+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში

  • გ. ჯოლოგუა
  • მედიაწიგნიერება, ფორმალური განათლება, მედიის შესახებ სწავლება, გამჭოლი კომპეტენციები, განათლების პოლიტიკა
  • ტომი: 2
  • ნომერი: 2




  • ავტორის რეკვიზიტები:

    სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

    მისამართი: თბილისი, პაატა სააკაძის #1;

    gjologua@cu.edu.ge

  • რეზიუმე:

    რეზიუმე

    ფორმალურ სასკოლო განათლებაში მედიაწიგნიერების კომპეტენცია სისტემურად ინტეგრირებულია ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში, აშშ-ში, ბრიტანეთსა და მრავალ სხვა ქვეყანაში. საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მედიაწიგნიერება 2011 წლიდან ასახულია როგორც გამჭოლი კომპეტენცია, რომლის განვითარება ყველა საგნობრივ ჯგუფში აუცილებელია, თუმცა საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის სისტემური ინტეგრირება ჯერ კიდევ არ მომხდარა. სტატიის მიზანია, ერთი მხრივ, მიმოიხილოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში მედიაწიგნიერების სფეროს ფორმირების ეტაპები, მეორე მხრივ კი მოიკვლიოს განათლების ქართველ სპეციალისტთა მოსაზრებები საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ.

     

    Abstract

    Media literacy education is an integral part of formal school education of all EU states, US, UK and many other countries. Since 2011 Georgian National Curriculum defines media literacy as a cross-cutting competence necessary to be enhanced in all subject groups, however, systemic integration of media literacy competence in Georgian schools has not been achieved yet. The article intends to examine the stages of formation of the field of media literacy education in formal education system and to analyze Georgian education experts’ perceptions concerning the role of media literacy education in Georgian classrooms.

  • შესავალი

    2011 წელს საქართველოს განათლების სამინისტრომ დაამტკიცა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც მედიაწიგნიერება აისახა როგორც გამჭოლი კომპეტენცია, რომელიც მოსწავლეს ყველა საგნობრივ ჯგუფში უნდა განუვითარდეს (Mosiashvili, Gorgodze & Antadze, 2013). მას შემდეგ წინამდებარე სტატიის მომზადებამდე თერთმეტ წელიწადზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ არ იძებნება რაიმე ცნობა საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის სისტემური ინტეგრირების შესახებ. საგულისხმოა, რომ სწორედ გასული ათწლეულის განმავლობაში გააქტიურდა საქართველოში მედიაწიგნიერების მნიშვნელობასთან დაკავშირებული დისკუსია, დაინერგა ახალი ცოდნა და პრაქტიკა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში მედიაწიგნიერების კომპეტენციის გავრცელება-განვითარებას უმეტესად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ცდილობდნენ (MDF, 2021; Basilaia & Danelia, 2022). მათ მიერ განხორციელებული პროექტები კი უფრო და უფრო აქტიურად აღწევს ფორმალურ სასკოლო სივრცეში. საგულისხმოა, რომ საქართველოს განათლების სისტემამ ქვეყანაში მოქმედ სხვა აქტორებთან შედარებით ადრე გაიაზრა სასკოლო სივრცეში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების აუცილებლობა, თუმცა ინიციატივის განხორციელება დაგვიანდა.  თუ რატომ გაჭიანურდა დასახული მიზნის მიღწევა, ეს საკითხი სცდება წინამდებარე ნაშრომის ფოკუსს. თუმცა, მნიშვნელოვანია მოკვლევა, თუ როგორ ხედავენ საქართველოში მოქმედი განათლების სპეციალისტები ფორმალურ სასკოლო სივრცეში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების მნიშვნელობასა და დანერგვის გზებს. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, მიმოიხილოს ფორმალურ სასკოლო სივრცეში მედიაწიგნიერების სფეროს ფორმირების ეტაპები, მეორე მხრივ კი მოიკვლიოს განათლების ქართველ სპეციალისტთა მოსაზრებები საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ.

     

    მედიაწიგნიერება - სფეროს ფორმირება

    როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა მსჯელობა მედიაწიგნიერების აუცილებლობის შესახებ. სოციალური ქსელების განვითარებასა და ინტერნეტთან დაკავშირებულ მობილურ ტელეფონებზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად საზოგადოების მედიაზე მიჯაჭვულობამ ახლებური სახე შეიძინა. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ასეთმა განვითარებამ კი, მრავალ სიკეთესთან ერთად, ხელი შეუწყო მედიამანიპულაციის სხვადასხვა სახის, მათ შორის, პოლიტიკური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გლობალურ გავრცელებას (Wineburg & McGrew, 2017; Bulger & Davison, 2018). ამ გამოწვევების გადასაჭრელად საზოგადოებებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება განსაკუთრებულად ეფექტური გზა აღმოჩნდა (Hobbs, 2020). შედეგად, დღეს ბევრი მედიაწიგნიერებას განიხილავს როგორც ახლებურ მიდგომას ახლებური პრობლემების გადასაჭრელად, მაშინ როდესაც მედიის შესახებ სწავლების გზით მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების პრაქტიკას მინიმუმ ასწლიანი ისტორია აქვს (Jologua, 2021).

    საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემამ ვერ უზრუნველყო ფორმალურ სასკოლო სივრცეში მედიაწიგნიერების სისტემური ინტეგრირება, საზოგადოების მედიაწიგნიერების ხარისხის განვითარება უმეტესად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ცალკეული მკვლევრების პასუხისმგებლობად იქცა. ასეთი მდგომარეობა კი შეიცავს რისკს, რომ ფორმალურ სასკოლო სივრცეში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირება განიხილებოდეს როგორც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ერთ-ერთი შესაძლებლობა, მაშინ როდესაც მედიის შესახებ სისტემური სწავლება მედიაწიგნიერების კომპეტენციის ეროვნულ დონეზე სრულყოფილი დანერგვა-განვითარების არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი გზაა, ვინაიდან მედიაწიგნიერება სწორედ მედიის შესახებ სისტემური სწავლების შედეგია (Buckingham, 2003). თავად ტერმინი „მედიაწიგნიერებაც“ კი სკოლებში მედიის შესახებ სწავლების ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბდა.

    ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში მედიის შესახებ სწავლების პრაქტიკას მინიმუმ ასწლიანი ისტორია აქვს.  1910-იანი წლების ბოლოს და 1920-იანი წლების დასაწყისში უკვე არსებობდნენ სპეციალისტები, რომლებიც არა მხოლოდ ასწავლიდნენ მედიის გავლენების შესახებ, არამედ ამ საკითხებზე ნაშრომებსაც ქმნიდნენ (მაგალითად, ერნესტ ა. დენჩის Motion Picture Education, 1917; ჯექსონ-უირიგლის Film: It’s Use in Popular Education, 1922). 1930-იანი წლებში საფრანგეთის განათლების ლიგის ინიციატივით დაარსდა მოძრაობა „კინო და ახალგაზრდობა“ (Cine-Juenes), რომლის მიზანი კინოკრიტიკის მეთოდით ახალგაზრდებს შორის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება იყო (Chevallier, 1980). ამავე პერიოდში ცდილობდნენ საბჭოთა რეჟისორები ვსევოლოდ პუდოვკინი და ლევ კულეშოვი კინოს კრიტიკული ანალიზის დანერგვა-განვითარებას (Buckingham, 2018).

    ცხადია, რომ მედიის შესახებ სწავლების ასეთი ადრეული ინიციატივები უმეტესად კინოს, პრესისა და რადიოს კრიტიკულ ანალიზზე იყო ფოკუსირებული. 1933 წელს კი ბრიტანელმა მეცნიერმა ფრენკ რეიმონდ ლივისმა და მისმა მოწაფემ დენის თომფსონმა გამოსცეს წიგნი „კულტურა და გარემო: კრიტიკული ცნობიერების ვარჯიში“ (Culture and Environment: The Training of Critical Awareness), რომელიც უკვე შეიცავდა მასმედიის გავლენების შესახებ საკლასო ოთახში სწავლების პრაქტიკულ მეთოდებს და ეხებოდა როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობის ხასიათის მედიაპროდუქტების სრულ სპექტრს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ 1930-იანი წლების დასაწყისიდან ბრიტანეთის სკოლებში გაჩნდა მედიის შესახებ სწავლების შედეგად მოსწავლეთა მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების პირველი ნიშნები. 1970-იანი წლებიდან კი მედიის შესახებ სწავლებას უკვე სისტემური სახე ჰქონდა აშშ-ს, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და კანადის სკოლებში (Fedorov, 2008).

    ფორმალურ სასკოლო სივრცეში მედიაწიგნიერების როლის კონცეპტუალიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ბრიტანელი მეცნიერის, ლენ მასტერმანის, მიერ 1985 წელს გამოცემულმა ნაშრომმა „მედიის სწავლება“ (Teaching the Media). რთული წარმოსადგენია სხვა ნაშრომი, რომელმაც ასეთი სიზუსტით გათვალა მომავლის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები  წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარებად და ცვალებად სფეროში, როგორიც მასმედია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებია. ჯერ კიდევ ინტერნეტის ჩვენთვის ნაცნობი ფორმით გაჩენამდე მასტერმანი წერდა, რომ საზოგადოების მედიაზე მიჯაჭვულობა იმდენად იზრდება, რომ სკოლებში მედიის შესახებ სწავლების გარეშე გაჩნდება უფსკრული სკოლასა და მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებას შორის და რომ მედიის შესახებ სისტემური სწავლების გარეშე სასკოლო განათლება ვეღარ უზრუნველყოფს მოსწავლისთვის თანამედროვე სამყაროში ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას.  მედიის შესახებ   ნაშრომში მასტერმანი სკოლებში სწავლების შვიდ უმთავრეს მიზეზს გამოყოფს:

    1. მედიის ყოვლისმომცველობა და თანამედროვე საზოგადოებების მიერ მედიის მოხმარების მუდმივი ზრდა;
    2. მედიის, როგორც „ცნობიერების ინდუსტრიის“ იდეოლოგიური მნიშვნელობა;
    3. მედიის მიერ მართული და დამუშავებული ინფორმაციის გავრცელების ზრდა;
    4. ცენტრალურ დემოკრატიულ პროცესებში მედიის მზარდი შეღწევა;
    5. ვიზუალური კომუნიკაციისა და ინფორმაციის მნიშვნელობის ზრდა ყველა სფეროში;
    6. მოსწავლეთა მომავლის საჭიროებების შესაბამისად განათლების აუცილებლობა;
    7. სწრაფად მზარდი ნაციონალური და ინტერნაციონალური ზეწოლა ინფორმაციის პრივატიზების მიზნით (თარგმანი - გ.ჯ.; Masterman, 1985, გვ. 2).

    აღსანიშნავია, რომ მედიის სწავლების აუცილებლობის შესახებ ლენ მასტერმანის მიერ წარმოდგენილი დებულებები, მისი წიგნის გამოცემიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, კვლავ უცვლელად გამოიყენება მედიაწიგნიერების თანამედროვე პროგრამებში (მაგალითად, ამერიკის მედიაწიგნიერების ცენტრის Literacy for the 21st Century).

    თავად ტერმინის - მედიაწიგნიერება - პირველი ფუნდამენტური განმარტება შეიმუშავეს 1992 წლის ასპენის ინსტიტუტის კონფერენციაზე (Aufderheide, 1993). მედიის შესახებ სწავლების სპეციალისტების მიერ შემუშავებული განმარტების მიხედვით, მედიაწიგნიერი ეწოდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო „წვდომა, ანალიზი, შეფასება და შექმნა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული მედიის“ (თარგმანი - გ.ჯ; Aufderheide, 1993, გვ. 1). საგულისხმოა, რომ მედიაწიგნიერების ცნება გაჩნდა ფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში მედიის შესახებ სისტემური სწავლების შედეგად, და არა პირიქით. ბრიტანელი მეცნიერის, დევიდ ბუკინგჰემის (2003) განმარტებით, ტერმინი მედიაწიგნიერება შემუშავებულ იქნა მედიის შესახებ მასწავლებლების მიერ, რათა მათ შესძლებოდათ ცნების დონეზე განემარტათ, თუ რა იყო მათი საქმიანობის შედეგი (Buckingham, 2003).  

    მედიაწიგნიერების ცნების ფორმირების ეტაპების გააზრება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებისკენ მიმართული სტრატეგიის განსაზღვრისას. თავად ის გარემოება, რომ მედიაწიგნიერების სფეროს ფორმირება საკლასო ოთახებში მედიის შესახებ სწავლების ხანგრძლივი ტრადიციის შედეგად ჩამოყალიბდა, ხაზს უსვამს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში მედიის შესახებ სწავლების მნიშვნელობას საზოგადოების მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების პროცესში. ფორმალურ სასკოლო სივრცეში მედიის შესახებ სხვადასხვა ფორმით სწავლებას სისტემური სახე აქვს ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში (EMEDUS, 2014), აშშ-ში (Bulger & Davison, 2018), ბრიტანეთსა (Golding, 2019) და სხვა ქვეყნებში. საქართველოში, დაგვიანებული რეფორმის ფონზე, მნიშვნელოვანია იმის მოკვლევა და დოკუმენტირება, თუ როგორ ხედავენ განათლების ქართველი სპეციალისტები მედიაწიგნიერების როლსა და ადგილს საქართველოს სკოლებში.

     

    განათლების ქართველ სპეციალისტთა მოსაზრებები ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების როლის შესახებ

    ფორმალურ სასკოლო სივრცეში მედიაწიგნიერების როლის შესახებ განათლების ქართველ სპეციალისტთა მოსაზრებების შესასწავლად 2021 წელის გაზაფხულზე ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები განათლების 6 სპეციალისტთან. რესპონდენტთა შერჩევა მოხდა მათი აფილიაციის შესაბამისად და გამოიკითხა 2 აკადემიურ სფეროში დასაქმებული სპეციალისტი, 2 არასამთავრობო სექტორში, 2 კი კონკრეტულად მედიაწიგნიერების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტი. ყველა რესპონდენტმა პასუხი გასცა ოთხ ძირითად შეკითხვას:

    1. ფიქრობთ თუ არა, რომ მედიაწიგნიერების ადგილი არის ფორმალურ სასკოლო განათლებაში და რატომ ფიქრობთ ასე?
    2. მედიაწიგნიერების სასკოლო განათლებაში ინტეგრირების სამი აპრობირებული მეთოდიდან (1. ერთჯერადი ინტერვენცია; 2. ინტეგრირება სხვადასხვა საგანში, როგორც გამჭოლი კომპეტენცია; 2. სწავლება დამოუკიდებელი სასკოლო საგნის სახით) რომელს თვლით ყველაზე ეფექტურად?
    3. ვინ უნდა შექმნას სასწავლო რესურსები?
    4. როგორი უნდა იყოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს როლი ფორმალურ სასკოლო განათლებაში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების პროცესში?

     

    ექვსივე გამოკითხული სპეციალისტი თვლის, რომ ფორმალურ სასკოლო განათლებაში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირება აუცილებელია. ამის მთავარ მიზეზად სამი რესპონდენტი ასახელებს იმ გარემოებას, რომ თანამედროვე სამყაროში, ციფრული კომუნიკაციების ეპოქაში, მედიაწიგნიერება ხდება ზოგადი წიგნიერების აუცილებელი შემადგენელი.

    რესპონდენტი #6:

    „ზოგადად წიგნიერების არსი გაიზარდა და მნიშვნელობა შეიცვალა, წიგნიერებად აღარ ითვლება მხოლოდ საბაზისო წერა-კითხვის კომპეტენციები, არამედ ითვლება სამყაროში ნავიგაციის უნარი და გარშემო არსებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამუშავების, არამედ უკვე მომზადებისა და გაცემის უნარები. მით უმეტეს, რომ გაიზარდა იმ მედიუმების მრავალფეროვნება, რომლებთანაც შეხება აქვს თანამედროვე ადამიანს“.

    სამი რესპონდენტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მედიაწიგნიერება ასახულია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, თუმცა პრობლემურია, რომ ასახულია მხოლოდ მიზნობრიობა და არა შინაარსი.

    რესპონდენტი #2:

    „ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების აუცილებლობა დოკუმენტურადაც გაწერილია. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მედიაწიგნიერება წარმოდგენილია როგორც გამჭოლი კომპეტენცია საგანთაშორისი კავშირების მიმართულებით. სერიოზული გამოწვევაა ის, რომ მიზნობრივ-დოკუმენტურად ეროვნულ სასწავლო გეგმაში მედიაწიგნიერების მიზნობრიობა გაწერილია, თუმცა არა მისი შინაარსი“ .

    ორი რესპონდენტის განცხადებით, მედიაწიგნიერება აუცილებელი კომპეტენციაა, ერთი მხრივ, ინდივიდუალურ დონეზე, ხოლო, მეორე მხრივ, - საზოგადოებრივზე. ორი სპეციალისტი ასევე ხაზს უსვამს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად შექმნილ თანამედროვე საჭიროებებს, მედიუმების მრავალფეროვნებისა და კომუნიკაციის ინტენსივობის ზრდას.

    რესპონდენტი #5:

    „მედიაწიგნიერება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპეტენცია თანამედროვე სამყაროში. ციფრული სამყარო, საერთოდ მედია და ზოგადად ინფორმაციის ნაკადები, რომლებიც ჩვენკენ მოედინება, არის განუზომლად დიდი, ვიდრე ეს იყო თუნდაც ათი წლის წინ და ეს ნაკადები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ამ ვითარებაში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ქონა არის, ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ადამიანისთვის“.

    შეკითხვაზე, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ფორმალურ სასკოლო განათლებაში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირება, სამი რესპონდენტი პასუხობს, რომ ყველაზე ეფექტიანი მიდგომა არის ინტეგრირება სხვადასხვა საგანში, როგორც გამჭოლი კომპეტენცია. ორი რესპონდენტის განცხადებით, აუცილებელია სამივე მიდგომის სინთეზი, ხოლო ერთი გამოკითხული სპეციალისტი თვლის, რომ ჩამოთვლილი სამი მიდგომიდან ვერც ერთი აღმოჩნდება ეფექტიანი თუ მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირება არ მოხდება მასწავლებელთა მოსამზადებელ საუნივერსიტეტო პროგრამებში.

    რესპონდენტი #4:

    „ყველა საგანში უნდა მოხდეს მედიაწიგნიერების ინტეგრირება, როგორც გამჭოლი კომპეტენციისა. ცალკე საგნის შემთხვევაში, თუ ეს საგანი იქნება არჩევითი, მოსწავლემ შეიძლება ის აირჩიოს ან არ აირჩიოს. ამიტომ მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც ყველა საგანში ინტეგრირებულად უნდა გაიაზრონ, თუ რა არის მედიაწიგნიერება და თუ რატომ არის მედიუმებთან ჩვენი კავშირი მნიშვნელოვანი“.

    რესპონდენტი #3:

    „ოპტიმალური იქნება, თუ გვექნება სამივე შესაძლებლობა. იდეალურ შემთხვევაში, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ყველა საგანსა და საგნობრივ ჯგუფში მედიაწიგნიერება უნდა იყოს ინტეგრირებული და სწავლების პროცესში საგანთაშორისი ინტეგრაცია არსებობდეს. თუმცა, სასურველია, რომ სკოლებს ჰქონდეთ დამატებითი საგნის სახით მედიაწიგნიერების შეთავაზების შესაძლებლობაც. ასევე, რომ შეიქმნას მცირე კურსები, რომლითაც გარე ექსპერტი შევა და იმუშავებს მოსწავლეებთან. ჩვენი ქვეყნის რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სამივე მიდგომის სინთეზი იქნებოდა ყველაზე ეფექტური“.

    რესპონდენტი #1:

    „ეფექტური სტრატეგია თუ გვინდა, რომ გვქონდეს, პირველ რიგში, მიწოდება უნდა დავიწყოთ მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების საუნივერსიტეტო პროგრამებში. სხვა შემთხვევაში ვერ მივაღწევთ სისტემურ განვითარებას“.

    შეკითხვაზე, თუ ვინ უნდა შექმნას სასწავლო რესურსები, ექვსივე რესპონდენტი პასუხობს, რომ რესურსები უნდა შეიქმნას სხვადასხვა სექტორისა და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტთა კოლაბორაციული მუშაობით.

    რესპონდენტი #2:

    „კოლაბორაციული ჯგუფი უნდა მუშაობდეს - აკადემიური პერსონალი, მედიაწიგნიერების სპეციალისტები, მასწავლებლები, მასწავლებელთა ტრენერები და ფსიქოლოგები“.

    მედიაწიგნიერების კომპეტენციის ფორმალურ სასკოლო განათლებაში ინტეგრაციის პროცესში განათლების და მეცნიერების სამინისტროს როლის შესახებ ექვსივე რესპონდენტი პასუხობს, რომ, სასურველია, განათლების და მეცნიერების სამინისტრო იყოს ინიციატორი, თუმცა სერვისები უნდა იყოს დეცენტრალიზებული.

     რესპონდენტი #6:

    „ჩვენი სასკოლო სისტემა ისე მუშაობს, რომ თუ ინიციატივა სამინისტროსგან არ მოდის, ასეთ შემთხვევებში ეს ინიციატივა ხშირად უყურადღებოდ რჩება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო იყოს ინიციატორი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიეწოდება სკოლებს ეს ინიციატივა, ვინაიდან სამინისტროსგან იმდენი ინიციატივა მოდის, რომ მასწავლებლებს მათთან გამკლავება უჭირთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საზოგადოებრივი დაკვეთა. დემოკრატიულ პროცესში უნდა არსებობდეს საზოგადოების დაკვეთა, ხოლო სამინისტრო უნდა იყოს ამ დაკვეთის განმახორციელებელი. ჩვენთან კი ხშირად სამინისტროსგან მოდის დაკვეთები სკოლებისთვის და სკოლები ამას უყურებენ როგორც კიდევ ერთ დავალებას და არა როგორც საზოგადოებრივ მისიას“.

     

    დასკვნა

    მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველა გამოკითხული სპეციალისტის აზრით მედიაწიგნიერების კომპეტენციის ფორმალურ სასკოლო განათლებაში ინტეგრირება აუცილებელია. განსხვავდება გამოკითხულ სპეციალისტთა მოსაზრებები ინტეგრირების გზებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა რესპონდენტი თანხმდება, რომ სასწავლო რესურსები უნდა მომზადდეს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტთა ფართო კოლაბორაციით და რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აქტიური როლი უნდა ითამაშოს საკითხის ინიციირებაში.

    თუ რა სახით მოხდება საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირება ამას დრო და პრაქტიკა აჩვენებს, თუმცა დამაიმედებელია ის გარემოება, რომ კვლევაში მონაწილე ყველა სპეციალისტი ხაზგასმით ადასტურებს ფორმალურ სასკოლო განათლებაში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების აუცილებლობას.

     

     

     

    გამოყენებული ლიტერატურა

    Aufderheide, P. (1993). Media Literacy: A Report of the National Leadership Conference on Media Literacy. Aspen: Aspen Institute.

    Buckingham, D. (2003). Media Education: Literacy, Learning and Contemporary Culture. Cambridge: Polity Press.

    Buckingham, D., in Scolari, C. A. (ED). (2018). Teens, Media and Collaborative Cultures: Ex ploiting Teens’ Transmedia Skills in the Classroom. Barcelona: Universitat Pompeu Fabra.

    Bulger, M., & Davison, P. (2018). The Promises, Challenges, and Futures of Media Literacy. Journal of Media Literacy Education, 10(1), 1-21.

    Chevallier, J. (1980). Cine-club et action educative. Paris: CNDP.

    Dench, E. A. (1917). Motion Picture Education. Cincinnati: The Standard Publishing Company.

    Fedorov, A. (2008). Media Education Around the World: Brief History. Acta Didactica Napocensia, 1(2), 56-68.

    Golding, P. (2019). Media Studies in the UK. Publizistik, 64, 502-515.

    Hobbs, R. (2020). Mind Over Media: Propaganda Education for a Digital Age. First Edition. New York: W.W. Norton and Company.

    Jackson-Wrigley, M. (1922). Film: it’s Use in Popular Education. London: Grafton and Co.

    Leavis, F., & Thompson, D. (1933). Culture and Environment: The Training of Critical Awareness. London: Chatto and Windus.

    Masterman, L. (1985). Teaching the Media. London: Routledge.

    Wineburg, S., & McGrew, S. (2017). Lateral Reading: Reading Less and Learning More When Evaluating Digital Information. Stanford History Education Group Working Paper No. 2017 A1.

    ჯოლოგუა, გ. (2021). რეკლამის შინაარსი: სიმბოლოები, ემოციები და მთავარი გზავნილები. თბილისი: კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

     

    ონლაინ წყაროები

    Basilaia, E., & Danelia, N. Mapping and Needs Assessment of Media Literacy Practices in Georgia. Published in https://rm.coe.int/-en/1680a5789e. (2022). ბოლო ნახვა 20/03/2020.

    Center for Media Literacy. Literacy for the 21st Century: An Overview & Orientation Guide to Media Literacy Education. Published in https://www.medialit.org/sites/default/files/01a_mlkorientation_rev2_0.pdf. (2008). ბოლო ნახვა 20/03/2023.

    European Media Literacy Project (EMEDUS). Formal Media Education. Published in https://eavi.eu/research/european-media-education-study/. (2014). ბოლო ნახვა 20/03/2023.

    მედიის განვითარების ფონდი (MDF). მედიაწიგნიერების სექტორის კვლევა საქართველოში, ლატვიაში, მოლდოვასა და უკრაინაში - ანგარიში საქართველოს შესახებ. გამოცემული: https://mdfgeorgia.ge/uploads/Georgia%20ML_GE2.pdf. (2021). ბოლო ნახვა 20/03/2023.

    მოსიაშვილი, თ., გორგოძე, ს., & ანთაძე, ი. როგორ მოვამზადოთ მეთოდური მასალა მედიაწიგნიერებაში. გამოცემული: http://medialiteracy.ge/uploads/library/metoduri-masala-mediawignierebashi-84.pdf?fbclid=IwAR2iWRHjWpt2_Z4F_6paiLYliwJjTII2ePCOXrmvD4WNdKmGlsQR2W7dYDU. (2013). ბოლო ნახვა 20/03/2023.

     

     

  • 2023.03.27
ნომერი
მსგავსი სტატიები