+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • რემედიაციის პროგრამები: პასუხი ზოგად განათლებაში პანდემიით განპირობებულ გამოწვევებს

  • მანანა რატიანი, მაია არავიაშვილი
  • რემედიაციის პროგრამები, სწავლაში ჩამორჩენა, დისტანციური სწავლება
  • ტომი: 2
  • ნომერი: 2




  • ავტორის რეკვიზიტები:

    მანანა რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი განათლების მიმართულებით

    მაია არავიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სოციოლოგიის მიმართულები

  • რეზიუმე:

    კოვიდ-19-ით  გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. საგანმანათლებლო სისტემაც მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. სპონტანურად სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვა დღის წესრიგში დადგა, ეს განსაკუთრებით შეეხო ზოგად და უმაღლეს განათლებას. პროცესების მოულოდნელმა და სრული დატვირთვით ამ რეჟიმზე გადასვლამ ბევრი სირთულე წარმოშვა. მათ შორის მოსწავლეების სწავლაში ჩამორჩენა, რაც ბევრ საკითხს უკავშირდება, იქნება ეს ტექნიკური (ინტერნეტი და კომპიუტერი  როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის) თუ მეთოდოლოგიური. ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება ამ გამოწვევის საპასუხოდ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, რისთვისაც რემედიაციის პროგრამები ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მოიაზრება.

    ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს, შეისწავლოს დირექტორებისა და მასწავლებლების დამოკიდებულებები პრობლემის მიმართ და მათ მოსაზრებებზე დაყრდნობით დაადგინოს ის საშუალებები, რომლებიც მათ, რემედიაციის პროგრამების დანერგვის შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიაჩნიათ.

    Abstract

    The Covid-19 pandemic posed new challenges to the world. The education system also faced significant difficulties. Spontaneous transition of the learning process into a remote format was on the agenda, this particularly affected general and higher education. The sudden and full loading of the processes to switch into this mode caused a lot of difficulties.
    Among them is the students falling behind in learning, which is related to many issues either technical (internet and computer for teachers, as well as for students), or methodological. Nowadays, it is actively considered to response  this challenge imediatly, for which remediation programs are considered to be one of the most effective instrument.

    Our research aims to examine the attitudes of school principals and teachers towards the problem; to identify the instruments and mechanisms that they consider appropriate in case of implementation of remediation programs.

    Key words: Remediation programs, the students falling behind in learning, distance learning.

  • შესავალი

    2020 წელი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. პანდემიამ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემები დააყენა მაღალი სირთულის გამოცდის წინაშე, არამედ ყველა სხვა სფეროც მოიცვა. ის გზები, რომლებიც დასახული ჰქონდათ ქვეყნებს განვითარებისთვის, აღარ აღმოჩნდა ახალი მოცემულობის ადეკვატური, სწრაფად გადაწყობილი დარგების უმრავლესობა კი დაზარალდა. განათლების სისტემაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი და აქაც საჭირო გახდა სწრაფი ცვლილებები. მიუხედავად სახელმწიფოების მხრიდან გაღებული უზარმაზარი ძალისხმევისა, მაინც 1,5 მილიარდ ბავშვს და მოზარდს შეექმნა პრობლემა ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. UNESCO-ს ვებგვერდზე პანდემიის დაწყებიდან ინტერაქტიულ რეჟიმში ქვეყნდება მონაცემები სკოლების დახურვაზე. მათი ცნობით 800 მილიონი მოსწავლე პანდემიის გამო მოწყვეტილი აღმოჩნდა სასწავლო პროცესებს. ეს სასკოლო ასაკის მოსწავლეების ნახევარია. სკოლების დახურვამ საშუალოდ 3,5 თვე გასტანა.  ინტერაქტიულ რუკაზე მოცემულ ქვეყანებთან კურსორის მიტანით, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას მოიპოვებთ. ევროპის ქვეყნებმა მოახერხეს ეს შეზღუდვები 10 კვირამდე დაეყვანათ, ხოლო კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა და ლათინურმა ამერიკამ კი 20 კვირაზე მეტხანს ჩაკეტეს სკოლები. საქართველოს შემთხვევაში - მონაცემი 29 კვირაა.

     

    არავინ დავობს, რომ ყველაზე დიდი ჩამორჩენა სწავლაში დაბალშემოსავლიანი ოჯახების შვილებს ექნებათ, რადგან მათ ნაკლებად მოახერხეს იმ შემოთავაზებებით სარგებლობა, რაც ქვეყნებმა აამოქმედეს პირისპირ სწავლების სანაცვლოდ. დისტანციური სწავლება ხომ ტექნიკურ მოწყობილებას და ინტერნეტზე წვდომას მოითხოვს. ესეც არაა საკმარისი, მოსწავლეებს ისტ კომპეტენციები სჭირდებათ ამ პროცესებში ჩასართავად, თუ ისინი სწავლების დაწყებით საფეხურზე არიან, ამ შემთხვევაში მათი მშობლები თუ მეურვეები უნდა ფლობდნენ სათანადო კომპეტენციებს, რათა ციფრულ ფორმატში სწავლა შეუფერხებლად წარიმართოს.

     

    ძირითადი ნაწილი

    ლიტერატურის მიმოხილვა

    ჰანუშეკის და ვოესმანის აზრით (Hanushek, Woessmann, 2020) კორონავირუსის დროს განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მომავალში ეკონომიკურ შედეგზე აისახება, თუნდაც მცირე შეზღუდვის პირობებში, მათი შემოსავლები მომავალში სულ მცირე 3%-ით შემცირდება, დანაკარგი მეტი იქნება გახანგრძლივებული წვდომის ნაკლებობის პირობებში. ეკონომიკურ დანაკარგებს  მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარების შეზღუდვის გარდა, მათი სოციო-ემოციური განვითარების შეფერხება აღრმავებს.

    განათლება რომ წარმატებული იყოს,  მოსწავლეები ცვლილებისთვის უნდა მოამზადოს, რომლებიც მომავალზე პასუხისმგებლობას აიღებენ. განათლებაში აქცენტი უნდა გაკეთდეს პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებაზე, მონაცემების იდენტიფიცირებაზე, შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ანალიზის უნარების განვითარებაზე. საჭიროა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და ინფორმირებული დასკვნების გამოტანის უნარის განვითარება ეფექტურ კომუნიკაციასთან ერთად (Robinson , 2016)

    ჩვენი ცოდნა, თუ რას ვასწავლით, ეფუძნება საუკუნეების მანძილზე ტრადიციულად დაგროვილ გამოცდილებას, რომელიც არ ითვალისწინებს გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გვჭირდება სუფთა ჰაერი და წყალი, საკვები, ენერგია და სხვა რესურსები, რომლებიც ამოწურვადია. ამოუწურავად კლასიფიცირებული რესურსებიც კი შეიძლება თვისებრივად გამოუყენებელი გახდეს. დღეს უკვე თვითმხილველები ვართ, ეკონომიკური ზრდა როგორ აზარალებს სათუთ ბალანსს გარემოში, იწვევს რა გარემოს დეგრადაციას, სოციალურ უსამართლობას, ეკონომიკურ უთანასწორობას. ხვალინდელ დღეზე პასუხისმგებლობის აღებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაშიც განათლების როლი მკაფიოდ იკვეთება.

    განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ციფრული სწავლების პირობებში სპეციალური ტერმინით „ციფრული გაყოფა“ აღინიშნა. სწორედ ეს გახდა ახალი გამოწვევა, რომელსაც ყველა ქვეყანამ თვალი უნდა გაუსწოროს.

    უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა 47% აღმოჩნდა სასწავლო პროცესების მიღმა ციფრული სწავლების პირობებში. რეგიონული განაწილების სურათი ციფრული გაყოფის მასშტაბებს მწვავედ წარმოაჩენს. ასე მაგალითად, თუ განვითარებულ ქვეყნებში და კერძოდ, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში მოსწავლეთა 14%-ს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, ეს მაჩვენებელი  არაბულ ქვეყნებში 34%-ზე ადის, აზიასა და ოკეანეთში უკვე 49%-ია, ხოლო ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში 80%-ს შეადგენს. ნათელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია განათლების ხელმისაწვდომობასთან.  

    ნახ.1 მოსწავლეების და სტუდენტების წილი, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა (ჯანინი, 2020)

    2020 წლის აპრილში, ბრიტანეთში

      პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ შეფერხებებზე და შესაძლო ინტერვენციებზე ეროვნული კვლევა ჩატარდა. აღნიშნულ კვლევაში ჩამორჩენის აღმოფხვრის გზები დასახელდა და ამ გზებიდან მათთვის ყველაზე მისაღებს მასწავლებლებმა, სკოლის ადმინისტრაციამ და განათლების ექსპერტებმა და გადაწყვეტილების მიმღებებმა მისცეს ხმა. მასწავლებლები უპირატესობას ანიჭებდნენ სწავლის გაგრძელებას ახალი, იმ დროის შესაბამისი პროგრამით,  დიდი ნაწილი ასევე მომხრე იყო, ახალ პროგრამაზე გადასვლამდე, წინა სემესტრის მასალიდან ძირითადი ცნებები გაემეორებინათ.  ყველაზე ცოტა ხმა ერგო მასალის სრულად გამეორებას და ასევე სასწავლო წლის გაგრძელებას. სკოლის ადმინისტრატორების პოზიციაც მცირედი განსხვავებით დაემთხვა მასწავლებლებისას,  მხოლოდ მცირე ნაწილს მოსწონდა იდეა პანდემიის პერიოდში გავლილი მასალის სრულად გამეორების და სასწავლო წლის გაგრძელების, თუმცა უფრო იხრებოდნენ წინა სემესტრის ძირითადი ცნებების გამეორებისკენ და ნაკლებად ახალი პროგრამის დაწყებისკენ. ექსპერტებმა და გადაწყვეტილების მიმღებებმა კი უფრო წინა სემესტრის ძირითადი ცნებების გამეორებას, სასკოლო წლის გახანგრძლივებას  დაუჭირეს მხარი (The Collaborative for Student Success, 2020).ამავე კვლევაში საუბარია შეფასების ფართო გამოყენებაზე სწავლის დასაწყისში, რომ გამოვლინდეს ჩავარდნის რეალური მასშტაბები, შესაბამისად გაგრძელდეს სწავლა, რაც არა ვარაუდებზე და ექსპერტულ დასკვნებზე იქნება დამოკიდებული, არამედ შეფასების მაჩვენებელზე.

    UNICEF-ის კვლევის თანახმად (UNICEF, 2020), სწავლაში ჩამორჩენის მინიმუმამდე შესამცირებლად  სამიდან ერთმა ქვეყანამ შესთავაზა სკოლებს რემედიაციის პროგრამა, ხოლო გაძლიერებული პროგრამები ხუთიდან ერთმა. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ასეთი შეთავაზებები ორჯერ უფრო იშვიათად გვხვდება. აღსანიშნავია, რომ კლასში გატარებული დროის გაზრდა იყო ყველაზე უფრო იშვიათად გამოყენებული გზა.

    https://www.globalpartnership.org/blog/impact-school-closures-learning-can-be-curbed-adequate-catch-strategies არაერთი მკვლევრის თუ ექსპერტის ყურადღება მიიქცია სხვადასხვა ჩამორჩენის აღმოფხვრისკენ მიმართულმა  სტრატეგიებმა,   რა გავლენა ექნება  მათ განათლებაზე და რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ ჩამორჩენის დაძლევას.  ხაზოვანი დიაგრამა სწორედ ამ პროექციას გვთავაზობს.

    ნახ.2 მოსწავლეთა ჩამორჩენის დაძლევის სტრატეგიების პროექცია ზოგად განათლება

    პროექციიდან ჩანს, თუ რა დიდი სხვაობა შეიძლება იყოს მოსწავლეთა მიღწევის დონეში სტრატეგიების გამოყენების და გამოუყენებლობის შემთხვევაში. ამდენად, სხვადასხვა ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებების ყურადღების მიღმა არსებული საკითხი არ უნდა დარჩეს და მრავალფეროვანი შესაძლებლობები უნდა გამოჩნდეს მოსწავლეებისთვის.

     ბრიტანული ორგანიზაცია Education Development Trust, რომელიც გაერთიანებულ სამეფოებში ფუნქციონირებს, გვთავაზობს თავის მოსაზრებებს, თუ როგორ შეიძლება დანაკარგის არიდება: https://www.educationdevelopmenttrust.com/our-research-and-insights/commentary/prevent-a-lost-learning-generation-nine-recommenda

    მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია რემედიაციის და აქსელერილებული სწავლებისთვის რეკომენდაციები (World Bank 2020):

    პირველი სტადია - შეფასება

    შეფასების ეტაპზე მოიაზრება  იმ მასწავლებლების გამოვლენა, რომელთა  ჩართვა შესაძლებელია ჩამორჩენის აღმოფხვრისკენ მიმართულ პროგრამებში; მოსწავლეთა იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებენ ამ პროგრამებში ჩართვას (სწავლებაში ჩამორჩენა, ტექნოლოგიების არმქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მოსწავლეები). იდენტიფიცირებისას სიზუსტისთვის სკოლამ შეიძლება მიმართოს ტესტირებას წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში.

    მეორე სტადია - დაგეგმვა

    პირველი სტადიის გათვალისწინებით, უნდა დაიგეგმოს პროგრამა/პროგრამები და განისაზღვროს მისაღწევი შედეგები. ასევე დასაგეგმია ხანგრძლივობა და დრო, თუ როდის განხორციელდება პროგრამა, უქმეებზე, დღის მეორე ნახევარში, არდადეგებზე, ინტენსიური უნდა იყოს თუ დროში განგრძობითი. ასევე მნიშვნელოვანია პროგრამის შესაბამისი სივრცის განსაზღვრა. ძირითადად, სკოლის შესაბამისი ლაბორატორიის, ბიბლიოთეკის ან უბრალოდ საკლასო ოთახის ფარგლებშიც კი შეიძლება მისი განხორციელება. აუცილებელია გუნდის შექმნა, რომელიც პროგრამის დაგეგმვიდან მისი განხორციელების ბოლომდე იქნება პასუხისმგებელი. არ შეიძლება ერთი მასწავლებლის იმედად მსგავსი პროგრამის წამოწყება. მასწავლებლებს პროგრამის განხორციელებისთვის დასჭირდებათ რესურსებით, ტრენინგებით ადეკვატური მხარდაჭერა და  წახალისება. საგანმანათლებლო რესურსებად შეიძლება არსებულის გამოყენება ან ახლის შექმნა. არ უნდა იმეორებდეს საკლასო ოთახში განვლილ მასალას, რადგან აქ მოსწავლეებს სიახლე უნდა ხვდებოდეს. მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მოსწავლეთა საკვებით უზრუნველყოფა.

    მესამე სტადია - დანერგვა

    დანერგვა მოსწავლეებისა და მშობლების პროგრამაზე სრულფასოვანი ინფორმირებით იწყება მის შედეგებზე, ხანგრძლივობაზე. რესურსების მიწოდებით სკოლებისთვის, მასწავლებლების გადამზადებით. ამის შემდეგ, კოორდინატორების დახმარებით,  წინასწარ განსაზღვრულ ეტაპებზე, გროვდება პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მასწავლებლის უკუკავშირი.   

     

    ექსპერიმენტული ნაწილი

    კვლევის შედეგები

    საქართველოში პანდემიამ  გავლენა მოახდინა საგანმანათლებლო სივრცეზე. რამდენად და როგორ დააზარალა ზოგადი განათლება, ცალკე კვლევის საკითხია, თუმცა ცალსახაა, რომ ამ ეტაპზე არსებობს გამოწვევები, მათ შორის მოსწავლეების სწავლაში ჩამორჩენა. მნიშვნელოვანია  პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო საჭიროებების  დადგენა და სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შემხვედრი ნაბიჯების დაგეგმვა.

    საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, შეგვესწავლა რემედიაციის პროგრამების საჭიროება საქართველოს საჯარო სკოლებში. კვლევის მეთოდად შევარჩიეთ ონლაინ გამოკითხვა, კვლევის ინსტრუმენტად კი - ონლაინ ანკეტა, რომელიც გაიგზავნა 2083 სკოლაში.[1] კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 7784 რესპონდენტმა და მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი. რესპონდენტების რეგიონული განაწილების დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დიაგრამა N1.

    დიაგრამა1

    რაც შეეხება რესპონდენტების სტატუსს, უმრავლესობა მასწავლებელია (6927), კვლევაში მონაწილეობა მიიღო დირექტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა (857), აქედან 409 დირექტორია, ხოლო 448 - კი, ამავდროულად, მასწავლებლობასაც ითავსებს. იხილეთ დიაგრამა N2.

    დიაგრამა N2

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსოფლიოში მოსწავლეების განათლებაზე ხელმისაწვდომობა პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა. საქართველოშიც, რიგ შემთხვევებში, საგაკვეთილო პროცესს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ესწრებოდნენ, იქნებოდა ეს ინტერნეტზე წვდომა თუ ტექნიკური (კომპიუტერი, ტელეფონი) საშუალების არქონა. თუმცა კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში (78%) მოსწავლეების სასწავლო პროცესზე დასწრება 75-100% დატვირთვით მაინც იყო შესაძლებელი. იხილეთ დიაგრამა N3.

    დიაგრამა N3

    გამოკითხული დირექტორები და მასწავლებლები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პანდემიით განპირობებული ჩამორჩენის გამო რემედიაციის პროგრამების შემუშავებას და დანერგვას. კითხვაზე - რა იქნებოდა გამოსადეგი/ძალიან გამოსადეგი მოსწავლეების სწავლაში ჩამორჩენის პრობლემის მოსაგვარებლად? - ყველაზე ხშირად დასახელდა ,,დახმარება კლასების მიხედვით იმ მოსწავლეთა ჯგუფებისთვის, რომლებსაც აქვთ სწავლაში ჩამორჩენა“ (6683 რესპონდენტი), დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დიაგრამა N4. 

     

     

    რემედიაციის პროგრამების განხორციელების შემთხვევაში ოპტიმალურ საშუალებებად  დირექტორებმა და მასწავლებლებმა ყველაზე ხშირად კურიკულუმის ცვლილება დაასახელეს 3638, ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საზაფხულო პროგრამები (3058 რესპონდენტი) და ექსტრაკულიკულარული აქტივობები (2328 რესპონდენტი). ნაკლებად მიზანშეწონილად მიაჩნიათ სასწავლო წლის ხანგრძლივობის გაზრდა (5509 რესპონდენტი). დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დიაგრამა N5.

    რემედიაციის პროგრამების განმახორციელებლად რესპონდენტების მიერ უმეტესწილად პედაგოგები დასახელდნენ (6445), გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ პროცესში ოჯახის წევრების და ექსპერტების ჩართულობასაც, ასევე თანატოლთა და წარმატებულ თანატოლთა მხრიდან დახმარებას. განმახორცილებლად ნაკლებად დასახელდნენ მოხალისეები და თემის წარმომადგენლები.

    დასკვნები

    ონლაინ სწავლების პირობებში გამოწვევა, როგორიცაა „ციფრული გაყოფა“, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მოსწავლეს განსხვავებული წვდომის  საშუალებას აძლევს განათლების მიღებაზე, რაც მოსწავლეებში სწავლაში პანდემიით განპირობებული ჩამორჩენის საკითხის კვლევას და ამ მიმართულებით პრობლემის მოგვარების გზების შესწავლას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში, რემედიაციის პროგრამები გამოწვევაზე ერთ-ერთ საუკეთესო პასუხადაა მიჩნეული.

    საქართველოს საჯარო სკოლებში ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებიც მოწმობს, რომ დირექორებიც და პედაგოგებიც თანხმდებიან რემედიაციის პროგრამების საჭიროებაზე.

    კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია შემდეგი ტენდენციების გამოკვეთა:

    • მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესზე მოსწავლეების დასწრების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, დირექტორებს და მასწავლებლებს რემედიაციის პროგრამების დანერგვა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ;
    • რემედიაციის პროგრამის შემუშავების და დანერგვის შემთხვევაში, ყველაზე მიზანშეწონილად მიაჩნიათ კლასების მიხედვით იმ მოსწავლეთა ჯგუფების დახმარება, რომლებსაც აქვთ სწავლაში ჩამორჩენა;
    • დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის მიუღებელია მოსწავლეების სწავლაში ჩამორჩენის პრობლემის მოგვარება სასწავლო წლის გახანგრძლივებით;
    • რემედიაციის პროგრამების საუკეთესო საშუალებებად დასახელდა კურიკულუმის ცვლილება და ამ ტიპის დახმარების შიგნით ჩაშენება, ასევე საზაფხულო პროგრამები და ექსტრაკურიკულარული აქტივობები.
    • რაც შეეხება რემედიაციის პროგრამების დანერგვაში მონაწილე მხარეს, ყველაზე მაღალი სანდოობით, ამ შემთხვევაში, მასწავლებლები სარგებლობენ. რესპონდენტების აზრით, პედაგოგებთან ერთად, სასურველია, პროგრამების შექმნის და დანერგვის პროცესში ჩაერთონ ექსპერტები, ოჯახის წევრები და წარმატებული თანატოლები, რომლებიც დაეხმარებიან მოსწავლეებს სწავლაში პანდემიით გამოწვეული ჩამორჩენის დაძლევაში.

     

     

    გამოყენებული ლიტერატურა

     

    Hanushek Eric, Woessmann Ludger, The Economic Impacts of Learning Losses, OECD 2020 pp.12-13

    Robinson Ken, Aronica Lou, Creative Schools: The Grassroots Revolution That’s Transforming Education, 2016

    https://gemreportunesco.wordpress.com/2020/05/15/distance-learning-denied/

    RESPONSE TO COVID-19 IN EUROPE AND CENTRAL ASIA: Policy and Practice Recommendations, World Bank Group, 2020

    https://en.unesco.org/news/unesco-figures-show-two-thirds-academic-year-lost-average-worldwide-due-covid-19-school

    What We Have Learned? Overview of findings from a survey of ministries of education on national responses to COVID-19, UNICEF, 2020

    https://openknowledge.worldbank.org/bitstream/handle/10986/26824/797830WP0Anali0Box0379789B00PUBLIC0.pdf?sequence=1&isAllowed=y 

     

     

     

     

    [1] კვლევა დაიგეგმა და განხორციელდა 2021 წლის თებერვალში.

  • 2021.03.05
ნომერი
მსგავსი სტატიები