+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვა და მონიტორინგი სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურზე

  • ნ.ბაღათრიშვილი;,მ.სილაგაძე
  • სკოლის საჭიროებების კვლევა; მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
  • ტომი: 2
  • ნომერი: 2




  • ავტორის რეკვიზიტები:

    ნათელა ბაღათრიშვილი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,

    სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის

    მენტორი მასწავლებელი;

     მაია სილაგაძე, სსიპ ქალაქ თს N7 საჯარო სკოლის

    დირექტორი

  • რეზიუმე:

    სტატია ეფუძნება სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლაში განხორციელებულ საჭიროებების კვლევას, რომლის მიზანი იყო, შეგვესწავლა, რა დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების მიმართ, რამდენად ინტენსიურად და ეფექტიანად მიმდინარეობს სწავლა-სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გათვალისწინებით და რამდენად თანამშრომლობენ მასწავლებლები ერთმანეთთან მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების სიღრმისეულად წვდომისა და საგაკვეთილო პროცესში მათი გამოყენების მიზნით.

    საკვლევი კითხვებიდან და კვლევითი ამოცანებიდან გამომდინარე, ჰიპოთეზების შესამოწმებლად გამოყენებულ იქნა კვლევის შერეული ტიპი რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდებით. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით და საჭიროების ერთიან ჭრილში დასანახად სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლებთან ერთად გამოკვლეულ იქნენ საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებიც. კვლევის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ განხორციელდა ინტერვენციები. ქმედებათა განხორციელების დროს მასწავლებლებზე დაკვირვებამ და ანალიზმა მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა ჩვენ მიერ ჩატარებული, პრობლემის გადაჭრასა და საჭიროების აღმოფხვრაზე ორიენტირებული ინტერვენციების ეფექტურობა.

    კვლევის შედეგებმა აჩვენა, რა მნიშვნელობა აქვს საკლასო სივრცეში მრავალფეროვანი რესურსების, აქტივობებისა და კომპლექსური დავალებების გამოყენებას და როგორია მოსწავლეთა შეხედულებები, მოსაზრებები და განცდები ამგვარი გაკვეთილების მიმართ. ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა დასკვნები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავცეთ რეკომენდაციები მსგავსი პრობლემებისა და საჭიროებების გამოკვეთისა და მოგვარების მიზნით.

    ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეიძინა მოსწავლეზე ორიენტირებულმა სწავლებამ. ტრადიციული, მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლების სტილიდან ახალი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომების დანერგვაზე გადასვლა არცთუ იოლი პროცესია მასწავლებლებისთვის. ამ მიზნით საქართველოში განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა. ვფიქრობთ, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს კვლევა და მონიტორინგი როგორც სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრივ, ისე ლოკალურ (სასკოლო) დონეზეც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვლევისა და მონიტორინგის მიზანია რეალური სიტუაციის შეფასება და კონკრეტულ სოციუმში პრობლემებისა და საჭიროებების გამოკვეთა, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვასა და განხორციელებას, ეს კი, საბოლოოდ, ემსახურება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას და რეფორმის წარმატებით განხორციელებას თითოეული სკოლის დონეზე.

    წარმოგიდგენთ სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლაში ჩატარებულ სკოლის საჭიროებების კვლევის ეტაპებსა და შედეგებს.

     

    The article is dedicated to the research of the needs carried out in the public school N7 of the city of Telavi, the aim of which was to study the attitudes of teachers towards student-centered teaching strategies, how intensively and effectively teaching-learning takes place in consideration of learner-centered approaches and how much teachers cooperate with each other in order to deeply access student-centered teaching strategies and use them in the lesson process.

            Based on the research questions and research objectives, a mixed type of research with quantitative and qualitative methods was used to test the hypotheses. In order to study the issue in depth and to see the needs in a unified perspective, together with the teachers of the public school N7 of Telavi city, elementary and secondary level students were also examined.

    Interventions were implemented after the first phase of the study was completed. Observation and analysis of teachers during the implementation of actions allowed us to evaluate the effectiveness of our interventions focused on solving the problem and eliminating the need.

    The results of the study showed the importance of using a variety of resources, activities and complex tasks in the classroom and what are the views, opinions and feelings of the students towards such lessons. As a result of the analysis, conclusions were formed, which allows us to make recommendations for solving similar problems.

  • კვლევის მეთოდოლოგია

    კვლევის ძირითადი მიზანია სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელთა დამოკიდებულების კვლევა მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის კონცეფციის მიმართ და ამ კუთხით მათი თანამშრომლობის შესწავლა, ასევე - საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა შეხედულებების შესწავლა თანამედროვე სასწავლო მიდგომებთან დაკავშირებით. საჭიროა, გამოიკვეთოს ამ მიმართულებით სკოლაში არსებული რეალური მდგომარეობა/საჭიროება, გაირკვეს, როგორია მასწავლებელთა დამოკიდებულება მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის კონცეფციის მიმართ, რა ხარისხით მიმდინარეობს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და რამდენად თანამშრომლობენ მასწავლებლები ერთმანეთთან სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

    მიზნიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ძირითადი საკვლევი კითხვები და შესაბამისი ამოცანები:

    • საკვლევი თემის შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვა;
    • კვლევის მეთოდების შერჩევა;
    • შერჩეული მეთოდებისა და ინსტრუმენტების მიხედვით მონაცემთა შეგროვება;
    • მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ფორმულირება;
    • ინტერვენციების განხორციელება;
    • ინტერვენციების შეფასება.

    კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის 36 მასწავლებელი, ყველა - მდედრობითი სქესისა; ასევე - სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურების 119 მოსწავლე, რომელთაგან 65 გოგონაა, ხოლო 54 - ვაჟი. შერჩევის მეთოდი არაალბათურია.

    კვლევითი კითხვები:

    • როგორია თელავის მე-7 საჯარო სკოლის მასწავლებელთა დამოკიდებულება მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის კონცეფციის მიმართ და რამდენად არის დატვირთული სწავლა-სწავლების პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებით;
    • რამდენად ინტენსიურად თანამშრომლობენ თელავის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

    საკვლევი კითხვებიდან და კვლევითი ამოცანებიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები. როგორც ამერიკელი მკვლევრები ისადორ ნიუმანი და კეროლაინ ბენცი ამბობენ, ამ ორი მეთოდის თანაარსებობასა და თანამშრომლობას შორის არსებობს „ინტერაქციული კონტინიუმი“. მასწავლებლებთან კვლევა ჩატარდა ჯგუფური ინტერვიუს მეთოდით და კითხვარის გამოყენებით, ხოლო მოსწავლეებთან - ფოკუსჯგუფის მეთოდით და კითხვარის გამოყენებით.

    რაოდენობრივი კვლევის მეშვეობით შევისწავლეთ მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოსაზრებები და შეფასებები, ხოლო თვისებრივი კვლევის მეშვეობით რესპონდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, აეხსნათ, რატომ ფიქრობდნენ ასე. კვლევა ჩატარდა რესპონდენტებისთვის ბუნებრივ ან/და სასურველ გარემოში - სკოლის ტერიტორიაზე.

    კვლევის დაწყებამდე რესპონდენტებს მივაწოდეთ ზოგადი ინფორმაცია კვლევის მიზნების შესახებ. კვლევის თითოეულ ეტაპზე გათვალისწინებულ და დაცულ იქნა ეთიკური საკითხები.

    კვლევა ანალიტიკურ ხასიათს ატარებს და მისი დიზაინი ძირითადად აგებულია კვლევის ქრონოლოგიური პრინციპის პანელურ მიდგომაზე, რომელიც იძლევა ერთი და იმავე შერჩევითი ჯგუფის შესწავლის საშუალებას დროის სხვადასხვა მონაკვეთში, კერძოდ, სასწავლო წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს. კვლევის პირველ და მეორე ეტაპებს შორის მასწავლებლები ჩართული იყვნენ სკოლის ბაზაზე შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებული ქმედებების დანერგვის პროცესში.

    მასწავლებელთა თვისებრივი კვლევის დროს მონაცემთა შესაგროვებლად გამოყენებულ იქნა ჯგუფური ინტერვიუს მეთოდი. თითოეული ინტერვიუ ჩატარდა კათედრასთან. შესაბამისად, განხორციელდა 7 ჯგუფური ინტერვიუ. ჯგუფში რესპონდენტთა რაოდენობა სხვადასხვა იყო.

    მოსწავლეთა თვისებრივი კვლევისთვის გამოყენებულ იქნა ფოკუსჯგუფები. ფოკუსჯგუფი ჯგუფური ინტერვიუს ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ინტერვიუს მიმდინარეობას განიხილავს არა როგორც ინტერვიუერსა და თითოეულ წევრს შორის ურთიერთობას, არამედ როგორც ჯგუფურ ურთიერთქმედებას. ფოკუსჯგუფების შედეგად მიღებული თვისებრივი ინფორმაცია, როგორც წესი, ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგებს.

    საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეულ კლასში ალბათური პრინციპით შეირჩა ფოკუსჯგუფის 5-5 წევრი. შესაბამისად, თვისებრივ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 45-მა მოსწავლემ. ჩატარდა 9 ფოკუსჯგუფი.

    მასწავლებელთა და მოსწავლეთა კვლევისთვის შერჩეულ იქნა ფოკუსჯგუფის ჩატარების ლიბერალური სტილი.

    კვლევის თითოეული ეტაპის დასრულებისთანავე დამუშავდა და გაანალიზდა ფოკუსჯგუფებისა და ჯგუფური ინტერვიუს გზით მოპოვებული მონაცემები. კვლევის დასაწყისში და ბოლოს ჩატარებულ ინტერვიუთა შედარებით გამოიკვეთა, რა გავლენა მოახდინა განხორციელებულმა ქმედებებმა სკოლაში სასწავლო პროცესის გაძლიერებასა და მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობების გამოყენებაზე.

    მასწავლებელთა რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად შერჩეულ იქნა ფულერის, ჰოლისა და ჰორდის მიერ ჩამოყალიბებული „დამოკიდებულების/ინტერესის საფეხურების მოდელის“ მიხედვით შექმნილი SoC-კითხვარი. ის მოდიფიცირებულია ჩვენ მიერ დასმული საკვლევი კითხვის მიხედვით - მოიცავს ზოგადი მონაცემების ველს, ინსტრუქცია-მითითებებს კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით და 20 შეკითხვას.

    კითხვარში გამოყენებულია ლიკერტის ერთგანზომილებიანი შეფასების სკალა ერთიდან ხუთამდე გრადაციით. კითხვარი შეიცავს ურთიერთთანამშრომლობასა და თანამედროვე სასწავლო მიდგომებთან დაკავშირებულ დადებით მტკიცებულებებს.

    მოსწავლეთა რაოდენობრივი კვლევა განხორციელდა სკოლის ბაზაზე შემუშავებული კითხვარის მეშვეობით. კითხვარი შეიცავს სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებულ კითხვებს/დებულებებს.

    შესაძლებელია, რესპონდენტებისგან მიღებული მონაცემები გენერალური ერთობლიობის (სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეების) წარმომადგენელთა აზრად მივიჩნიოთ, რადგან საბაზო და საშუალო საფეხურის 36 მასწავლებლიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 28-მ, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურების 178 მოსწავლიდან კვლევაში ჩაერთო 119.

     

    კლასი

    VII

    VIII

    IX

    X

    XI

    მოსწავლეთა რაოდენობა/%

    16

    13.4 %

    25

    21.1 %

    28

    23.5 %

    20

    16.8 %

    30

    25.2 %

    ცხრილი 1. მოსწავლეთა გადანაწილება კლასების მიხედვით

     

    შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევა ჩატარდა მაღალი სანდოობით. კვლევა რეპრეზენტაციულია და მეცნიერულად ამართლებს გამოკითხვის შედეგების გავრცობას. შერჩეული მეთოდები ხელსაყრელი და რელევანტურია, რათა დავადგინოთ, რამდენად არის გათვალისწინებული მოსწავლეზე ორიენტირებული კონცეფციები სწავლა-სწავლების პროცესში; როგორ შეიცვალა მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურა და მიდგომები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების კუთხით გარკვეული ინტერვენციის განხორციელების შემდეგ.

    ჩვენს კვლევაში ერთმანეთს დაუკავშირდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების კვლევით მოპოვებული მონაცემები. ჯგუფური ინტერვიუ ამყარებს მასწავლებელთა რაოდენობრივი კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს, ხოლო ფოკუსჯგუფის მეთოდით შეგროვებული ინფორმაცია აზუსტებს მოსწავლეთა რაოდენობრივი კვლევით მიღებულ შედეგებს.

  • 2024.04.24
ნომერი
მსგავსი სტატიები