+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ინსტიტუციური ანალიზი

  • მაია ბოლქვაძე
  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდა, ადრეული განათლება, ინსტიტუციური ანალიზი.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი

    Maia.bolkvadze@bsu.edu.ge

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32

  • რეზიუმე:

    წინამდებარე ნაშრომში განხილულია საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ინსტიტუციური განვითარების გზა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე. გამოყოფილია ისტორიული და სამართლებრივი ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადრეულ განათლებაზე, მის  ორგანიზებასა და მართვაზე. კვლევა ეფუძნება დოკუმენტურ-ანალიტიკურ, აღწერილობით, შედარებით მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებშიც მოხდა კანონმდებლობის, სტანდარტებისა და სტატისტიკური მონაცემების სისტემური მიმოხილვა. ნაშრომში ასევე ხაზგასმულია განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სკოლამდელი განათლების პერსონალის პროფესიული განვითარების მნიშვნელობა. ადრეული და სკოლამდელი განათლების ინსტიტუციური მიმოხილვა და განხორციელებული რეფორმების ანალიზი წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების პოლიტიკის სისტემურ და თანმიმდევრულ გააზრებას, ასევე მისი მნიშვნელობის აღწერას სოციალური თანასწორობისა და ინკლუზიურობის კონტექსტში. კვლევით გამოვლინდა, რომ ადრეული განათლების სფერო საქართველოს განათლების სისტემაში წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარების განუყოფელი ნაწილია.

     

    Abstract

    This paper explores the institutional development of early and preschool education in Georgia from the country's independence to the present day. It describes the historical and legal transformations that have influenced the organization and governance of early education. The study is based on a documentary-analytical, descriptive, comparative methodology, within the framework of which a systematic review of legislation, standards and statistical data was conducted. The paper emphasizes the significance of enhancing educational quality and advancing the professional development of preschool education personnel. The institutional analysis of early and preschool education, together with the analysis of implemented reforms, represents a critically important domain that facilitates a systematic and coherent understanding of education policy, as well as its relevance in the context of social equity and inclusion. The research findings reveal that early education is one of the key priorities within Georgia’s education system and is an integral component of the country’s sustainable development.

  • შესავალი

    ადრეული ბავშვობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის პერიოდი, როდესაც ყალიბდება ინდივიდის ფიზიკური, გონებრივი, სოციუმში ინტეგრაციისა და ემოციური უნარები, რაც საფუძველს უყრის მის შემდგომ განვითარებასა და მზაობას წარმატებული ცხოვრებისათვის. შესაბამისად, მაღალი ხარისხის ადრეული განათლების უზრუნველყოფა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოების კეთილდღეობის მდგრადი განვითარების პროცესში.

    საქართველოში ადრეული განათლების ინსტიტუციურმა გარემომ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები გაიარა. გარდამავალი პერიოდის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები შესაბამის რეაგირებას მოითხოვდა. ამიტომ, ქვეყანას გარკვეული პერიოდი დასჭირდა ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროზე ყურადღების გადასატანად.

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს სკოლამდელი განათლების სექტორი ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 1990-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისებმა, პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ საქართველოს თითქმის ყველა სექტორის, მათ შორის საბავშვო ბაღების, ფუნქციონირება შეაფერხა. ამის შედეგად სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობა აღნიშნული ათწლეულის განმავლობაში 44.6%-დან (1989-90 წ.წ.) 28.3%-მდე დაეცა (2001-02 წ.წ.). სიტუაციის გამოსწორება 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც ჩართულობის მაჩვენებელი 10 პროცენტზე მეტით გაიზარდა 2001-02-დან 2005-06 სასწავლო წლამდე პერიოდში. შემდგომში აღინიშნებოდა სტაგნაცია და სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის ოდნავ შემცირება (ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 35.9%, 2007-8 სასწავლო წელს აღინიშნა). ეს შეიძლება მიეწეროს 2005 წელს განხორციელებულ სკოლამდელი განათლების რეფორმას, რომელმაც სახელმწიფო სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება მუნიციპალურ მთავრობებს დააკისრა. ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა მოახერხა ახალი საბავშვო ბაღის აშენება, მაგრამ ბაღების უმრავლესობა სარემონტო გახდა და დაიხურა ფინანსური რესურსების უქონლობის გამო. დეცენტრალიზაციის რეფორმიდან ორი წლის განმავლობაში, 2005-06-დან 2007-08 სასწავლო წლამდე, სახელმწიფო სკოლამდელ დაწესებულებათა რაოდენობა 64-ით შემცირდა. 2008 წლიდან სიტუაციამ გაუმჯობესება დაიწყო როგორც ბავშვების ჩართულობის, ასევე მოქმედი საბავშვო ბაღების რაოდენობის მხრივ. აღინიშნებოდა საჯარო საბავშვო ბაღების (ბაგების ჩათვლით) რაოდენობის ზრდა და მაღალი ჩართულობა, აგრეთვე არსებული ობიექტების უფრო რაციონალური გამოყენება [1].

     

    მეთოდოლოგია

    წინამდებარე ნაშრომი დოკუმენტურ-ანალიტიკურ კვლევას ეფუძნება, რომლის ძირითადი მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდის ინსტიტუციური საფუძვლების, სამართლებრივი ჩარჩოსა და მართვის მექანიზმების ანალიზი საქართველოში. მეთოდოლოგია მოიცავს კანონმდებლობის ანალიზს, ასევე საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების, სტატისტიკური მონაცემების და მოქმედი სტანდარტების განხილვას.

    კვლევისთვის გამოყენებულია აღწერილობითი ანალიზი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სისტემის სტრუქტურის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ჩარჩოს სიღრმისეული აღწერისათვის; საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიზი, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს (საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონები, სექტორული კანონმდებლობა და რეგლამენტები), აგრეთვე განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში შექმნილი სტრატეგიები, სტანდარტები და სამოქმედო გეგმების შესასწავლად. კვლევა მოიცავს მრავალ წყაროზე დაყრდნობით დოკუმენტურ სინთეზს.

     

    ლიტერატურის მიმოხილვა

    ზოგადად განათლებისა და კერძოდ, ადრეული განათლების მიმართულებით, არაერთი ქართული და უცხოური სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომი მოიპოვება, მნიშვნელოვანი, საყურადღებო და ფუნდამენტური ნაშრომები აქვთ ქართველ მეცნიერებს დ. უზნაძე, ქ. ჭკუასელი, ივ. ჭკუასელი, ნ. ჭიაბრიშვილი, დ. მალაზონია, ლ. თავდგირიძე, ნ. შეროზია, ალ. გობრონიძე, ნ. ანდღულაძე, ა. ჯანელიძე, ნ. ჯიჯავაძე, რ. ირემაშვილი, ი. ბასილაძე და სხვები, ხოლო უცხოელ ავტორთაგან აღსანიშნავია ფ. ფრობელი, მ. მონტესორი, ჟ. პიაჟე, ლ. ვიგოტსკი, ჯ. დიუი, ქ. ნათბრაუნი და პ. ქლოფი, ე.ჯ.რიგსი, ა. გილ-გარსია, ე. ს. სარვი და სხვ.

     

    ძირითადი ტექსტი

    საქართველოში ადრეული განათლების ისტორიული მიმოხილვა

    საქართველოში ადრეული განათლების მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებები 2014 წლიდან დაიწყო, როცა საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი და განათლების ეროვნული კანონმდებლობის, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ვალდებულება აიღო [2]. აღნიშნულ პროცესში ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი 2016 წელს გადაიდგა, როცა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონი იქნა მიღებული, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სისტემურ რეგულირებასა და მართვას. სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის შემდეგ, შემუშავდა ეროვნული სტანდარტები, რომლებიც მიზნად ისახავდა სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ასევე შეიქმნა რიგი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური დოკუმენტები, მათ შორის „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევი“, „სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია“, „პერსონალის მართვის მარეგულირებელი მეთოდოლოგია“ და სხვა პრაქტიკული რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებას  [3].

    2022 წლიდან დაწყებული ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესი იყო თავისი მასშტაბურობით, რადგან მოიცვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო საბავშვო ბაღებიც. რეფორმა მიზნად ისახავდა მათი ფუნქციონირების სტანდარტიზაციას, ავტორიზაციის პროცესის დანერგვით [4].   

    აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო საგანმანათლებლო პერსონალის კორპუსის გაძლიერება. 2011 წლიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა შეწყვიტეს სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების განხორციელება [5]. ეს უარყოფითად აისახა აღმზრდელთა პროფესიული ზრდისა და ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე. ბოლო წლებში ქვეყანამ განაახლა საბაკალავრო პროგრამების მნიშვნელობაზე საუბრები. საბაკალავრო პროგრამების შექმნის მიზნით, მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, იუნისეფისა და უნივერსიტეტების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით. ამ პროცესების ერთ-ერთი შედეგია აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სტანდარტის შექმნა. ეს დოკუმენტი სტანდარტიზებულ პირობებს უწესებს დარგის სპეციალისტებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნაში ხაზს უსვამს წამყვანი საგანმანათლებლო პერსონალის განათლების მაღალი დონის აუცილებლობას [6]. მეტად მნიშვნელოვანი იყო სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება (2020 წ.), რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი განათლების უმაღლესი განათლების პროგრამების შემუშავებას უზრუნველყოფდა [5]. ზემოხსენებული აქტივობების შედეგად, საქართველოს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაიწყო აქტიური მუშაობა სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამებზე და დღეისთვის საქართველოს 5 უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას. 

    ეს სისტემური ცვლილებები ადასტურებს, რომ საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტად იქცა და მასში გატარებული რეფორმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის გრძელვადიანი პროგრესისა და მდგრადობისათვის.   

    ადრეულ განათლებასთან დაკავშირებული ზოგადი სტატისტიკა

    შობადობის კოეფიციენტის ანალიზი უმნიშვნელოვანესია ადრეული განათლების კვლევისას, რადგან სწორედ იგი განსაზღვრავს იმ პოტენციური ბავშვების რაოდენობას, რომლებსაც მომავალში სჭირდებათ სკოლამდელი განათლება და ზრუნვა. დაბალი შობადობა ქმნის გამოწვევას საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირებისათვის, კერძოდ, ამ გამოწვევებში მოიაზრება ეფექტიანად რესურსების (საკადრო, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და სხვა) გადანაწილება და  ზოგადად, განათლების ამ სფეროს პოლიტიკის  სწორი დაგეგმვა-განხორციელება. მაგალითად, შობადობის ზრდის შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი ინფრასტრუქტურა, აღმზრდელების მომზადება და სხვა საორგანიზაციო საკითხების რეგულირება, ამიტომ შობადობის სტატისტიკა ადრეული განათლების პოლიტიკის დაგეგმვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

    საქართველოში შობადობის საერთო კოეფიციენტი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვალებადობით ხასიათდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1994 წლიდან 2004 წლამდე შობადობა სტაბილურად დაბალ ნიშნულზე იმყოფებოდა (დაახლოებით 11–12%). 2005 წლიდან კოეფიციენტი მკვეთრად გაიზარდა და 2010 წლისთვის მიაღწია პიკს — დაახლოებით 15%-მდე. შემდეგ, 2012 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში მიაღწია 17%, ხოლო 2014 წლის შემდგომ არის მკვეთრი ვარდნა, როცა შობადობის მაჩვენებელმა 17%-მდე მომატების შემდეგ დაიწყო თანმიმდევრული კლება და 2023 წლისთვის მიაღწია ისტორიულ მინიმუმს — დაახლოებით 10.5% (იხილეთ დიაგრამა N1). ეს ტენდენცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სკოლამდელი განათლების სისტემაზე და პოლიტიკის დაგეგმვაზე, რომლის დეტალები უკვე განვმარტეთ. განსაკუთრებით კი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურასა და პერსონალის საჭიროებაზე.

     

    ასევე მნიშვნელოვან და საყურადღებო ინფორმაციას იძლევა საქართველოში დაწყებითი, საბაზისო და საშუალო განათლების მიღების მონაცემები. სასკოლო განათლების ეტაპების დეტალური/კატეგორიების მიხედვით ანალიზი მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს, რომ გავაანალიზოთ, რამდენად ეფექტიანია ადრეული განათლება გრძელვადიან პერსპექტივაში, კერძოდ, დაწყებითი, საბაზისო და საშუალო განათლების მიღების მაჩვენებლები შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სკოლამდელი განათლების ხარისხთან. ეს მონაცემები გვაწვდის ფართო სოციალურ სურათს, სხვადასხვა კატეგორიების ჭრილში, რომლითაც შეგვიძლია გამოვიტანოთ ზოგადი დასკვნები, თუ როგორ აისახება ადრეული განათლება განათლების შემდგომ დონეებზე. 2017 წლიდან ეს მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

     

    ამ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი 2017–2024 წლების ჭრილში ცხადყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების დონეებზე. 2020 წლამდე პერიოდში დაწყებითი განათლების მაჩვენებლები ცოტათი მცირდება, თუმცა 2022 წელს შეინიშნება მკვეთრი მატება — პირველკლასელთა რაოდენობა აღემატება 60 ათასს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს COVID-19 პანდემიის მიზეზით გადადებული სწავლებისა და სასკოლო ასაკის ბავშვების ჯამური რაოდენობის ერთდროულად სკოლაში შესვლით. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება საშუალო განათლების დონეზეც, სადაც 2022 წლიდან მატება გამოკვეთილია.

    რაც შეეხება საბაზო განათლებას, მონაცემები მეტ-ნაკლებად სტაბილურად მერყეობს 45–50 ათასის ფარგლებში მთელი პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, საშუალო განათლების დონეზე 2022 წლამდე ფიქსირდება შედარებით დაბალი მაჩვენებლები. ვფიქრობთ, აღნიშნული დინამიკაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ადრეული განათლების ხარისხთან. მრავალი კვლევა ადასტურებს [7], რომ ბავშვები, რომლებიც იღებენ ხარისხიან სკოლამდელ განათლებას, უფრო მაღალი ალბათობით ახერხებენ წარმატებით სწავლის გაგრძელებას როგორც დაწყებით, ისე მომდევნო საფეხურებზე. დაწყებითი განათლების მონაცემების მკვეთრი მატება 2022 წელს, შესაძლოა, კავშირში იყოს სახელმწიფოს გაძლიერებულ ყურადღებასთან (ვინაიდან სწორედ 2022 წლიდან აქტიურდება სკოლამდელი განათლების რეფორმები) სკოლამდელი განათლების მიმართულებით ან სწავლების ინკლუზიურობის გაძლიერებასთან. თუმცა ამ კომპონენტის ანალიზი ამ მომენტისათვის სცდება ჩვენი კვლევის მიზანს.

    საბავშო ბაღების ჩამოყალიბების ინსტიტუციური საფუძვლები საქართველოში

    2024-2025 წლების მონაცემებით, საქართველოში 1713 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 137474 აღსაზრდელი და 18347 აღმზრდელი ირიცხება [8]. ბოლო წლების განმავლობაში საბავშვო ბაღების რაოდენობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც ასევე ვრცელდება აღმზრდელ-პედაგოგთა რაოდენობაზეც. ამავე პერიოდში ფიქსირებული კერძო ბაღების რაოდენობა 291-ია [9].

    ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს სამართლებრივი ბაზა საქართველოში მოიცავს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დოკუმენტებს: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და კანონქვემდებარე აქტები [10].

    ამ სფეროში მნიშვნელოვან სამართლებრივ ეტაპს წარმოადგენდა 2016 წელს მიღებული კანონი „ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ“. იგი აწესრიგებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს; განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას (მუხლი 1).  

    კანონის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი დაწესებულება წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას. დაწესებულება ფუნქციონირებს კერძო ან საჯარო ფორმით და  ექვემდებარება ავტორიზაციას. დაწესებულება შემდეგი სახის მომსახურებებს ახორციელებს:

    • ადრეული აღზრდა და განათლება − დაბადებიდან 2 წლამდე (ადრეული) ასაკის ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მოიცავს: მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლებასა და მხარდაჭერას, აღნიშნული ასაკის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების, ჯანმრთელობის დაცვის, კვების, ჰიგიენისა და სანიტარიული უსაფრთხოების, ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების მომსახურებებს;
    • სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა;
    • სასკოლო მზაობის პროგრამა – სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.

    სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო, უფასო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის [10].

    საბავშვო ბაღებში ბავშვები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებიან:

    • 2-დან3 წლამდე ასაკის ბავშვები - სკოლამდელი განათლების პირველი წელი;
    • 3-დან4  წლამდე ასაკის ბავშვები − სკოლამდელი განათლების მე-2 წელი;
    • 4-დან5 წლამდე ასაკის ბავშვები − სკოლამდელი განათლების მე-3 წელი;
    • 5 წლიდან პირველ კლასამდე − სასკოლო მზაობის პროგრამა (სკოლამდელი განათლების მე-4 წელი) (მუხლი 20).  

    სასწავლო-სააღმზრდელო წელი იწყება და მთავრდება მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ პერიოდებში. სასწავლო დღის ხანგრძლივობა 9 საათს შეადგენს, ხოლო სასკოლო მზაობის პროგრამა დღეში 3 საათია (მუხლი 21).

    ეფექტური და ეფექტიანი სასწავლო პროცესისა და დასახული მიზნების მისაღწევად კანონი ასევე განსაზღვრავს ბავშვების ასაკობრივი ჯგუფებისა და პედაგოგების რაოდენობრივ სტანდარტს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

     

     

    ცხრილი 1. ჯგუფებისა და პედაგოგების რაოდენობრივი სტანდარტი:

    ასაკი

    ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა

    ჯგუფში პედაგოგთა თანაფარდობა

    2-3 წელი

    25 ბავშვი

    1:13

    3-4 წელი

    30 ბავშვი

    1:15

    4-5 წელი

    30 ბავშვი

    1:15

    სასკოლო მზაობა

    30 ბავშვი

    1:15

    წყარო: საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, 2016, შედგენილია ავტორის მიერ.

     

    კვლევა ვრცლად იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

     

     საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ინსტიტუციური ანალიზი_მ.ბოლქვაძე

  • 2025.08.05
ნომერი
მსგავსი სტატიები