+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა მზაობა ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმის, როგორც დამხმარე ასისტენტის გამოყენებისთვის

  • მ.ნონიაშვილი
  • ხელოვნური ინტელექტი, უნივერსიტეტი, სწავლების მეთოდები, ინოვაციური პლატფორმა
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    ჭავჭავაძის 82, თბილისი, საქართველო, 0162.

    Maia.noniashvili@btu.edu.ge

  • რეზიუმე:

    თანამედროვე უმაღლესი სკოლები ტექნოლოგიური რევოლუციის გამოწვევების წინაშე დგანან. მსოფლიოში მოწინავე უნივერსიტეტებს უკვე აქვთ დაგეგმილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტად გამოყენება სწავლებაში, რის შედეგადაც უნდა გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, შემუშავდეს ყოველი სტუდენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, შეიქმნას სტუდენტისთვის დამხმარე - ნებისმიერი ადგილიდან ხელმისაწვდომი ვირტუალური სივრცე. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები წარმატებით იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს არა მხოლოდ სასწავლო პროცესებში, არამედ სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვაშიც. ეს პროცესი აკავშირებს სასწავლო სამეცნიერო სფეროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებთან.

    კვლევის მიზნად დასახული იყო დაგვედგინა ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა შორის ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის, სწავლებაში ასისტენტად გამოყენების შესახებ ცნობადობა, მისი გამოყენების მიზანშეწონილობა და სურვილი. აკადემიურ პერსონალს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება ღია კითხვის საშუალებით. 

     

    The Readiness of Georgian Professors for Usage of an Innovative Tech Platform as an Assistant

     

    Abstract

     

    Modern high schools are facing challenges brought by technological revolution. Today Leading Universities have already started to use Artificial Intelligence (AI) as an instrument in teaching, that will enhance education quality, emphasize individual approach and create 24/7 available students’ assistant and virtual space. World leading universities also successfully apply AI in planning of entrepreneurial activities. This directly links science with the factors facilitating the growth of country’s economy.

    The aim of the research was to find out the level of awareness, willing and relevance of digital technologies, namely of Artificial Intelligence usage as an assistant in teaching among the Georgian professors.  The academics also were able to indicate their opinions by open ended questions.

     

    Key words: Artificial Intelligence (AI), University, teaching methods, innovative platform, high schools, education

  • შესავალი

     

    სწავლების მოდელის გაუმჯობესებისათვის და სტუდენტების უკეთ მოსამზადებლად ტექნოლოგიების ეპოქაში ბევრი სკოლა, უნივერსიტეტი და ორგანიზაცია ცვლის მიდგომას და  აქტიური სწავლების მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ცვლილებები ძირითადად განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით, ინოვაციური პლატფორმების შექმნით და კომპიუტერული ინდუსტრიის ზრდით. ყოველივე ეს დიდ გავლენას ახდენს სასწავლო პროცესის განვითარებაზე და სოციალური ინტერაქციის სტილზე. ელექტრონული სივრცეების განვითარებით სტუდენტებს აქვთ საშუალება, მოხვდნენ გარემოში, რომელშიც ადვილად მოიპოვება ინფორმაცია, ამიტომ მათთვის მისაღებია უფრო აქტიური, კოლაბორაციული და ტექნოლოგიებით მდიდარი სწავლება,  რომლის საშუალებითაც  შეუძლიათ მიიღონ საუკეთესო საგანმანათლებლო გამოცდილება და არსებული გამოწვევები მათთვის მეტად სასურველი და ნაკლებად დამღლელია.

    ნათელია, რომ განათლების ტრადიციული მიდგომა ცვლილებებს საჭიროებს, რათა მივიღოთ უკეთესი შედეგი მომავლის სტუდენტებისგან. თანამედროვე უმაღლესი სკოლები ტექნოლოგიური რევოლუციით განპირობებული გამოწვევების წინაშე დგანან. მსოფლიოში მოწინავე უნივერსიტეტებს უკვე აქვთ დაგეგმილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტად გამოყენება სწავლებაში. ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი შეცვალოს სწავლა/სწავლების არსებული მიდგომები. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი შესაძლებელია, ინტეგრირებულ იქნას ჰიბრიდულ სასწავლო კურსებში, რომლებიც ლექტორთან პირისპირ და სტუდენტზე ორიენტირებული ონლაინ ლექციების ნაზავს წარმოადგენს. აღნიშნული მოდელის გამოყენება საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, შემუშავდეს თითოეული სტუდენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, შეიქმნას სტუდენტისთვის დამხმარე - ნებისმიერი ადგილიდან ხელმისაწვდომი ტუტორი და დაიზოგოს პროფესორის დრო და ენერგია ისეთ რუტინულ საქმიანობებზე, რომლთა შესრულება შესაძლებელია ჭკვიანი ასისტენტის გამოყენებით  განხორციელდეს. ჰიბრიდული მოდელი  სწავლას ინდივიდუალურს, სასწავლო რესურსებს საინტერესოს ხდის და მასწავლებელს მოტივატორად/ფასილიტატორად იყენებს, ვიდრე იმ პირად, რომელიც უბრალოდ გადასცემს ცოდნას.

     

    ექსპერტთა გამოკითხვა

    სწავლების კუთხით უმაღლეს განათლებაში ექსპერტებად მიჩნეულნი არიან პროფესორ-მასწავლებლები. შესაბამისად, კვლევისთვის შერჩეულ იქნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები.

    კვლევის ჩასატარებლად შედგენილი იყო კითხვარი, რომელიც მოიცავდა  ღია და დახურული ტიპის კითხვებს, შესაბამისად, არჩეულ იქნა შერეული კვლევის მეთოდი: რაოდენობრივი კვლევა ანკეტირების საშუალებით და თვისებრივი კვლევა ღია ტიპის კითხვაზე პასუხის დაფიქსირებით.

    კვლევის მიდგომად იყო შერჩეული „სტიქიური გამოკითხვა“, აპლიკანტები ავსებდნენ ანკეტის ბეჭდურ ვერსიას.  კვლევაში მონაწილე თითოეული პროფესორ-მასწავლებელი ანკეტის შევსებამდე ფლობდა ინფორმაციას კვლევის მიზნებისა და დანიშნულების შესახებ, აგრეთვე,  დაცული იყო კვლევის ეთიკის კოდექსის მუხლები, პირადი ინფორმაციის გავრცელების შესახებ, შესაბამისად,  აპლიკანტები აცნობიერებდნენ კონფიდენციალურობის დაცვის ასპექტებს, რაც გვაძლევდა საშუალებას, მიუკერძოებელი და ობიექტური შედეგები მიგვეღო.

    კვლევის მიზანს წარმოადგენდა, დაგვედგინა ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა შორის ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის სწავლებაში ასისტენტად გამოყენების შესახებ ცნობადობა, მისი გამოყენების მიზანშეწონილობა და სურვილი. აკადემიურ პერსონალს ჰქონდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება ღია კითხვის საშუალებით. 

    კვლევისთვის შეირჩა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები - უნივერსიტეტები (უნივერსიტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს  სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს www.mes.gov.ge).

    2020 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 31 ავტორიზებული უნივერსიტეტი, მათ შორის 13 სახელმწიფო, ხოლო 18 კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. კვლევისთვის შერჩეულ იქნა საერთო რაოდენობის 20% - შესაბამისად 6 უნივერსიტეტი, მათ შორის 3 სახელმწიფო, ხოლო 3 კერძო. უნივერსიტეტების შერჩევის დროს, გათვალისწინებულ იქნა სტუდენტების რაოდენობა სასწავლო დაწესებულებაში. კვლევისთვის მნიშვნელოვანი იყო, დაგვედგინა იმ პროფესორ-მასწავლებლების დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც, სასწავლო პროცესის ფარგლებში, უწევდათ სტუდენტების შედარებით დიდ რაოდენობასთან ურთიერთობა.

    კვლევაში მონაწილე უნივერსიტეტების ჩამონათვალი:

    1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    2. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
    3. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
    4. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
    5. შპს - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
    6. შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    კვლევის პერიოდად შერჩეულ იქნა  2019 წლის ნოემბერი - დეკემბერი. გამოკითხვაში მონაწილეობდა 113 პროფესორ- მასწავლებელი.

    შემოთავაზებულ დიაგრამაზე ასახულია პროფესორთა ჯამური რიცხვის გადანაწილება: რაოდენობრივი და პროცენტული:

     

    1

     

     

     

    დიაგრამა 1. პროფესორთა განაწილება უნივერსიტეტების მიხედვით

    რაოდენობრივი კვლევის შედეგები

    კვლევის შედეგები მიღებულია ჩატარებული ანკეტირების საფუძველზე. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდა 113 რესპონდენტი, რომლებიც წარმოადგენენ ექვსი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს. აპლიკანტების და კვლევითი არეალის შერჩევის პრინციპები და ანკეტები დეტალურადაა  წარმოდგენილი  „მეთოდოლოგიის“ ნაწილში.

    პირველ კითხვაზე, თუ რამდენად იცნობდნენ  ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არსებულ ტექნოლოგიურ პლატფორმას, პროფესორთა უმრავლესობამ  (77)  უპასუხა, რომ იცნობენ მსგავს პლატფორმას, თუმცა იმ 26 ლექტორს შორის, რომლებმაც კონკრეტული დეტალები არ იცოდნენ, არსებობდა ცნობადობა  მსგავსი პლატფორმის არსებობის შესახებ. 113 გამოკითხულიდან, მხოლოდ 10 პროფესორს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ ინოვაციის შესახებ. (დიაგრამა 5) 

     2

     

     

     

    დიაგრამა 5. ექსპერტთა ანკეტირების შედეგი 1.

    რაც შეეხება ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმის, იგივე ციფრული ასისტენტის გამოყენების მიზანშეწონილობას სწავლების პროცესში, გამოკითხულ პროფესორთა უმრავლესობა (73) მიზანშეწონილად მიიჩნევს მის დანერგვა/გამოყენებას, კვლევის 28 მონაწილე არც ეთანხმება და არ უარყოფს, ხოლო 12 არ მიიჩნევს მიზანშეწონილად აღნიშნულს (დიაგრამა 5).  საინტერესოა, რომ პლატფორმის სწავლებისთვის გამოყენების მომხრეთა რაოდენობა 73-დან 85-ამდე იზრდება  პასუხებში კითხვაზე − თავად  გამოიყენებდნენ თუ არა ხსენებულ ან მსგავს პლატფორმას საგანმანათლებლო საქმიანობისას(დიაგრამა 6). ამ კითხვაზე არ აქვს პასუხი 17 რესპონდენტს, მხოლოდ 11 პროფესორს არ სურს პლატფორმის გამოყენება, რაც შემდგომ ღია კითხვებიდან შეგვიძლია გავაანალიზოთ.

    34

    დიაგრამა 6. ექსპერტთა ანკეტირების შედეგი 2.

    5

    დიაგრამა 7. ექსპერტთა ანკეტირების შედეგი 3.

    მიღებული ანკეტირების შედეგების გასაანალიზებლად თვალსაჩინოებისთვის  სტატისტიკური მონაცემი განვათავსეთ შედარებით დიაგრამაზე 8,9.

    7

     დიაგრამა 8. ექსპერტთა ანკეტირების შედარებითი ანალიზი.

    მონაცემები არის მითითებული პროცენტული განაწილებით, ხოლო ნედლი მონაცემების შედარებისთვის  დიაგრამა 8.

    8

    დიაგრამა 9. ექსპერტთა ანკეტირების შედარებითი ანალიზი პროცენტული განაწილებით.

    ორივე დიაგრამიდან ნათლად ჩანს, რომ კვლევაში მონაწილე  პროფესორ-მასწავლებლების მაჩვენებელი, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას, თვლიან მიზანშეწონილად და აქვთ ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენების სურვილი, არის ბევრად მაღალი ვიდრე იმ აპლიკანტების, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია ან სურვილი გამოიყენონ მსგავსი დამხმარე საშუალებები სწავლების პროცესში.

    ის საკითხი, რომ გამოკითხულთა 9% არ ფლობს ინფორმაციას ტექნოლოგიური პლატფორმის, როგორც დამხმარე საშუალების შესახებ მიგვითითებს დამატებითი აქტივობების (ტრენინგების, მასტერკლასების, პრაქტიკული სემინარების) საჭიროების არსებობაზე. დიდი ალბათობით, შესაძლებელია ინფორმაციის სათანადო სახით მიწოდების შემთხვევაში, ამ ეტაპზე მოწინააღმდეგეთა ეს რაოდენობაც უჭერდეს მხარს ტექნოლოგიური პლატფორმის (ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით) დანერგვას სწავლების პროცესში.

     

    თვისებრივი კვლევის შედეგები

     

    კვლევის თვისებრივ ნაწილში, კვლევაში მონაწილე აპლიკანტებს  კითხვართან ერთად ნებაყოფლობით ჰქონდათ საშუალება, როგორც ექსპერტებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება ინოვაციურ ტექნოლოგიურ პლატფორმასთან მიმართებაში, ოთხმა მათგანმა დააფიქსირა, რომ კარგი იქნებოდა მეტი ინფორმაციის ფლობა მსგავს ტექნოლოგიებზე. ექსპერტთა უმრავლესობა მიესალმება ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმის ამ სახით დანერგვას. ისინი თვლიან, რომ პლატფორმა მენტორს  გაუადვილებს სამუშაოს და დაუზოგავს დროს, განსაკუთრებით, როდესაც პროფესორს მოსამზადებელი აქვს ტესტები სტუდენტებისთვის, სტუდენტების რაოდენობა კი მათივე თქმით, ხშირად  200-ს აღემატება, შესაბამისად,  "ხელოვნური ინტელექტი"  მოამზადებს ამ მასალას, რაც განაპირობებს მენტორის დროის დაზოგვას.

    ბევრი მათგანი ხელოვნური ასისტენტის გამოყენებას მხოლოდ შერეული ტიპის ლექციებისთვის თვლის მიზანშეწონილად. ერთმა მათგანმა აღნიშნა კიდეც, რომ კურსის ჩასატარებლად  შერეული ტიპის მეთოდოლოგიის დანერგვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა როგორც ადამიანური კაპიტალის, ისე ინოვაციური ტექნოლოგიური  კაპიტალის გამოყენებით. სხვა სახით ჩამოაყალიბა პასუხი ერთ-ერთმა რესპონდენტმა - „სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დამკვიდრება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განაპირობებს სასწავლო პროცესში დროითი ფაქტორის ეფექტიანობას. ამასთან, უნდა დავიცვათ "ზომიერება", რომ სრულიად არ განვდევნოთ სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის ურთიერთობების ფორმატიდან „ცოცხალი“ ემოციური ფაქტორის პოზიტიური ეფექტი“.

    ბევრმა რესპონდენტმა სისტემა ეფექტიანობის კუთხითაც შეაფასა. აღინიშნა, რომ „პროცესების ავტომატიზაცია, სადაც ამის შესაძლებლობა არის, გაზრდის ეფექტიანობას, ამის ხარჯზე გამოთავისუფლებული რესურსი დაიხარჯება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე“. გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ციფრული დამხმარე განსაკუთრებით მისაღებია ტესტებისა და საშინაო დავალებების  გასწორების, შეფასების, სტანდარტულ მესიჯებზე პასუხის გაცემისა და სისტემაში ქულების  შეყვანის ავტომატიზაციისთვის.

    აპლიკანტებიდან მხოლოდ ერთი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი ლექტორს ვერასოდეს ჩაანაცვლებს. ერთი მათგანი კი მიესალმება ინოვაციის დანერგვას, მისთვის ინოვაციური სწავლების პლატფორმის ფუნქციები მისაღებია და სასურველია მისი დანერგვა სწავლების პროცესში, თუმცა მიაჩნია, რომ ლექციის ახსნის პროცესის ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტით დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება.

    სამი რესპონდენტი ნაადრევად მიიჩნევს პლატფორმის დანერგვას ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. მიზეზად კი  ნაკლებად მოტივირებულ სტუდენტთა კონტინგენტს ასახელებენ, თუმცა სამივე მათგანი აღნიშნავს, რომ პროცესი გარდაუვალია და ემხრობა მომავალში მის დანერგვას.

    ბევრმა პროფესორმა რჩევების სახით დაამატა, რომ ინოვაციური სწავლების მეთოდები განათლების სისტემაში უნდა დაინერგოს, თუმცა გასათვალისწინებელია სწავლების საფეხური, რადგან სწავლების ადრეულ საფეხურზე პლატფორმის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ასევე, ერთერთ პროფესორს, რომელიც კურსიდან გამომდინარე უკვე იყენებს მსგავს შერეულ ფორმატს, მიაჩნია, რომ არის ისეთი საგნები, სადაც აღნიშნული მეთოდი ნაკლებად გამოავლენს სტუდენტის ცოდნას. რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელს  კონკრეტული ტექნიკური რჩევაც ჰქონდა. მაგალითად: მოხდეს წინა წლების შეცდომების ბანკის გენერირება და  ტიპური შეცდომების ჩვენება ლექციის და სემინარის ჩატარებისას.

    რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ პლატფორმა ასევე აქტიურად  უნდა იქნეს გამოყენებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სასწავლო პროცესის გასამარტივებლად და მათ საჭიროებებზე უკეთ მოსარგებად.

     

    დასკვნა

    ნაშრომში შესწავლილია სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების მზაობა, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიური პლატფორმის ჩართულობის  და მათ მიერ პლატფორმის ასისტენტად გამოყენების. აკადემიური პერსონალი სიახლეს დადებითად აფასებს და არის ცვლილებების მოლოდინში. უმრავლესობა თვლის, რომ მსგავსი ასისტენტის არსებობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს საუნივერსიტეტო სივრცეში. მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში მომუშავე აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლება ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პლატფორმებთან დაკავშირებით, რადგან კვლევაში მონაწილე პირების 10% -ი არ ფლობდა ინფორმაციას მსგავსი შესაძლებლობების არსებობის შესახებ.

  • 2020.11.10
ნომერი
მსგავსი სტატიები