+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • ფორმალური ზოგადი განათლება და კონფლიქტის ტრანსფორმაცია თანამედროვე საქართველოში

  • გ.გიორგაძე,მ.დევიძე,მ.მიქაძე
  • განვითარება, განათლება, გამოწვევა, კონფლიქტის ტრანსფორმაცია.
  • ტომი: 2
  • ნომერი: 2




  • ავტორის რეკვიზიტები:

     გელა გიორგაძე

    პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

     

    მარეხ დევიძე

    კონფლიქტების ანალიზისა და მართვის დოქტორანტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

     სახელმწიფო უნივერსიტეტი

     

    მირანდა მიქაძე

    პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი

  • რეზიუმე:

    სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის, განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების სისტემამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, რომელიც მიმართული იყო, ერთი მხრივ, პოსტ-საბჭოთა განათლების სისტემის ცვლილებისაკენ და მეორე მხრივ ახალი სისტემის შექმნისაკენ.

    განათლება არის პროცესი, რომელიც იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს როგორც ადამიანების ცხოვრებაში, აგრეთვე მათ ქცევაში. მიუხედავად სიღრმისეული რეფორმებისა, გამოწვევად რჩება სკოლაში კონფლიქტების მართვისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

    ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ბოლო პერიოდში გახშირებული კონფლიქტები, რაც აუცილებელს ხდის კონფლიქტის კონსტრუქციული გზით გადაჭრის სწავლების დანერგვას სკოლებში.

    მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტების კვლევა ახალ დისციპლინად მიიჩნევა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, დისციპლინის ფესვები საუკუნეების განმავლობაში განვითარებულ სხვადასხვა თეორიასა და მიდგომაში შეგვიძლია ვეძებოთ. კონფლიქტის კვლევა მოიცავს კონფლიქტის ფორმირებისა და ტრანსფორმაციის, მშვიდობის მიღწევის სხვადასხვა მიდგომის, მეთოდისა და ინსტრუმენტის შესწავლას. ვებელის განმარტებით, მშვიდობისა და კონფლიქტების სწავლების მიზანი, მშვიდობის მოძრაობებს, მორალიზმსა და საგარეო პოლიტიკურ პრაგმატიზმს შორის ბალანსის პოვნაა.[1]

    FORMAL GENERAL EDUCATION AND CONFLICT TRANSFORMATION IN MODERN GEORGIA

    Resume

    For the sustainable development of the state, education is one of the most important issues. It should be noted that the general education system has undergone a significant transformation during the last decade, which was aimed at changing the post-Soviet education system on the one hand and creating a new system on the other hand.

    Education is a process that leads to positive changes in people's lives and behavior. Despite the in-depth reforms, it remains a challenge to raise awareness about conflict management and ways to resolve them in schools.

    One of the most important challenges are the conflicts that have increased in recent times, which makes it necessary to introduce teaching, to solve conflicts in a constructive way in schools.

    Although conflict research is considered a new discipline, which became especially relevant after the end of the Cold War, the roots of the discipline can be found in the various theories and approaches, developed over the centuries. Conflict research includes the study of conflict formation and transformation, different approaches, methods and tools for achieving peace. According to Webel, the goal of peace and conflict education is to find a balance between peace movements, moralism, and foreign policy pragmatism.[1]

     

    KEY WORDS: Development; Education; Challenge; Conflict transform

     

    [1] Webel, J. G. a. C., 2007. Peace and conflict studies Looking back, looking forward. In: J. G. a. C. Webel, ed. Handbook of Peace and Conflict Studies. s.l.:Routledge, pp. 397-399.

    [1] Webel, J. G. a. C., 2007. Peace and conflict studies Looking back, looking forward. In: J.G.a.C. Webel, ed. Handbook of Peace and Conflict Studies. s.l.:Routledge, pp. 397-399.


  • შესავალი

    დამოუკიდებელი საქართველოს განათლების სისტემამ ეფექტური რეფორმირება განიცადა. განათლება, რომელიც სისტემურ ქმედებათა პროცესს წარმოადგენს, შეისწავლის და ხელს უწყობს ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებას. ინგლისელი მწერლის, თეოლოგის, პოეტისა და ფილოსოფოსის გილბერტ კ. ჩესტერტონის        (1874-1936წ.) განმარტებით, ,,განათლება არის საზოგადოების სული, რადგან ის ერთი თაობიდან მეორეზე გადადის“.

    მე-20-ე საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში საფუძველი ჩაეყარა სწავლების სისტემის რეფორმირებას, თუმცა ამ ტენდენციებს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გლობალიზაციის ფონზე, აუცილებლობას წარმოადგენს, აღზრდისა და განათლების სისტემის, თავიდან გააზრება, ვინაიდან განვლილი წლების განმავლობაში ყველა ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, განათლებაში შექმნილი მდგომარეობის მიმართ და სვამდა კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. განათლებაში ძიების პროცესი, ისევე, როგორც თვით კაცობრიობის განვითარება, განუწყვეტელია, ხოლო რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი, უმეტეს შემთხვევაში, გვავიწყდება სისტემა: ,,ბავშვი-მოსწავლე“.

    ფორმალური ზოგადი განათლება გამოიყენება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, სწავლის სრული პროცესის მართვა და კონტროლი, ხოლო სკოლა არის ადგილი, სადაც ადამიანები საკუთარ თავთან და სხვებთან ურთიერთობას სწავლობენ.

    ზოგადი განათლება რეგულირდება საქართველოს კანონებით: „ზოგადი განათლების შესახებ“[1]  და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“[2]   მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა, აგებულია პრიორიტეტულ თემებზე და ერთ-ერთი მათგანია  ,,კონფლიქტების ანალიზი და  მართვა“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლის საერთო კულტურა ხელს უნდა უწყობდეს ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის ფენომენის გააზრებას, ძალადობასა და კონფლიქტს შორის არსებული განსხვავებების გაცნობიერებასა და მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას, რათა შევძლოთ კონფლიქტების მართვა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება. გარკვეულ სიტუაციებში კონფლიქტი ბავშვის სოციალური განვითარების  და მასში რიგი უნარ-ჩვევების (მოსმენის, კამათის, განსხვავებული აზრის აღიარების და ა.შ.) განვითარების ხელშემწყობიც კი შეიძლება გახდეს, თუმცა, ეს ყველაფერი კონფლიქტის, როგორც მეცნიერების  სწორად მართვის ცოდნის მიღების გარეშე შეუძლებელია.

    კონფლიქტები (ლათ. Conflicts - ურთიერთქმედი სუბიექტების ინტერესების, მიზნების, სურვილების და პოზიციების შეჯახება) თანმდევი პროცესია.[3] კონფლიქტი სოციალური მოვლენა და ადამიანის არსებობის განუყოფელი ნაწილია. კონფლიქტის საფუძველზე, ზოგიერთი მოზარდი სწავლობს აგრესიის მართვას, თავშეკავებასა და პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე.  კონფლიქტის მართვის არსი მისი თავიდან არიდების შესაძლებლობაშია, რასაც პრევენციას ვუწოდებთ. აგრესიის მართვა, უპირველესად გულისხმობს მოსწავლეებს შორის დაპირისპირების პრევენციას, ხოლო თავიდან არიდების შესაძლებლობა კი  მოითხოვს ცოდნას, როგორც კონფლიქტის არსის, ბუნების, გარეგანი და შინაგანი ფაქტორების, ასევე, მისი გამომწვევი მიზეზების. ნებისმიერი  კონფლიქტი დაკავშირებულია ადამიანთან ან ადამიანების ჯგუფთან.  აღსანიშნავია, რომ სკოლა კონფლიქტების წინაპირობას ქმნის, ვინაიდან სკოლაში  განსხვავებული სოციალური სტატუსის, ასაკის, ღირებულებების, რასის, მიზნების და ფასეულობების მქონე ბავშვები სწავლობენ და ხანგრძლივ დროს ატარებენ ერთად.

    მეცნიერები განასხვავებენ კონფლიქტის პრევენციასა და კონფლიქტის მართვას. კონფლიქტების მართვა მიზნად ისახავს დავების გადაწყვეტას, სანამ ისინი ძალადობრივი გახდებიან.[4]  კონფლიქტის ფუნქცია შესაძლებელია ორი სახით წარმოვიდგინოთ: დესტრუქციული, უარყოფითად აღქმული და კონსტრუქციული, პოზიტიურად აღქმული.

    დესტრუქციული კონფლიქტი - სოციალური სისტემების სხვადასხვა საფეხურზე იჩენს თავს, სადაც კონფლიქტი გამოირჩევა ძალადობრივი მეთოდებით. ასეთ დროს, როგორც მატერიალური ზიანი, ასევე, მსხვერპლიც საკმაოდ დიდია და ეკონომიკური, პოლიტიკური, მორალური და სხვა სოციალური სისტემები განიცდიან სტაგნაციას.

    კონსტრუქციული კონფლიქტის დროს შესაძლებელია ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება. კონფლიქტს გააჩნია თავისი გარემო, სადაც იგი მიმდინარეობს, რომელიც ფიზიკური სოციალური და ფსიქოლოგიური სივრცეებისგან შედგება. გარემო შესაძლებელია იყოს როგორც ვრცელი, ასევე, ლოკალური. ამერიკელი კონფლიქტოლოგი ვ. ლინკოლნი გამოყოფს კონფლიქტების გამომწვევი ფაქტორების ხუთ ტიპს:

    • ინფორმაციული;
    • ინსტიტუციური;
    • ღირებულებითი;
    • ურთიერთდამოკიდებულებითი;
    • ინტერესთა.

    ინფორმაციული კონფლიქტი გულისხმობს ისეთ კონფლიქტს, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის სიმცირესთან და სიჭარბესთან. სახელდობრ, ინფორმაციული კონფლიქტი გულისხმობს, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შეხება აქვთ და ხელი მიუწვდებათ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებთან. ასეთი ტიპის კონფლიქტის გადაჭრას ხელს უწყობს სწორედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაადვილება და გასაჯაროებაზე მუშაობა.

    კონფლიქტები, რომლებიც დაკავშირებულია წესებთან, ნორმებთან და კანონებთან წარმოადგენს ინსტიტუციურ კონფლიქტს. ამ ტიპის კონფლიქტები დაკავშირებულია კანონიერ ხელისუფლებასთან, ტრადიციებთან და მართვის სისტემასთან.  

    ღირებულებით კონფლიქტთან მიმართებით, დაპირისპირებული მხარეები აყალიბებენ ისეთი სახის მსჯელობებს, რომლებიც აღიქმება არასამართლიანად. მათი დარეგულირება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვინაიდან ასოცირდება ისეთ ღირებულებებთან, როგორიცაა, მაგალითად, „თავისუფლება“, „დამოუკიდებლობა“, „თანასწორობა“.

    ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტი ემოციური ხასიათის მატარებელია. ამ სახის კონფლიქტების მოგვარება, პირველ რიგში, ემოციების დარეგულირებას საჭიროებს, რომელსაც პიროვნება ახორციელებს საზოგადოებასთან ერთად.

    ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს ურთიერთგამომრიცხავი და შეუთავსებელი პოზიციები გააჩნიათ. კონფლიქტის მოგვარებისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მხარეთა შორის ინტერესთა თანხვედრა.

    კონფლიქტის დროს შესაძლებელია ხუთივე ტიპის კონფლიქტიდან რამდენიმემ ერთად იჩინოს თავი. არსებობს ისეთი ხასიათის კონფლიქტიც, სადაც ხუთივე ტიპის არსებობაა შესაძლებელი. ამერიკელმა კონფლიქტოლოგებმა                 კ.  ტომასმა  და  რ.  კილმანმა  შეიმუშავეს  კონფლიქტის მოგვარების  ხუთი ქცევითი სტრატეგია:  კონკურენცია,  განრიდება,  თანამშრომლობა, შეგუება,  კომპრომისი, რომლებსაც  გააჩნიათ თავისი პრინციპები:

    • „მოგება-წაგება“
    • „წაგება-მოგება“
    • „წაგება-წაგება“
    • „მოგება-მოგება“

    კონკურენციის სტრატეგია - გულისხმობს შეჯიბრს, ბრძოლას, სადაც ერთი მხარე დომინირებს და ცდილობს, გაანადგუროს მეორე მხარე.  განრიდების სტრატეგია - სხვაგვარად პრობლემისგან გაქცევის სტრატეგიადაც მიიჩნევა. თანამშრომლობის სტრატეგიაში - გათვალისწინებულია და ფოკუსი კეთდება მიზნებზე. აქ, მხარეები მოლაპარაკების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს და თანხმდებიან. შეგუების სტრატეგია - ორიენტირებულია მიზნებზე, სადაც ერთი მხარე მზად არის დათმოს ინტერესები, სანაცვლოდ კი შეინარჩნოს მეორე მხარესთან ურთიერთობა და კეთილგანწყობა. კომპრომისის სტრატეგიის - შემთხვევაში, ორიენტაცია კეთდება რესურსების თანაბარ გადანაწილებაზე, პარიტეტზე, რომელიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.[5] ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ავხსნათ კონფლიქტის ტიპები, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ესენია: ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური, შიდაჯგუფური და ჯგუფთაშორისი კონფლიქტები.

    ინტერპერსონალური კონფლიქტი - გულისხმობს ორ ცალკეულ პერსონას, ინდივიდს შორის კონფლიქტს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ქცევებით, ასევე ხასიათითა და ღირებულებებით, ადამიანებს უჭირთ საერთო ენის გამონახვა, საერთო საკითხებთან დაკავშირებით, რაც ხშირად წარმოშობს კონფლიქტებს.

    ინტრაპერსონალური კონფლიქტი - წარმოადგენს პიროვნების შიგნით წარმოშობილ კონფლიქტს, რომელიც მიმდინარეობს მის გონებაში. ინტრაპერსონალური კონფლიქტი შეიძლება მრავალი მიზეზისგან წარმოიშვას. დაწყებული სამომავლო პროფესიის შერჩევით, დამთავრებული გარემოსთან შეჯახებით.

     შიდაჯგუფური კონფლიქტი - გულისხმობს კონფლიქტს, რომელიც ხდება ჯგუფის წევრებს შორის. სახელდობრ, ჯგუფის წევრებს შორის განსხვავებულმა შეხედულებებმა, იდეებმა და ხედვებმა, შესაძლებელია გამოიწვიოს ჯგუფში დაძაბულობა. შიდაჯგუფური კონფლიქტის დროს შესაძლებელია ჯგუფი მივიდეს ახალ ხედვამდე, იდეებამდე, რაც ჯგუფის მუშაობაზე დადებითად აისახება.

     ჯგუფთაშორისი კონფლიქტები - შეიძლება გამოიწვიოს ჯგუფებს შორის განსხვავებებმა, როგორც მიზნების, ასევე, კონკრეტული ამოცანისადმი მიდგომებმა, სტრატეგიებმა ან კონკურენციამ. ჯგუფთაშორისი კონფლიქტები რთულად მოსაგვარებელია, თუ მაღალია ესკალაციის დონე ან ვითარება ხასიათდება გამწვავებისკენ მიდრეკილებით.

    კონფლიქტის არსებობა სასკოლო რეალობაშიც ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა კონსტრუქციული გადაწყვეტაა, რაშიც იგულისხმება პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარება და მხარეების გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. იმისათვის, რომ ვმართოთ კონფლიქტი, უნდა ვიცოდეთ მისი ბუნება. კონფლიქტების მართვისა და მოგვარების უმნიშვნელოვანეს გზას წარმოადგენს მოლაპარაკება და მედიაცია, ხოლო მოლაპარაკების წარმართვა ყოველთვის შესაძლებელია, მაშინაც კი, როდესაც კონფლიქტი აქტიურ ფაზაშია.

     

    დასკვნა

    სასკოლო კონფლიქტების მოგვარების პრაქტიკაში, მოსწავლეებს შორის დავის გადაჭრა მოლაპარაკებითა და მედიაციის გზით  ყველაზე მეტად ეფექტიანია. ამისთვის აუცილებელია, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს სურვილი კონსტრუქციული ნაბიჯის გადადგმისთვის. მედიაცია არის კონფლიქტის მოგვარების სტრატეგია, რომლის დროსაც მესამე მხარე ეხმარება მოსწავლეებს გაუგებრობის მოგვარებაში, ამავდროულად, მედიატორმა უნდა აკონტროლოს სიტუაცია, რათა არ გამწვავდეს და მთელი პროცესი ორიენტირებული იყოს არა ურთიერთ დადანაშაულებაზე, არამედ მისაღწევ მიზნებზე. იქიდან გამომდინარე, რომ კონფლიქტების მართვა საკმაოდ რთული პროცესია, საჭიროა იმ მეთოდების ცოდნა და გაანალიზება, რომელიც დაეხმარება პედაგოგს, უკეთესად მართოს ან თავიდან აიცილოს კონფლიქტი. ნებისმიერი კონფლიქტის მართვა საჭიროებს სიღრმისეულ ცოდნას და იმ გარემოსა და ვითარების შესწავლას, რაც წინ უძღოდა კონფლიქტს.

    საქართველოს აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით სივრცეში ზუსტი მონაცემების ამსახველი სტატისტიკა არ იძებნება, შესაბამისად,  მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკითხის შესწავლა, ტრიანგულაციური მეთოდის გამოყენებით. 

    ეფექტური შედეგის მიღწევის მიზნით, უმნიშვნელოვანესია მკვლევართა ჯგუფის მჭიდრო კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რათა მიღებული გამოცდილება ოპტიმალურად იქნეს ასახული კონფლიქტის მართვისა და ანალიზის კუთხით.

    კონფლიქტებს როგორც სკოლაში, ასევე, ნებისმიერ ოჯახში აქვს ადგილი, ვინაიდან ოჯახის წევრებიც შესაძლებელია განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან თავისი ინტერესებით, შეხედულებებით, ინდივიდუალური თავისებურებებითა და აზრთა სხვადასხვაობით. დაპირისპირება უმართავ კონფლიქტურ სიტუაციაში რომ არ გადაიზარდოს, საჭიროა ოჯახსა და სკოლაში კონფლიქტის ანალიზისა და მართვის კუთხით ცნობიერების ამაღლება. ბავშვთა უფლებების დაცვა წარმოადგენს, როგორც სკოლის, ასევე, ოჯახის უმნიშვნელოვანეს ამოცანას.

     

    ბიბლიოგრაფია

    Webel, J. G. a. C., 2007. Peace and conflict studies Looking back, looking forward. In: J.G.a.C. Webel, ed. Handbook of Peace and Conflict Studies. s.l.:Routledge, pp. 397-399.

    საქართველოს კანონი ზოგადი განთლების შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/93064?publication=22 ბოლოს გადამოწმებული  იყო 16.12.2022

    საქართველოს კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ  https://matsne.gov.ge/ka/document/view/93064?publication=22 ბოლოს  გადამოწმებული  იყო 16.12.2022

    თეზელიშვილი, ს. ფსიქოლოგიური ენციკლოპედია 2007. თბილისი

    Tanner, F. Conflict prevention and conflict resolution: limits of multilateralism. International Review of the Red Cross, 839, pp. 1-11. 2000.

    ზურიკაშვილი, ფ; ჭანიაშვილი, ნ; ხუციშვილი, გ; ჯორბენაძე, რ; მაღრაძე, გ., კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა, თბილისი, 2003.

     

     

    [1] საქართველოს კანონი ზოგადი განთლების შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/93064?publication=22 ბოლოს გადამოწმებული იყო  16.12.2022

    [2] საქართველოს კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ  https://matsne.gov.ge/ka/document/view/93064?publication=22 ბოლოს გადამოწმებული იყო  16.12.2022

    [3] თეზელიშვილი, ს. ფსიქოლოგიური ენციკლოპედია 2007. თბილისი.

    [4] Tanner, F. Conflict prevention and conflict resolution: limits of multilateralism. International Review of the Red Cross, 839, pp. 1-11. 2000.

    [5] ზურიკაშვილი, ფერიდე; ჭანიაშვილი, ნანი; ხუციშვილი, გიორგი; ჯორბენაძე, რევაზ; მაღრაძე, გუგული, კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა, თბილისი, 2003

  • 2023.01.25
ნომერი
მსგავსი სტატიები