+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • კლასის მართვის ხუთი ოქროს წესი

  • ქეთევან ცერცვაძე
  • • დაგეგმვა - მიზნების დასახვა, სტრატეგიების შემუშავება; • ორგანიზება; • ლიდერობა - მოტივაციის შექმნა, კონფლიქტური სიტუაციების მართვა; • კონტროლი - დავალების შესრულების პროცესზე დაკვირვება, მონიტორიგი.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:
  • რეზიუმე:

    მასალა მომზადებულია ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციისა  და ამერიკის მასწავლებელთა ხარისხის ეროვნული საბჭოს მიერ მომზადებულ მასალაზე დაყრდნობით. კვლევებმა აჩვენეს, რომ 80% მოსწავლეების ექვემდებარება აღნიშნულ მიდგომას. ერთი შეხედვით შეიძლება ყველაფერი ნაცნობი იყოს ნებისმიერი მასწავლებლისთვის და იფიქროს, რომ ეს ისედაც იცოდა და ახალი არაფერია. ამასთან დაკავშირებით ხშირად ერთი მაგალითი მომყავს: ძალიან კარგად ვიცი ფეხბურთის ყველა წესი, როცა მიხსნიან ან ვუყურებ, მაგრამ ცარიელ კარში გოლსაც კი ვერ გავიტან, ხშირად თეორიული ცოდნა და ცოდნის განხორციელება პრაქტიკაში სხვადასხვა რამ არის, ერთია ვიცოდეთ და მეორეა დავიცვათ პორციები თუ პროპორციები, ასევე თანმიმდევრულობა, რათა მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს.

  • როგორც ვიცით, მენეჯმენტი წარმოადგენს რამდენიმე ადამიანის მიზანმიმართულ და კოორდინირებულ მოქმედებას. უმეტესობას მენეჯმენტზე  ახსენდება დიდი ორგანიზაციების: ბანკის, ბიზნესის, საწარმოს მენეჯერები, ამ დროს, მენეჯმენტი და მენეჯერები საჭიროა ნებისმიერ სფეროში,  განსაკუთრებით  სკოლაში და  საკლასო ოთახში. 

        ვისაც მასწავლებლად უმუშავია დამეთანხმება, რომ არ არის მარტივი საკლასო ოთახში ბავშვების მართვა, გაჩუმება, ცოდნის გადაცემა, გამოკითხვა, ინტერეაქტიული გაკვეთილებისა თუ დისკუსიების მოწყობა. იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს სასწავლო პროცესის წარმოება, აუცილებელია წესები, რომელიც მასწავლებლებს და მოსწავლეებს მისცემს საშუალებას კოორდინირებულად, მოწესრიგებულად და მიზანმიმართულად იმოქმედონ.  ისევე როგორც კარგი მენეჯერისთვის, რომელიც მიზანზე და შედეგზეა ორიენტირებული, მასწავლებლისთვისაც საჭიროა მართვის ფუნქციების გააზრება და ჩვევაში გადატანა.

    ზოგადად მართვის ძირითადი ფუნქციებია:

    • დაგეგმვა - მიზნების დასახვა, სტრატეგიების შემუშავება;
    • ორგანიზება;
    • ლიდერობა - მოტივაციის შექმნა, კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
    • კონტროლი - დავალების შესრულების პროცესზე დაკვირვება, მონიტორიგი.

     

    კვლევის შედეგად დადგინდა: იმისათვის, რომ კლასში დამყარდეს წესრიგი და შეიქმნას პოზიტიური სასწავლო გარემო, არ არის საჭირო „მძიმე ხელი“.

    კლასის სამართავად და ზოგადი წესრიგის დასამყარებლად  საჭიროა, დაცული იყოს 5 მთავარი საკითხი, რომელსაც დაარქვეს:  The Big Five

     

     

    1. წესები: დაადგინეთ კლასში ქცევის წესები და შეასწავლეთ მოსწავლეს, ასევე გააცანით, რა მოლოდინები გაქვთ ქცევასთან დაკავშირებით.
    1. რუტინა: ჩამოაყალიბეთ სტრუქტურა და დაადგინეთ რუტინა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს იმოქმედოს სხვადასხვა სიტუაციებში.
    2. შექება: განამტკიცეთ პოზიტიური საქციელი შექებით.
    3. ცუდი საქციელი: აუცილებლად უნდა განხორციელდეს რეაგირება მოსწავლის ცუდ საქციელზე.
    4. ჩართულობა: წაახალისეთ და მხარი დაუჭირეთ მოსწავლის მიერ გამოჩენილ ინტერესს და აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

     

    დიდი ხუთეული ძირითადად განეკუთვნება მართვის პირველ პუნქტს- დაგეგმვას და ორგანიზებას.  საგაკვეთილო პროცესში ყოველდღიურად ყურადღება უნდა ექცეოდეს ხუთ პუნქტს,  რაც  დეტალურად მოიაზრებს შემდეგს:

    1. წესები

    მასწავლებელმა (ან მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად) უნდა შეადგინოს წესების გარკვეული რაოდენობა, რომლის დანიშნულებაც იქნება განსაზღვროს, რას ნიშნავს დადებითი ქცევა კლასში და დადებითი მოლოდინები. მას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, ისინი აუცილებლად უნდა იყოს გააზრებული, ნასწავლი და  პრაქტიკაში განმტკიცებული. წესები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, რა ასაკის მოსწავლეებთან ვურთიერთობთ. წესები აუცილებლად უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას გამოკრული და ხდებოდეს მათი შეხსენება გაკვეთილის  დასაწყისში. მასწავლებლის, როგორც მენეჯერის, მოვალეობაში შედის წესების  ამუშავება ყოველდღიურ ცხოვრებაში:

     

    დაბალ კლასებში

    წესები მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის

    Ø  დროულად გამოვცხადდეთ საკლასო ოთახში;

    Ø  თან იქონიეთ კალამი, წიგნი, რვეული;

    Ø  ისაუბრეთ ხელის აწევის შემდეგ;

    Ø  მოუსმინეთ მასწავლებელს და თქვენს თანაკლასელს.

     

    Ø  ყოველთვის დროულად მიდით გაკვეთილზე;

    Ø  პატივი ეცით მასწავლებელს, კლასელებს, სკოლას;

    Ø  იყავით მზად გაკვეთილისთვის;

    Ø  ისაუბრეთ და იმსჯელეთ დაბალ ხმაზე;

    Ø  იყავით კეთილგანწყობილნი ;

    Ø  და სხვა.

     

    1. რუტინა

    მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს და მიაჩვიოს ყოველდღიურ პროცედურებსა და რუტინას, რაც გულისხმობს: როგორ მოექცეს სასწავლო ნივთებს, როგორ მოიქცეს კლასში სასწავლო პროცესის დროს  (რაც წესების ნაწილია), კლასის გარეთ და სხვადასხვა სასწავლო სიტუაციაში, მაგალითად: ჯგუფური მუშაობის დროს, ინდივიდუალური მუშაობის დროს. აღნიშნული წესები  შედგენილი უნდა იყოს და მოსწავლემ ისწავლოს სასწავლო წლის დასაწყისში, თუმცა მასწავლებელს წლის განმავლობაში წესებში შეუძლია ცვლილებების შეტანა.

     

    მკაფიოთ გაააზრებინეთ და ასწავლეთ მოსწავლეებს წესები და რუტინა.

     

    მასწავლებლებს არ უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ მოსწავლე, წესების გაცნობისთანავე, ზუსტად გაიგებს არსებული წესების შინაარსს და მნიშვნელობას.   მასწავლებლისთვის პრიორიტეტი უნდა  გახდეს მოსწავლეს ზუსტად გაააზრებინოს  მიწოდებული ინფორმაცია.  ამისთვის საჭიროა:

    • წლის დასაწყისში მასწავლებელმა დაუთმოს დამატებითი დრო და ყურადღება, რომ სწორად გაააზრებინოს და შეასწავლოს მოსწავლეებს წესები და გამოამუშავებინოს წესებით მოქმედების უნარები;
    • აუცილებელია, წლის განმავლობაში შეახსენონ და გადაამეორებინონ წესები, სასურველია მათი საკლასო ოთახში განთავსებაც.
    • დარწმუნდით, რომ წესები უნდა იყოს მარტივად გასაგები და შესრულებადი. მაგალითად, თუ მიზანია/წესია „პატივი ეცით სკოლას, კლასელს, მასწავლებელს, გარემოს“ - უნდა დარწმუნდეთ, რომ მოსწავლეს ესმის რას ნიშნავს - პატივისცემა. მოუყვანეთ მაგალითი და გააცნობიერებინეთ, რას ნიშნავს პატივისცემითი დამოკიდებულება, რომელსაც მისგან მოელით.
    • ზოგადად, მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ 5 წესს მოსწავლე ერთდროულად შეასრულებს, ბევრი მოლოდინით მოსწავლე დაკარგავს სწორ მიმართულებას.

    გამომდინარე იქიდან, თუ რამხელაა კლასი,  მოლოდინებიც  უნდა იყოს შესაბამისი.

    1. 3. შექება

    მასწავლებელმა კარგი ჩვევა  აუცილებლად უნდა განამტკიცოს შექებით. გარკვეული შედეგისათვის წახალისების მიზნით შესაძლებელია  დადგინდეს ჯილდო ან პრიზი. ყველაზე მოწესრიგებული მოსწავლე ან ჯგუფისთვის,  ასევე ყველაზე მოწესრიგებული კლასისათვის რაიმე წამახალისებელი აქტივობის გაკეთებაც სასურველია. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ შექება და წახალისება უნდა იყოს დამსახურებული. შექებით ხშირად ხდება მოსწავლეების მოტივაცია.

    • მოსწავლეების მოტივაცია - არსებობს გარეგანი და შინაგანი მოტივაცია. ეს მიდგომა განსხვავდება სხვა თემებისგან იმით, რომ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ორ საკითხზე. ესენია:
    • მოსწავლე, რომელიც იცავს მარტო წესებს;
    • მოსწავლე, რომელიც განწყობილია, რომ ისწავლოს.

     არიან მოსწავლეები, რომლებიც გარეგნულად იცავენ წესებს, მაგრამ არ არიან ჩართულები გაკვეთილში. აქვთ გარეგანი მოტივაცია და არა შინაგანი. შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად  საჭიროა დაწესდეს ჯილდო, მაგალითად მათთვის: ვინც იქნება ჩართული, ვინც კარგ შედეგს დადებს და აშ.   არ     უნდა ვიყოთ ორიენტირებულები მარტო გარეგანი წესების დაცვაზე.

     

    1. ცუდი ქცევა

    ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვი ყოველთვის არ იცავს წესებს და არ იქცევა კარგად, ასევე მასწავლებელსაც უნდა ესმოდეს, რომ მოსწავლე დაარღვევს წესებს. ამისათვის უნდა იყოს შემუშავებული მასწავლებლის მიერ გარკვეული შემხვედრი ქმედება, ბავშვის ცუდი საქციელი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.  წესების დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე საპასუხო რეაქცია უნდა იყოს სხვადასხვა.  

    • რეაგირება: მასწავლებელმა  რეაგირება უნდა მოახდინოს  ცუდ საქციელზე, ამისათვის შეიძლება  შემდეგნაირად მოიქცეს:
    • გაჩუმდეს, ყურადღება მიიქციოს და დაელოდოს მოსწავლეს;
    • შეახსენოს მოსწავლეს ქცევის ნორმები;
    • შეუცვალოს მოსწავლეს ადგილი და დასვას წინ, თავისთან ახლოს;
    • შეიცვალოს ხმა და ესაუბროს ფორმალურად და შედრებით მკაცრად (არ არის მიზანშეწონილი ხმის აწევა, ყვირილი და ჩხუბი);
    • მასწავლებელი უნდა დარჩეს გაწონასწორებული და მშვიდი.

     გამომდინარე საქციელის სიმძიმიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას  სხვადასხვა ქმედება:

    • გასაუბრება მოსწავლესთან;
    • მშობლის დაბარება.

     

    1. 5. ჩართულობა/საქმიანობა

    ეს მეთოდი მჭიდროდ არის დაკავშირებული სწავლების ხარისხთან. მასწავლებლები მუდმივად უნდა ცდილობდნენ, რომ მოსწავლე ჩართული და დაინტერესებული იყოს გაკვეთილით და საგაკვეთილო პროცესით.  გაკვეთილით დაინტერესებულ და ჩართულ მოსწავლეს  ნაკლები დრო აქვს, დაკავდეს რაიმე „სხვა“  არასასურველი ქცევით.

    კლასში ჩართულობის მიღწევის ერთ-ერთი სტრატეგიაა  კითხვების დასმა, არსებობს ორი ტიპის კითხვა:

      IRE- Initiation-Response-Evaluation

    (კითხვა-პასუხი-შეფასება)

    Open-Ended Questions - ღია შეკითხვები

    კითხვები, რომლის პასუხიც ცალსახაა, ე.წ. IRE ტიპის კითხვა-პასუხი.  IRE- Initiation-Response-Evaluation (კითხვა-პასუხი-შეფასება)

     IRE-ტიპის კითხვები ძირითადად რეკომენდებულია:

    Ø  მოსწავლეების ყურადღების მისაპყრობად;

    Ø  პრობლემის გადაჭრის დროს ამოცანის ამოხსნისას ან კონკრეტული პრობლემის განხილვისას;

    Ø  წინა მასალის გახსენებისას;

    Ø  ტესტირების დროს;

    Ø  მინიშნების მიცემის დროს, საუბრის გაგრძელებისთვის;

    Ø  და სხვა.

    კითხვები, რომლის პასუხიც არ არის ცალსახა (open-ended questions), ღია შეკითხვების კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი ტიპის კითხვები:

    Ø  ინფორმაციის მაძიებელი კითხვები;

    Ø  ზოგადი ხასიათის კითხვები;

    Ø  კითხვები, რომელსაც არ აქვს კონკრეტული პასუხი;

    Ø  სადისკუსიო კითხვები.

            მაგალითად:

    #  რა მოხდება თუ...?

    #  როგორ უკავშირდება  A საკითხი B საკითხს ... (კავშირების დადგენა)?

    #  რა არის მთავარი აზრი (Key concept)..?

     

    ჩართულობის ასამაღლებლად აუცილებელია კლასის ფიზიკური გარემოს მოწყობა და მართვა: ეს სტრატეგია ითვალისწინებს, მაგალითად, კლასში მერხების განლაგებას შემდეგი პრინციპით:

    • მასწავლებელმა შეძლოს ყველა მოსწავლის დანახვა.
    • კლასის ისე განლაგება, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ ჯგუფურად ეფექტურად მუშაობა.
    • ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ მოსწავლეს სჭირდება სივრცე და დრო როგორც კლასში გადასაადგილებლად , ასევე კლასებს შორის გადასაადგილებლად.

    მინდა დავამატო, რომ აღნიშნული მიდგომებით ვიხელმძღვანელე საერთაშორისო სკოლაში, სადაც კლასში სხედან სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა კულტურის მქონე ბავშვები და  ეს მიდგომა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.

    თავდაპირველად,  მოსწავლეებს თითქმის ყოველდღე ვახსენებდი წესებს და ვცდილობდი გაეაზრებინათ  თითოეულის მნიშვნელობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვებმა თავად დაიწყეს ერთმანეთისთვის წესების შეხსენება  და წესრიგისკენ მოწოდება, კლასში იქმნება სასიამოვნო გარემო და  ყალიბდება  კლასის კულტურა, რომელიც მისაღებია თითოეულისთვის.

     

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც შესაქებია ბავშვი კარგი საქციელისათვის,  აუცილებლად რეაგირება მოსახდენია მოსწავლეზე,  რომელიც არ ექვემდებარება წესებს და  გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი. ხშირად, ბავშვები  აპროტესტებენ მასწავლებლის რეაგირებას  მათ საქციელზე და ყველაფერი უსამართლობად ეჩვენებათ, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. ერთერთ გაკვეთილზე მოსწავლეებს ავუხსენი ალბათობა (მათემატიკის მასწავლებელი ვარ), გაიგეს და გაიაზრეს, რომ კამათლის გაგორებისას ლუწი რიცხვის მოსვლის ალბათობა არის ½, ხოლო ერთიანის მოსვლის ალბათობა 1/6. როგორც კი გაიაზრეს ეს საკითხი  ალბათობიდან, მოვუყვანე კონტრ მაგალითი მათი ქცევებიდან. მაგალითად,  ჯონ (გამოგონილი სახელია), შენ დღეს მოგეცი შენიშვნა 4 ჯერ, ჯიმის 2 ჯერ, ჯენის  ერთხელ, ალბათობა იმისა რომ  დღეს შენიშვნას კიდევ მიიღებთ, ვისი უფრო მაღალია?  ჯონიმ თქვა, ჩემი. ე.ი. მე ღონისძიებების გატარებას ჯერ დავიწყებ  ვისგან? ჯონიმ მიპასუხა- ჩემგან და ეს არ არის  უსამართლო ( ხშირად ბავშვებს უნდათ ყველა ერთნაირად „დაისაჯოს“ ან არ დაისაჯოს). ამ მაგალითის მერე, როცა ღონისძიების გატარება მინდოდა, ამბობდნენ,  ალბათობა იმისა, რომ გავიმეორებ ცუდ ქცევას,  მაღალია. საყვედური დავიმსახურე, მეკუთვნის. თუმცა მათ  უსამართლობის განცდა აღარ ჰქონდათ,  მერე ნელ-ნელა დაიწყეს საკუთარი ქცევის კონტროლი, რომ ბევრი საყვედური არ დაგროვებოდათ.   ეს ყველაფერი გადავიყვანეთ ალბათობის თეორიაში, ჩემი აზრით, უფრო თამაშად და გართობად მიიღეს ეს ფორმა, ვიდრე დასჯად. იცოდნენ, რომ ეკუთვნოდათ და შემდეგ უკვე ცდილობდნენ, ალბათობა შეემცირებინათ.

     

    კლასში ჩართულობის ასამაღლებლად და შინაგანი მოტივაციის გასაზრდელად, მქონდა შემდეგი მეთოდი: მოსწავლეს ერთი დღით ადრე ვაძლევდი თემას, რომელიც თავად უნდა აეხსნა კლასისთვის, იქნებოდა  „დღის მასწავლებელი“ 5-7 წთ.  ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ თვითრწმენა და შინაგანი მოტივაცია ისწავლონ. რასაკვირველია, სანამ კლასს აუხსნიდა თემას,  ვაძლევდი მიმართულებას, რეკომენდაციას და ვეხმარებოდი. შედეგად გახდნენ  მეტად ჩართულები  და მოწესრიგებულად დაიწყეს მოქცევა კლასში  და ცდილობდნენ ძალიან კარგად მომზადებულიყვნენ გაკვეთილისთვის.

     

    სკოლაში, წლის განმავლობაში კლასი დგამს წარმოდგენას. იმისათვის რომ გუნდური მუშაობა ესწავლათ და თითოეული მოსწავლე ყოფილიყო ჩართული, თავად  მოსწავლეებმა  შეარჩიეს წარმოდგენის  თემა. მათ სურდათ, სპექტაკლი შეხებოდა ბულინგის თემას.  სცენარის მონახაზის შექმნაში დავეხმარე. როლების განაწილება, სცენარის გაშლა მათ მივანდე, ვამხნევებდი და ვეუბნებოდი, რომ ჩემზე უკეთ შეუძლიათ ამ თემაზე ფიქრი და წერა. ასეთმა დამოკიდებულებამ კარგი  შედეგი გამოიღო. გაუხარდათ, რომ უნდა დაეწერათ სცენარი და  თავად ყოფილიყვნენ ავტორები.

     

    იმედს ვიტოვებ, აღნიშნული მასალა დაგეხმარებათ, უფრო ეფექტურად წარმართოთ საკლასო ოთახში ცოდნის გადაცემის პროცესი და  ბავშვებიც  მეტად მიეჩვევიან წესების დაცვასა და პატივისცემას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობისათვის.

     

    გამოყენებული ლიტერატურა და ონლაინ მასალა:

    1. Kratochwill , Thomas R., and Rachel DeRoos . .Classroom Management

    Teachers Modules.. Pardon Our Interruption, American Psychological

    Association www.apa.org/education/k12/classroom-mgmt.aspx.

     

    1. National Council on Teachers Quality – “Classroom Management”

    www.nctq.org

     

    1. PennX- University of Pennsylvania, .Understanding Classroom Interaction.

    Education & Teacher Training, 5 Week Online Course.

    www.courses.edx.org

     

    1. Michigan State University – College of Education

    Best Practice in Classroom Management

     

     

     

     

     

     

  • 2018.07.18
ნომერი
მსგავსი სტატიები