დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება სკოლაში
დ. მალაზონია, პროფესორი ნ.ჭიაბრიშვილი, პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, თბილისი 0162, საქართველო
წარმოდგენილი სტატია ეხება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო საფეხურზე დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარების საკითხს. ეს უკანასკნელი საქართველოსთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა და გაცხადებულია განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში.
2017 წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განხორციელებული კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების (დმკ) გაზომვა, მათზე მოქმედი ფაქტორების გავლენების იდენტიფიცირება, მოსწავლეთა დმკ-ს კორელაცია მათივე მოქალაქეობრივ აქტიურობასთან, მოსწავლეებში დემოკრატიული მოქალაქეობის განმავითარებელი ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო მოდელების შემუშავება.
კვლევის შედეგების ანალიზით გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია: საზოგადოებრივად სასარგებლო და სხვა სახის არასასკოლო საქმიანობაში მოსწავლეთა ჩართულობის დაბალი დონე; მათი პასიურობა სკოლის/კლასის მართვასა და უშუალოდ სასწავლო პროცესში; მოსწავლეთა სასკოლო/საკლასო ინიციატივების ფრაგმენტულობა და სხვ.
კვლევამ დაადასტურა, რომ საჭიროა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და საკლასო/სასკოლო ინიციატივების მიმართ სკოლის ფორმალისტური დამოკიდებულება შეიცვალოს ამ პროცესებში მოსწავლეთა გააზრებული და აქტიური მონაწილეობით; ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დემოკრატიული მოქალაქეობის უწყვეტი სწავლება მრავალფეროვანი ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო მოდელების გამოყენებით ხელს შეუწყობს აზროვნების ახალი წესის ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ სამყაროში ფუნქციონირებასთან დაკავშირებული უფლებებისა და პასუხისმგებლობების კრიტიკული გაგებისა და რეალიზებისთვის.
Abstract
The presented article refers to the development of democratic citizenship at the secondary school. The latter is a task of state importance for Georgia and is declared in the documents that define education policy.
The objective of the research carried out in 2017 was to identify: the competencies of democratic culture (CDC) in high school students, the factors that influence those competencies, the correlation of students CDC with their civic activism and to develop the models for formal and informal education supporting CDC in students.
Analysis of the research results revealed a number of problematic trends, such as low level of involvement of students in socially useful and other extracurricular activities, their passiveness in school/class management and in learning process generally, lack of students' school/class initiatives, etc.
The research has confirmed that the formalistic attitude of the school towards socially useful activities of students, the student's self-governance, and their classroom/school initiatives should be replaced with the thoughtful and active participation in these processes.
Continuous development of democratic citizenship with a variety of formal and informal educational models will create a new formae mentis, which is essential for the critical understanding and realization of the rights and responsibilities connecting with the living and functioning in a democratic world.
თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევა დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარებაა. დემოკრატიული მოქალაქეობა მოიცავს ქმედითი უფლებებისა და თავისუფლებების ერთობას, კანონმორჩილებას, დემოკრატიისადმი გარკვეულ ემოციურ მიჯაჭვულობას და დემოკრატიული საზოგადოების აქტიური წევრობისათვის აუცილებელ უნარებს (Valelly, 2017; Crick, 2013). „დემოკრატიული მოქალაქეობა ნიშნავს ინდივიდების აქტიურ მონაწილეობას უფლებების და ვალდებულებების სისტემაში“ (დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლება, ევროპის საბჭო, 2013).
დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარება საქართველოსთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა და გაცხადებულია განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004; საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, 2005; ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018–2024). მათში ხაზგასმულია, რომ სწავლების თითოეულ საფეხურზე თანმიმდევრულად უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა მოქალაქეობრივი კომპეტენციების სრულყოფა.
საქართველოში კვლევის აქტუალობას განაპირობებს განათლების საბჭოთა სისტემისგან მემკვიდრეობით მიღებული და შემორჩენილი ავტორიტარიზმი, ცენტრალიზებული მმართველობა და თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების არაჯეროვანი ცოდნა/გამოყენება. სწავლების პრიორიტეტულ ამოცანად პედაგოგთა უმრავლესობა რეცეპტორულ ცოდნას მიიჩნევს, რაც იწვევს მოსწავლეებში კრიტიკული, დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების შეფერხებას (პირლზის 2006, 2011 და 2018; პიზის 2010; 2017 და სხვ. საერთაშორისო კვლევების მონაცემები). ზემოაღნიშნული ფაქტორები ბარიერს ქმნის სასკოლო სივრცეში დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარებისათვის.
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ასევე აფერხებს: კულტურული მრავალფეროვნებისადმი არატოლერანტული დამოკიდებულება (Human Right Watch, UNICEF და სხვ.); სამოქალაქო იდენტობისა და მოქალაქეობრივი აქტიურობის დეფიციტი (სუმბაძე ნ., 2013; მალაზონია დ., ჭიაბრიშვილი ნ., მაღლაკელიძე შ., 2017 და სხვ. ). პოსტსაბჭოური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ეროვნული იდენტობის ფსევდომარკერების არსებობა და დასავლური დემოკრატიული ღირებულებებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება (Monitoring results of implementation of the National concept and action plan on tolerance and civil integration, 2014).
მოსწავლეებში დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების (დმკ) გაზომვა, მათზე მოქმედი ფაქტორების გავლენების იდენტიფიცირება, მოსწავლეთა დმკ-ს კორელაცია მათივე მოქალაქეობრივ აქტიურობასთან, მოსწავლეებში დემოკრატიული მოქალაქეობის განმავითარებელი ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო მოდელების შემუშავება იყო ჩვენს მიერ 2017 წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განხორციელებული კვლევის ძირითადი მიზანი. კერძოდ, ვეცადეთ დაგვედგინა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მოქალაქეობრივი კომპეტენციების დონეები ორი - სამოქალაქო აქტიურობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით.
კვლევის ობიექტად შეირჩა: თბილისის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სკოლები, სადაც წარმოდგენილია მონოკულტურული და მულტიკულტურული სასკოლო გარემო. კვლევაში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სკოლების მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები, მათი პედაგოგები და ოჯახის წევრები. კვლევის ეტაპზე გამოკითხული იქნა 193 რესპონდენტი. აქედან: მოსწავლე - 81 (მათ შორის: 39 - მეათეკლასელი, 42 - მეთორმეტეკლასელი), მასწავლებელი - 56, მოსწავლის ოჯახის წევრი - 56.
კვლევის სტრატეგია ითვალისწინებდა: (ა) არსებული ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას და გამოცდილების გაზიარებას; (ბ) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით უშუალოდ საქართველოს მრავალფეროვან საზოგადოებაში მოსწავლეთა სამოქალაქო აქტიურობისა და ინტეგრაციის კვლევის სპეციფიკური ინსტრუმენტების შემუშავებას.
მიზნობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა (ზოგადად, სასკოლო საზოგადოების) სამოქალაქო აქტიურობისა და ინტეგრაციის ხარისხის განსაზღვრისას გამოვიყენეთ თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. კერძოდ, ჩაღრმავებული ინტერვიუ და ანკეტირება. შემუშავდა კითხვარი, რომელიც მიზნად ისახავდა განსხვავებული იდენტობის მქონე ჯგუფების სამოქალაქო აქტიურობისა და ინტეგრაციის ხარისხის განსაზღვრას. შემუშავების პროცესში კითხვარმა გაიარა ექსპერტიზა, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების პროფესორთა მიერ, ისე სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეთა ოჯახის წევრების მხრიდან. ცალ-ცალკე შედგა კითხვარი თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის. მასწავლებლებისა და მოსწავლეთა ოჯახის წევრებისათვის გამიზნული კითხვარი განკუთვნილი იყო არა მათი, არამედ, მოსწავლეების სამოქალაქო აქტიურობისა და ინტეგრაციის ხარისხის დადგენისთვის. ასევე შეიქმნა კითხვარი განათლების შესაბამისი სფეროს ექსპერტებისთვის.
კვლევის შედეგების ანალიზით გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია:
მიმართულება - სამოქალაქო აქტიურობა.
ტენდენცია N1 - საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა
მოსწავლეებს მეტწილად გაცნობიერებული აქვთ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობის მნიშვნელობა მათი პიროვნული განვითარებისთვის (ეჩვევიან შრომას, სისუფთავეს, თანაგრძნობას, უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა). მათ პასუხებში აქცენტი კეთდება: სასარგებლო ჩვევების გამომუშავებაზე, პასუხისმგებლობის გრძნობაზე, ჰუმანურობაზე, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაზე, ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაზე, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე და ა.შ.
მოსწავლეები აკონკრეტებენ მსგავს აქტივობებში მონაწილეობის ხელისშემშლელ ფაქტორებსაც: არაინფორმირებულობა, ინტერესის და მოტივაციის დეფიციტი, არამასტიმულირებელი გარემო (სკოლის/ოჯახის დონე), საზოგადოების მხრიდან ნიჰილისტური დამოკიდებულება, სტერეოტიპული დამოკიდებულება - მოსწავლეთა ნაწილს თითქოს ეთაკილება შრომა ან შრომით საქმიანობაში მონაწილეობას აღიქვამს სხვისი დავალების/ბრძანების შესრულებად. რაც შეეხება მოსწავლეთა ოჯახის წევრებს, ისინი თვლიან, რომ მათი შვილების თაობა ნაკლებად მონაწილეობს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში. ამის უმთავრეს მიზეზად ასახელებენ სკოლას, რომელიც ვერ ახდენს აღსაზრდელთა მოტივირებას და ოჯახს, რომელიც ბავშვებს არ აძლევს შესაბამის მაგალითებს.
რესპონდენტთა ოთხივე ჯგუფის მითითებით, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის პირადი დამოკიდებულება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, თანატოლების მაგალითი, ინფორმირებულობა, მოქალაქეობრივი შეგნება, სკოლის ინიციატივები და საზოგადოების მხარდაჭერა.
ტენდენცია N2 - სკოლის/კლასის მართვაში მონაწილეობა
მოსწავლეები თითქმის იდენტურად განმარტავენ მოსწავლეთა თვითმმართველობის დანიშნულებას/ფუნქციებს: სასწავლო პროცესსა და სასკოლო პროექტებში მოსწავლეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, საკლასო/სასკოლო აქტივობების დაგეგმვა, თანატოლთა უფლებების დაცვა და სხვ. განსხვავებული ტენდენცია გამოიკვეთა არაქართული სკოლებისა და სექტორების მოსწავლეების პასუხებში - ისინი მოსწავლეთა თვითმმართველობისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ და მიუთითებენ, რომ ნაკლებად არიან ჩართულნი სკოლის მართვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ინტერვიუებიდან ჩანს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას არ მიუღია მონაწილეობა თვითმმართველობის მუშაობაში. ამის მიზეზად დასახელდა: სიზარმაცე, ინფორმაციისა და სურვილის არქონა. თვითმმართველობის საქმიანობაში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას არ ადასტურებენ არც მათი პედაგოგები (იხსენებენ ერთეულ შემთხვევებს) და ოჯახის წევრები.
მოსწავლეები მნიშვნელოვნად თვლიან თავიანთ ხმას/მოსაზრებას იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც კლასის/სკოლის მართვას ეხება. აღნიშნული დებულებისადმი მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოზიციები თანხვედრაშია, რასაც ვერ ვიტყვით გამოკითხულ მშობელთა შეფასებებზე - მათ უმრავლესობას არ აქვს იმის განცდა, რომ სასკოლო/საკლასო გადაწყვეტილებების მიღებისას ხდება მათი შვილების მოსაზრებების/შეხედულებების გათვალისწინება.
რესპონდენტები ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ განსხვავებული აზრის პატივისცემისა და გათვალისწინების მნიშვნელობას სკოლის/კლასის მართვის პროცესში. თუმცა, მათი ნაწილი თვლის, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება ალტერნატიული პოზიციის გათვალისწინება. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობამ ვერ შეძლო განსხვავებული პოზიციის გათვალისწინების/მიღების კონკრეტული მაგალითის დასახელება.
ტენდენცია N3 - სასკოლო/საკლასო ინიციატივებში მონაწილეობა
მოსწავლეთა საკლასო/სასკოლო ინიციატივების მნიშვნელობაზე საუბრისას პედაგოგები გამოყოფენ პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ურთიერთპატივისცემის და ჯანსაღი კონკურენციის უნარების ჩამოყალიბებას. მშობლების აზრითაც, საკლასო/სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროცესი ხელს უწყობს მათი შვილების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
მოსწავლეთა უმრავლესობა თვლის, რომ სკოლებში მეტ-ნაკლებად არის წახალისებული მათი და მათი თანატოლების ინიციატივები. მსგავსია მოსწავლეთა ოჯახის წევრების შეფასებაც. რაც შეეხება მასწავლებელთა პასუხებს, სკოლის მიერ მოსწავლეთა ინიციატივების წახალისების შესახებ, ერთმნიშვნელოვნად დადებითია. ამავე დროს, რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, მოსწავლეთა სასკოლო ინიციატივები ოჯახებში საკმარისად არ არის წახალისებული. გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე მიუთითებს, რომ ოჯახის წევრები არასაკმარისად მონაწილეობენ სასკოლო/საკლასო აქტივობებში.
მიმართულება - სამოქალაქო ინტეგრაცია:
ტენდენცია N4 - პროექტებში მონაწილეობა
მოსწავლეთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მიუღიათ მონაწილეობა გუნდურ/ჯგუფურ სასწავლო-კვლევით პროექტში. ასეთ პროექტებად დასახელებულია მცირე თემატური კვლევების ჩატარება, პრეზენტაციების მომზადება და კონფერენციებში მონაწილეობა. ამასთან, მათ გაუჭირდათ განხორციელებულ პროექტებში საკუთარი როლის აღწერა. მასწავლებელთა განმარტებით კი, მათი როლი მსგავსი პროექტების განხორციელებისას, ძირითადად, კონსულტირებით შემოიფარგლება. გარკვეული ინტენსივობით მოსწავლეების მონაწილეობას გუნდურ/ჯგუფურ სასწავლო-კვლევით პროექტებში ადასტურებენ მათი ოჯახის წევრებიც.
მოსწავლეთა უმრავლესობა დადებითად აფასებს სასწავლო-კვლევით პროექტებში მონაწილეობით მიღებულ გამოცდილებას. ისინი დადებით მხარეებად გამოყოფენ: ახალი ცოდნის მიღებას (ცოდნის გაღრმავება, გაფართოება), კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, სამეგობრო წრის გაფართოებას. მასწავლებლები თვლიან, რომ მსგავსი პროექტები დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა კულტურაზე - ეჩვევიან შემოქმედებით მუშაობას და დამოუკიდებლობას, სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას, სხვის მოსმენასა და პატივისცემას, უყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევები.
ტენდენცია N5 - სასწავლო პროცესში ჩართულობა
საგაკვეთილო პროცესში აქტიურობის მიზეზად მოსწავლეები ასახელებენ ცოდნის მიღებისა და გამოვლენის სურვილს, გარკვეული საგნების მიმართ ინტერესს და პედაგოგის მუშაობის სტილს - მასწავლებლის უნარს ჩაატაროს აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილი. სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის იგივე მოტივები დაასახელეს მასწავლებლებმაც, ხოლო შემაფერხებელ გარემოებად - სწავლების რეპროდუქციული სტილი და ენობრივი ბარიერი.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სკოლებში მეტ-ნაკლებად წახალისებულია მოსწავლეთა სასწავლო მიღწევები. წახალისების გავრცელებულ ფორმად უნდა ჩაითვალოს: წარჩინებული, ინიციატივიანი მოსწავლეების შექება, სიგელისა და ფასიანი საჩუქრების (შედარებით იშვიათად) გადაცემა, სხვადასხვა ნომინაციების (მაგ., „საუკეთესო მოსწავლე“) მოწყობა და ა.შ.
ტენდენცია N6 - არასასკოლო საქმიანობაში მონაწილეობა
ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა არ დადის კლასგარეშე წრეზე. ისინი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არიან გაწევრიანებული საზოგადოებრივ გაერთიანებებში/კლუბებში/ჯგუფებში. ამავე დროს, რესპონდენტები მნიშვნელოვნად თვლიან საზოგადოებრივ მონაწილეობას, რადგან ამ გზით ეცნობიან ადამიანებს, ფართოვდება მათი ინტერესების სფერო, ეჩვევიან დამოუკიდებლობას, ხდებიან მიზანმიმართულები, თავისუფალ დროს იყენებენ ნაყოფიერად, იმსჭვალებიან პასუხისმგებლობით, ხდებიან უფრო კომუნიკაბელურნი და სხვ.
მოსწავლეები თვლიან, რომ არასასკოლო საქმიანობაში მათი (და მათი თანატოლების) მონაწილეობა არასაკმარისად არის წახალისებული სკოლისა და ოჯახის მხრიდან. ძირითადად, იგივე აზრია ფიქსირებული მოსწავლეთა ოჯახის წევრების პასუხებშიც. არასასკოლო საქმიანობაში მოსწავლეთა მონაწილეობის წახალისების თვალსაზრისით სკოლის როლს დადებითად აფასებს მასწავლებლების შედარებით მცირე ნაწილი. ხოლო პედაგოგთა უმრავლესობა არასაკმარისად მიიჩნევს სკოლისა და ოჯახის წამახალისებელ ფუნქციას.
დასკვნა:
კვლევის მონაცემების ანალიზი ადასტურებს, რომ მოსწავლეთა მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით სკოლის შესაძლებლობების/რესურსების ეფექტური გამოყენება არ ხდება; სკოლამ, როგორც მოქალაქეობრივი განათლების წამყვანმა აგენტმა, საკუთარ თავზე უნდა აიღოს მოსწავლეებში სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების პასუხისმგებლობა, რასაც ისეთ მრავალფეროვან საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, შედეგად მოჰყვება:
იმისათვის, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობა - მონაწილეობა მიიღონ სკოლის კულტურის გაუმჯობესებაში რეალიზებული იყოს, საჭიროა მათი ფორმალისტური დამოკიდებულება საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და საკლასო/სასკოლო ინიციატივების მიმართ შეიცვალოს ამ პროცესებში გააზრებული და აქტიური მონაწილეობით.
კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით (2011-2016; 2018–2024) გათვალისწინებული დემოკრატიული მოქალაქეობის უწყვეტი სწავლება მრავალფეროვანი ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო მოდელების გამოყენებით ხელს შეუწყობს ახალ formae mentis (Portera, 2013), რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრებასთან/ფუნქციონირებასთან დაკავშირებული უფლებებისა და პასუხისმგებლობების კრიტიკული გაგებისა და რეალიზებისთვის.
დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება უწყვეტი და თანმიმდევრული პროცესია –ყოველმა მომდევნო თაობამ უნდა შეიძინოს ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და ჩამოიყალიბოს განწყობა, ანუ ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ხასიათის თავისებურებები, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიას (Branson, 2000). ამ თვალსაზრისით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების როლი უალტერნატივოა, თუმცა, ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს უმაღლესი განათლების საფეხურზე გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაც. დემოკრატიული მოქალაქეობა სავალდებულო საგნად არის შეტანილი მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო კურიკულუმებში, ხოლო მისი ცალკეული თემები ინტეგრირებულია განათლების მიმართულებით არსებული საბაზო კურსების შინაარსში, რაც თავისუფალი არჩევითი კურსების სახით მიეწოდებათ სხვა სპეციალობის სტუდენტებსაც. ამ ცვლილებებმა გარკვეული ასახვა ჰპოვა სტუდენტთა შესაბამისი ღირებულებებისა და დამოკიდებულებების განვითარებაზე, რაზეც საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები მიუთითებს. კერძოდ, გაფართოვდა და გამრავალფეროვნდა სტუდენტთა ცოდნა დემოკრატიის ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების შესახებ; გაიზარდა კულტურული და მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნებისადმი მათი მიმღებლობა.
გამოყენებული ლიტერატურა: