+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • ,,აჰა ეფექტი“–წარმატებული სწავლის საფუძველი

  • თამარ შანიძე
  • საკვანძო სიტყვები: ,აჰა ეფექტი“, გაზეპირება, თამაში, ასოციაცია, კრეატიულობა
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

     სსიპ ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების დოქტორი

  • რეზიუმე:

    სტატიაში წარმოდგენილი მასალა ღირებულია  განათლების მიმართულების ბაკალავრების, მაგისტრებისა და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, ასევე სასწავლო მეთოდიკითა და პრაქტიკით დაინტერესებული პირებისთვის. ავტორის მიზანია პრაქტიკული პედაგოგიკის ირგვლივ არსებული პრობლემების დაძლევა. კერძოდ, უცხო ენაში გაზეპირების მეთოდის მახასიათებელი რთული გარემოს განტვირთვა და სახალისო აქტივობებით უცხო ენის დაუფლება. კვლევის პროცესისა და უცხოური ლიტერატურის განხილვის საფუძველზე გამოიკვეთა მიდგომები, რომლებიც უზრუნველყოფს გაზეპირებისა და დაძაბვის გარეშე აღსაზრდელები თამაშ–თამაშით დაეუფლონ უცხო ენას. სტატიაში აქცენტირებულია ის მეთოდები, რომლებიც განაპირობებენ ,,აჰა ეფექტით“ ინფორმაციის გრძელვადიან მეხსიერებაში გადატანას, განხილულია აგრეთვე ამ ეფექტის ფსიქოლოგიური თავისებურებები და პრაქტიკაში წარმატებულად გამოყენების პერსპექტივა. წარმოდგენილი მეთოდოლოგიის გამოყენების შედეგად მარტივადაა შესაძლებელი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესრულება და პარალელურად მოსწავლეთა ინტერესები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული.

     

    Abstract

    The material presented in the article is valued for bachelor's, master's and practicing teachers in the direction of education, as well as those who are interested in learning method and practice. The author's aim is to overcome the problems around practical pedagogy. Specifically, to unload the language from the characteristics of the method of learning by heart and to learn foreign language through fun activities. Based on the research process and the review of foreign literature, approaches have been demonstrated to ensure that children without tense and learning by heart method can master foreign languages through playing. The article emphasizes the methods that determine taking information in long-term memory by "aha effect", as well as the psychological peculiarities of this effect and the prospect of being successful in practice. Because of the proposed methodology, it is possible to fulfill the objectives of the National Curriculum and at the same time, the interests of pupils are maximally taken into consideration.

  •  შესავალი

     ტრადიციული სასწავლო მიდგომები ითვალისწინებს არა თუ მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებას, არამედ ავტორიტარული სწავლების პრინციპებს, რომელიც საგანმანათლებლო გარემოში მოსწავლეს უქმნის დაძაბულობას და სასწავლო მასალაც გრძელვადიან მეხსიერებაში ვერ იმკვიდრებს ადგილს. ხალისით სწავლა–სწავლების საფუძველი თამაშზე ორიენტირებული მიდგომებია, რომლებიც სასწავლო საკითხის პრაქტიკულ ღირებულებებს ხაზგასმით აფიქსირებს მეხსიერებაში ხუთი შეგრძნების ორგანოდან მინიმუმ სამის საშუალებით და ამდენად გრძელვადიან მეხსიერებაში იმკვიდრებს ადგილს. უცხო ენის შესწავლის პროცესში გაზეპირების შემცველი მეთოდური მიდგომების გარდა აქტუალურია ქალანის მეთოდი, ზეპირმეტყველების მეთოდით სწავლება, რასაც იშვიათად იყენებენ უცხო ენის გაკვეთილზე 45 წუთიანი აკადემიური დროის სიმცირის გამო. ხშირად პროექტ– გაკვეთილის ფარგლებში ვიყენებთ პროექტებით სწავლების პრინციპებს, რასაც რამდენიმე გაკვეთილის დათმობა სჭირდება სასწავლო მიზნის მისაღწევად. საკითხები მსგავსი მეთოდური მიდგომების შესახებ ქართულ პედაგოგიკურ  თუ მეთოდურ ლიტერატურაში სიღრმისეულადაა განხილული, თუმცა უცხოურ ენაში გაზეპირების მეთოდის ჩამნაცვლებელი მეთოდები ღრმად და საფუძვლიანადაა გაანალიზებული უცხოურ ლიტერატურაში, რომლის პრაქტიკაში გადასინჯვამ ნათლად უჩვენა მისი ღირებული ბუნება.

     

     

    ძირითადი ნაწილი

     

    სასწავლო მასალის ზეპირად დასწავლა სწავლის პროცესში მოსწავლეს არა თუ სიამოვნებას ანიჭებს, პირიქით დაძაბულ სასწავლო გარემოს უქმნის და ხელს უშლის მიღებული ინფორმაცია გრძელვადიან მეხსიერებაში შეინახოს, ასევე საჭიროებისამებრ გამოიძახოს.

    მაგალითისთვის შეიძლება დასახელდეს მეხსიერების სპორტსმენები. ისინი სწავლობენ ნებაყოფილობით, სურვილით, რასაც უქმნით გამარჯვების სიხარულს და განცდას. სწავლის პროცესში ისინი სხვადასხვა კრეატიულ მეთოდებს იყენებენ იმისათვის, რომ ინფორმაცია დაიმახსოვრონ. მათ მშვენივრად იციან, რომ აბსტრაქტული ინფორმაციის დამახსოვრება ძალიან რთულია, თუმცა სურათების დახმარებით ბევრად მარტივია. ამიტომ ისინი ფაქტებს აკავშირებენ ანეკდოტებთან, თქმულებებთან და ისტორიებთან. ვინაიდან ჩვენ რომელიმე კონკრეტულ მოსაზრებას მეტ ყურადღებას ვუთმობთ და ემოციურ სურათებთან ვაკავშირებთ, სწრაფად ხვდება არა მხოლოდ მოკლევადიან  მეხსიერებაში, არამედ ის ასევე ინახება გრძელვადიან მეხსიერებაშიც.

    აღნიშნული მეთოდი წარმატებულად მუშაობს მოსწავლეებთან სასწავლო პროცესში. ფართობის დაანგარიშებას მოსწავლე უფრო მარტივად სწავლობს ფეხბურთის მოედნის მაგალითზე, ვიდრე თეორიული ახსნის პირობებში. ამდენად, ამგვარი მიდგომა მოსწავლეთათვის უფრო კრეატიული და მისაღებია არა მხოლოდ საკლასო ოთახის პირობებში, არამედ საშინაო დავალებების შესრულებისას, სადაც მშობელი ასეთი მეთოდებით ცდილობს პედაგოგის როლი შეითავსოს და დავალების წერაში დაეხმაროს შვილს, ამგვარ მიდგომას გარკვეული რისკები ახლავს- მოსწავლე არ გახდეს დამოკიდებული მშობელზე  და მასწავლებელზე და არ აცდეს დამოუკიდებელი მუშაობის პრინციპებს.  

    არსებობს მოსწავლეთათვის განკუთვნილი კრეატიული მეთოდები, რომლებსაც მშობლები წარმატებით იყენებენ, რაც გარკვეულ სტიმულებს შეიცავს, ასეთია მედიასაშუალებებითა და ექსკურსიებით სასწავლო პროცესის დატვირთვა.

    მოსწავლეები სწავლობენ წარმატებთ, როცა შინაარსს რეალურად აღიქვამენ. სასკოლო სახელმძღვანელო ქმნის ბაზისს საკითხის გაგების თვალსაზრისით, თუმცა ბევრისთვის სახელმძღვანელოში წაკითხული ინფორმაცია სიღრმისეულად გასაგები მაინც არ არის. საინტერესო ექსკურსიები, ფილმები და სახელმძღვანელოები აღნიშნულ თემაზე სასწავლო საკითხებს მოკლე დროში გასაგებს ხდის. სასწავლო თემები ასეთი სწავლების პირობებში უკავშირდება სურათებსა და ემოციებს და გადადის გრძელვადიან მეხსიერებაში.

    როცა სასწავლო საკითხები ნამდვილ ისტორიულ ქარგაში ეხვევა მოსწავლისთვის მისაღები და მარტივად აღსაქმელი ხდება და სიტყვის აბსტრაქტული მნიშვნელობა ამდენად შეგრძნების ორგანოების საშუალებით ცოცხლდება [1]. აღნიშნული მოსაზრება ემყარება პედაგოგიურ პრაქტიკაში ამგვარი მიდგომების გადასინჯვის შედეგებს.

    ისტორიის გაკვეთილზე ამგვარი მიდგომის გადასინჯვის შედეგები: წარმოიდგინეთ ბავშვთან ერთად შუასაუკუნეები და კერძოდ, ის, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ციხესიმაგრე, უყურეთ შესაბამის მხატვრულ ან დოკუმენტურ  ფილმს. ესტუმრეთ მუზეუმს ან გაემგზავრეთ ქალაქში, სადაც შესაძლებელია ნამდვილი ციხესიმაგრის ნახვა. ,,აჰა ეფექტი“ [3] მოსწავლისთვის ერთგვარ მაპროგრამებელ ეფექტს იძლევა და ფაქტებსა და თარიღებს მრავალფეროვან სურათებთან და ფაქტებთან აკავშირებს. ეს კრეატიული სასწავლო მეთოდი დიდი ალბათობით მომდევნო საკლასო მუშაობისთვის ერთგვარ გარანტიას იძლევა წარმატებული ტრანსფერისათვის.

    მათემატიკის გაკვეთისთვისაც ამგვარი მიდგომის ეფექტი იგივეა. კასელის უნივერსიტეტის პროფესორი და მათმატიკის დიდაქტიკოსი ვერნერ ბლუმი ურჩევს პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რომ ახალი საკითხი ყოველთვის რეალურად დასმული პრობლემიდან მოსწავლეს გაარჩევინოს და დასკვნა გამოატანინოს. მაგალითად, რა სიმაღლეზე უნდა ავიდეს მეხანძრე კედელზე? როგორ შეიძლება შუქურიდან გადმოხედვა? შინ მშობლებთან ერთად ამა თუ იმ სამუშაოში მონაწილეობის მღების შედეგად შესაძლებელია ამა თუ იმ საგნის საკითხებს მარტივად და საფუძვიანად ჩაუღრმავდნენ. ეს ის მეთოდებია, როცა მოსწავლე ვერ აცნობიერებს სასწავლო მეთოდებს და სწავლობს ზედმეტი დაძაბვის გარეშე–ლატენტურად. მიდგომა გადავიტანეთ სასწავლო პრაქტიკაში და შედეგმა მოლოდინი გაამართლა.

    კრეატიულ მეთოდებს შორის ,,ლეგო“ მათემატიკის შესწავლაში პრაქტიკულ ღირებულებას იძენს და მოსწავლეები მარტივად ეუფლებიან სასწავლო შინაარსს.

    ლეგოს ქვებით შესაძლებელია მოსწავლეს ძალიან მარტივად ვასწავლოთ ქვებზე გამოსახული რიცხვების მიხედვით, თუ რომელი რიცხვია მეტი და რომელი ნაკლები. თამაშ–თამაშით შესაძლებელია ძალიან სახალისოდ წარიმართოს გაკვეთილი. თუ ლეგო მათემატიკის შესწავლის პროცესში ეფექტურია, გეომეტრიის შესწავლა სახალისოდ შეიძლება ქაღალდის საშუალებითაც, რომელსაც ხელოვნების გაკვეთილზე სამუშაო პროცესში აქტიურად იყენებენ.

    საზოგადოებრივი თამაში - „მემორი“ ითვლება ეფექტურ სწავლის მეთოდად, იგი აღიარებულია ძველ სასწავლო ფორმად. ყველამ იცის მემორის თამაშის პრინციპები. კერძოდ, ის საგრძნობლად ავარჯიშებს ჩვენს მეხსიერებას. თუმცა ის დიდი ინტენსივობით და ეფექტური შედეგებით დაწყებით კლასებში უფრო მისაღებია, ვიდრე მაღალ კლასებში, რაც ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა.

    საინტერესო მეთოდებს შორის ძალიან ცნობილი თამაშია ,,გველის თავის მოკვეთა“ [4]. ეს თამაში ასე წარიმართება: ორ რიგად დგანან მოსწავლეები, მასწავლებელი მათემატიკაში სასწავლო საკითხის ირგვლივ სვამს შეკითხვას, რომელსაც პასუხობენ რიგის თავში მდგომი მოსწავლეები, რომელი რიგიდანაც უპასუხებს მოსწავლე ის ადგილს ინარჩუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ტოვებენ ადგილს და ასე იშლება რიგიც. იმ რიგის მოსწავლეები, რომელებიც ამ პრინციპით დაიშლება ითვლება დამარცხებულად, ხოლო რიგის შენარჩუნების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდება.

    ასეთ შემთხვევაში მოსწავლეები უფრო ახდენენ ცოდნის მობილიზებას და მოტივირებულები არიან სასწავლო პროცესში. აღნიშნული სასწავლო მეთოდი უფრო ეფექტურია ნასწავლი მასალის განმეორებისას, რასაც მეთოდის პრაქტიკული შედეგები მიანიშნებს.

    პედაგოგიურ პრაქტიკაში საინტერესოა უცხოური გამოცდილების გაზიარება, ამ თვალსაზრისით პრაქტიკაში გადავსინჯეთ ლოუც – ტექნიკა. მას ახასიათებს ასოციაციური ტექნიკა რთული და აბსტრაქტული ფაქტების დასამახსოვრებლად. ამისათვის სასწავლო მასალის შინაარსი იყოფა ნაწილებად და ყოველდღიურ საგნებს უკავშირებენ ასოციაციურად. მოსწავლე დააბიჯებს სახლში და საგნების ირგვლივ კრეატიულად უკავშირებს მოვლენებს ერთმანეთს, მსგავსი პრინციპითაა შესაძლებელი უცხო ენაში ახალი სიტყვების შესწავლაც, რაც ზეპირობის არასასიამოვნო პროცესს გამორიცხავს და სწავლას საინტერესოს ხდის.

    ცნობილია კეთებით სწავლა, რომელიც ორიენტირებულია სასწავლო პროცესში მოსწავლის ხუთივე შეგრძნების ორგანოს მაქსიმალურ ჩართულობაზე.  იგი გამორიცხავს სიტუაციას, როცა ვცდილობთ,  ერთი კვირის შემდეგ გავიხსენოთ შესწავლილი მასალის დასაწყისი, გაგრძელება ან დასასრული, მაგრამ ამაოდ.  მსგავსი პრობლემები იჩენს თავს მაშინ, როცა შესასწავლია აბსტრაქტული ფაქტები და ნაკლებად აქვთ კავშირი რეალურ საგნებთან.  ამდენად მნიშვნელოვანია კეთებით სწავლებაში სასწავლო მასალის რეალურ მოვლენად გადაქცევა, მისი ღრმა შესწავლისა და დამახსოვრების თვალსაზრისით.

    სასწავლო მეთოდი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს სასწავლო შინაარსს უკეთ დაეუფლოს, არის მოსწავლის მიერ შექმნილი მოსასმენი დავალება. კერძოდ, მოსწავლე სასწავლო შინაარსიდან იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციებს, კითხულობს მას ხმამაღლა და ასე იწერს ფლეერში.  შემდეგ მას გულდასმით უსმენს და ამგვარად  ეუფლება ცოდნას. მეთოდი იმდენად მისაღებია მოსწავლეთათვის, რომ  ისინი მოკლე დროში იმახსოვრებენ ინფორმაციის დიდ ნაწილს და მათი დიდი პროცენტული წილი გრძელვადიან მეხსიერებაში გადადის.

    კრეატიულ მეთოდებს შორის ერთ–ერთია ,,შპარგალკა“ [4]. მართალია ,,შპარგალკა“ აკრძალულ ნივთად ითვლება, თუმცა მან საგანმანათლებლო სფეროში შეიძლება არაჩვეულებრივი სასწავლო მეთოდის ფუნქციაც შეიძინოს. ასეთ შემთხვევაში ნიშანდობლივია სასწავლო შინაარსის მაქსიმალურად, უმნიშვნელოვანეს სასწავლო შინაარსამდე შემჭიდროვება. ამდენად მოსწავლეები კონცენტრირებას ახდენენ ძირითად ინფორმაციაზე და ისე გაუცნობიერებლად სწავლობენ მას წერის დროს,  რომ საკლასო მუშაობისას ,,შპარგალკა“ თითქმის აღარაა საჭირო. ,,შპარგალკის“ შედგენის დროს ხშირად გამოყენებულია  ,,insert“ –ის პრინციპით მარკერით მონიშვნების გაკეთება ან ცალკეული პასაჟის დასურათხატება, რაც ხელს უწყობს ძირითადი ინფორმაციის მარტივად დამახსოვრებას, განსაკუთრებთ იმ მოსწავლეთათვის, რომელებიც თვალსაჩინო–ხატოვანი აზროვნებით ხასიათდებიან და ასოციაციურად, სურთებსა და საგნებთან კავშირში იმახსოვრებენ აბსტრაქტულ მოვლენებს.

    მოსწავლეთა განსხვავებული სასწავლო ბუნებიდან გამომდინარე ბუნებრივია, კლასში განსხვავებული მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება.  ხშირად აქტიურად იყენებენ სასწავლო მეთოდების ნაზავს, რომელიც პედაგოგს დიდ დახმარებას უწევს სასწავლო წარმატებებში. ამდენად, ამ პრინციპით მუშაობის პირობებში შესაძლებელია პედაგოგმა აქტიურად გამოიყენოს მედია საშუალებების ნაზავი, ყოველდღიური მაგალითები ან საოცარი ისტორიები, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მათგანი გამოკვებავს უკეთ მოსწავლის ინტერესებსა და ცნობისმოყვარეობას. სასწავლო შინაარსის საინტერესოდ ჩაწერა, ინფორმაციის განმეორება ან სურათებითა და საგნებით შინაარსობრივი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირება დამოკიდებულია ღრმა ძილზე, რომ მათ გრძელვადიან მეხსიერებაში მყარად დაიმკვიდრონ ადგილი. თუ ვიცით, რით  სწავლობენ მოსწავლეები უკეთ, ამ მეთოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად ცოდნის მიღების პროცესში, რომ სწავლა მოსწავლისთვის არ იყოს დამტვირთველი და სტრესული გარემოს შემქმნელი. სწავლის დროს უმთავრესია გავერკვეთ მოსწავლის უნარებში, რომ მას შევუსაბამოთ კონკრეტული მიდგომა და სასწავლო სახელმძღვანელოსთან ურთიერთობა მისთვის უსიამოვნო პროცესად არ იქცეს.

     

     

    დასკვნა

     წარმოდგენილი მონაცემებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მეთოდები მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს მაქსიმალურად უნდა პასუხობდეს. ამდენად, აუცილებელია ის კრეატიული და მრავალმხრივი იყოს, აღსაზრდელებში იწვევდეს ,,აჰა ეფექტს“. ამ მეთოდთა გამოყენებამ სასწავლო პროცესში მოსწავლეებს საგრძნობლად გაუმარტივა უცხოური ენის შესწავლა და ზეპირობით გამოწვეული უსიამოვნო განწყობა შეცვალა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით. უცხოურ პედაგოგიკურ პრაქტიკაში აპრობირებულმა მეთოდოლოგიამ თანამედროვე ქართულ სასწავლო სივრცეში გამოყენების შედეგად  აჩვენა, რომ შესაძლებელია პედაგოგიურ პრაქტიკაში მათი წარმატებით გამოყენება.

     ლიტერეტურა:

    1. დიუი ჯ., (1859-1952) ,,გამოცდილება და განათლება“, თავი ,,ტრადიციული განათლება პროგრესული განათლების წინააღმდეგ“ გვ.152–160
    2. დიუი ჯ., “დემოკრატია და განათლება”. “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”. http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/68
    3. Gerharz M.,Der Aha-Effekt: wie Sie das Publikum für sich gewinnen, Midas Managments Verlag AG, Zürich, 2017 S.103-111

    4.            Metzig W.,Schuster M.,Lernen zu Lernen, Springer, Berlin, 2016 S. 96-110

    5.            Svantesson I.,  Mind Mapping und Gedächtnistrening:Übersichtlich struktirieren, kreativ arbeiten, sich mehr merken, Springer, Berlin, 2018  S. 85-105

    Warken D., Selbstmotivation im Studium, München, 2017 S. 65-94

  • 2019.03.26
ნომერი
მსგავსი სტატიები