2- ზე წარმოდგენილი შედეგები:

     

    დიაგრამა N2

     

    თუ დიაგნოსტირების ეტაპზე განსხვავებულ კულტურას გამოკითხულ მოსწავლეთა მხოლოდ 30% ეცნობოდა, ინტერვენციების შემდეგ ყოველი მათგანი (100%) ეცნობა განსხვავებულ კულტურას.

    რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინტერვენციების შემდეგ, მოსწავლეებმა თავი მსოფლიო მოქალაქედ აღიქვეს (დიაგრამა N3).

     

    დიაგრამა N3

     

     

    ფოკუს ჯგუფების დროს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ:

    • განსხვავებული კულტურის/რელიგიის მიმართ მიმღებლობა გაეზარდათ. მათი თქმით, ისტორიიდან ახსოვდათ არაბების შემოსევები და ეს მათ უარყოფითად განაწყობდა ისლამის მიმართ. შედეგად, უჭირდათ მათი მიღება. მაგრამ კლუბის შეხვედრების დროს გაიაზრეს, რომ ყველა რელიგია განსხვავებულია და ისევე უნდა ვცეთ სხვა კულტურას და რელიგიას პატივი, როგორც გვინდა, რომ სხვებმა სცენ ჩვენსას.
    • ინტერვენციების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა კულტურების/ტრადიციების შესახებ. ზოგიერთ მათგანში ისეთი ინტერესი გამოიწვია კონკრეტულმა კულტურამ და საზოგადოებამ, რომ თავად დაიწყო დამატებითი ინფორმაციის მოძიება მათ შესახებ.

     

    დასკვნა

    ინტერვენციების ეტაპის შემდეგ მიღებული შედეგების ანალიზისას, დასკვნის სახით შესაძლებელია შემდეგი საკითხების გამოყოფა:

    • მოსწავლეებში გლობალურ მოქალაქეობაზე ცნობიერების ნაკლებობა გამოწვეულია ამ თემის ეროვნულ სასწავლო გეგმაში და სახელმძღვანელოებში არასაკმარისი ასახვით;
    •  კლუბის ფუნქციონირება შესაძლებელია ონლაინ სწავლების პირობებში;
    •  გლობალური მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბება შესაძლებელია ექსტრაკურიკულარული აქტივობებით;
    •  გლობალურ მოქალაქეობაზე თემების შერჩევისას მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინება განაპირობებს მათ აქტიურ ჩართულობას.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    • განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017–2021. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის N553 დადგენილების დანართი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. https://www.mes.gov.ge/uploads/MESStrategy_2017-2021 pdf (12.03.21)
    • ეროვნული სასწავლო     გეგმა    2018–2024        –    საგნობრივი      სტანდარტები      და საათობრივი ბადე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2018 წლის 3 მაისის N63/ნ ბრძანება. ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/ (12.03.21)
    • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. 2004. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება N84. ვებ-პორტალი მაცნე https://matsne.gov.ge/ka/document/view/11098?publication=0 12.03.21)
    • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი 2020. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანება N67/ნ. ვებ-პორტალი მაცნე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841342?publication=0 (12.03.21)
    • Toh, Swee-Hin, Shaw, Gary, and Danilo Padilla. Global Citizenship Educarion, A Guide For Policymakers. Seoul, Republic of Korea: APCEIU, 2017
    • Global Citizenship Education – Topics and Learning Objectives. France: UNESCO, 2015
    • A School of Cosmopolitanism Experiences with Global Citizenship Education in Classroom Practice. Vienna, 2019
    • https://en.unesco.org
    • Gardner Mc Taggart, Alexander, Palmer, Nicholas. Global citizanshiop education, technology , and being. Routledge Taylor & Francis Group, no. 16:268-281. 2017
    • Ghosn, Global citizenship education in conflict-affected settings: Implications of teachers’ views and contextual challenges for the Lebanese case. ScienceDirect, no. 103078. 2020
    • Marshall, Harriet. Instrumentalism, ideals and imaginaries: theorising the contested space of global citizenship education in schools. Routledge Taylor & Francis Group, no. 3:411-426. 2011
    • Poorter, Jana. The emergence of global citizenship education in Colombia: lessons learned from existing education policy. A journal of Comparative and International Educition. 865- 883. 2019

     

  • 2021.04.01
ნომერი
მსგავსი სტატიები