+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • კლას-კომპლექტის მასწავლებელთა საჭიროებების კვლევა პირისპირ და ონლაინ სწავლებისას

  • მ.ბოჭორიშვილი
  • კლას-კომპლექტი, პარალელური აქტივობები, დისტანციური სწავლება, განათლების ხელმისაწვდომობა, კომპლექსური ინტერვენციები.
  • ტომი: 2
  • ნომერი: 2




  • ავტორის რეკვიზიტები:

    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო, საგანმანათლებლო რესურსების  რედაქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

  • რეზიუმე:

      კვლევა მიზნად ისახავს, გამოკვეთოს ის ძირითადი გამოწვევები და სირთულეები, რასაც კლას-კომპლექტის მასწავლებლები აწყდებიან როგორც საკლასო ოთახებში, ასევე  დისტანციური სწავლებისას.

      მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ კლას-კომპლექტებში პირისპირ და ონლაინ სწავლებისას შექმნილი სირთულეები და ამ სირთულეებთან გამკლავების გზები, რაც დაგვეხმარება სწავლების პროცესის მომავალი დაგეგმვისთვის.

     

    Abstract

    The study aims to highlight the main challenges and difficulties faced by classroom teachers both in classrooms and in distance learning.

     

    It is important to study the difficulties created in face-to-face and online teaching in classrooms and the ways to deal with these difficulties, which will help us for future planning of the teaching process. 

  • საქართველოში, მოსწავლეთა სრული რაოდენობის დაახლოებით 8% სწავლობს  ისეთ კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ხუთი ან ნაკლებია. ერთი შეხედვით, ეს ციფრი დიდი არ არის, მაგრამ ეს ბავშვები 880-მდე სკოლაში არიან განაწილებული, რაც საქართველოს სკოლების 38%-ს -  ერთ მესამედზე მეტს მოიცავს.  აღნიშნულ სკოლებში სწორედ შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო, რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, ხშირად ქმნიან კლას-კომპლექტებს.    საქართველოში 500-მდე კლას-კომპლექტია. სტატისტიკის მიხედვით კლას-კომპლექტების 85% აჭარაშია.  კვლევები აჩვენებს, რომ იმ კლასებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა ათს არ აღემატება, ისევე იჩენს თავს საგანმანათლებლო პრობლემები, როგორც იმ სკოლებში, სადაც კლასში მოსწავლეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია და 35-40-ს აღწევს. 

    ესგ  სამივე რედაქციაში არსებული ჩანაწერი საშუალებას აძლევს მცირეკონტინგენტიან სკოლას,  შექმნას კლას-კომპლექტი და  მცირე, მაღალმთიან, ღარიბ დასახლებებში მცხოვრები ბავშვებისთვის  უზრუნველყოს განათლების  ხელმისაწვდომობა.

     კლას-კომპლექტის მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით დიდი გამოწვევა იყო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა.

    საქართველოში სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადასვლა 2020 წლის მარტში დაიწყო. სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც სკოლებს ევალებოდათ მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდების უზრუნველყოფა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.   მნიშვნელოვანი იყო სკოლას მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაეწია მშობელთა ჩართულობისა და კონსულტირებისათვის არდადეგების პერიოდში.  გეგმის ფარგლებში საკომუნიკაციო საშუალებად წარმოდგენილ იქნა Microsoft TEAMS პროგრამა. სამინისტროს მხარდაჭერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს და მოსწავლეებს გაუაქტიურდათ პროფილები, რომლის საშუალებითაც ისინი Microsoft office 365-ით სარგებლობენ. მნიშვნელოვანია, რა დამატებითი სირთულეები შექმნა ამან კლას-კომპლექტის მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის.

    გაზაფხულის სემესტრის  სწავლება ბოლომდე დისტანციურად მიმდინარეობდა. შემოდგომის სემესტრში კერძო სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა 15 სექტემბრიდან, ხოლო საჯარო სკოლებში 19 ოქტომბერს განახლდა I-IV კლასებისთვის. თუმცა, ნოემბერში ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა გახდა საჭირო.  შემოდგომის სემესტრი მთლიანად დისტანციურად წარიმართა, გაზაფხულის სემესტრიდან კი (15 თებერვლიდან) სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა.

     კვლევის მიზანი იყო  კლას-კომპლექტის მასწავლებელთა  საჭიროებების და   პრობლემების იდენტიფიცირება  სამივე თაობის ესგ-ს, რეგიონების განვითარების სტრატეგიული გეგმებისა და გაეროს  მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანთან მიმართებაში პირისპირ და ონლაინ სწავლებისას.

     

     კითხვარი  სულ  102-მა  მასწავლებელმა შეავსო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სულ რვა რეგიონის მასწავლებელი იღებდა გამოკითხვაში მონაწილეობას. ეს ის რეგიონებია, სადაც ყველაზე ხშირია კლას-კომპლექტები და ამავდროულად, ეს ის რეგიონებია, სადაც ყველაზე მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და დაბერების მაჩვენებელი. კვლევაში ჩართული მასწავლებლების გეოგრაფიული განაწილება ასეთია:

     

    1_11

     

     

    გამოკითხული რესპონდენტების კლას-კომპლექტებში მუშაობის გამოცდილების წლები განსხვავებულია. გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი დამწყებია და ერთწლიანი გამოცდილება აქვთ, დანარჩენებს კი 5, 10 ან 15 წელზე უფრო ხანგრძლივი  მუშაობის სტაჟი აქვთ ასეთ საკლასო ოთახებში.

    მანა2

     

    გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულ მასწავლებელთა 95,7 %-ს  დამატებით უწევს სასწავლო რესურსების შექმნა იმისათვის, რომ ორ კლასს ერთდროულად ასწავლოს. ხოლო 4,3% ახერხებს დამატებითი რესურსების გარეშეც ასწავლოს კლას-კომპლექტში.

     

    მანა 3

    გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ   მასწავლებელთა 87%  მიიჩნევს, რომ გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების კომპლექტებში (მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული) არ არის საკმარისი  მეთოდური რეკომენდაციები  კლას-კომპლექტში ეფექტური მუშაობისათვის.

     

    მანა 4

    გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ   მასწავლებელთა 82,6%-ს კლას-კომპლექტში მუშაობის მეთოდიკაზე და თავისებურებებზე არ გაუვლიათ რაიმე ტიპის მიზნობრივი ტრენინგი. ხოლო 17,4 %-ს  კი ტრენინგი გავლილი აქვს.

     

    მანა 5გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ   მასწავლებელთა დიდ ნაწილს კლას-კომპლექტში სწავლებისას წამოჭრილი მეთოდური პრობლემების  გადაჭრა უწევთ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

     მანა 6

     კლას-კომპლექტში სწავლების გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ასეულ მასწავლებელს აქვს და გამოცდილების გაზიარებას ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოკითხულ მასწავლებელთა დიდი უმრავლესობა, კერძოდ, 82, 6 %  ვერ ახერხებს გამოცდილების გაზიარებას, ხოლო 17,4% ამას ახერხებს სხვადასხვა კონფერენციების მუშაობაში მონაწილეობით.

    მანა 7

    რა ტიპის  დამატებითი დამხმარე რესურსები დაგეხმარება პრობლემის მოგვარებაში?  ამ კითხვაზე პასუხების  შედეგების შეჯერებით ვლინდება, რომ  მასწავლებლები პრიორიტეტს ანიჭებენ თვალსაჩინოებებს და ელექტრონული სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობას. შემდეგ კი საკლასო ბიბლიოთეკებს და მანიპულატივების არსებობას ასახელებენ. ასევე საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 17,4% თვლის, რომ ამ ჩამონათვალში არ მოხვდა ის, რაც გააუმჯობესებდა საკლასო ოთახში მათ მუშაობას.

    მანა 9

      დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გაგიჩნდათ თუ არა დამატებითი პრობლემები მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით?მანა 9

     

    დისტანციური სწავლებისას რა ტიპის პრობლემები იყო გაკვეთილის ჩატარებისთვის ხელისშემშლელი?

    გამოკითხული რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ  დისტანციური სწავლების პერიოდში დამატებით გაჩნდა პრობლემები, პრობლემების დაკონკრეტებისას გამოიკვეთა შემდეგი: 30,4%-მა აღნიშნა, რომ მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო ინტერნეტი, 17,4 %- მა  აღნიშნა, რომ მოსწავლეთა ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ისეთი მოწყობილობა, რომლის ჩართვა ინტერნეტში შეიძლებოდა. 17,4% აღნიშნავს, რომ  მოსწავლე არ იყო ხელმისაწვდომი სატელეფონო კომუნიკაციისთვის, რადგან ტელეფონის მქონე ოჯახის წევრი ძირითადად არ იყო ოჯახში. 17,4%  აღნიშნავს, რომ  ხშირად მოსწავლე ჩართული იყო ოჯახის შინამეურნეობაში და არ ხერხდებოდა კომუნიკაცია ტელეფონით.

    მანა 10

      ზუსტი მონაცემები, რამდენ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტზე და კომპიუტერზე წვდომა, ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, ქვემოთ მოცემული წყაროებით შესაძლებელია სურათის ნაწილის დანახვა, თუ რამდენ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი და შესაბამისად, ეზღუდება განათლების უფლებაც.

    კავკასიის კვლევის ბარომეტრის 2019 წლის მონაცემებით, გამოკითხული შინამეურნეობების 49%-ს არ აქვს პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი. საქველმოქმედო პლატფორმა „ჩართეს“ 2020 წლის ინფორმაციით, საქართველოში 78 000- მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. ინტერნეტგაზეთ „ბათუმელების“ თანახმად, აჭარაში 60 000 მოსწავლიდან 7 200-მდე მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა.

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევა გვთავაზობს რეგიონებში ინტერნეტზე წვდომის მონაცემებს, რაც იზომება ინტერნეტის დაფარვის სიმკვრივით - ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა გაყოფილი შინამეურნეობების რაოდენობაზე.  ყველაზე დაბალი, 15%-იანი დაფარვის სიმკვრივეა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. გურიაში შინამეურნეობების 34%-ს აქვს ინტერნეტი, კახეთში - 47%-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 48%-ს,  შიდა ქართლში - 51%-ს , მცხეთა-მთიანეთში - 59%-ს, სამცხე-ჯავახეთში - 60%-ს, იმერეთში - 65%-ს, ქვემო ქართლში - 76%-ს. ეს მაჩვენებელი 100%-ზე მეტია თბილისსა და აჭარაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შინამეურნეობაზე საშუალოდ ერთზე მეტი ინტერნეტ-აბონენტი მოდის. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის ხარისხი დაბალია და შესაბამისად, მოსწავლეებს არ შეუძლიათ ხარვეზების გარეშე, ონლაინ გაკვეთილზე სრულყოფილად დასწრება. 

     

    გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემის, ქვეყნის კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებების განხილვა-შეჯერების საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ:

      ესგ-ს  სამივე რედაქციაში არსებული ჩანაწერი საშუალებას აძლევს მცირეკონტინგენტიან სკოლას  შექმნას კლას-კომპლექტი და  მცირე, მაღალმთიან, ღარიბ დასახლებებში მცხოვრები ბავშვებისთვის  უზრუნველყოს განათლების  ხელმისაწვდომობა.

      გამოკითხული კლას-კომპლექტის მასწავლებლების  დიდი უმრავლესობა თვლის, რომ არცერთი გრიფირებისას  არ იყო გრიფირებულ სახელმძღვანელოებში  მათი საჭიროებები(ორ კლასში ერთდროულად სწავლებისთვის პარალელური აქტივობების სტრატეგიები)  გათვალისწინებული.

     გამოკითხულ მასწავლებელთა დიდი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ორ კლასში ერთდროულად გაკვეთილის ჩასატარებლად ინტენსიურად უწევთ შექმნან  დამატებითი რესურსები.

     გამოკითხულ მასწავლებელთა  დიდი უმრავლესობა აცხადებს, რომ რეალურად არ აქვთ გავლილი მიზნობრივი ტრენინგები, რაც დაეხმარებოდა მათ  ორ კლასში ერთდროულად გაკვეთილის ჩატარებაში.

    კლას-კომპლექტის გამოკითხულ მასწავლებელთა დიდი უმრავლესობას,  რომლებსაც აქვთ ორ კლასში ერთდროულად სწავლების  უნიკალური გამოცდილება,  არ  ეძლევათ  ამ გამოცდილების გაზიარების საშუალება.

    მაღალმთიანი სოფლის ღარიბ დასახლებებში მცხოვრები კლას-კომპლექტის მასწავლებლების დიდი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათ სკოლებს არ ეხმარებიან არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არც ბიზნესი, არც სხვა დონორები. თუმცა არის საერთაშორისო დონორების მიერ დახმარების ერთეული შემთხვევები.

    გამოკითხულ მასწავლებელთა მესამედი თვლის, რომ თვალსაჩინოებები, ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობა, ბიბლიოთეკები და მანიპულატივები  დაეხმარებოდა მათ უკეთესად მუშაობაში, პრობლემების მოგვარებაში და პარალელური საკლასო აქტივობების განხორციელებაში.

    განათლების სფეროს მკვლევრები იხილავენ  არახელსაყრელი პირობების არეალს,  რომელიც ქმნის ნეგატივების რთულ ქსელს, რომლის გადალახვასაც უზარმაზარი მონდომება სჭირდება.  რასთან გამკლავება უხდებათ დაბალი შემოსავლის მქონე მშობლებსა და ბავშვებს? ფსიქოლოგები და სოციოლოგები საუბრობენ  რისკფაქტორებზე: არახელსაყრელ პირობებში  ცხოვრება,  მშობლებთან ინტერაქციის დეფიციტი,  მშობლებისგან მხარდაჭერის დეფიციტი, არასტაბილური ცხოვრების მტკივნეული განცდა,  ყოველდღიური  სტრესი,  ჯანსაღი საკვების დეფიციტი,   დეპრესია,    ყოველდღე კითხვის დეფიციტი,  ძალადობა და სიბრაზე;  თითოეული ამ ფაქტორთაგანი ცალკეული ნიუანსი არ არის.  არსებობს მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ცალკე, დამოუკიდებლად არ მოქმედებს. აღნიშნული რისკფაქტორები ერთმანეთს ავსებს და აქვს გამანადგურებელი ეფექტი (ატზაბა-პორია, პაიკი და დიტარ-დეკარდი, 2004).

     

    დასკვნა

     

       ჩატარებული კვლევიდან, რომელიც  ღარიბ სოფლებში მცირეკონტინგენტიანი  სკოლების კლას-კომპლექტის მასწავლებლების გამოკითხვას ეყრდნობა, ნათლად იკვეთება  პრობლემები  გაეროს მდგრადი  განვითარების მეოთხე მიზნის შესრულებასთან მიმართებაში,    რომელიც ითვალისწინებს -  ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფას და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას ყველასთვის.

    პრობლემები  განპირობებულია: მოწყვლადი ჯგუფების სიღარიბით, სკოლის მწირი რესურსებით; პედაგოგთა პროფესიული განვითარების არათანაბარი ხელმისაწვდომობით, მასწავლებელთა და მშობელთა  უიმედობით.
       მნიშვნელოვანია   კომპლექსური  ინტერვენციები, რაც დადებითად აისახება როგორც  ღარიბი  სოფლების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ასეთ სოფლებში არსებული სკოლების  მატერიალურ და პროფესიულ გაძლიერებაზე.

      სამომავლოდ, მნიშვნელოვანი იქნება ვიკვლიოთ, როგორია კლას-კომპლექტის მოსწავლეების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, აქვთ თუ არა სწავლაში ჩამორჩენის პრობლემა. რა მიმართულებით/რა ფორმით სჭირდებათ პედაგოგებსა თუ მოსწავლეებს დახმარება.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1. გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველო, ბავშვთა სიღარიბის შემცირება

    http://www.unicef.org/georgia/UNICEF_Child_PovertyGEO_web_with_names.pdf

    1. http://netgazeti.ge/GE/105/Life/19923/
    2. http://jes.org.ge/number/10/article/71/
    3. http://jes.org.ge/number/12/article/76/
    4. https://en.unesco.org/news/unesco-figures-show-two-thirds-academic-year-lost-average-worldwide-due-covid-19-school
    5. What We Have Learned? Overview of findings from a survey of ministries of education on national responses to COVID-19, UNICEF, 2020
    6. https://openknowledge.worldbank.org/bitstream/handle/10986/26824/797830WP0Anali0Box0379789B00PUBLIC0.pdf?sequence=1&isAllowed=y
    7. http://www.cso.ge/view.php?type=journalism&slug=klas-kompleqtis-maswavleblebistvis-kompleqsuri-proeqti-pirvelad-rachashi-gankhorcieldeba

     

  • 2022.09.29
ნომერი
მსგავსი სტატიები