მოსწავლეთა ჩართულობა შიდა სასკოლო შეფასების პროცესში
აიშე ბადალოვა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი; aisha.badalova.1@iliauni.edu.ge
ირა ძირკვაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი; ira.dzirkvadze.1@iliauni.edu.ge
ქეთი დევდარიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი; keti.devdariani.1@iliauni.edu.ge
მანანა რატიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; manana.ratiani@iliauni.edu.ge
სკოლებში შიდა შეფასებისთვის, როგორც მასწავლებლის საქმიანობის, ისე სწავლა-სწავლების ხარისხის გასაზომად გამოიყენება ერთი ან რამდენიმე ინსტრუმენტი, როგორიცაა მოსწავლეთა მიღწევების ანალიზი, სკოლის ადმინისტრატორის მხრიდან გაკვეთილზე დასწრება, ინტერვიუ მასწავლებელთან, პედაგოგთა ურთიერთდასწრებები, მასწავლებლის პორტფოლიო, მოსწავლეთა გამოკითხვა და სხვა. კვლევის დამკვეთ სკოლაში განხორციელებული პრაქტიკის კვლევის მიზანია შიდა შეფასების პროცესში მოსწავლეთა გამოკითხვის ინსტრუმენტის ეფექტიანობის შესასწავლად სამეცნიერო წყაროების გაცნობა და მათზე დაყრდნობით აღნიშნული ინტერვენციის ვალიდობის გამოკვლევა. აგრეთვე, სამეცნიერო წყაროებზე და არსებულ აპრობირებულ კითხვარებზე დაყრდნობით სასკოლო საზოგადოებასთან ერთად სკოლის საჭიროებასა და მოთხოვნებზე ორიენტირებული კითხვარის შემუშავება.
კვლევის აქტუალობას განაპირობებს ერთი მხრივ, სკოლის დაკვეთა შიდა შეფასებისას მასწავლებლის საქმიანობის და სწავლა-სწავლების შეფასების პროცესი გახადონ უფრო მრავალმხრივი, რათა დაინახონ ფართო და ობიექტური სურათი, მეორე მხრივ, 2019 წლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სქემის მეოთხე მუხლი, რომელიც გულისხმობს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებელთა შეფასებისა და ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სისტემის ამოქმედებას.
კვლევის მიზნიდან გამომდინარე სტატიაში წარმოდგენილია სსიპ მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის მაგალითზე მეშვიდეკლასელ მოსწავლეებთან გამოკითხვის ინსტრუმენტის გამოყენება და მისი შედეგების განხილვა. სტატიაში ასევე, მიმოხილულია აღნიშნული ინტერვენციის დადებითი მხარეები, რისკები და მათი შემცირების გზები, და რეკომენდაციები.
Abstract:
For internal evaluation in schools, one or more tools are used to measure both teacher performance and the teaching-learning process, such as analysis of student achievement, school attendance, interviews with teachers, teacher attendance, teacher portfolio, student surveys, and more. The purpose of the practice study conducted in the school, which ordered the research, is to identify scientific sources to study the effectiveness of the student survey tool in the internal assessment process and to investigate the validity of this intervention based on them. Also, develop a questionnaire focused on the needs and requirements of the school, together with the school community, based on scientific sources and existing proven questionnaires.
The urgency of the research, on the one hand, is due to the school's order, to make the process of teacher performance and teaching-learning evaluation more comprehensive during internal evaluation, to see a broad and objective picture, and on the other hand, due to the fourth article of the 2019 Teacher Professional Development and Advancement Scheme, which envisages the establishment of an independent system of teacher evaluation and quality development based on all general education institutions.
For the purpose of the research, the article presents the use of the survey tool with seventh-graders on the example of a Legal entity under public law №2 Public School in the village of Partskhanakanevi, Tskaltubo Municipality under name of Mamia Pantsulaia and discusses its results. The article also reviews the advantages, risks, and ways to reduce this intervention and recommendations.
Keywords: Teacher Internal School Assessment, Student Survey, 360 Degree Assessment / Feedback
შესავალი
მოსწავლეების გამოკითხვის ინსტრუმენტის გამოყენება სკოლებში ნაკლებად გვხვდება. თუმცა, აღნიშნული ინსტრუმენტის პოპულარულობა იზრდება ბევრ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენი კვლევის დაშვებაა, რომ შიდა შეფასების პროცესში მოსწავლეების გამოკითხვა ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია და სკოლის მზაობისა და გამოცდილების შეფასების საფუძველზე აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია. თუმცა, მას უარყოფითი მხარეებიც აქვს და გასათვალისწინებელია მისი რისკები, რათა შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შემცირდეს ისინი.
როგორც კვლევის დამკვეთ სკოლასთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფებისა და გამოკითხვების შედეგად აღმოჩნდა, საკვლევი პრობლემა არის შიდა შეფასების პროცესში მოსწავლეთა ხმის არ გაგონება და სკოლას ჰქონდა სურვილი, შიდა შეფასების პროცესი მეტი ობიექტურობისა და სიზუსტისთვის ყოფილიყო უფრო მრავალმხრივი, მიზნის - მოსწავლეთა გამოკითხვის ეფექტიანობის კვლევა და მოსწავლეთა ვალიდური კითხვარის მომზადება - შესაბამისად, დაისვა შემდეგი ძირითადი საკვლევი კითხვები:
საკვლევ საკითხებზე პასუხების გასაცემად დავამუშავეთ სამეცნიერო ლიტერატურა, რომელსაც გაეცნობით სტატიის შემდეგ ნაწილში.
ძირითადი ნაწილი
ლიტერატურის მიმოხილვა
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც შესავალში აღინიშნა, სკოლის მიზანი იყო მასწავლებლისა და სწავლა-სწავლების შესახებ არაერთი წყაროდან ინფორმაციის შეგროვება, თეორიულ ჩარჩოდ გამოვიყენეთ 360°-იანი უკუკავშირი. ეს პროცედურა ეყრდნობა შეფასებას, რომელსაც მასწავლებლები იღებენ კოლეგებისაგან, მოსწავლეებისგან, მშობლებისგან, ზედამხედველებისა და სხვებისგან, რომლებიც შეფასების ციკლში არიან ჩართულები. 360°-იანი უკუკავშირის შესახებ მაჰარის ნაშრომი იკვლევს შესაძლებლობას და სარგებელს, რომელიც ამ მეთოდმა შეიძლება მოუტანოს მასწავლებლებს, უკუკავშირის ადმინისტრატორის გარდა სხვა წყაროებიდანაც მიღების შემთხვევაში. ლიტერატურის მიმოხილვაში ასევე დავამუშავეთ ჯონ დიუის თეორია, რომელიც პასუხობს კითხვაზე, სწავლა-სწავლების თუ მასწავლებლების შეფასების და პრაქტიკის გაუმჯობესების გარდა, კიდევ რა სარგებელი აქვს მოსწავლეთა გამოკითხვას. ამასთანავე, რადგან საკვლევი პრობლემა არის დამკვეთ სკოლაში შიდა შეფასების პროცესში მოსწავლეთა ხმის ვერგაგონება და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული შიდა შეფასების ინსტრუმენტებიდან ერთ-ერთის, კერძოდ, მოსწავლეთა გამოკითხვის არარსებობა. მოვძებნეთ, რამდენად ეფექტიანია აღნიშნული ინსტრუმენტი, რა საფრთხეები აქვს და რა უნდა გაითვალისწინოს სკოლამ ამ ინსტრუმენტის დანერგვისას. ამისთვის დავამუშავეთ ნათია ანდღულაძის სადოქტორო დისერტაცია, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეთა გამოკითხვაზე და განხილულია ჰარვარდის მკვლევრის, ფერგიუსონის მიერ ჩამოყალიბებულ მოსწავლეთა გამოკითხვის ინსტრუმენტის ვალიდობა. ასევე, დავამუშავეთ ნათია ანდღულაძისა და თამარ ბრეგვაძის ერთობლივი სტატია, რომელშიც მოსწავლეთა გამოკითხვების შესაძლო საფრთხეები და გასათვალისწინებელი ასპექტებია განხილული. სკოლაში დასანერგად ვალიდური და აპრობირებული მოსწავლეთა კითხვარების ნიმუშებისთვის დავამუშავეთ ტრიპოდის კვლევა, ამ მეთოდით შემუშავებული კითხვარები MET Project-ის ფარგლებში გამოიყენეს შტატების სკოლებში და კვლევის შედეგების თანახმად მოსწავლეთა ამგვარი გზით გამოკითხვა სწავლა-სწავლების პროცესის შესაფასებლად ყველაზე მდგრადი და ეფექტიანი ინსტრუმენტი აღმოჩნდა. ასევე, ვთარგმნეთ ჯექსონის საჯარო სკოლების მიერ 360°-იანი უკუკავშირის პრინციპით შემუშავებული მოსწავლეთა, მშობელთა და კოლეგებისთვის განკუთვნილი კითხვარები.
ბევრმა კორპორაციამ 360°-იანი უკუკავშირის სისტემა ჩართო თავის მეთოდებში დასაქმებულთა პროფესიული ზრდის გასაძლიერებლად, თუმცა მისი გამოყენება განათლების სფეროში და მის კვლევებში საკმაოდ მწირია (Mahar 2009, 10).
360 გრადუსიანი უკუკავშირის პროცესთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთებაა გამოთქმული: მონაწილეებმა, შეიძლება, თავი ინდივიდად იგრძნონ, მონაწილეებმა, შეიძლება, არაკონსტრუქციული ან საშიში გამოხმაურება მიიღონ, მათ, შესაძლოა, მგრძნობიარე ფორმით და ძალიან ბევრი ნეგატიური უკუკავშირი მიიღონ მიმდინარე მხარდაჭერისა და შემდგომი კონტროლის გარეშე. მრავალმხრივი შეფასების გამოყენებისას ექვსი საფრთხე გამოვლინდა: ორაზროვანი მიზნების ქონა, არასწორი შეტყობინების გაგზავნა, ცუდი პოზიციონირება, უკუკავშირის შემდეგ სამოქმედო გეგმის შეუმუშავებლობა და შემდგომი ქმედებების არარსებობა. 360 გრადუსიანი უკუკავშირის პროცესის განხორციელებამდე სკოლებმა ეს საკითხები და საფრთხეები უნდა გაითვალისწინონ. მასწავლებლების ყოველწლიური შეფასების დროს მიმწოდებელი ერთი წყარო, შეიძლება, მასწავლებლის ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად საკმარისი არ აღმოჩნდეს. ეს პროცესი, შეიძლება, მასწავლებლებისთვის ყველაზე ეფექტური გზა არ იყოს, რათა განავითარონ და მიაღწიონ შესრულების მიზნებს ან პერსონალის განვითარების საჭიროებები დაადგინონ. როდესაც თანამშრომლებს რამდენიმე თვალსაზრისით აკვირდებიან, მათ შეუძლიათ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ასახვით საკუთარი თავის უფრო სრულყოფილი და ზუსტი სურათი შექმნან. მას შემდეგ, რაც მრავალმხრივი შეფასებითი უკუკავშირის პროცესი, როგორც ადამიანური რესურსების განვითარების ინსტრუმენტი, უფრო პოპულარული ხდება, მისი გამოყენება შეიძლება სასკოლო რაიონებშიც სასარგებლო იყოს. 360 გრადუსიანი უკუკავშირის მეთოდი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის გამოიყენება, შეიძლება კიდევ ერთი ვარიანტი იყოს სასკოლო რაიონებისთვის, რომ იგი წლიური შესრულების შეფასების პროცესში განიხილონ (Mahar 2009,75).
360°-იანი უკუკავშირის პროცესი აჩვენებს პედაგოგთა პროფესიული განვითარების საჭიროებებს და მათ აძლევს საშუალებას მიიღონ უკუკავშირი, თუკი კითხვარები მიზნის შესაბამისად იქნება შედგენილი. 360°-იანი უკუკავშირის პროცესის სარგებელი სწავლებისა და საბოლოო ჯამში, მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებისთვის უფრო მეტ კვლევას, პილოტირებასა და განხორციელებას იმსახურებს.
გეითსების ფონდმა პედაგოგთა კომპეტენციის შეფასების ვალიდური ინსტრუმენტებისა თუ საზომების დასადგენად და შესამუშავებლად 2009-2012 წლებში ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა. აღნიშნული კვლევა ექსპერიმენტული დიზაინისაა და ეფუძნება ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი ათასი პედაგოგის შეფასებას. კვლევის დროს პედაგოგები შეფასდნენ მოსწავლეთა გამოკითხვით, გაკვეთილზე დაკვირვებით, საგნობრივი კომპეტენციის გამოცდით და მოსწავლეთა ტესტირებით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეების ტესტირება, პედაგოგის გაკვეთილზე დაკვირვება და, მათ შორის, მოსწავლეთა გამოკითხვა, პედაგოგების ხარისხის პროგნოზისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია (ანდღულაძე 2016, 49).
მასწავლებელთა შეფასებების სისტემაში მოსწავლეების ჩართულობა, მათი გამოკითხვა და სწავლების ეფექტურობის ამგვარი გზით გაზომვა ბილ და ამანდა გეითსების ფონდის დაფინანსებით MET project- 2011-2012 სასწავლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატების 130 საპილოტე სკოლაში განხორციელდა, რომელმაც მასშტაბური სახე მიიღო და 2014-2015 სასწავლო წლებში შეფასების სისტემაში ჩართული გახლდათ 300000 მოსწავლე (Bill and Melinda Gates Foundation 2012, 12). MET project-ის მოსწავლეთა კითხვარები ეფუძნება ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ, მკვლევარ რონალდ ფერგიუსონის მიერ შემუშავებულ მოსწავლეთა გამოკითხვის ტრიპოდ მეთოდს, რომელიც ზომავს კლასის ეფექტურობის შვიდ ინდიკატორს. ტრიპოდის ალტერნატიული მეთოდი ეწინააღმდეგება მოძველებულ კვლევებს, რომელთა თანახმადაც, მოსწავლეთა ტესტირების შედეგები, რაც ძირითად, მათ აკადემიურ მოსწრებას ადგენს, მართალია, მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მასწავლებლის ეფექტურობაზე, თუმცა არაფერს ამბობს საგაკვეთილო პროცესის ცალკეულ ასპექტებსა და იმაზე, თუ რა აქვთ პედაგოგებს გასაუმჯობესებელი სწავლა-სწავლების პროცესში და რა მეთოდების დახვეწა თუ შემუშავება სჭირდებათ მეტი ეფექტურობის მისაღწევად. სწორედ ამიტომ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების საზომი ტესტების, როგორც სწავლების ეფექტურობის ძირითად ინდიკატორად გამოყენება არავალიდურად მიიჩნევა (Kane, Kerr and Pianta 2014, 170).
გეითსების პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 16,000 კლასიდან 300,000 მეექვსე და მეცხრეკლასელ მოსწავლეებთან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა გამოკითხვა მასწავლებლისა და სწავლა-სწავლების შესაფასებლად ყველაზე მდგრადი საზომია (ანდღულაძე 2016, 49).
1.3 მოსწავლეთა გამოკითხვა, როგორც რეფლექსია
ამერიკელი ფილოსოფოსი და საგანმანათლებლო რეფორმატორი, ჯონ დიუი იყო ის, ვინც პირველმა გააჟღერა რეფლექსიური აზროვნების იდეა. დიუის ხშირად განიხილავენ, როგორც გამოცდილებით სწავლების მამას. თუმცა, დიუი წერს, რომ ჩვენ არ ვსწავლობთ გამოცდილებით, ჩვენ ვსწავლობთ გამოცდილებაზე რეფლექსიით (Shaw, Kuvalja and Suto 2018, 2). დიუის მოსაზრება გვაძლევს საშუალებას გვქონდეს ჰიპოთეზა, რომ მასწავლებლისა და სწავლა-სწავლების შეფასებისას მოსწავლეებს განუვითარდებათ რეფლექსიური აზროვნება და იფიქრებენ კარგი მასწავლებლისა და ეფექტიანი სწავლების სტილის შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით იქნებიან უფრო კრიტიკულად მოაზროვნეები.
ნათია ანდღულაძისა და თამარ ბრეგვაძის ერთობლივი სტატიის მიხედვით, ბოლოდროინდელი კვლევები გვიჩვენებს, რომ სტუდენტთა აღქმები სწავლის ხარისხის შესახებ, შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი მასწავლებლების ეფექტიანობისა, ამასთანავე, მოსწავლეთა გამოკითხვა შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად მიკერძოებული და მოგვცეს ძალიან არაობიექტური შეფასება სწავლების ხარისხის შესახებ ან სწავლების ხარისხსა და მოსწავლის მიღწევებს შორის (Andghuladze and Bregvadze 2016). აღნიშნული სტატიის მიხედვით, მიზეზი, რამაც, შეიძლება, გავლენა მოახდინოს რესპონდენტების გამოკითხვაზე შემდეგია: სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს განსხვავებული სტანდარტები და ნორმები აქვთ გარკვეული ცნებების შესახებ, მაგალითად, კლასის მართვის შესახებ. ასევე, ზოგ ქვეყნაში მოსწავლეები გადაჭარბებულად აფასებენ მასწავლებლებს. ამის მაგალითია ქართველი მოსწავლეების შეფასება მათემატიკის გაკვეთილზე ჩართულობის მხრივ, რაც ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რომლებიც განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე არიან. გარდა ამისა, როცა PISA 2012 – ში მოსწავლეებს სთხოვეს შეეფასებინათ მასწავლებლების ეფექტურობა კლასის მართვაში, აღმოჩნდა, რომ დაბალი მიღწევების ქვეყნებში მასწავლებლებმა მაღალი შედეგები მიიღეს პრაქტიკაში და მაღალი მიღწევების მქონე ქვეყნებში - დაბალი (Andghuladze and Bregvadze 2016). აღნიშნული პრობლემა გვაფიქრებინებს, თუ რამდენად ობიექტურად შეავსებენ ჩვენი კლიენტი სკოლის მოსწავლეები კითხვარებს, სწორედ ამიტომ სკოლის კონტექსტისა და მახასიათებლების კარგად შესწავლაა საჭირო.
ნათია ანდღულაძისა და თამარ ბრეგვაძის სტატიის მიხედვით, ტრიპოდის კითხვარით მოსწავლეების გამოკითხვა ჩაატარდა, როგორც ეროვნული შეფასების ნაწილი მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის მათემატიკაში. კვლევამ მოიცვა 4426 მოსწავლე და 200 მასწავლებელი საქართველოს 166 სკოლიდან. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეთა აღქმა მათი მასწავლებლის ეფექტიანად სწავლის შესახებ განსხვავდება მოსწავლეების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით. მკვლევრებმა შეადარეს იმ მოსწავლეების შეფასება, რომლებსაც სახლში ბევრი რესურსი აქვთ ან დადიან რეპეტიტორებთან. აღმოჩნდა, რომ მათი შედეგები განსხვავდება იმ მოსწავლეების შედეგებისგან, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. მოსწავლეები ნაკლები საგანამანათლებლო რესურსებითა და შესაძლებლობებით უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ მასწავლებელს, ვიდრე მათი თანაკლასელები უფრო მეტი შესაძლებლობებით (Andghuladze and Bregvadze, 2016).
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული საფრთხეებისა, მკვლევრების დასკვნით, უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა უკეთესად დავინახოთ სუბიექტურობის ეფექტი და მნიშვნელოვანია, რომ დარედაქტირდეს კითხვები და ვალიდური გახდეს კონკრეტული ქვეყნისთვის და სკოლისთვის.
კლიენტი სკოლისთვის საუკეთესო კითხვარების შემუშავებისთვის ტრიპოდის კითხვარის გარდა, გავეცანით ჯექსონის საჯარო სკოლების მშობელთა და მოსწავლეთა კითხვარებს, რომელიც 360°-იანი უკუკავშირის პრინციპს ეფუძნებოდა.
ჯექსონის საჯარო სკოლები სიდიდით მეორე სასკოლო ოლქია მისისიპიში, დაახლოებით 21,000 მეცნიერი ემსახურება სასკოლო ასაკის ბავშვების 80 პროცენტზე მეტს ერთადერთ ურბანულ მუნიციპალიტეტში, შტატის დედაქალაქში. ჯექსონი, მისისიპის დაახლოებით 170 000 მაცხოვრებელი ჰყავს, 104 კვადრატული მილის ფართობზე (COUNCIL OF THE GREAT CITY SCHOOLS 2018, 13).
ჯექსონის სკოლების კითხვარები იყო შემდეგი ტიპის: კოლეგის უკუკავშირი კოლეგას, მშობლის უკუკავშირი მასწავლებელს, მოსწავლეთა უკუკავშირი მასწავლებელს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა კითხვარებში საინტერესო იყო ის, რომ ეს კითხვარები დაყოფილი იყო ასაკობრივ დონეებად: I-II კლასის მოსწავლეებისთვის, III-V კლასის მოსწავლეებისთვის, VI-VII კლასის მოსწავლეებისთვის და IX-XII მოსწავლეებისთვის (JACKSON PUBLIC SCHOOLS 2008, 8-39). ჩვენი კლიენტი სკოლისთვის საინტერესო და სამიზნე საფეხურის მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის განკუთვნილი კითხვარები ვთარგმნეთ ქართულად და შევთავაზეთ ჩვენს კლიენტ სკოლას.
ექსპერიმენტული ნაწილი
ინტერვენცია
ვინაიდან, კლიენტ სკოლაში ჩატარდა პრაქტიკის კვლევა, ინტერვენციის განხორციელებას წინ უსწრებდა დიაგნოსტიკური ეტაპი. ამ ეტაპის ფარგლებში დირექტორთან ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ, მასწავლებლებთან ფოკუს ჯგუფი და მათ გაეგზავნათ ელექტრონული კითხვარები, გარდა ამისა, მშობლებთანაც ჩატარდა ფოკუს ჯგუფები.
კვლევის დიაგნოსტიკურ ეტაპზე დირექტორთან ჩატარებული ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგად დაზუსტდა, რომ მოსწავლეები შიდა შეფასების პროცესის მიღმა არიან და ეს კლიენტი სკოლისთვის წარმოადგენს პრობლემას. ასევე, დირექტორმა გაგვიზიარა გამოცდილება კონკრეტული პროექტის ფარგლებში საბუნებისმეტყველო მიმართულებით გამოყენებული მოსწავლეების კითხვარის შესახებ. აგრეთვე, შემოგვთავაზა ჩაგვეტარებინა მასწავლებლებსა და მშობლებში მოსწავლეების კითხვარებისადმი მზაობისა და თანხმობის კვლევა.
დიაგნოსტიკური კვლევის ეტაპზე მასწავლებელთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფების შედეგად გამოიკვეთა, რომ მასწავლებელთა ნაწილი შესავალში აღნიშნულს ნამდვილად მიიჩნევდა პრობლემად, ხოლო მეორე ნაწილისთვის არ იყო მიზანშეწონილი მოსწავლეთა ჩართვა შიდა შეფასების პროცესში. მას შემდეგ, რაც გავაცანით უცხოური პრაქტიკა და არსებული გამოცდილება დამუშავებული ლიტერატურიდან, შევიმუშავეთ ელექტრონული გამოკითხვის ფორმა, რომლის შედეგების მიხედვითაც გამოიკვეთა მასწავლებელთა უმეტესობის თანხმობა და მზაობა. შემდგომ მოსწავლეების ჩართვასა და ინტერვენციის გატარების თაობაზე შევხვდით მშობლებს და მათგან მივიღეთ, ერთი მხრივ, თანხმობა შვილების ჩართვასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, გამოხატეს ღიაობა და საჭიროების შემთხვევაში ჩართულობისადმი მზაობა.
ინტერვენციის შემუშავებისთვის და განხორციელებისთვის გავაანალიზეთ სკოლის ბაზაზე არსებული შეფასების რუბრიკის ჩარჩო და კითხვარები მოვარგეთ სკოლის მიერ შემუშავებულ სფეროებსა(სწავლა-სწავლების სტრატეგიები,ზრუნვა, პიროვნული თვისებები) და კრიტერიუმებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კითხვარები(დანართი#1) ეფუძნება ჯექსონის სკოლების, ტრიპოდ მეთოდით შედგენილ და სკოლის ხელთარსებულ კითხვარებს. ხსენებული ინტერვენცია განხორციელდა მეშვიდეკლასელ მოსწავლეებთან.
კვლევის შედეგები
კვლევის შედეგების შეფასებისთვის გვქონდა მასწავლებლებთან ინდივიდუალური შეხვედრები, მოსწავლეებთან ფოკუს ჯგუფი და მიღებული შედეგების გაზიარებისთვის ხარისხის ჯგუფთან შეხვედრა.
ინტერვენციის განხორციელების შემდგომ მასწავლებლებთან ინდივიდუალური ინტერვიუების შედეგად აღმოჩნდა, რომ მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტული სფეროები, მათი უმეტესობა კმაყოფილია მიღებული შედეგებით, კითხვარიდან მიღებული დადებითი შედეგები ზრდის მათ მოტივაციას, თუმცა ხედავენ კლასების იდენტიფიცირების საჭიროებას, რათა უკეთ განსაზღვრონ სამომავლო ინტერვენციები. ასევე, მათ მოგვცეს რჩევები კითხვარის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოსწავლეებთან ფოკუს ჯგუფის შედეგებს, გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები სრულად იაზრებენ კითხვარების საჭიროებასა და საკუთარ პასუხისმგებლობას, აღნიშნულ პროცესებში. შიდა შეფასების პროცესში მათი ჩართულობა ამაღლებს მოსწავლეების მიკუთვნებულობის განცდას. ასევე, გამოიკვეთა, რომ აღნიშნული კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ ინსტრუქტაჟის გარეშე კითხვარების შევსება. გარდა ამისა, მათ გვირჩიეს კითხვარების დებულებების შემცირება.
ხოლო ხარისხის ჯგუფთან შეხვედრის დროს მასწავლებლებისგან და მოსწავლეებისგან მიღებული უკუკავშირების საფუძველზე ერთობლივი მუშაობით კითხვარში შევიტანეთ ცვლილებები.
დასკვნა
პრაქტიკის კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლებისათვის, გარდა საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისა და ურთიერთშეფასებისა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შიდა შეფასების პროცესში ახალი ინსტრუმენტის შემოტანა, რომელიც დაეხმარა მათ, მოსწავლეთა აღქმებისა და შეფასების საფუძველზე დაენახათ, სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტები. კითხვარების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია სკოლისათვის პრიორიტეტული სფეროებისა და საჭიროებების გათვალისწინება და მათი ჩართულობა კითხვარების შეფასების პროცესში. მოსწავლეთა გამოკითხვის ინსტრუმენტის გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა როლის მნიშვნელობა სასკოლო საზოგადოებისთვის. კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ მასწავლებლებისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა დადებითი შეფასებები. მიუხედავად გამოყენებული ინსტრუმენტის კლიენტ სკოლაში ეფექტიანობისა მის ვალიდურობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს გარემო და სოციო-ეკონომიკურმა ფაქტორებმა და მოსწავლეთა თავისებურებებმა, რაც საჭიროებს დამატებით კვლევებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეთა გამოკითხვის ინსტრუმენტის სარგებელი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე შესაძლო რისკები.
რეკომენდაციები:
ა. თუ მასწავლებლები არ არიან ამ მეთოდით შეფასების სიკეთეებში დარწმუნებული, პროცესი შეიძლება ეტაპობრივად ჩაეშვას. შეიძლება იმ მასწავლებლების ჩართვა, რომლებიც მზაობას გამოხატავენ;
ბ. მოსწავლეებთან უნდა გაიმართოს საინფორმაციო შეხვედრები პროცესის მნიშვნელობის გააზრებისთვის, ასევე, დირექცია რომ დარწმუნებული იყოს, რამდენად სწორად არის გაგებული თითოეული დებულება;
გ. მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რომ გაიაზრონ მათი და შვილების ჩართულობის მნიშვნელობა სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხზე. განისაზღვროს ვისი პასუხისმგებლობაა მათთან შეხვედრები (დამრიგებელი, ხარისხის ჯგუფი, დირექცია);
გამოყენებული ლიტერატურა
(საქართველოს მთავრობის დადგენილება. 2019. №241დადგენილება ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“.
ანდღულაძე, ნათია. 2016. მასწავლებლის შეფასება საქართველოში პროფესიული კაპიტალის პერსპექტივიდან. სადოქტორო დისერტაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Shaw, S., Kuvalja, M. and Suto, I. (2018). An exploration of the nature and assessment of student reflection. Research Matters: A Cambridge Assessment publication, 25, 2-8.
Mahar, Jo-Anne. 2009. The Use of 360-Degree Feedback Compared to Traditional Evaluative Feedback for the Professional Growth of Teachers. Ed.D, Seton Hall University.
Andguladze, Natia and Tamar Bregvadze. 2016. Can Students Tell How Good Teachers Are? Frame of Reference Effects on the Validity of Students’ Feedback about Teaching Effectiveness. Paper presented at the 42nd Annual Conference conference: Assessing the Achievement of Curriculum Standards of the Organization of International Association for Education Assessment (IAEA), Cape town, South Africa; August 26.
Kane Thomas, Kerri A. Kerr and Robert C. Pianta, eds. 2014. Designing teacher evaluation systems New Guidance from the Measures of Effective Teaching Project. San Francisco: Jossey-Bass A Wiley Brand.
Bill and Melinda Gates Foundation. 2012. Asking Students about Teaching: Student Perception Surveys and Their Implementation. MET Project Policy and Practice Brief. Colorado: ERIC.
COUNCIL OF THE GREAT CITY SCHOOLS. 2018. Review of the Instructional Program of the Jackson Public Schools. Mississippi: COUNCIL OF THE GREAT CITY SCHOOLS.
JACKSON PUBLIC SCHOOLS. 2008. Teacher Performance Evaluation. Mississippi: National Council on Teacher Quality.
OECD.2013. Teachers for the 21st Century: Using Evaluation to Improve Teaching.Paris: OECD.