დისტანციური სწავლების გამოწვევები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
მაია არავიაშვილი, სოციოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
თამარ მესხი, განათლების მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
რეზიუმე
2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან საქართველოს სკოლებს, ისევე როგორც საგანმანათლბელო დაწესებულებებს მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში მოულოდნელად და დაუგეგმავად მოუხდათ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა[1]. რასაც, თავის მხრივ, არაერთი სირთულე და გამოწვევა მოჰყვა.
მნიშვნელოვანია შევისწავლოთ სკოლებში დისტანციური სწავლებისას შექმნილი სირთულეები და ამ სირთულეებთან გამკლავების გზები, რაც დაგვეხმარება სწავლების პროცესის მომავალი დაგეგმვისთვის და ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემხვედრი ხარვეზების გამოსასწორებლად.
კვლევა მიზნად ისახავს, გამოკვეთოს ის ძირითადი გამოწვევები და სირთულეები, რასაც სკოლები წააწყდნენ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ.
Abstract
From 2020 spring semester, Georgian schools, as well as educational institutions in up to 200 countries around the world suddenly and unplannedly had to move to distance learning. That, in turn, was followed by a number of difficulties and challenges.
It is important to study the difficulties at schools in the process of distance learning and the ways how to deal with the difficulties in order to plan the future teaching process and also to fill the gaps that have arisen last year.
The research aims to identify the main challenges and difficulties that schools have faced in transition onto distance learning.
[1] https://data.europa.eu/en/impact-studies/covid-19/education-during-covid-19-moving-towards-e-learning
შესავალი
საქართველოში სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადასვლა 2020 წლის მარტში დაიწყო. განათლების სამინისტროს 15 მარტის განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივება 1 აპრილამდე იგეგმებოდა. ამავე დროს, სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, ასევე, მნიშვნელოვანია სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში. გეგმის ფარგლებში საკომუნიკაციო საშუალებად წარმოდგენილ იქნა Mycrosoft TEAMS პროგრამა. [2] სამინისტროს მხარდაჭერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს და მოსწავლეებს გაუაქტიურდათ პროფილები, რომლის საშუალებითაც ისინი Microsoft office 365-ით სარგებლობენ.[3]
23 მარტის მონაცემებით კი გამოიცა მთავრობის დადგენილება: საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული (სასწავლო პროცესი) განახორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).[4]
გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა. შემოდგომის სემესტრში კერძო სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა 15 სექტემბრიდან, ხოლო საჯარო სკოლებში 19 ოქტომბერს განახლდა I-IV კლასებისთვის. თუმცა, ნოემბერში ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა გახდა საჭირო.[5] შემოდგომის სემესტრი მთლიანად დისტანციურად წარიმართა, გაზაფხულის სემესტრიდან კი (15 თებერვლიდან) სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა.
დისტანციურ სწავლებას არაერთი გამოწვევა ახლავს თან, როგორიცაა ინტერნეტსა და ტექნოლოგიებზე წვდომა, პედაგოგების კომპეტენცია ონლაინ პლატფორმების გამოყენებაში და დისტანციური სწავლების სტრატეგიის მხრივ, პირისპირ კომუნიკაციის ნაკლებობა (Mbah, Onyewuchi, Duru, 2016). მიმდინარე წელს, პანდემიის გამო სწავლების დისტანციურ ფორმაზე გადასვლამ აღნიშნული სირთულეები და გამოწვევები გააცოცხლა. გარემოებას ართულებს ისიც, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაუგეგმავად მოუხდათ გადასვლა სწავლების ახალ ფორმაზე იმის მიუხედავად, თუ როგორი იყო მათი მზაობა დისტანციურად მუშაობისთვის.
განათლებაში არსებულ უთანასწორობას უფრო მეტად აღვივებს ონლაინ სწავლება და ამ მხრივ მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფა არ წარმოადგენს პრობლემას. როგორც კრიზისს ახასიათებს, პანდემიის შემთხვევამაც არსებული უთანასწორობა გამოავლინა - სკოლებს, უბნებსა და მოსწავლეებს შორის. გარდა იმისა, რომ ონლაინ სწავლებისას მოსწავლეები ნაკლებ ცოდნას იღებენ პირისპირ სწავლებასთან შედარებით, მოსწავლეები, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ყველაზე ნაკლებად იღებენ ცოდნას. (Kamenetz, March 2020).
დისტანციურ სწავლებაზე უეცარი გადასვლა ზოგადად, მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ ფერადკანიანი სტუდენტებისთვის დიდ სკოლებში, პრაქტიკული, ტექნოლოგიური და ემოციური გამოწვევების მხრივ, განსაკუთრებით მწვავეა. ავტორის თქმით, ინტერნეტსა და ტექნოლოგიებზე წვდომა აქ მხოლოდ აისბერგის წვერია. ისტორიული უთანასწორობა განათლებაში ფერადკანიანი და ლათინოამერიკული თემისთვის პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. ოჯახებში ფინანსური მდგომარეობის დამძიმების გამო სკოლის მოსწავლეები იძულებული გახდნენ, დამატებითი პასუხისმგებლობები აიღონ ოჯახის დასახმარებლად და „სიცოცხლეს მიანიჭონ პრიორიტეტი სკოლაზე მეტად“, რაც მათ ონლაინ გაკვეთილებში ჩართვის საშუალებას აღარ აძლევთ. (Bautista, May 2020)
ონლაინ სწავლებისას, ინტერნეტზე წვდომის პრობლემის გარდა, სხვა სირთულეებიც ჩნდება. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს სახლში ინტერნეტი ჩართული აქვთ, მაგრამ მშობლებმა არ იციან, როგორ მოიხმარონ ლეპტოპები, რომლებიც მათ შვილებს დაურიგეს და დავალების შესრულებაშიც ვერ ეხმარებიან. მასწავლებლებს უჭირთ გარკვევა, თუ როგორ გრძნობენ თავს მოსწავლეები, ეფანტებათ თუ არა ყურადღება, ესმით თუ არა ახსნილი მასალა - მსგავსი დეტალები ონლაინ სწავლების დროს ადვილად რჩება ყურადღების მიღმა (Bender, April 2020).
აგრეთვე, საჭიროა დროის დადგენაც - რა ხანგრძლივობის უნდა იყოს ონლაინ გაკვეთილები, დაბალი საფეხურის მოსწავლეები ეკრანებთან საათობით გაჩერებას ვერ შეძლებენ. ისინი საჭიროებენ მშობლების/მეურვეების დახმარებას ონლაინ გაკვეთილების დროს. მშობლები კი, სავარაუდოდ, დისტანციურად მუშაობენ სახლებიდან. დაუდგენელი რჩება მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდებისა და მათი შეფასების საკითხიც (Kamenetz, March 2020).
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აგვისტოს მონაცემებით, 190 ქვეყანაში 1.6 მილიარდ სტუდენტზე/მოსწავლეზე იქონია გავლენა პანდემიამ. სკოლების და სხვა სასწავლო დაწესებულებების დახურვას მსოფლიოში მოსწავლეების 94%-ზე, ხოლო დაბალი/საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 99% ზე ჰქონდა ეფექტი. (Education during COVID-19 and beyond, 2020). ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ პანდემიამდეც უჭირდა სამყაროს განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების უზრუნველყოფა, კრიზისმა კი მდგომარეობა უფრო მეტად გაამწვავა. განათლებაში არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო ღრმავდება, დისტანციური სწავლა ნაკლებად ხელმისაწვდომია გოგონებისთვის, სახლში და ფერმებში დასაქმებული ბავშვებისთვის, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებულების, სპეციალური საჭიროების მქონეთათვის და იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინტერნეტზე და ტექნიკაზე ნაკლებად აქვთ წვდომა. ამ ჯგუფებზე მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლაც უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო სწავლის შეწყვეტა პანდემიის დროს სამომავლოდ გაზრდის სწავლის მიტოვების მაჩვენებელს. ბავშვების მუშაობის მაჩვენებელიც გაიზრდება. ალტერნატიული ღირებულების (დღევანდელი მუშაობა თუ სამომავლო განათლება) გამო, მშობლები მხარს ნაკლებად დაუჭერენ შვილების განათლებას.
რაც შეეხება პირისპირ სწავლებასთან დაბრუნების შემდგომ გეგმებს, აღნიშნულია, რომ სკოლების გახსნის დროს, საჭირო გახდება არსებული მდგომარეობის შეფასება, რათა ჩავარდნები ამოივსოს და დაჩქარებული ან გამოსასწორებელი სასწავლო პროგრამები შესთავაზონ მოსწავლეებს. ზოგ ქვეყანაში მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარებაც აქვს შეტანილი სკოლას სავარაუდო გეგმებში. აგრეთვე, მასწავლებლებსაც შეიძლება დასჭირდეთ ფსიქოლოგიური დახმარება იმისთვის, რომ მოსწავლეების საჭიროებებს უპასუხონ. ასეთი სახის დახმარების გარეშე, დაძაბულ სიტუაციაში მუშაობის გამო მოსალოდნელია მასწავლებლების გადაღლა, სამსახურის გაცდენა, შესაძლოა, სამსახურის მიტოვებაც კი. ყველა ამ პრობლემის გამო, სტატია პროგნოზირებს, რომ სასწავლო კრიზისი შესაძლოა „თაობის კატასტროფად“ იქცეს.
ხოლო კატასტროფის ასარიდებლად მოცემულია რეკომენდაციები. ერთ-ერთი რეკომენდაციაა ცვლილებების დაჩქარება. თავს დატეხილი პრობლემების პასუხად გაღებულმა დიდმა ძალისხმევამ გვაჩვენა, რომ ცვლილებები შესაძლებელია. ეს პერსპექტივა სათანადოდ უნდა იყოს გამოყენებული. კრიზისის დადებითი მხარეა ის, რომ ინოვაციები დაჩქარდა, მათ შორის განათლებაშიც. (Education during COVID-19 and beyond, 2020).
კრიზისის დროს გამოჩენილ პერსპექტივებს უსვამს ხაზს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტატია (The COVID-19 pandemic has changed education forever. This is how. April 2020). გამოითქვა მოსაზრება, რომ ონლაინ სწავლებაზე დაუგეგმავი და სწრაფი გადასვლა მომავალში შექმნის ახალ, ჰიბრიდულ მოდელს. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია განათლებაში კიდევ უფრო დაჩქარდება და ონლაინ სწავლება სასკოლო განათლების შემადგენელი ნაწილი გახდება. ონლაინ სწავლების ტექნოლოგია საკუთარ პოტენციალს გამოამჟღავნებს.
დადებით მხარეებზე საუბრობს ვაშინგტონ პოსტის სტატიის ავტორიც.[6] ბევრი თავისუფალი დროის გამო ბავშვებმა მეტი კრეატიულობა გამოამჟღავნეს ზაფხულში. მისი თქმით, ბავშვებს თავისუფალი დრო ასაზრდოებს. მიმდინარე კრიზისმა ბავშვებს საშუალება მისცა, განვითარდნენ იმ მიმართულებით, რის საშუალებაც „ნორმალურ“ დროს არ მიეცემოდათ. ბავშვებმა ოჯახური პასუხისმგებლობების აღება დაიწყეს, ასევე, იმის გამოცდილება მიიღეს, თუ როგორ გაირთონ თავი და როგორ დაგეგმონ/მართონ სწავლა.
ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ, სწრაფმა ცვლილებებმა და არაპროგნოზირებადმა გარემომ გავლენა იქონია სკოლის მენეჯმენტზეც. ყველა ის ფორმალური და არაფორმალური პროცედურა, რაც სკოლაში ურთიერთობებს აყალიბებდა, ერთბაშად გაუჩინარდა. დღეს სკოლის ლიდერები გავლენის მოხდენას და ჩართულობას ლეპტოპის და ტელეფონის ეკრანიდან აგრძელებენ. მათი ლიდერობა გადავიდა ორგანზომილებიან სივრცეში. (Harris, 2020). სტატიის თანახმად, პანდემიის პირობებში განაწილებული ლიდერობა (Distributed leadership) ლიდერობის ყველაზე შესაფერისი პრაქტიკაა. ის გულისხმობს ტრადიციული როლების შესუსტებას და თანაბარ, დეცენტრალიზებულ, ქსელური ლიდერობის კულტურაზე გადასვლას. ეს პრაქტიკა უფრო მეტად კონცენტრირებულია ინტერაქციაზე, ვიდრე ცალკე მოქმედებაზე. შესაძლებლობების განვითარებაზე და არა კონტროლზე. კოლექტიური ჩართულობასა და მოქმედებაზე.
პანდემიის დროს სკოლის ლიდერები სისტემაში იჭყლიტებიან. ისინი ეყრდნობიან ზედა რგოლებიდან წამოსულ პასუხებს, პროცესებს და პროტოკოლს. ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, ერთ დღეში იცვლებოდეს იმის მიხედვით, თუ ვირუსი როგორ გავრცელდება. ამავე დროს, დირექტორებს უწევთ დისტანციური ურთიერთობა სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებთან, რაც დამატებითი სამუშაო და დატვირთვაა. სკოლის ლიდერებისგან ზედა და ქვედა რგოლებს დიდი მოლოდინი აქვთ, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. (Harris and Jones, 2020).
იქმნება ლიდერობის ახალი გამოცდილება. თუ ამჟამინდელ ლიდერობას აღვიქვამთ როგორც დროებით, სწრაფ პასუხს მიმდინარე სიტუაციაზე, მაშინ ხელიდან დაგვისხლტება იმის შესაძლებლობა, რომ ლიდერობა განსხვავებული და უფრო ეფექტური გახდეს. (Harris, 2020). ძველ დროსა და კონტექსტში სასწავლო წელი მიმდინარეობდა ნაცნობი პარამეტრებით, ნაცნობი მოდელებით და რიტმით. გარკვეული იყო ანგარიშვალდებულება და წესები. ახლა კი არაპროგნოზირებადობა და გაურკვევლობა სკოლის ლიდერების მთავარი გამოწვევაა. განაწილებული ლიდერობა მიმდინარე კრიზისის შესაბამისი პასუხია. ამ დროისთვის ეფექტური ლიდერობა ყველაზე მეტად თანამშრომლობითი და ჩართული უნდა იყოს. (Harris and Jones, 2020).
საკლასო ოთახებს/აუდიტორიებს გარეთ სწავლებას განსხვავებული სახეები შეიძლება ჰქონდეს, ისმაელის, ჰაისერისა და პეინის 2020 წლის ანგარიში რამდენიმე მაგალითს განიხილავს და ტერმინების განმარტებებს გვთავაზობს: დისტანციური განათლება - ზოგადი ტერმინი ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, სადაც მონაწილეები სივრცეში, ზოგჯერ კი დროში დაშორებულები არიან. დისტანციური სწავლა - სწავლის პროცესი, სადაც მასწავლებელი და მოსწავლე სივრცეში არიან დაშორებული ერთმანეთს. ონლაინ სწავლა - პროცესი, სადაც სწავლება და კონტენტი გადაიცემა ინტერნეტით. სინქრონული სწავლა - სწავლის პროცესი, რომლის მონაწილეებიც ერთსა და იმავე დროსა და სივრცეში არიან. ასინქრონული სწავლა - სწავლის პროცესი, რომელიც სხვადასხვა დროს მიმდინარეობს. მაგ. მეილი, ონლაინ დისკუსიის ფორუმი, მესიჯ ბორდი, ბლოგი, პოდკასტი.შერეული სწავლა - სიტუაცია, როცა სტუდენტი ნაწილობრივ სწავლობს სასწავლო დაწესებულებაში, ნაწილობრივ კი ონლაინ. (Ishmael, Heiser, Payne, 2020).
დისტანციური სწავლების 4 სცენარი ისმაელის, ჰაისერის და პეინის მიხედვით:
შემოდგომის სემესტრში სრულად პირისპირ სწავლაზე გადასვლა ნაკლებად იყო მოსალოდნელი. სკოლების ლიდერებს მოუწიათ გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ გაეგრძელებინათ პროცესი.
სცენარი ა (Brick to Click) - სკოლას გადაწყვეტილი აქვს, აღადგინოს პირისპირ სწავლა, მაგრამ ისეთი მოქნილობით, რომ ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში სწრაფად გადავიდეს დისტანციურ განათლებაზე. ზაფხულის განმავლობაში მასწავლებლები და სკოლის სხვა თანამშრომლები ემზადებიან ონლაინ სწავლებისთვის. ამ სცენარისთვის საჭიროა, რომ სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები, მშობლები აღმოჩნდნენ სწრაფები და საჭირო დროს ცვლილებას შეეგუონ.
სცენარი ბ (Click to Brick Learning) - ამ სცენარით სკოლა იწყებს ონლაინ სწავლებას და გეგმავს, რომ გადავიდეს პირისპირ სწავლებაზე, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება. აქაც, მასწავლებლები და სკოლის თანამშრომლები ზაფხულის განმავლობაში იღებენ პროფესიულ ცოდნას, თუ როგორ ასწავლონ ონლაინ. პირისპირ სწავლაზე გადასვლისას, მასწავლებლები და მოსწავლეები, ნაწილ-ნაწილ ივლიან სკოლაში ყოველდღე, ნახევარდღიანი ცხრილით ან სრული დღე, კვირაში 1-2 ჯერ. პირისპირ სწავლაში შესაძლოა ყველა მოსწავლე არ ჩაერთოს (ეს მშობელზე/მეურვეზე იქნება დამოკიდებული). ამიტომ, საჭირო გახდება, მასწავლებელმა მათ მხარდაჭერასაც დაუთმოს დრო.
სცენარი გ. შერეული (Blended) სწავლა - საკლასო ოთახში სწავლის და ონლაინ სწავლის კომბინაცია, შეიძლება შეიცავდეს სინქრონულ და ასინქრონულ სწავლას. მოდელი გამოიყენება იმისთვის, რომ სკოლას ჰქონდეს მაქსიმალურად მოწესრიგებული კალენდარი. ზაფხულის განმავლობაში მასწავლებლები და თანამშრომლები იღებენ დამატებით პროფესიულ ცოდნას, თუ როგორ ასწავლონ შერეული მეთოდით. დაბალი ასაკის მოსწავლეებთან გამოიყენებენ პირისპირ სწავლებას, უფროსები კი შედარებით დამოუკიდებლად იმუშავებენ ონლაინ რეჟიმში, მაგ. კვირაში ერთი დღე ექნებათ პირისპირ და დანარჩენი დღეები - ონლაინ. შერეული მოდელით სწავლისას სწრაფად შეძლებენ გადასვლას სრულად ონლაინ სწავლაზე, თუ ეპიდემიის აფეთქება მოხდება.
სცენარი დ. ონლაინ სწავლა - სკოლა გადადის მთლიანად ონლაინ რეჟიმზე მიზანმიმართული, სისტემური მიდგომით. სინქრონული და ასინქრონული მოდელით. ზაფხულში მასწავლებლები და თანამშრომლები გადიან ტრენინგებს და ვორკშოფებს, ონლაინ პედაგოგიკის და ტექნოლოგიის შესახებ. რადგან მასწავლებლები მოსწავლეებს პირისპირ ვერ ხვდებიან, მასწავლებლებმა, დამხმარე პერსონალმა, მშობლებმა, უნდა გამოიყენონ კომუნიკაციის ტექნოლოგიები (სატელეფონო ზარიც კი) და თითოეულ ბავშვს მიაქციონ ყურადღება. რადგან პატარა ასაკის მოსწავლეებსაც მოუწევთ სახლიდან სწავლა, ეს ტვირთი იქნება დასაქმებული მშობლებისთვის.
საქართველოში შემოდგომის სემესტრის სიტუაცია ყველაზე მეტად სცენარ ა-სთან არის ახლოს იმ მხრივ, რომ სკოლაში სემესტრის დაწყებისთანავე აღდგა პირისპირ სწავლა, ხოლო ეპიდემიის აფეთქების შემდეგ სკოლები ისევ ონლაინ სწავლებას დაუბრუნდნენ. შემოდგომის სემესტრში მოვლენების განვითარება მესამე სცენარის, შერეული სწავლების ნიშნებსაც ატარებს, როცა სკოლებში პირისპირ სწავლა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო დროებით აღდგენილი.
ზუსტი მონაცემები, რამდენ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტზე და კომპიუტერზე წვდომა, ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, ქვემოთ მოცემული წყაროებით შესაძლებელია სურათის ნაწილის დანახვა, თუ რამდენ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი და შესაბამისად, ეზღუდება განათლების უფლებაც.
კავკასიის კვლევის ბარომეტრის 2019 წლის მონაცემებით, გამოკითხული შინამეურნეობების 49%-ს არ აქვს პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი. საქველმოქმედო პლატფორმა „ჩართეს“ 2020 წლის ინფორმაციით, საქართველოში 78 000 მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი.[7] ინტერნეტგაზეთ „ბათუმელების“ თანახმად, აჭარაში 60 000 მოსწავლიდან 7 200-მდე მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა.[8]
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევა გვთავაზობს რეგიონებში ინტერნეტზე წვდომის მონაცემებს, რაც იზომება ინტერნეტის დაფარვის სიმკვრივით - ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა გაყოფილი შინამეურნეობების რაოდენობაზე. ყველაზე დაბალი, 15%-იანი დაფარვის სიმკვრივეა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. გურიაში შინამეურნეობების 34%-ს აქვს ინტერნეტი, კახეთში - 47%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 48%, შიდა ქართლი - 51% , მცხეთა-მთიანეთი - 59%, სამცხე-ჯავახეთი - 60%, იმერეთი - 65%, ქვემო ქართლი - 76%. ეს მაჩვენებელი 100%-ზე მეტია თბილისსა და აჭარაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შინამეურნეობაზე საშუალოდ ერთზე მეტი ინტერნეტ-აბონენტი მოდის.[9] პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის ხარისხი დაბალია და შესაბამისად, მოსწავლეებს არ შეუძლიათ ხარვეზების გარეშე, ონლაინ გაკვეთილზე სრულყოფილად დასწრება.[10]
ექსპერიმენტული ნაწილი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებისთვის ჩატარდა მასწავლებლების გამოკითხვა 2020 წლის აპრილში [11], ხოლო ნოემბერში ექსპერტული ინტერვიუები განათლების ფსიქოლოგებთან.
რაოდენობრივი, კერძოდ სატელეფონო გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით დისტანციური სწავლების და გამოწვევების შესახებ პირველადი სოციოლოგიური ინფორმაცია შეგროვდა საქართველოს 11 რეგიონის (43 რაიონის) 94 საჯარო სკოლაში. სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილეობა 982 რესპონდენტმა მიიღო, რომელთაგან 88 მამრობითი სქესის პედაგოგია, ხოლო დანარჩენი 894 - მდედრობითი სქესის. რესპონდენტების დაყოფა სწავლების საფეხურების მიხედვით: 222 პედაგოგი ასწავლის მხოლოდ დაწყებით საფეხურზე, 34 საბაზო საფეხურზე, 26 საშუალოზე, 436 პედაგოგი ასწავლის ორ საფეხურზე, ხოლო 254 - სამივე საფეხურზე.
მასწავლებლებმა უპასუხეს შეკითხვებს ონლაინ გაკვეთილებზე მოსწავლეთა ჩართულობის, მათი ციფრული კომპეტენციების, საკუთარი გამოცდილების შესახებ და ასევე, შემოგვთავაზეს რეკომენდაციები, თუ რის შეცვლას ან გაუმჯობესებას ისურვებდნენ დისტანციური სწავლების მიმდინარეობისას.
გამოკითხული პედაგოგების მიხედვით, ონლაინ გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრება დამაკმაყოფილებლად შეფასდა. რესპონდენტების 69% პასუხობს, რომ მათ ონლაინ გაკვეთილებს მოსწავლეთა 60+ პროცენტი ესწრებოდა. ეს კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მოსწავლეებს ნაკლებად გაუჭირდათ.
შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებენ კოლეგები მოსწავლეთა თანაბრად ჩართვას ონლაინ გაკვეთილებზე, პედაგოგების მხრიდან შემდეგი პასუხები იქნა მიღებული: 78% ამბობს, რომ ისინი ახერხებენ მოსწავლეთა ჩართვას, 21% პასუხობს, რომ მეტ-ნაკლებად ახერხებენ, ხოლო პედაგოგების 1%-ის თანახმად, მათი კოლეგები ვერ ახერხებენ მოსწავლეთა თანაბარ ჩართვას.
კვლევამ გამოამჟღავნა, რომ მოსწავლეებს ონლაინ, დისტანციური სწავლების დროს საკუთარი აზრის გამოხატვის პრობლემა არ აქვთ და ეს სივრცე სავარაუდოდ მათთვის გაუცხოებისა და „ჩაქრობის“ გამომწვევი არ არის. შემთხვევები, როდესაც რესპონდენტების აზრით, მოსწავლეებს გაუჭირდათ ონლაინ გაკვეთილებზე აზრის გამოხატვა, აღმოჩნდა ტექნიკური გაუმართაობის შედეგი. გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, პედაგოგებმა ისაუბრეს მოსწავლეების მხრიდან საკუთარი აზრის გამოხატვის პრობლემის სხვა მიზეზებზეც, მათ შორის: (1) ერთმანეთს აგდებენ პროგრამიდან მოსწავლეები / ერთმანეთს უთიშავენ ხმას; (2) თავს იკავებენ ონლაინ სივრცეში; (3) დისტანციური სწავლება სიახლეა და მცირე პრობლემას ესეც ქმნის; (4)საგაკვეთილო დროის სიმცირე; (5) სმენის ან მეტყველების მქონე მოსწავლეები.
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა კომპიუტერული და ციფრული წიგნიერების უნარი ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად საკმარისია 811 რესპონდენტის აზრით. თუმცა, გამოკითხული პედაგოგების 16%-ის აზრით, რაც თავისთავად პატარა ციფრი არ არის, მოსწავლეების უნარები საკმარისად არ მიიჩნევა ონლაინ გაკვეთილის ჩასატარებლად. ამიტომ საინტერესო იყო, პედაგოგების მოსაზრება, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლეთა ციფრული წიგნიერების დონე ამაღლდეს. ქვემოთ მოცემულია ის რეკომენდაციები, რომელიც რესპონდენტთა პასუხებში რამდენჯერმე განმეორდა.
,,საჭიროა მშობელთა მხრიდან ჩართულობის გაზრდა. დაწყებით კლასებში არის პრობლემა, მოსწავლეები მშობლების გარეშე ვერ ერთვებიან გაკვეთილზე, ამიტომ რაღაც ფორმით მშობლების ჩართულობა, მათთვის თიმსის გაცნობის უზრუნველყოფა და ტრენინგების ჩატარება სასარგებლო იქნება. როდესაც მოსწავლეებს მშობლები ეხმარებიან, ჩართულობა უკეთესად გამოსდით.“
,,საჭიროა დამატებითი ინსტრუქციები/ვიდეოინსტრუქციები, მასწავლებელი რომ დაეხმაროს მოსწავლეებს. ბავშვებს ინსტრუქცია სჭირდებათ, როგორ მოიხმარონ ის პლატფორმა, რასაც ვიყენებთ. ონლაინ გაკვეთილები რომ ჩაუტარდეთ თიმსის მოხმარების შესახებ. დავალებებს ვერ აგზავნიან, ვერ ხსნიან. შემოსვლა, მოსმენა და კითხვებზე პასუხების გაცემა მარტივად გამოსდით, დანარჩენზე რა გითხრათ.“
,,მოსწავლეებს არ აქვთ კომპიუტერები, გაკვეთილზე ერთვებიან ტელეფონებით. შესაბამისად, უნარებიც ნაკლებად აქვთ განვითარებული, პირველ რიგში სასურველია მათი უზრუნველყოფა საჭირო ტექნიკით. აგრეთვე, საჭიროა ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობა, საგნობრივი ელექტრონული რესურსები ქართულ ენაზე. უფასო ინტერნეტი უნდა იყოს, რომ ბავშვმა ინფორმაცია მოიძიოს თუნდაც მოხმარების ინსტრუქციებზე.“
მასწავლებელთა ციფრული წიგნიერების შესახებ 745 რესპონდენტი პასუხობს, რომ კოლეგა პედაგოგების ციფრული უნარები საკმარისია ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად, ხოლო 241 მიიჩნევს, რომ პედაგოგებს საკმარისი კომპეტენცია არ გააჩნიათ. მათ მოუწიათ საკუთარი პასუხის ახსნა. შეკითხვაზე: „გთხოვთ, გვითხრათ, რა პრობლემების წინაშე დგანან პედაგოგები?“ აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი სირთულე ინტერნეტის პრობლემა და სახლში კომპიუტერის არქონაა.
კიდევ ერთი გამოწვევა დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ პედაგოგების უმრავლესობას (501 რესპონდენტის აზრით) ინფორმაცია არ აქვთ ონლაინ სწავლების მეთოდოლოგიაზე. ამას ემატება უცხოური ენის არცოდნა, რომელიც საქმეს ართულებს, იმიტომ რომ ტექნოლოგიებისა და ონლაინ პლატფორმების უმრავლესობაზე წვდომა ინგლისურ ან რუსულ ენებზე აქვთ ქართველ პედაგოგებს.
კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ქართველი პედაგოგები ძირითადად იყენებენ ტელეფონს ონლაინ გაკვეთილებისათვის. ეს არც არის გასაკვირი, მათ უმრავლესობას სახლში პერსონალური კომპიუტერი არ აქვს. ტელეფონით ჩატარებული გაკვეთილი კი შესაძლოა უფრო დაბალი ხარისხის აღმოჩნდეს, ვიდრე კომპიუტერის გამოყენებით ჩატარებული. გაკვეთილები ძირითადად თიმსის საშუალებით ტარდება, რესპონდენტების 42% იყენებს მას. თუმცა, მასწავლებელთა დიდი ნაწილი (45%) ასახელებს ფეისბუქ მესინჯერსაც. უფრო ნაკლებად გამოიყენება ზუმი, სკაიპი, ვაიბერი და ვოთსაფი, რესპონდენტებმა დაასახელეს სხვა პლატფორმებიც, რომელთაგან გამოსაყოფია: ფიდსი, სქულბუქი, ელექტრონული ფოსტა. აღსანიშნავია, რომ ამ შეკითხვაზე პასუხად რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა სატელეფონო ზარი დაასახელა.
დისტანციური სწავლებისას სკოლის მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე და სხვა პრობლემური საკითხების განსახილველად ჩატარდა ექსპერტული სიღრმისეული ინტერვიუები სკოლაში დასაქმებულ განათლების 2 ფსიქოლოგთან.
პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის შეფასებისას მათ ისაუბრეს სირთულეებზე, რასაც მასწავლებლები და მოსწავლეები აწყდებიან. ერთი მხრივ, მასწავლებლებს საგნობრივი კომპეტენციების გარდა, სჭირდებათ ტექნოლოგიური უნარებიც, რათა შეძლონ გაკვეთილების ჩატარება ხარვეზების გარეშე, მასწავლებელთა დიდი ნაწილი კი ვერ მეგობრობს ტექნოლოგიებთან. მეორე მხრივ კი მოსწავლეების ტექნიკური აღჭურვა - აქვთ თუ არა მათ საკუთარი კომპიუტერი ან სმარტფონი. მრავალშვილიან ოჯახებში, სადაც და-ძმებს ერთსა და იმავე დროს უტარდებათ ონლაინ გაკვეთილი, რთულია გაკვეთილებზე სრულყოფილად დასწრება. განათლების ფსიქოლოგის თქმით, რომელიც ამავდროულად სკოლის სპეციალური მასწავლებელია, ონლაინ სწავლება განსაკუთრებით რთულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, როცა ქცევით და ემოციურ სირთულეებთან გვაქვს საქმე.
სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობაც არ არის მოწესრიგებული: ზოგჯერ მშობელი ონლაინ გაკვეთილზე დასწრებისას გვერდით უზის ბავშვს და შესაძლოა, საჭიროზე მეტად ჩაერთოს მაშინ, როცა არ უნდა ეხმარებოდეს. უმეტეს შემთხვევაში კი პირიქით, მშობელი ვერ არის ბავშვის გვერდით, როცა საჭიროა.
დისტანციური სწავლის დროს რთულია მოსწავლეებისათვის ინდივიდუალური უკუკავშირის მიწოდებაც. ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებით ძნელია საკლასო ოთახში სწავლების ონლაინ გაკვეთილით ჩანაცვლება. რესპონდენტის მოყვანილი მაგალითის თანახმად, ნატიფ მოტორიკაზე მუშაობას როცა ცდილობს მასწავლებელი, უშუალოდ თუ არ აკვირდები ბავშვს, რთულია.
ამას გარდა, აღინიშნა მოსწავლეების ემოციური პრობლემებიც. განათლების ფსიქოლოგის თქმით, მას უწევს ისეთ ბავშვებთან მუშაობა, რომლებიც, მაგალითად, არ რთავენ კამერას არა იმიტომ, რომ არ აქვთ, არამედ რცხვენიათ, არ მოსწონთ საკუთარი თავი კამერაში. თვითშეფასების პრობლემები აქვთ და პირისპირ ურთიერთობისას რაღაცნაირად უფრო მოხერხებადია მასწავლებლის მხრიდან, რომ ეს მორცხვი მოსწავლეები ჩართოს საგაკვეთილო პროცესში. სოციალური უნარების განვითარებაც შეფერხებულია, პირველკლასელები თავიანთ თანაკლასელებს არ იცნობენ. ბავშვებიც გაურკვევლობაში არიან და ბუნებრივია, ეს აკადემიურ უნარებზეც პირდაპირ გავლენას ახდენს. მოტივაციას არა მარტო შექება ქმნის, არამედ თანატოლებთან ურთიერთობაც მოქმედებს.
რესპონდენტებმა ისაუბრეს დირექტორების წინაშე არსებულ გამოწვევებზეც და აღნიშნეს, რომ დირექტორებს სასწავლო პროცესთან უშუალო შეხება არ აქვთ, ისინი ნაკლებად აკვირდებიან პროცესს და ძირითადად, ანგარიშს იბარებენ. დირექტორი მთლიანად ეყრდნობა მასწავლებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და უმეტესად მასწავლებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სრულფასოვან გაკვეთილს ჩაატარებს.
რესპონდენტების მოსაზრებით, მოცემულ პირობებში განათლების უფლება ეზღუდებათ იმ მოსწავლეებს, ვისაც ადამიანური (მშობლის ჩართულობა) ან ტექნიკური რესურსების ნაკლებობა აქვთ. დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახში მცხოვრებ მოსწავლეებს, სადაც არ აქვთ ტექნიკური აღჭურვილობა. აგრეთვე, მრავალშვილიან ოჯახებს, სადაც რამდენიმე კომპიუტერი/სმარტფონი უნდა ჰქონდეთ, რომ ბავშვები სრულყოფილად ჩაერთონ გაკვეთილზე. და იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მშობელი/მეურვე არ ჰყავთ გვერდით სწავლის დროს.
ყველაზე მეტად კი განათლებაზე წვდომა ეზღუდებათ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს: ძალიან რთულია, როცა ვიღაცას ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა ან ბუნებრივი განვითარების შეფერხება აქვს და აი, ასე ეკრანიდან მართო ამ ბავშვის განვითარება, ეს არის ფაქტობრივად შეუძლებელი და ყველაზე მეტად ალბათ ეს ჯგუფი ზარალდება.
განსაკუთრებით ჩვენს (სსსმ) მოსწავლეებს, როცა შემეცნებით უნარებთან გვაქვს სამუშაო. მით უმეტეს, რომ ყურადღება ბავშვების უმრავლესობის პრობლემაა. როცა ვიცით, რომ სხეულის ენით გადმოიცემა ინფორმაციის 70% და ეს თავიდან ბოლომდე დაკარგულია, ინფორმაციის სრულყოფილი მიღება ვერ ხდება, რა თქმა უნდა. ეს ჩვენი ბავშვების შემთხვევაში კიდევ უფრო მოქმედებს. თუ კლასში ბავშვი წინ იჯდა იმიტომ, რომ მარტივად აღექვა ინფორმაცია, მასწავლებლის გვერდზე ყოფილიყო, დაფასთან ახლოს, თუ მხედველობის პრობლემა ჰქონდა. ყველასთვის ერთი გარემოა. მასალის ადაპტირება შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ გარემოს ადაპტირება ვერ ხერხდება სამწუხაროდ.
რესპონდენტებმა ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რაც გადაიდგა დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად. პირველ რიგში, ახსენეს ტრენინგები მასწავლებლებისთვის, სადაც ისინი ტექნოლოგიურ უნარებს ეუფლებიან. აგრეთვე, აღინიშნა პირველკლასელებისთვის დარიგებული ბუკები. რესპონდენტებმა გამოთქვეს მოსაზრება, თუ რის გაკეთება მიაჩნიათ მიზანშეწონილად:
ზოგიერთ მასწავლებელს, რომელსაც შეიძლება ძალიან მაღალი კომპეტენცია ჰქონდეს თავის საგანში და არ ჰქონდეს კომპეტენცია ტექნოლოგიებში, სჭირდება ისეთი ფასილიტირება ასე ვთქვათ, ინდივიდუალური დამხმარე ძალა. აი, ახლა პროფესიაში ვინც შედის მაგალითად, ახალგაზრდა მასწავლებლები, მე პირადად გამოვიყენებდი ამ ახალგაზრდა რესურსს იმისთვის, რომ დაეხმარონ გამოცდილ მასწავლებლებს დისტანციურ რეჟიმში გაკვეთილის სრულფასოვან წარმართვაში.
გამოითქვა მოსაზრება, რომ სასარგებლო იქნებოდა ამ გაზაფხულის სემესტრიდან მოყოლებული დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება:
ის ცოდნა, რაც დაგროვდა დისტანციური სწავლების განმავლობაში, ის ცოდნა რომ გაზიარდეს და თითოეულ მასწავლებლამდე მივიდეს, მგონი ძალიან კარგი იქნება. იმიტომ, რომ არა მგონია, ვიღაც სრულყოფილად კომფორტულად გრძნობდეს თავს ამ სიტუაციაში. ყველა თითქოს ჩვენ-ჩვენთვის ვართ, ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ, მაგრამ არავინ არაფერზე არ საუბრობს, რა ხდება შიდა სამზარეულოში. პლატფორმა შეიძლება შეიქმნას, გამოწვევებს როგორ ვაგვარებთ. კონკრეტული ქეისების განხილვა. ტრენინგ-ჯგუფივით რომ შეიქმნას. ვისთვისაც ინტერნეტთან წვდომა ვერ ხერხდება, რაღაცა გამოსავალი მოიფიქრონ, რით ჩავანაცვლებთ.
შეიძლება თუ არა პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვები, სოციალური დისტანცია და ონლაინ სწავლების აუცილებლობა ჩავთვალოთ თაობის კატასტროფის წინაპირობად? განათლების ფსიქოლოგები სურათს ასე მძიმედ არ ხედავენ. ისინი ამბობენ, რომ:
ერთადერთი სოციალური კონტექსტი, სადაც ბავშვი თითქოს თავის თავის გამოვლენას, მეგობრების შეძენას ახერხებდა, იყო სკოლა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დაიკარგა და მგონია, რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის. უფროსკლასელებთან ვფიქრობ, რომ შედარებით ნაკლებად შექმნის პრობლემას. პლუს ამას, ეს წნეხი მშობლებზეც მოქმედებს, მშობლებიც დასტრესილები არიან და ბავშვების ნუგეშის უნარი რამდენად შესწევთ... სახლში რა სიტუაციაა, ესეც პრობლემაა.
აკადემიური ცოდნის შესაძლებლობის გარდა, სკოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზი, სადაც ბავშვები სწავლობენ სოციალურ ურთიერთობებს, სოციალურ-ემოციურ კომპეტენციას ივითარებენ და სამწუხაროდ, ამ რთულმა ვითარებამ ამის შესაძლებლობა წაართვა ბავშვებს, განსაკუთრებით ისეთ ჯგუფებზე ვსაუბრობ, სადაც ემოციური სირთულეები აქვთ იმთავითვე და ამ ვითარებამ კიდევ უფრო გაურთულა მდგომარეობა.
მდგომარეობა სტრესულია მასწავლებლებისთვისაც, გარდა იმისა, რომ სამუშაო დაემატათ, მათ მოუწიათ ახალი ცოდნის დაუფლება და ამ ცოდნის სწრაფადვე გამოყენება. სწრაფად უნდა გააკეთო, ზოგჯერ სწავლის დროც არ გრჩება. ამას გარდა, პირისპირ ურთიერთობები დააკლდათ მასწავლებლებსაც.
რესპონდენტებმა აქცენტი გააკეთეს იმ დადებით ეფექტებზეც, რაც დისტანციურ სწავლებას მოაქვს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ ონლაინ სწავლების მეთოდების დახვეწა და რესურსების შექმნა პანდემიის დასრულების შემდეგაც სასარგებლო იქნება და მრავალფეროვანს გახდის სასწავლო პროცესს.
ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ, განათლების სპეციალისტები, მასწავლებლები, დირექტორები და ყველა ერთად, როგორ მივაწვდით ბავშვებს ინფორმაციას ამ მდგომარეობის შესახებ. ეს დიდწილად განსაზღვრავს, ახალგაზრდა თაობა რამდენად მსუბუქად გადაიტანს ამ ამბავს. თუ ჩვენ ვეტყვით, რომ ეს საშინელებაა, კატასტროფაა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, იმათი დამოკიდებულებაც ასეთი იქნება. მინდა ხაზი გავუსვა დადებით მხარეებს, თუნდაც იმას, რომ მშობლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ ცხადია, მაგრამ ასე თუ ისე იძულებულნი გახდნენ, მეტად ჩაერთონ ბავშვების სწავლის პროცესში, უფრო მეტად ინფორმირებულები არიან, რაც აკლდა რეალურად კორონამდელ პერიოდს, ხომ?! მშობლები დაკავებულები იყვნენ დილიდან საღამომდე და ბავშვის სწავლის პროცესი აბსოლუტურად მათი ცხოვრების მიღმა რჩებოდა. ახლა, ამ პირობებმა, პრინციპში აიძულა მშობლები, რომ ჩაერთონ ბავშვის აღზრდა-სწავლის პროცესში.
ასევე, ასეთი სწავლების დროს ახალ-ახალი საგანმანათლებლო პლატფორმები იქმნება, ანუ სწავლის პროცესი უფრო მოქნილი ხდება და ვისაც აქვს ამისი მოტივაცია და უნარები, ჩვენ, მაგალითად, შეგვიძლია შევქმნათ ახალ-ახალი რესურსები, მათ შორის ონლაინ სასწავლო რესურსები, რაც სწავლას და სწავლების პროცესს უფრო მოქნილს ხდის. მაგალითად, შეიძლება სკოლა გაეცდინა ბავშვს ავადმყოფობის გამო, ორი კვირა ჩამორჩენილიყო სწავლის პროცესს, ახლა აქვს საშუალება, რომ უყუროს გაკვეთილის ჩანაწერს, გაეცნოს ატვირთულ მასალებს და უფრო ნაკლებად დაზარალდეს. ტექნოლოგიები, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა და კორონას შემდგომ, ადამიანებს გაცილებით უკეთ ეცოდინებათ ტექნოლოგიები, ვიდრე აქამდე იცოდნენ.
რესპონდენტებმა ისაუბრეს სოციალური ურთიერთობის ნაკლებობის პრობლემის მოგვარებაზეც. აღინიშნა ისიც, რომ იზოლაციის პირობებში ბავშვებს მშობლებთან და და-ძმებთან მეტი ურთიერთობა აქვთ და ამით შეიძლება დაბალანსდეს თანატოლებთან ურთიერთობების დანაკლისი. გამოითქვა მოსაზრება, რომ სასარგებლო იქნებოდა პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება კოვიდით დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციაზე.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა. პირველ რიგში, დისტანციურ სწავლებას ართულებს ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე შეზღუდული წვდომა.
ასევე, ზოგ შემთხვევაში პრობლემაა ონლაინ პლატფორმების გამოყენების კომპეტენციები როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების მხრიდან. ეს სირთულე განსაკუთრებით იჩენს თავს დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან, სადაც მშობლების მხრიდან მეტი ჩართულობაა საჭირო.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის დისტანციურად სწავლა პრობლემურია იმის გამოც, რომ მათ ასაკის შესაბამისად, მოტორული უნარების განვითარება სჭირდებათ, რაც ონლაინ გაკვეთილებით ნაკლებად ეფექტურად მიიღწევა. აღნიშნული სირთულეები კი განსაკუთრებით მწვავდება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
საკლასო ოთახში კომუნიკაციის არარსებობის გამო მოსწავლეებს სოციალური უნარების განვითარებაც უჭირთ.
აგრეთვე, მდგომარეობა სტრესულია მასწავლებლებისთვისაც. დატვირთული სამუშაო საათების გარდა, მათ უწევთ მოკლე დროში ახალი ცოდნის მიღება და მისი გამოყენება.
ონლაინ სწავლების დანერგვის პარალელურად, იდგმებოდა ნაბიჯები გამოწვევებთან გასამკლავებლად. მასწავლებლებს მიეწოდებოდათ სერვისები და რესურსები ონლაინ რეჟიმში/ფორმატში, რაც პედაგოგების მხრიდან დადებითად შეფასდა. შეიქმნა ონლაინ სწავლების დამხმარე რესურსები, ასევე თიმსის მოხმარების ქართული ვიდეო გზამკვლევებიც.
სამომავლოდ, ონლაინ სწავლების გავლენის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი იქნება ვიკვლიოთ, როგორია მოსწავლეების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, აქვთ თუ არა სწავლაში ჩამორჩენის პრობლემა. რა მიმართულებით/რა ფორმით სჭირდებათ პედაგოგებსა თუ მოსწავლეებს დახმარება.
Bautista, Nidia. Distance Learning During Coronavirus Worsens Race, Class Inequality in Education. Teenvogue, May 2020.
Bender John, Distance Learning Challenges Are About More Then Technology. The Public’s Radio, April 2020.
Education during COVID-19 and beyond. UN policy brief, August 2020
Harris, Alma. COVID-19 – school leadership in crisis? Swansea University School of Education, Swansea, Wales, UK, June 2020
Harris Alma, Jones Michelle. COVID 19 – school leadership in disruptive times. Taylor & Francis Group, September 2020
Mbah Chris N. Ph.D; Ugorji Kelvin Onyewuchi, Duru Emmanuel. Challenges Towards Distance Education and Open Learning for Changin Communities: a Case of National Open University of Nigeria. Journal of Qualitative Education, 2016
Kamenetz Anya, The Biggest Distance-Learning Experiment In History. National Public Radio, March 2020.
Ishmael K, Heiser R, Payne J, New America’s Education Policy program. Pandemic Planning for Distance Learning: Scenarios and Considerations. Journal New America, May 2020
The COVID-19 pandemic has changed education forever, This is how. World Economic Forum, April 2020
https://data.europa.eu/en/impact-studies/covid-19/education-during-covid-19-moving-towards-e-learning
http://mes.gov.ge/content.php?id=10236&lang=geo
http://mes.gov.ge/content.php?id=10243&lang=geo
http://mes.gov.ge/content.php?id=10245&lang=geo
https://www.mes.gov.ge/content.php?id=11132&lang=geo
https://www.washingtonpost.com/lifestyle/2020/08/28/kids-summer-covid-accomplishments
https://charte.ge/ge/
https://batumelebi.netgazeti.ge/news/311049/
https://idfi.ge/public/upload/Sida/Internet-Geo.pdf
რაოდენობრივ კვლევა ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანალიტიკურმა სამსახურმა, კვლევის დიზაინსა და მონაცემების დამუშავებაში სტატიის ავტორების გარდა ჩართულები იყვნენ ცენტრის მკვლევარები გიორგი ურჩუხიშვილი და ხათუნა დოლიაშვილი